აკვაკულტურის შესახებ
ტექსტი
აკვაკულტურის შესახებ
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
აკვაკულტურის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო და მიზნები 1. ეს კანონი განსაზღვრავს აკვაკულტურის საქმიანობის რეგულირებისა და განხორციელების პრინციპებსა და სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას საკუთრებასთან, აკვაკულტურის ნებართვის გაცემასთან, საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის ზონის გამოყოფასთან, სახელმწიფო კონტროლსა და აკვაკულტურასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. 2. ამ კანონის მიზნებია: ა) საქართველოს (შავი ზღვის) კონტინენტური შელფის, ტერიტორიული წყლების (ტერიტორიული ზღვის), განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის (შემდგომ − საზღვაო წყლები) და შიდა წყლების − წყალსატევების (ტბები, წყალსაცავები, ტბორები, მდინარეები, მიწისქვეშა წყლები, ნაკადულები, არხები, წყალჭაობიანი ადგილები და აკვაკულტურის ობიექტების მოშენებისთვის გამოსადეგი სხვა წყალსატევები) განსაზღვრულ ადგილებში აკვაკულტურის საქმიანობის მოწესრიგება; ბ) აკვაკულტურის პასუხისმგებლობიანი და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა; გ) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას გარემოს, ბიომრავალფეროვნებისა და წყლის ბიოლოგიური რესურსების დაცვა; დ) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას წყლისა და მიწის რესურსებით რაციონალური და ეფექტიანი სარგებლობის უზრუნველყოფა, სხვა წყლითა და მიწით მოსარგებლეთა ინტერესების დაცვა; ე) აკვაკულტურის საქმიანობის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად განხორციელების უზრუნველყოფა; ვ) აკვაკულტურის სუბიექტის საქმიანობის ეფექტიანი გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფა. 3. ამ კანონის III და V თავები არ ვრცელდება რეცირკულაციური აკვაკულტურის სისტემის გამოყენებით განხორციელებულ აკვაკულტურის საქმიანობაზე. 4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება აკვაკულტურის კონსტრუქციაზე, რომელსაც ბუნებრივ ზედაპირულ წყლებთან უშუალო კავშირი არ აქვს. 5. აკვაკულტურის სფეროში გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება ამ კანონით, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აკვაკულტურა − წყლის ცოცხალი ორგანიზმის (თევზი, მოლუსკი, კიბოსნაირი, წყლის მცენარე) ისეთი საშუალებების გამოყენებით მოშენება (კულტივირება, გამოზრდა, გამრავლება), რომელთა მიზანია ამ ორგანიზმის წარმოების გაზრდა გარემოს ბუნებრივი შესაძლებლობების მიღმა. ეს ორგანიზმი ერთი ან ერთზე მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში რჩება მთელი პერიოდის განმავლობაში − გამოზრდიდან პროდუქციის მიღების ჩათვლით. წყლის ცოცხალი ორგანიზმის მოშენება გულისხმობს ამ ორგანიზმის გაზრდის ორგანიზებულ პროცესს, მათ შორის, მის გამრავლებას ან რეგულარულ შენახვასა და კვებას ან/და მტაცებლისგან ან სხვა, მსგავსი ჩარევისგან დაცვას აღნიშნული ორგანიზმის ბუნებრივი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში; ბ) ექსტენსიური აკვაკულტურა − ბუნებრივი წყალსატევის (ტბა, მდინარე, წყალჭაობიანი ადგილი და სხვა) ან ხელოვნური წყალსატევის (წყალსაცავი, ზოგიერთი არხი და სხვა წყალსატევი, გარდა აკვაკულტურის კონსტრუქციისა) ხელოვნურად გამრავლებული ქვირითით, ლარვით, ლიფსიტითა და ახალმოზარდეულით ბუნებრივი საკვები ბაზის ხარჯზე დათევზიანება, ამ წყალსატევში არსებული ბუნებრივი თევზის რესურსის აღწარმოების ხელშეწყობა და შემდგომ მისი ზრდის შედეგად თევზჭერა; გ) აკვაკულტურის კონსტრუქცია − აკვაკულტურის მიზნებისთვის მოწყობილი ნებისმიერი ხელოვნური წყალსატევი (ტბორი, გუბურა, არხი, ავზი, რეზერვუარი და სხვა), წყალსატევში განთავსებული სხვადასხვა ფორმისა და ტიპის თევზსაშენი გალია, თევზსაშენი ოჩხი, სხვადასხვა ფორმისა და ტიპის აკვაკულტურის კოლექტორი, ბაგირის, ბადისებური ტომრის, კალათის კონსტრუქცია, ხელოვნური მყარი ფსკერული კონსტრუქცია (მათ შორის, ხელოვნური რიფი), რეცირკულაციური აკვაკულტურის სისტემა, აკვაკულტურის ობიექტის გამოზრდისთვის განკუთვნილი სხვა სახის კონსტრუქცია ან მოწყობილობა. აკვაკულტურის კონსტრუქციას არ განეკუთვნება ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ექსტენსიური აკვაკულტურისთვის განსაზღვრული ხელოვნური წყალსატევი; დ) აკვაკულტურის კოლექტორი − წყალსატევში უხერხემლოთა ლარვებისა და წყალმცენარეთა