პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ტყის კოდექსი

ტექსტი

საქართველოს ტყის კოდექსი

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

საქართველოს ტყის კოდექსი

საქართველოს ტყე ბუნებრივი გარემოს უმთავრესი ელემენტია. ის არის ქვეყნისთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივი რესურსი და მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველი. საქართველოს ტყე, მიუხედავად მისი საკუთრების ფორმისა, უნდა იმართებოდეს მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად ჩამოყალიბებული სისტემის საფუძველზე, რომელიც უზრუნველყოფს ტყის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, მისი ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყის ეკოლოგიური ფასეულობის გათვალისწინებით მისი ეკონომიკური პოტენციალის რაციონალურ გამოყენებას, ტყის მართვაში საზოგადოების მონაწილეობას და მისთვის ტყის რესურსების ხელმისაწვდომობას. თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. კოდექსის მოქმედების სფერო და მიზნები 1. ეს კოდექსი აწესრიგებს ტყის მართვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. 2. ამ კოდექსის მიზნებია: ა) საქართველოს ტყის ბიომრავალფეროვნების დაცვა, ტყის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების შესასრულებლად მისი თვისებრივი მახასიათებლების, აგრეთვე ტყის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება; ბ) თვითმყოფადი ბუნებრივი და კულტურული გარემოს, მათ შორის, მცენარეული საფრისა და ცხოველთა სამყაროს, ტყეში არსებული ბუნებისა და კულტურის ძეგლების, მცენარეთა იშვიათი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისა და სხვა ღირებულებათა მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება და მათი ურთიერთგავლენის ჰარმონიული რეგულირება; გ) ტყის რესურსებისა და სხვა ბუნებრივი პოტენციალის მიზნობრივი და რაციონალური გამოყენება; დ) ტყის მართვის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა, რომლებსაც უნდა დაეფუძნოს ტყის მდგრადი მართვა. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საქართველოს ტყე − სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო საკუთრების ტყეებისა და მათი რესურსების ერთობლიობა; ბ) ტყე − ტყის კონტურის შიგნით არსებული ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარული ტერიტორია და სხვა ტერიტორია, რომელიც ტყის ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილია: ბ.ა) ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარული ტერიტორია − ტყის შემქმნელი მერქნიანი მცენარის ერთი ან რამდენიმე სახეობით დაფარული, არანაკლებ 10 მ სიგანისა და სულ მცირე 0.5 ჰა მიწის ფართობი, სადაც ხეთა დგომის სიმჭიდროვე ფართობის ერთეულზე შეადგენს არანაკლებ 0,1 სიხშირეს; ბ.ბ) სხვა ტერიტორია: ბ.ბ.ა) ტერიტორია, სადაც ტყის შემქმნელი სახეობები ბუნებრივი ან/და ანთროპოგენური მოვლენების შედეგად დროებით დეგრადირებული ან განადგურებულია; ბ.ბ.