პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

ტექსტი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების რეალიზებას და უზრუნველყოფს მათი პიროვნული ღირსების დაცულობას, რა დროსაც იგი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (შემდგომ − შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია), ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების, საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმებისა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დისკრიმინაციის გარეშე და სხვებთან თანაბარ პირობებში დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობის ხელმისაწვდომობის ძირითად პრინციპებსა და მექანიზმებს, რათა მიღწეულ იქნეს: ა) ინდივიდუალური ავტონომიისა და დამოუკიდებლობის, მათ შორის, თავისუფალი არჩევანის გაკეთების, თავისუფალი გადაადგილების, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლების რეალიზება; ბ) დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის შესაძლებლობების განვითარება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობა; გ) საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტიგმატიზაციის პრევენცია და აღმოფხვრა; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ექსპლუატაციისგან, ძალადობისგან, არასათანადო მოპყრობისა და დისკრიმინაციისგან დაცვა; ე) ნებისმიერ სფეროში მომსახურების ხელმისაწვდომობა. 2. ეს კანონი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოებისა და კერძო სამართლის სუბიექტების უფლება-მოვალეობებს ამ კანონით განსაზღვრული პრინციპებისა და მექანიზმების იმპლემენტაციის პროცესში. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევით, რომლის სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში; ბ) შესაძლებლობათა შეზღუდვა − ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევის მქონე პირისათვის პიროვნული განვითარებისა და თვითრეალიზების სხვებთან თანაბარი შესაძლებლობის არქონა, რაც განპირობებულია ფიზიკური გარემოს, საზოგადოების დამოკიდებულებისა და სხვა ფაქტორების ერთობლიობით; გ) გონივრული მისადაგება − პრინციპი, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმ აუცილებელი და შესაბამისი ცვლილების განხორციელებას გულისხმობს, რაც არ იწვევს არაპროპორციულ ან გადამეტებულ ტვირთს ან ვალდებულებას და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას სხვებთან თანაბარ პირობებში; დ) უნივერსალური დიზაინი − პროდუქტის, გარემოს, სწავლების, პროგრამისა და მომსახურების ისეთი დიზაინი, რომელიც ყველა ადამიანს აძლევს მათზე სპეციალური ადაპტირებისა და სპეციალური დიზაინის გამოყენების გარეშე წვდომის საშუალებას. უნივერსალური დიზაინი არ გამორიცხავს, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კონკრეტული ჯგუფის მიერ დამხმარე საშუალებების ან/და სხვაგვარი ხელშეწყობის გამოყენებას; ე) ჟესტური ენა − არავერბალური, ვიზუალური ენა, როდესაც ინფორმაციის კოდირება მანუალური და მიმიკური საშუალებებით ხორციელდება; ვ) მისაწვდომი გარემო – ფიზიკური, ინსტიტუციური და სოციალური პირობების ერთობლიობა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას ისარგებლოს ყველა საზოგადოებრივი სიკეთით, მათ შორის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას კულტურულ, სპორტულ, პოლიტიკურ ან სხვა ღონისძიებაში მონაწილეობის, აგრეთვე ტრანსპორტით, საინფორმაციო და კომუნიკაციის საშუალებებით სარგებლობის შესაძლებლობას სხვებთან თანაბარ პირობებში; ზ) პირდაპირი დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე − შეზღუდული შესაძლებლობით განპირობებული ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად; თ) ირიბი დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე − მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად; ი) დამოუკიდებელი ცხოვრება − შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტონომია, მისი არჩევანის, გადაწყვეტილების მიღებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის თავისუფლება, რომლის რეალიზებაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სხვების დახმარებით, მათ შორის, სხვადასხვა სერვისის მიწოდების გზით; კ) პერსონალური ასისტენტის სერვისი − სერვისი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უწევს სათანადო დახმარებას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით, აგრეთვე განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისებით სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას; ლ) ბიოფსიქოსოციალური მოდელი − პირის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და შეზღუდული შესაძლებლობის განსაზღვრის, გაზომვისა და პოლიტიკის ფორმირების მოდელი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ფსიქოლოგიურ, ბიოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებზე და ადამიანის ორგანიზმის/ორგანოთა სისტემის, ქცევითი სტილის, კოგნიტური პროცესებისა და