სპორების შესაგროვებლად და გამოსაზრდელად ჩაყენებული სხვადასხვა ფორმისა და ტიპის ბაგირის კონსტრუქცია, ხელოვნური მყარი ფსკერული კონსტრუქცია, სხვა სახის კონსტრუქცია; ე) აკვაკულტურის სუბიექტი − პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად უფლება აქვს, განახორციელოს აკვაკულტურის საქმიანობა; ვ) რეცირკულაციური აკვაკულტურის სისტემა − წყლის ცხოველური და მცენარეული ორგანიზმების კულტივირებისთვის ან/და გამოზრდისთვის განკუთვნილი სისტემა, რომელშიც ხდება ტექნოლოგიური წყლის მრავალჯერ აღდგენა და განმეორებით გამოყენება; ზ) თევზსაშენი გალია − წყალსატევის გარკვეული სივრცე, რომელიც წყალგამტარი ბარიერითაა შემოსაზღვრული და წყალსატევის ფსკერს უშუალოდ არ ეხება. თევზსაშენი გალია არის მოტივტივე ტიპის ან დაძირული ტიპის. მოტივტივე ტიპის თევზსაშენი გალიის მზიდი კონსტრუქცია მხოლოდ წყლის ზედაპირზეა განლაგებული და წყალგამტარი ბარიერით მხოლოდ გვერდებიდან და ქვემოდან არის შემოსაზღვრული. დაძირული ტიპის თევზსაშენი გალიის მზიდ კონსტრუქციას აქვს სიღრმის შეცვლის უნარი და ის წყალგამტარი ბარიერით შემოსაზღვრულია როგორც გვერდებიდან და ქვემოდან, ისე ზემოდან; თ) თევზსაშენი ოჩხი − წყალსატევის გარკვეული უბანი, რომელიც წყალგამტარი ბარიერით მხოლოდ გვერდებიდანაა შემოსაზღვრული და წყალსატევის ფსკერს უშუალოდ ეხება; ი) მარიკულტურა − აკვაკულტურა საზღვაო წყლებში; კ) ჰიდრობიონტი − წყლის ცოცხალი ორგანიზმი (თევზი, მოლუსკი, კიბოსნაირი, წყლის მცენარე, წყალში მობინადრე სხვა ცოცხალი ორგანიზმი); ლ) ბუნებრივი საკვები ბაზა − წყლის ცხოველი და მცენარე, მათი ნარჩენი და დაშლის პროდუქტი, ცხოველური და მცენარეული წარმოშობის მიკროორგანიზმები, რომლებიც აკვაკულტურის ობიექტისთვის ბუნებრივი საკვებია; მ) ინტროდუქცია − ამა თუ იმ სახეობის წყლის ორგანიზმის იმ წყალსატევში ჩასახლება, სადაც ადრე ეს სახეობა არ ბინადრობდა, და ჩასახლებული სახეობის სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი პოპულაციის შექმნა; ნ) დათევზიანება − წყალსატევში წყლის ცხოველური ორგანიზმის (მისი განვითარების ნებისმიერი სტადიის − ქვირითის, ლარვის, ლიფსიტისა და სხვა) მიზნობრივი გაშვება; ო) ხელოვნური აღწარმოება − ჰიდრობიონტისგან სასქესო პროდუქტის ხელოვნურად მიღება, კვერცხუჯრედის ხელოვნურად განაყოფიერება, ხელოვნურად განაყოფიერებული კვერცხუჯრედის კონტროლირებულ პირობებში ინკუბაცია, შთამომავლობის მიღება, სიცოცხლისუნარიან სტადიამდე გამოზრდა და შემდგომ მისი ბუნებრივ წყალსატევში გაშვებით წყლის ბიოლოგიური რესურსის ოდენობის შენარჩუნება ან/და გაზრდა; პ) აკვაკულტურის ობიექტი − ჰიდრობიონტი, რომელიც აკვაკულტურის სუბიექტის მიერ არის კულტივირებული; ჟ) უცხო სახეობა − წყლის ორგანიზმის ნებისმიერი სახეობა, რომელიც მკვიდრი არ არის და, როგორც წესი, საქართველოს წყლებში არ ბინადრობს; რ) ეკოსისტემა − მცენარეთა, ცხოველთა და მიკროორგანიზმთა, აგრეთვე მათი გარემომცველი არაცოცხალი გარემოს დინამიკური კომპლექსი, რომელიც მოქმედებს, როგორც ფუნქციური მთლიანობა; ს) გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამა − ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოებისა და აკვაკულტურის სუბიექტების მიერ აკვაკულტურის მართვის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პერიოდული გარემოსდაცვითი შეფასებისა და მონიტორინგის განსახორციელებლად ინფორმაციის (მონაცემების) ჩაწერასა და შენახვას; ტ) აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონა − საზღვაო არეალი, რომელშიც აკვაკულტურის განვითარებას სხვა სახის სარგებლობის მიმართ უპირატესობა ენიჭება და რომელიც უმთავრესად აკვაკულტურისთვისაა განკუთვნილი; უ) ერთი სარკმლის პრინციპი – ადმინისტრაციული წარმოების წესი, რომლის მიხედვით, ნებართვის გამცემი უზრუნველყოფს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებითი სანებართვო პირობების ან შეთანხმების დადასტურებას; ფ) მინისტრი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; ქ) სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ღ) ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქცია − აკვაკულტურის მიზნებისთვის მოწყობილი ნებისმიერი ხელოვნური წყალსატევი (ტბორი, გუბურა, არხი, ავზი, რეზერვუარი და სხვა), რეცირკულაციური აკვაკულტურის სისტემა; ყ) წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქცია − სხვადასხვა ფორმისა და ტიპის თევზსაშენი გალია, თევზსაშენი ოჩხი, საზრდელი, ლარვებისა და წყალმცენარეთა სპორების შესაგროვებელი სხვადასხვა ფორმისა და ტიპის ბაგირის, ბადისებური ტომრის, კალათის კონსტრუქცია, ხელოვნური მყარი ფსკერული კონსტრუქცია (მათ შორის, ხელოვნური რიფი). მუხლი 3. აკვაკულტურის საქმიანობის რეგულირებისა და განხორციელების პრინციპები 1. აკვაკულტურის საქმიანობა რეგულირდება ამ კანონით, საქართველოს სხვა კანონებით, საქართველოს მთავრობისა და მინისტრის ნორმატიული აქტებით. 