ბ) ტყის მიწა − ტყის კონტურის შიგნით არსებული მიწის ღია ფართობი: მიწა, რომელიც გამოიყენება სათიბად ან საძოვრად; სპეციალური დანიშნულების მიწა; მიწა, რომელიც მოიცავს ტყეში არსებულ ჭაობს, კლდეს, რიყეს ან ტყის გაშენებისთვის გამოუყენებელ სხვა მიწის ფართობს; სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურა (სატყეო გზა, ხეტყის დასაწყობების ადგილი, საქმიანი ეზო) და სხვა. შენიშვნა: ტყედ არ მიიჩნევა ტყის კონტურის გარეთ არსებული მიწის ფართობი: ბაღი (ხეხილის და სხვა), სკვერი, პარკი; ხეთა ზოლი, რომელიც ასრულებს ნიადაგის ეროზიისგან დაცვის ფუნქციას (ქარსაფარი ზოლი); ტერიტორია, რომელიც ტყეში არ არის და გამოიყენება მოკლევადიანი მონაცვლეობისთვის ტყის შემქმნელი სახეობების გაშენებიდან 30 წლამდე პერიოდში (პლანტაცია); მერქნიან სახეობათა დენდრარიუმი, საახალწლო ხის პლანტაცია; მერქნიან ხეთა (კაკალნაყოფიანების) პლანტაცია ნაყოფის მისაღებად, ხილკენკროვანი სახეობების პლანტაცია; გ) არიდული ტყე − ნათელი ტყე, სადაც ტენის სიმცირის ან/და სხვა ბუნებრივი პირობების გამო კორომმა შეიძლება ვერ მიაღწიოს 0,1 სიხშირეს; დ) ჭალის ტყე − ტყე, რომელიც მდინარის აუზშია განფენილი და პერიოდულად (წყალდიდობის ან/და წყალმოვარდნის დროს) წყლით იფარება; ე) სუბალპური ტყე − ტყე, რომელიც ალპური ზონის საზღვრის ქვემოთ მდებარე 300 მ-მდე სიგანის ზოლშია მოქცეული და არის გარდამავალი (ბრძოლის) სარტყელი; ვ) ტყის რესურსები − ტყის მერქნული რესურსების, არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების ერთობლიობა: ვ.ა) ტყის არამერქნული რესურსები − სოკო, სამკურნალო ნედლეული, ტექნიკური ნედლეული, სხვა ბალახოვანი მცენარეები და მათი ნაწილები, ბუჩქოვანი მცენარეების ნაწილები და მათი პროდუქტები, რომელთა შემადგენლობაში არ არის მერქანი; ვ.ბ) მერქნიანი მცენარეების პროდუქტები − მერქნიანი მცენარეების წიწვი, ფოთოლი, ყვავილი, ყვავილის მტვერი, ფისი, წვენი, თესლი, გირჩი, ნაყოფი; ვ.გ) ხის მეორეხარისხოვანი მასალები − მერქნიანი მცენარეების ფესვი, ქერქი, ლაფანი, ძირკვი; ზ) ხეტყის ნარჩენები – ტყის მოვლის ღონისძიებების განხორციელებისა და ხეტყის დამზადების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები, ძირნაყარი ხეები, რომლებსაც ბუნებრივი ან სხვა ფაქტორების ზემოქმედების გამო აღარ აქვს მერქნული რესურსის ღირებულება; თ) ბოძი – საყრდენ მასალად ვარგისი, მსხვილი ბოლოდან 8 სმ-დან 12 სმ-მდე დიამეტრის, ხოლო აკაციის შემთხვევაში − არაუმეტეს 20 სმ დიამეტრის მერქნული რესურსი; ი) სარი − სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მსხვილი ბოლოდან 4 სმ-დან 8 სმ-მდე დიამეტრის მერქნული რესურსი; კ) ჭიგო − სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მსხვილი ბოლოდან 4 სმ-მდე დიამეტრის მერქნული რესურსი; ლ) ტყის კონტური − ტყის საზღვარი, რომელსაც ადგენს საქართველოს მთავრობა შესაბამისი დადგენილებით; მ) ტყის შემქმნელი სახეობები − მერქნიანი მცენარეები, რომლებიც შეტანილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) მიერ დამტკიცებულ „ტყის შემქმნელ მერქნიან მცენარეთა სახეობების ნუსხაში“; ნ) ხე − მრავალწლიანი მერქნიანი მცენარე, რომელიც ივითარებს ერთ მთავარ ღეროს ან, ამონაყრის შემთხვევაში, ღეროებს და აქვს განშტოებული ვარჯი, რომლის სიმაღლე სიმწიფის ასაკში არანაკლებ 3 მ-ია; ო) ბუჩქი − მრავალწლიანი მერქნიანი მცენარე, რომელსაც აქვს ნიადაგის ზედაპირიდან განშტოებული ვარჯი და რომლის სიმაღლე არაუმეტეს 3 მ-ია; პ) ქვეტყე − მერქნიანი მცენარის/მცენარეების სახეობების ერთობლიობა, რომელიც არ ქმნის და არსებულ პირობებში ვერც შექმნის კორომის ზედა საბურველს; ჟ) ფიჩხი − მოჭრილი მერქნიანი მცენარე (ტოტებიანი ღერო) ან ძირნაყარი