გარემო ფაქტორების ურთიერთკავშირს ერთობლიობაში განიხილავს. [ მ) ვებსაიტი − ამ კანონის 36 ¹ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოსთვის ან კერძო სამართლის სუბიექტისთვის ვებტექნოლოგიებით შექმნილი (მის მფლობელობაში არსებული), ურთიერთდაკავშირებული ვებგვერდების, ციფრული შინაარსისა და ფუნქციების ორგანიზებული ერთობლიობა, რომელსაც აქვს კონკრეტული ვებმისამართი და რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტის, ინტრანეტის ან ექსტრანეტის მეშვეობით, სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, მათ შორის, ვებბრაუზერით; ნ) აპლიკაცია − ამ კანონის 36 ¹ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოსთვის ან კერძო სამართლის სუბიექტისთვის შექმნილი (მის მფლობელობაში არსებული) პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც გამოიყენება კომპიუტერული მოწყობილობით და პირს აძლევს ინფორმაციის მიღების, მომსახურებით ან ციფრული ფუნქციებით სარგებლობის შესაძლებლობას, გარდა კომპიუტერული მოწყობილობის ოპერაციული სისტემისა და იმ პროგრამული უზრუნველყოფისა, რომლითაც უშუალოდ ფუნქციონირებს ეს მოწყობილობა. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2026 წლის 31 მარტის კანონი №1426 – ვებგვერდი, 03.04.2026წ. თავი II შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებები და მათი განხორციელების გარანტიები მუხლი 3. კანონის წინაშე თანასწორობა 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონის წინაშე თანასწორობასა და უფლებების რეალიზებას სხვებთან თანასწორად, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. 2. სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების მიზნით იღებს შესაბამის ზომებს. სახელმწიფო მხარს უჭერს ისეთი მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ორიენტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე და მორგებულია მათ საჭიროებებზე. 3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ საკუთარი უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებული ზომები უნდა ითვალისწინებდეს შესაბამის ეფექტიან გარანტიებს ამ უფლებების ბოროტად გამოყენებისა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის პრევენციისა და აღკვეთის მიზნით. ასეთი გარანტიები უნდა უზრუნველყოფდეს, რომ შესაბამისი უფლებების რეალიზებისაკენ მიმართული ზომები ორიენტირებული იყოს უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებებზე, შეესაბამებოდეს და ერგებოდეს მის მდგომარეობას და დაცული იყოს არასასურველი გავლენისაგან. ამასთანავე, აღნიშნული გარანტიები უნდა იყოს უფლებების ბოროტად გამოყენებისა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნის პროპორციული. 4. სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებსა და გოგონებს იცავს დისკრიმინაციისგან საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და უზრუნველყოფს მათთვის სათანადო პირობების შექმნას ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისთვის. ამ კატეგორიის პირთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა უპასუხებდეს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპს, ქალთა და გოგონათა სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №429 - ვებგვერდი, 04.04.2025წ. მუხლი 4. დამოუკიდებელი ცხოვრება 1. სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებელ ცხოვრებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მის სრულყოფილ მონაწილეობას სხვებთან თანასწორად, აგრეთვე სხვადასხვა სახის მხარდამჭერი მომსახურების და საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტების, ასევე კომუნიკაციის საშუალებების ხელმისაწვდომობას, რაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი სრულყოფილი მონაწილეობისათვის აუცილებელია. კომუნიკაცია მოიცავს: ენას, აფიშირებულ ტექსტს, ბრაილს, ტაქტილურ კომუნიკაციას, მსხვილ შრიფტს, ხელმისაწვდომ მულტიმედიას, აგრეთვე წერით საშუალებას ან აუდიოსაშუალებას, გამარტივებულ ენას, წამკითხველ პირს, კომუნიკაციის გამაძლიერებელ და ალტერნატიულ მეთოდებს, საშუალებებსა და ფორმატებს, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების ჩათვლით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას, უფლებამოსილია დაამუშაოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პერსონალური მონაცემები და, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული მონაცემები გადასცეს სხვა პირს/ორგანიზაციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ შესაბამისი სარგებლის მისაღებად. 3. სახელმწიფო აღიარებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებას, თავად შეარჩიოს საცხოვრებელი ადგილი. აკრძალულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის იძულება, ცხოვრობდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, თუ ეს განპირობებული არ არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებლობით ან/და პენიტენციური სისტემის სპეციფიკით. 4. სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა და აკრძალულია მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, კორესპონდენციასა და სხვაგვარ კომუნიკაციაში თვითნებური ან უკანონო ჩარევა. 5. სახელმწიფო ხელს უწყობს უფლებამოსილი ორგანოების მიერ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო სერვისების, სტანდარტებისა და რეგულაციების შემუშავებასა და დანერგვას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს: ა) პრაქტიკული ბარიერების, წინააღმდეგობებისა და სტერეოტიპების აღმოფხვრა, რომლებიც ხელს უშლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებელ ცხოვრებას; ბ) პერსონალური ასისტენტის სერვისით სარგებლობა; გ) დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო დამხმარე საშუალებებით სარგებლობა; დ) დამოუკიდებელი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით, მხარდაჭერითა და კონსულტაციით სარგებლობა; ე) ქვეყნის სოციალურ, კულტურულ, სპორტულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა სხვებთან თანაბარ პირობებში; ვ) ფიზიკური გარემოს, შენობა-ნაგებობის, გზის, ტრანსპორტის, ინფორმაციის, საცხოვრებელი სახლის, სამედიცინო დაწესებულების, სამუშაო ადგილის, კომუნიკაციის ტექნოლოგიისა და სისტემის, საზოგადოებისათვის ღია ობიექტის, სასწრაფო-საავარიო და სხვა მომსახურების სხვებთან თანასწორი ხელმისაწვდომობა; ზ) საზოგადოებრივი ობიექტის, საჯარო დაწესებულების და სხვა მომსახურების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ხელმისაწვდომობის სტანდარტების და სახელმძღვანელო ორიენტირების დაცვა; თ) ამ კანონით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ასევე იმ პირთა მონაწილეობა, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასთან და მათი პირობების გაუმჯობესებასთან. მუხლი 5. დისკრიმინაციის დაუშვებლობა 1. აკრძალულია შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, რაც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონითაა განსაზღვრული. დისკრიმინაცია აგრეთვე გულისხმობს უარს ამ კანონის შესაბამისად გონივრულ მისადაგებაზე. 2. სახელმწიფო იღებს ყველა შესაბამის ზომას გონივრული მისადაგებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის ხელშეწყობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად. 3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირს აქვს საკუთარი ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობის დაცულობის უფლება სხვებთან თანასწორად. მუხლი 6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას სხვა ქალებთან თანასწორად. 2. სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებსა და გოგონებს იცავს დისკრიმინაციისგან საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და უზრუნველყოფს მათთვის სათანადო პირობების შექმნას ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისთვის. ამ კატეგორიის პირთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა უპასუხებდეს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპს, ქალთა და გოგონათა სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით. 3. სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთათვის რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის უფლების ხელმისაწვდომობას სხვებთან თანასწორად. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №429 - ვებგვერდი, 04.04.2025წ. მუხლი 7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას სხვა ბავშვებთან თანასწორად. 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ქმედებაში, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. 3. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის სხვა ბავშვებთან თანასწორად აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალებას მათთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე, ასაკისა და განვითარების დონის გათვალისწინებით. ამ უფლების რეალიზებისას ისინი უზრუნველყოფილი უნდა იქნენ შესაძლებლობის შეზღუდვისა და მათი ასაკის შესაბამისი დახმარებით. 4. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის, მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, უწყვეტი განათლების მიღების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობისა და ბიოლოგიურ ოჯახში ცხოვრებისათვის აუცილებელი, ასევე დისკრიმინაციისა და ძალადობისაგან დაცვის მექანიზმების შექმნას. 5. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ოჯახში სხვებთან თანასწორად ცხოვრების უფლებას. ამ უფლების შეუფერხებელი რეალიზებისათვის, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის დამალვის, მიტოვების, უგულებელყოფის ან სეგრეგაციის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფო ახორციელებს ყველა აუცილებელ ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვსა და მის ოჯახს წინასწარ უზრუნველყოფს ამომწურავი ინფორმაციით, შესაბამისი მომსახურებითა და დახმარებით. 