პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

ტექსტი

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი აწესრიგებს დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებულ სახელმწიფო საქმიანობას, განსაზღვრავს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე პასუხისმგებელ ინსტიტუტებს. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ შრომით ურთიერთობებზე. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დამსაქმებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო; ბ) დასაქმება − პირის მიერ ისეთი სამუშაოს, მათ შორის, დროებითი სამუშაოს, მიღება, რომელიც შეესაბამება მის განათლებას, მის მიერ გავლილ მოკლევადიან პროფესიულ საგანმანათლებლო კურსს ან/და მის პროფესიულ გამოცდილებას, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ფიზიკურ შესაძლებლობებს, რომლებიც მას სამუშაოს შესასრულებლად მოეთხოვება; გ) დასაქმების კონსულტანტი − პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონით დადგენილ ღონისძიებებს სამუშაოს მაძიებლის დასაქმებისა და პოტენციური დამსაქმებლისთვის სამუშაოს მაძიებლის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით; დ) დასაქმების პოლიტიკა − დასაქმების ხელშეწყობის განვითარებისთვის აუცილებელი სტრუქტურების, ღონისძიებებისა და ქმედებების ერთობლიობა, რომელიც შრომის ბაზრის აქტიურ პოლიტიკას ეფუძნება; ე) დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიება − მომსახურებები, რომლებიც მიეწოდებათ სამუშაოს მაძიებელს და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა პირებს სამუშაოს მოძიებისა და პროფესიული განვითარების ხელშესაწყობად; მომსახურებები, რომლებიც მიეწოდება დამსაქმებელს შესაფერისი სამუშაოს შემსრულებელი სამუშაო ძალის მოძიებაში დახმარების გასაწევად; ვ) დასაქმებული – ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისთვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს; ზ) დაცული სამუშაო ადგილი – დამსაქმებლის მიერ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან (შემდგომ − სააგენტო) შეთანხმებით ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისთვის არის ადაპტირებული; თ) ერთი ფანჯრის პრინციპი − დასაქმების ხელშეწყობის გამარტივებული, ერთიანი პროცედურა, რომლის დროსაც სამუშაოს მაძიებელი და დამსაქმებელი დასაქმების ხელშეწყობის ყველა სახელმწიფო მომსახურებას ერთიან სივრცეში იღებენ, რითაც იზოგება მატერიალური რესურსები და დრო; ი) კარიერის დაგეგმვა − პროცესი, რომელიც სამუშაოს მაძიებელს ხელს უწყობს, უკეთ დაგეგმოს პროფესიული მომავალი, დაეხმაროს მას, პიროვნული მახასიათებლების, ინტერესების, შესაძლებლობების, ღირებულებების, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით, აირჩიოს ან შეიცვალოს პროფესია; კ) კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი − პირი, რომელიც სამუშაოს მაძიებლისთვის ადგენს კარიერული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას და მუდმივად მუშაობს ამ გეგმის დახვეწასა და განვითარებაზე; ლ) კერძო სექტორი − კერძო სამართლის იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ან/და არასამეწარმეო, არამოგებიან საქმიანობას ახორციელებენ; მ) მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსი − სამუშაოს მაძიებლის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სამუშაოს მაძიებლის შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში პროფესიული მომზადება და გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება მისი ფორმალური განათლების ან/და არაფორმალური განათლების ან/და პროფესიული გამოცდილების შესაბამისად; ნ) მოწყვლადი ჯგუფი − იმ პირთა ჯგუფი, რომლებსაც გარკვეული ფიზიკური, ფსიქიკური ან სოციალური მახასიათებლის გამო აქვთ სიღარიბისა და სოციალური სირთულეების მეტი რისკი, ვიდრე ქვეყნის ძირითად მოსახლეობას; ო) მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტი − დასაქმების კონსულტანტი, რომელიც ახორციელებს ამ კანონით დადგენილ ღონისძიებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სამუშაოს მაძიებლის დასაქმების მიზნით; პ) სააგენტო − ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო; ჟ) სამინისტრო − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; რ) სამუშაოს აქტიურად მოძიება − ანაზღაურებადი სამუშაოს პოვნის მიზნით პირის მიერ აქტიური და გამიზნული ქმედებების განხორციელება, მათ შორის, ვაკანტურ სამუშაო ადგილზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა; ს) სამუშაოს მაძიებელი − უმუშევარი ან დასაქმებული, რომელიც აქტიურად ეძებს სამუშაოს, შეუძლია მუშაობის დაწყება