2. აკვაკულტურის საქმიანობის რეგულირებისას და განხორციელებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი ძირითადი პრინციპები: ა) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას ეკოსისტემური მიდგომის გამოყენება, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და აკვაკულტურის პროდუქტის უვნებლობის დაცვა; ბ) აკვაკულტურის ობიექტის კულტივირების ან/და გამოზრდის ეკოლოგიურად მიზანშეწონილი ტექნოლოგიების დანერგვა და წყალსატევის პროდუქტიული პროცესების მართვა; გ) აკვაკულტურის საქმიანობის გარემოსდაცვითი თვალსაზრისით თავსებად ადგილებზე განხორციელება, წყლისა და მიწის რესურსების ეფექტიანად და პასუხისმგებლობით გამოყენება; დ) აკვაკულტურის კონსტრუქციის უსაფრთხოდ დაპროექტება და განთავსება; აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას სხვა წყლითა და მიწით მოსარგებლეთა ინტერესების გათვალისწინება; ე) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას ხელოვნური საკვების დაბალანსებულად და ეფექტიანად გამოყენება, რაც უზრუნველყოფს აკვაკულტურის ობიექტის ოპტიმალურ ზრდას და გარემოს დაბინძურების მინიმუმამდე შემცირებას; ვ) აკვაკულტურის ობიექტის ჯანმრთელობის მართვა, მისი დაავადების თავიდან აცილება, დაავადების გავრცელების რისკისა და ეპიზოოტიის შემთხვევების შემცირება; ზ) ტექნოლოგიების, აღჭურვილობისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება; თ) აკვაკულტურის საქმიანობის დაგეგმვისას და განხორციელებისას წყლის ობიექტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ბუნებრივი და სოციალურ-ეკონომიკური თავისებურებების გათვალისწინება; ი) ჰიდრობიონტის კულტივირების ან/და სასაქონლო გამოზრდის, სასურსათო მოხმარებისთვის ბაზარზე განთავსების მიზნით სამეურნეო და სხვა სახის საქმიანობების უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილება ან მინიმუმამდე შემცირება; კ) საქართველოს წყლების ბიოლოგიური რესურსების შენარჩუნება და მათი ხარისხის დაცვა; ლ) ბუნებრივი წყალსატევის დათევზიანება; მ) წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობისას (წყლის ცხოველური ორგანიზმებისა და მცენარეების მოშენებისას) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებით გამოწვეული გარემოზე პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედების შესწავლა შემდეგ ფაქტორებთან მიმართებით: ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება; ბიომრავალფეროვნება (მათ შორის, მცენარეთა და ცხოველთა სახეობები, ჰაბიტატები, ეკოსისტემები); წყალი, ჰაერი, ნიადაგი, მიწა, კლიმატი და ლანდშაფტი; კულტურული მემკვიდრეობა და მატერიალური ფასეულობები; აგრეთვე მითითებული ფაქტორების ურთიერთქმედება; ნ) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას ჰიბრიდული ფორმისა და ინვაზიური სახეობის გამოყენების მონიტორინგი; ო) აკვაკულტურის მიმდებარე ეკოსისტემასა და გარემოზე აკვაკულტურის შესაძლო უარყოფითი გავლენის შემცირება; პ) გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება; ჟ) აკვაკულტურის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა; რ) მეცნიერულად დასაბუთებული მართვა და პრევენციული მიდგომის გამოყენება; ს) მონაცემთა შეგროვება და სტატისტიკის წარმოება; ტ) ნარჩენების მართვა; უ) დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობა. 3. აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს წარმოების პროცესის ტექნოლოგიური, გარემოსდაცვითი, აკვაკულტურის ობიექტის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის და სურსათის უვნებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად განხორციელება. 4. სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აკვაკულტურის გათვალისწინება. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №796 – ვებგვერდი, 04.07.2025წ. თავი II. აკვაკულტურის სახელმწიფო მართვა და მდგრადი განვითარება მუხლი 4. აკვაკულტურის სახელმწიფო მართვა 1. აკვაკულტურის სფეროში ურთიერთობების სამართლებრივ რეგულირებას, აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას გარემოსა და წყლის ბუნებრივი რესურსების დაცვას, სასურსათო, რეკრეაციული, სოციალური და სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, აგრეთვე აკვაკულტურის მდგრადი განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტრო. 2. აკვაკულტურის სფეროში სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) აკვაკულტურის მდგრადი განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას; ბ) აკვაკულტურის სფეროში სამართლებრივი აქტების (მათ შორის, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების, კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების) პროექტების შემუშავებას და დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობისთვის წარდგენას, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას და შესაბამისი ნორმატიული აქტების აღსრულების სახელმწიფო კონტროლს; გ) (ამოღებულია - 17.03.2022, №1450); დ) სხვა უფლებამოსილ სახელმწიფო დაწესებულებებსა და უწყებებთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობისთვის საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის დასამტკიცებლად წარდგენას; ე) აკვაკულტურის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას; ვ) აკვაკულტურის სახელმწიფო მართვისა და მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად სამეცნიერო კვლევების ჩატარებისა და შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას; ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, აკვაკულტურის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 3. ამ კანონით განსაზღვრული აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვას გასცემს, ერთი სარკმლის პრინციპით აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემისთვის საჭირო ლიცენზიის/ნებართვის ან თანხმობის მოპოვებაში აკვაკულტურის სუბიექტს ხელს უწყობს და კანონით დადგენილ ფარგლებში აკვაკულტურის სუბიექტის უფლებებს იცავს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო. გარემოს ეროვნული სააგენტო: ა) არის ამ კანონით განსაზღვრული აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მქონე ორგანო; ბ) კოორდინაციას უწევს აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის პროცესს ნებართვის მაძიებლის მიერ განაცხადის წარდგენიდან გადაწყვეტილების მიღების ჩათვლით, აგრეთვე საზღვაო არეალის ზონირების, აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომობას; გ) უზრუნველყოფს აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განაცხადის დაინტერესებულ ორგანოებთან შეთანხმებას, ხელს უწყობს ნებართვის მაძიებელს უფლებამოსილი ორგანოებისგან შესაბამის სახელმწიფო ან ადგილობრივ ქონებაზე საჭირო უფლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებაში; დ) ამ კანონით განსაზღვრული აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს დასკვნის საფუძველზე აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მფლობელს აძლევს თანხმობას უცხო სახეობის შემოყვანაზე; ე) მონაწილეობს აკვაკულტურის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში; ვ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას გამოსაყენებელ საკვებთან, ვეტერინარულ პრეპარატთან, აკვაკულტურის ობიექტის ჯანმრთელობის მართვასა და სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1450 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. მუხლი 5. აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭო 1. ამ კანონის საფუძველზე იქმნება აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭო. ამ საბჭოს მიზნებია: ა) აკვაკულტურის სფეროში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა დაინტერესებული უწყებების/დაწესებულებების მონაწილეობის კოორდინაცია; ბ) საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის გაცემის საკითხის წინასწარ განხილვა; გ) წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობის საკითხის წინასწარ განხილვა; დ) გაცემული საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხის წინასწარ განხილვა; ე) აკვაკულტურისთვის ზონის გამოსაყოფად უწყებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინაცია; ვ) ამ კანონის შესაბამისად სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ა) სამინისტროს წარმომადგენლები; ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები; გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები; ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები; ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. 3. აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს უფლებამოსილებებია: ა) აკვაკულტურის სფეროში სახელმწიფო ორგანოთა მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების კოორდინაცია; ბ) აკვაკულტურის მდგრადი განვითარების საჭიროებების შეფასება და სახელმწიფო ორგანოებისთვის რეკომენდაციების შემუშავება; გ) საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის შესახებ წინადადების შემუშავება და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გამართვის უზრუნველყოფა; დ) საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვა და ამ ნებართვის გაცემის შესახებ რეკომენდაციის წარდგენა; დ¹) წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობის საკითხის განხილვა და აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის შესახებ რეკომენდაციის წარდგენა; დ²) აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემისას აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული შესაბამისი პირობების განსაზღვრა; ე) აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმისა და გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამის დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა; ვ) საზღვაო წყლებში აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობისთვის წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ზ) ამ კანონიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 4. აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს შემადგენლობა, მუშაობის ორგანიზება და საქმიანობის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1519 – ვებგვერდი, 13.05.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №796 – ვებგვერდი, 04.07.2025წ. მუხლი 6. აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭო 1. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად უცხო სახეობის შემოყვანის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული სხვა მოვალეობების შესასრულებლად მინისტრის ბრძანებით სამინისტროს სისტემაში იქმნება აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭო. 2. აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭო უზრუნველყოფს: ა) უცხო სახეობის შემოყვანის შესახებ მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნის შემუშავებას და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენას; ბ) იმ პროცედურების განსაზღვრას, რომლებიც წინ უძღვის უცხო სახეობის გაშვებას; გ) უცხო სახეობის შემოყვანის რისკების ანალიზს და გარემოსდაცვითი რისკების შეფასებას მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად; დ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის აკვაკულტურის განვითარებასთან დაკავშირებული სამეცნიერო ასპექტებისა და მათი დანერგვის შესახებ კონსულტაციების გაწევას და რეკომენდაციების წარდგენას; ე) მინისტრის მიერ აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოსთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 3. აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. თავი III. აკვაკულტურის ნებართვა მუხლი 7. აკვაკულტურის ნებართვა 1. აკვაკულტურის საქმიანობა ხორციელდება აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზე. 2. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართოს წერილობითი განაცხადით (დასაბუთებული მოთხოვნით), რათა სახელმწიფო ან ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის ობიექტი, აგრეთვე მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისთვის გამოიყენოს, და მოითხოვოს აკვაკულტურის ნებართვის გაცემა. 3. აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა 20 წლამდე ვადით. ამ ნებართვის მოქმედების ვადა შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არაუმეტეს 20 წლით გაგრძელდეს. 4. აკვაკულტურის ნებართვა ამ ნებართვის მფლობელს ანიჭებს უფლებას, აკვაკულტურის საქმიანობა აღნიშნული ნებართვით განსაზღვრულ აკვაკულტურის საქმიანობის არეალში განახორციელოს. მუხლი 8. აკვაკულტურის ნებართვის გაცემის ზოგადი წესი 1. აკვაკულტურის ნებართვას გასცემს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველო
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.