6. თუ ოჯახი ვერ ახერხებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე მზრუნველობას, სახელმწიფო ვალდებულია, მიიღოს ყველა ზომა ალტერნატიული ზრუნვის ორგანიზებისათვის უფრო ფართო ოჯახური წრის ფარგლებში, ხოლო მისი შეუძლებლობის შემთხვევაში − შეუქმნას ბავშვს ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული გარემო, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბავშვის აღზრდის მემკვიდრეობითობა, ეთნიკური წარმომავლობა, რელიგიური და კულტურული კუთვნილება და მშობლიური ენა. ალტერნატიული ზრუნვის მიზნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის განთავსება უნდა განხორციელდეს ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 8. განათლება 1. სახელმწიფო, შესაბამისი ეფექტიანი მექანიზმების დანერგვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროების შესაბამისი ტექნოლოგიების, ტექნიკისა და საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით, უზრუნველყოფს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვას, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ უწყვეტი განათლების მიღების შესაძლებლობა, საკუთარი პიროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება და გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობების რეალიზება. 2. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ტექნიკური და პროფესიული ორიენტაციის პროგრამების, პროფესიული და უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობას. მუხლი 9. ჯანმრთელობის დაცვა სახელმწიფო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს მათთვის ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას სხვებთან თანასწორად, რაც გულისხმობს: ა) ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების ხელმისაწვდომობას; ბ) სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელებას; გ) შესაბამისი სტანდარტებისა და მეთოდების დანერგვის ხელშეწყობას, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კონკრეტული სერვისით სარგებლობას ხელმისაწვდომს გახდის; დ) პრევენციული, ადრეული დიაგნოსტიკისა და სამკურნალო-სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდებას, რაც უზრუნველყოფს შესაძლებლობის შეზღუდვის გამომწვევი ზოგადი მიზეზების იდენტიფიკაციას და შესაძლებლობის შეზღუდვის მინიმუმამდე დაყვანას. მუხლი 9¹. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების მოპოვება 1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეიტანება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მოპოვების უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამის დაწესებულებებს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1154 – ვებგვერდი, 15.12.2025წ. მუხლი 10. აბილიტაცია და რეაბილიტაცია 1. სახელმწიფო ხელს უწყობს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ ისეთი სერვისებისა და პროგრამების შექმნასა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მაქსიმალურ დამოუკიდებლობას, მათი ფიზიკური, სენსორული, მენტალური და პროფესიული შესაძლებლობების გამოყენებასა და გაძლიერებას ასაკის, სქესის, შესაძლებლობათა შეზღუდვის ხარისხისა და სახეობის გათვალისწინებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად სახელმწიფო ხელს უწყობს სააბილიტაციო და სარეაბილიტაციო სერვისებისა და პროგრამების განვითარებას ჯანმრთელობის დაცვის, დასაქმების, განათლებისა და სოციალური მომსახურებების სფეროებში იმგვარად, რომ აღნიშნული სერვისები და პროგრამები: ა) მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე განხორციელდეს და ინდივიდის საჭიროებების შეფასებას ეფუძნებოდეს; ბ) უზრუნველყოფდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მონაწილეობასა და ინტეგრირებას. 3. სახელმწიფო ხელს უწყობს სააბილიტაციო და სარეაბილიტაციო მომსახურებებში დასაქმებული სპეციალისტებისა და პერსონალის პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას. მუხლი 11. შრომა და დასაქმება 1. სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ღია ბაზარზე სხვებთან თანაბარ პირობებში დასაქმების შესაძლებლობის შექმნას, მათ შორის, ამ მიზნის მისაღწევად დროებითი ღონისძიებების გამოყენების გზით. 2. სახელმწიფო იცავს და ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შრომის უფლების რეალიზებას, მათ შორის, შრომით სახელშეკრულებო/წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში და უზრუნველყოფს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჰქონდეთ სხვებთან თანასწორი უფლება შრომის სამართლიან და ხელსაყრელ პირობებზე, უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოზე, აგრეთვე იძულებითი შრომისა და დისკრიმინაციისაგან დაცვაზე. 3. სახელმწიფო ხელს უწყობს დასაქმების სფეროში ისეთი პროგრამების შექმნას, რომლებიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თვითდას

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.