და რეგისტრირებულია სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში; ტ) სტაჟიორი − ფიზიკური პირი, რომელიც პროფესიული ზრდისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და განვითარების მიზნით დროებით, არაუმეტეს 6 თვის ვადით, მივლენილია შესაბამის სტაჟირების ადგილზე; უ) უმუშევარი − შრომისუნარიანი პირი 16 წლიდან საპენსიო ასაკამდე, რომელსაც სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაციის დროისთვის არ აქვს ანაზღაურებადი სამუშაო, ეძებს მას და მზად არის დასაქმდეს უახლოესი 2 კვირის განმავლობაში; ფ) შესაფერისი სამუშაო − ისეთი სამუშაო, მათ შორის, დროებითი სამუშაო, რომელიც შეესაბამება პირის განათლებას, პროფესიას, მის მიერ გავლილ მოკლევადიან პროფესიულ საგანმანათლებლო კურსს ან/და მის პროფესიულ გამოცდილებას, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ფიზიკურ შესაძლებლობებს, რომლებიც მას სამუშაოს შესასრულებლად მოეთხოვება, ამასთანავე, სრულგანაკვეთიანი სამუშაოს შესრულებისთვის განსაზღვრული და დარიცხული შრომის ანაზღაურება იმ დროისთვის ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმს ორჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს; ქ) შრომითი მიგრაცია − ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების ხელშეწყობა მათი დაბრუნების პირობით და კვლავ წასვლის შესაძლებლობით; ღ) შრომის ბაზარზე საშუამავლო საქმიანობა − ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლის დაკავშირება; ყ) შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა − სხვადასხვა სფეროში სახელმწიფო ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს შრომის ბაზრის ფუნქციონირებას, მისი სტრუქტურის გაუმჯობესებას და შრომის ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დისბალანსის შემცირებას შრომის ბაზრის მონაწილეთა ინდივიდუალური უნარების განვითარებით. მუხლი 3. კანონის მიზნები 1. ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებას, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების თანაბარ ხელმისაწვდომობას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დებულებების განხორციელება: ა) სამუშაოს მაძიებელს ხელს შეუწყობს ისეთი სამუშაო ადგილის პოვნაში, რომელიც უზრუნველყოფს მის ღირსეულ ცხოვრებას, ასევე ხელს შეუწყობს კვალიფიკაციის შესაბამისად, სასურველი პირობებითა და ღირსეული შრომის ანაზღაურებით დასაქმებაში; ბ) ხელს შეუწყობს სამუშაოს მაძიებლისთვის მისი ინდივიდუალური უნარებისთვის, ცოდნისა და კომპეტენციისთვის მორგებული სამუშაო ადგილების შეთავაზებას; გ) ხელს შეუწყობს უმუშევრის უმუშევრობაზე მენტალური დამოკიდებულების შემცირებას და აამაღლებს მისი დასაქმების მოტივაციას; დ) სუბსიდირებით, კვალიფიკაციის ამაღლებით, ხარისხიანი განათლებითა და სხვა ღონისძიებებით ხელს შეუწყობს სახელმწიფოში უმუშევრობის დონის შემცირებას და სოციალური კეთილდღეობის გაზრდას. 3. ამ კანონის მიზანია აგრეთვე დასაქმების ხელშეწყობის ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს: ა) დასაქმების მიზნით შრომის ბაზარზე საშუამავლო საქმიანობის განხორციელებას მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსის მისაღწევად; ბ) დამსაქმებლისთვის შესაბამისი კომპეტენციის მქონე სამუშაოს მაძიებლის მოძიებას; გ) სამუშაოს მაძიებლის სტიმულირებას დასაქმებისთვის (სამუშაოს მიღებისთვის ან თვითდასაქმებისთვის); დ) საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებისთვის მორგებული სამუშაო ძალის გაზრდას. მუხლი 4. დასაქმების ხელშეწყობის სამართლებრივი საფუძვლები დასაქმების ხელშეწყობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და მათ საფუძველზე გამოცემული სხვა სამართლებრივი აქტები. თავი II კანონის პრინციპები მუხლი 5. დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებების ინდივიდუალიზაცია 1. დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებები ორიენტირებულია სამუშაოს მაძიებლის ინდივიდუალურ უნარებსა და შესაძლებლობებზე, პიროვნულ განვითარებასა და პროფესიულ განვითარებაზე. 2. მოწყვლადი ჯგუფისა და მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობის მიმართ, რომლებსაც დასაქმების ხელმისაწვდომობაში სირთულეები ექმნებათ, სახელმწიფო უზრუნველყოფს განსაკუთრებული მიდგომების გამოყენებას. მუხლი 6. საქმიანობის არჩევის თავისუფლება სამუშაოს მაძიებელს უფლება აქვს, ინდივიდუალური უნარებიდან და დასაქმების შესაძლებლობებიდან გამომდინარე: ა) აირჩიოს დასაქმების ადგილი, ფორმა და სახე; ბ) დასაქმებაზე უარი თქვას, თუ მას შეთავაზებული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო უნარები არ აქვს; გ) კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაიაროს მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსი. მუხლი 7. დისკრიმინაციის აკრძალვა ამ კანონით აკრძალულია დასაქმების ხელშეწყობის პროცესში ყველა ფორმის დისკრიმინაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არათანაბარი მოპყრობა სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების შესაძლებლობების გათანაბრებას ემსახურება და ამ მიზნის მიღწევის თანაზომიერი და აუცილებელი საშუალებაა. მუხლი 8. მიუკერძოებლობა დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელებისას დასაქმების ხელშეწყობის განმახორციელებელი იურიდიული პირი ვალდებულია იმოქმედოს მიუკერძოებლად, დამოუკიდებლად და მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 9. სამუშაოს მაძიებლის მოტივაცია ამ კანონით დადგენილი დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებები მიმართული უნდა იყოს სამუშაოს მაძიებლის მოტივაციის ამაღლებისკენ, დასაქმებისთვის აუცილებელი სტიმულირებისკენ. მუხლი 10. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა 1. დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებები ორიენტირებულია შრომის ბაზრისა და დამსაქმებლის მოთხოვნებზე. 2. სახელმწიფოს პოზიტიური ღონისძიებები მიმართულია დამსაქმებლის პროფესიულ ინტერესებზე ორიენტირებული, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსების მომზადებისკენ. 3. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ეფექტიან მართვას სახელმწიფო ახორციელებს შრომის ბაზრის აქტუალური მოთხოვნებისა და მუდმივად განახლებადი ინფორმაციის საფუძველზე, კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით. მუხლი 11. დასაქმების ხელშეწყობის უფასო, საყოველთაო და ხელმისაწვდომი სახელმწიფო მომსახურებები 1. სახელმწიფოს მიერ დასაქმების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული საშუამავლო საქმიანობა შრომის ბაზარზე სამუშაოს მაძიებლისა და დამსაქმებლისთვის უფასოა. 2. დასაქმების ხელშეწყობა არის საყოველთაო და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი. მუხლი 12. ერთი ფანჯრის პრინციპი 1. სამუშაოს მაძიებელი და დამსაქმებელი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო მომსახურებების მიღებისას ერთი ფანჯრის პრინციპით სარგებლობენ. 2. ერთი ფანჯრის პრინციპი გულისხმობს როგორც ერთიან ფიზიკურ სივრცეს, ისე ერთიან ელექტრონულ სისტემას. თავი III დასაქმების ძირითადი ფორმები მუხლი 13. დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლის დაკავშირება დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლის დაკავშირება ხდება 4 ძირითადი ფორმით. ეს ფორმებია: დასაქმება, შრომის ანაზღაურების სუბსიდირებით დასაქმება, სტაჟირება და შრომითი მიგრაცია. მუხლი 14. დასაქმება 1. პირის დასაქმებისას გაითვალისწინება: ა) პირის განათლება, მის მიერ გავლილი მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსი და მისი პროფესიული გამოცდილება; ბ) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფიზიკური შესაძლებლობები, რომლებიც აუცილებელია მის მიერ შესაბამისი სამუშაოს შესასრულებლად; გ) მგზავრობის დრო. პირის საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური არ უნდა აღემატებოდეს მისი თვიური შრომის ანაზღაურების 15 პროცენტს, ხოლო ორივე მიმართულებით მგზავრობის ხანგრძლივობა − 3 საათს; დ) სრულგანაკვეთიანი სამუშაოს შესრულებისთვის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება. იგი საარსებო მინიმუმს ორჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს. 2. პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დასაქმებაზე ორჯერ დაუსაბუთებლად უარის თქმა ამ პირის სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძველია. 3. პირის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უარის თქმის დროს დაუსაბუთებლად უარის თქმად არ მიიჩნევა შემდეგი გარემოებები: ა) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა; ბ) პირისთვის ვაკანსიის ამ კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით შეთავაზება; გ) პირის მიერ 7 წლამდე ასაკის მცირეწლოვანზე ან ნებისმიერი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე ზრუნვა; დ) პირის პროფესიული მომზადების კურსში მონაწილეობა. მუხლი 15. შრომის ანაზღაურების სუბსიდირებით დასაქმება 1. შრომის ანაზღაურების სუბსიდირებით დასაქმება არის ისეთი დასაქმება, როდესაც დამსაქმებელი იღებს მატერიალურ სარგებელს − შრომის ანაზღაურების სუბსიდიას იმ სამუშაოს მაძიებლის დასაქმების მიზნით, რომელიც არის: ა) დევნილის სტატუსის მქონე პირი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით; ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ სარეიტინგო ქულაზე ნაკლებია; გ) სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ან სახელმწიფო ზრუნვიდან გასული პირი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი; ვ) სხვა პირი, რომელსაც საქართველოს მთავრობა შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრავს. 2. დამსაქმებელს შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამუშაოს მაძიებლის დასაქმების მიზნით შრომის ანაზღაურების სუბსიდიის მიღების თაობაზე მიმართოს სააგენტოს, თუ იგი სამუშაოს მაძიებელს შრომითი ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით ან არანაკლებ 9 თვის ვადით დადებას სთავაზობს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოს მაძიებლისთვის შრომის ანაზღაურების სუბსიდიის გადახდის მიზნით სააგენტო მასთან დებს ხელშეკრულებას. ეს ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას/პირობებს: ა) სუბსიდირებული პირის შესახებ მონაცემებს; ბ) შრომის ანაზღაურების სუბსიდიის გადახდის ვადას; გ) ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ზუსტ ოდენობას; დ) დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოვალეობებს; ე) ხელშეკრულების ხანგრძლივობას. 4. შრომის ანაზღაურების სუბსიდია არის 1 კალენდარული თვის განმავლობაში დასაქმებულის შრომის ანაზღაურების 50 პროცენტით დაფინანსება. 5. შრომითი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას, იდება არანაკლებ 9 თვის ვადით. დასაქმებულს ეს სუბსიდია ეძლევა არაუმეტეს 3 თვის ვადით. 6. დამსაქმებელი ვალდებულია შრომის ანაზღაურების სუბსიდია სრულად დააბრუნოს, თუ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შრომითი ხელშეკრულების დადებიდან 6 თვემდე პერიოდში, დამსაქმებლის ინიციატივით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე შეწყდება. დამსაქმებელი ვალდებულია შრომის ანაზღაურების სუბსიდიის ნახევარი დააბრუნოს, თუ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შრომითი ხელშეკრულების დადებიდან 6-დან 9 თვემდე პერიოდში, დამსაქმებლის ინიციატივით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე შეწყდება. 7. შრომის ანაზღაურების სუბსიდიის გაცემის შესახებ ხელშეკრულების შინაარსი და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 16. სტაჟირება 1. სტაჟირება არის დამსაქმებლის მიერ სამუშაოს მაძიებლისთვის პერსპექტიული სამუშაო ადგილის შეთავაზება პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების, ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებისა და, სავარაუდოდ, შემდგომი დასაქმების მიზნით. 2. სტაჟირების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 6 თვე. 3. სტაჟირებისას სტაჟიორს, სააგენტოსა და დამსაქმებელს შორის იდება სტაჟირების შესახებ ხელშეკრულება. 4. დამსაქმებელი ვალდებულია სტაჟიორს გაუწიოს ზედამხედველობა. 5. სტაჟიორი ვალდებულია შეინახოს სტაჟირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრულია მისი მოვალეობები და რომელიც შეიცავს დამსაქმებლის შეფასებას. ეს შეფასება ხორციელდება სააგენტოსთან შეთანხმებული შეფასების კრიტერიუმით და ეხება სტაჟიორის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. მუხლი 17. შრომითი მიგრაცია 1. სააგენტო უზრუნველყოფს სამუშაოს მაძიებლის საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების მიზნით შესაბამის პარტნიორ ქვეყანასთან გაფორმებული დოკუმენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას. 2. სააგენტო საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების მსურველს შესაბამის საინფორმაციო ბაზაში არეგისტრირებს და კონსულტაციას უწევს. კონსულტაციის გაწევისას პოტენციურ შრომით მიგრანტს მიეწოდება შემდეგი ინფორმაცია: ა) ზოგადი ინფორმაცია ცირკულარული შრომითი მიგრაციის სარგებლისა და არალეგალური მიგრაციის რისკების შესახებ; ბ) ინფორმაცია საზღვარგარეთ არსებული დროებით ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობების თაობაზე; გ) ზოგადი ინფორმაცია შესაბამის უცხო ქვეყანაში დროებით ლეგალურად დასაქმებასთან დაკავშირებით მოქმედი წესების შესახებ; დ) ინფორმაცია იმ სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების თაობაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ მიმღებ ქვეყანაში შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვას. 3. სააგენტო სამუშაოს მაძიებელს საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად ასაქმებს საქართველოს კანონმდებლობით, სააგენტოს დებულებითა და შესაბამის პარტნიორ ქვეყანასთან გაფორმებული დოკუმენტით (ორმხრივი ხელშეკრულებით, შეთანხმებით ან მემორანდუმით) განსაზღვრული წესებისა და პირობების თანახმად. 4. საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმებული საქართველოს მოქალაქის უფლებების დაცვა ხდება მიმღებ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებისა და საქართველოს საკონსულო წარმომადგენლობების მეშვეობით. თავი IV დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებები მუხლი 18. დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებები 1. დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებები ემსახურება სამუშაოს მაძიებლის გამოცდილების, განათლების დონის, პროფესიული პროფილის, უნარების, საჭიროებებისა და მოლოდინების გათვალისწინებით დასაქმებას, ამასთანავე, უმუშევრის მოტივაციას და მისთვის დასაქმებაში ხელის შეწყობას. 2. დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებები ითვალისწინებს პირის სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაციას, სამუშაოს მაძიებლის ინფორმირებას, პროფილირებას, დასაქმების შესაძლებლობის შეფასებას, კონსულტირებას, საჭიროების შემთხვევაში კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედგენას, მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსის, სხვა საგანმანათლებლო კურსისა და ისეთი ღონისძიებების შეთავაზებას, რომლებიც დასაქმებისა და თვითდასაქმების მიზნით სამუშაოს მაძიებლის გაძლიერებას ემსახურება. დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებები მოიცავს აგრეთვე შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევას და დამსაქმებლისთვის შესაფერისი სამუშაო ძალის მოძიებაში დახმარების გაწევას. მუხლი 19. პირის სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაცია 1. სამუშაოს მაძიებლად შეიძლება დარეგისტრირდეს უმუშევარი ან დასაქმებული, რომელიც ეძებს სხვა შესაფერის სამუშაოს. 2. პირი სამუშაოს მაძიებლად ელექტრონულად, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში/სააგენტოში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირდება. 3. პირი სამუშაოს მაძიებლად ვერ დარეგისტრირდება, თუ: ა) ის არის 16 წლის და რეგისტრაციის დროისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლედ ირიცხება; ბ) მან მიაღწია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საპენსიო ასაკს; გ) (ამოღებულია - 21.09.2023, №3530); დ) ამ კანონის მე-20 მუხლის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით რეგისტრაციის შეწყვეტიდან 18 თვე არ გასულა; ე) ის არ არის საქართველოს მოქალაქე. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3530 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. მუხლი 20. სამუშაოს მაძიებლის რეგისტრაციის შეწყვეტა სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სამუშაოს მაძიებლის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ, თუ: ა) სამუშაოს მაძიებელი სააგენტოში ვიზიტისთვის დადგენილ დროს სამჯერ არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა; ბ) სამუშაოს მაძიებელმა კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულებაზე უარი განაცხადა; გ) სამუშაოს მაძიებელმა ორჯერ დაუსაბუთებლად უარი თქვა დასაქმებაზე ან მისი მიზეზით ორჯერ შეწყდა იმ დამსაქმებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულება, რომელთან დაკავშირებაც სააგენტოს შუამავლობით მოხდა; დ) ეს სამუშაოს მაძიებელმა მოითხოვა; ე) სამუშაოს მაძიებელი გარდაიცვალა; ვ) სამუშაოს მაძიებელი სისტემატურად და უხეშად არღვევდა ამ კანონის 38-ე მუხლით განსაზღვრულ მოვალეობებს; ზ) სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა და მას აღარ სურს სხვა სამუშაოს მოძიება. მუხლი 21. სამუშაოს მაძიებლის შესახებ მონაცემების დამუშავება 1. ამ კანონით გათვალისწინებული სამუშაოს მაძიებლის შესახებ მონაცემები მისი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ინახება შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში. 2. პირის სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაციისას აუცილებელია, მან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განაცხადოს თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების ამ კანონის მიზნებისთვის დამუშავებაზე. 3. სააგენტო ვალდებულია მის ხელთ არსებული შრომის ბაზრისა და დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებების შედეგების თაობაზე ინფორმაცია (სტატისტიკური მონაცემები) წინასწარ, შეთანხმებული შინაარსითა და ფორმატით წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. 4. სააგენტოს მიერ წარმოებული მონაცემთა რეესტრი მოიცავს: ა

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.