ხეების გასხეპილი ტოტები, რომელთაგან თითოეულის დიამეტრი ძირეულ ნაწილში არაუმეტეს 6 სმ-ია; რ) კორომი − ტყის ნაწილი, რომელიც მომიჯნავე ტერიტორიისგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებულია; ს) მრგვალი ხეტყე (მორი) − ხეტყის დამზადებით (მათ შორის, მოთხრილი და მოტეხილი ხეებისგან) მიღებული, წვრილი ბოლოდან 12 სმ-ზე მეტი დიამეტრის მერქნული რესურსი; ტ) სპეციალური ფირნიში − ფირნიში, რომელიც ადასტურებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მრგვალი ხეტყის (მორის) კანონიერ წარმოშობას და დადგენილი წესით აღირიცხება შესაბამის ერთიან მონაცემთა ბაზაში; უ) მდგრადი განვითარების პრინციპები − პრინციპები, რომლებიც ინტეგრირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (United Nations Conference on Environment and Development, Rio de Janeiro, 1992) მიერ მიღებულ შემდეგ დასკვნით დოკუმენტებში: „გარემოსა და განვითარების რიოს დეკლარაცია“, „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამა − დღის წესრიგი 21“, „ტყეების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და მართვის პრინციპების შესახებ არასაკანონმდებლო ვალდებულებათა განცხადება“; ფ) ტყის მართვა − ტყის სასარგებლო თვისებებისა და ტყის რესურსების გამოყენების, აგრეთვე ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ქ) ტყის მდგრადი მართვა − ტყის ისეთი გზითა და მოცულობით მართვა და გამოყენება, რომ შენარჩუნდეს მისი ბიომრავალფეროვნება, პროდუქტიულობა, რეგენერაციის შესაძლებლობა, სიცოცხლისუნარიანობა და პოტენციალი, რათა ახლაც და მომავალშიც შესრულდეს ტყის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციები ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეებზე და არ დაზიანდეს სხვა ეკოსისტემები; ღ) ტყის ეროვნული აღრიცხვა − საქართველოს ტყის აღრიცხვა, რომლის მიზანია ტყისა და ტყის რესურსების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება, ტყის მდგომარეობის მონიტორინგის უწყვეტი განხორციელება, ტყის შესახებ მონაცემების თაობაზე საერთაშორისო ანგარიშგება და ამ სფეროში ერთიანი პოლიტიკის დაგეგმვა; ყ) ტყეთმოწყობა − საქართველოს ტყის აღრიცხვის, დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებების განხორციელებისა და მათი ეფექტიანობის გაზრდის, აგრეთვე ტყის რესურსებით მდგრადი სარგებლობის დაგეგმვა; შ) ტყის მონიტორინგი − საქართველოს ტყის მდგომარეობის შეფასების, მის დინამიკაზე უწყვეტი დაკვირვების, მისი ანალიზისა და პროგნოზირების სისტემა; ჩ) ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა − შემდეგი ღონისძიებების განხორციელება: აღსადგენი ტერიტორიის (ფართობის) მთლიანი ან ნაწილობრივი შემოღობვა, ტყის აღმონაცენის ან/და ამონაყრის ძოვებისგან დაცვა, შემოღობილ ფართობზე ნიადაგის ქვეტყისგან გაწმენდა, ბალახისგან გასუფთავება და აჩიჩქვნა თვითმოთესვის ხელშეწყობის მიზნით; ც) ტყის მავნებელ-დაავადებები − მავნე ორგანიზმები (მწერი, მღრღნელი, სოკო, ბაქტერია, ვირუსი), რომელთა რაოდენობის მატებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ტყის ეკოლოგიურ მდგომარეობას ან არსებითად შეამციროს მერქნის ხარისხი; ძ) სატყეო-სამეურნეო ღონისძიება − ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიება, რომელიც ხორციელდება ტყის აღდგენა-გაშენების, მოვლისა და დაცვის და ტყით მდგრადი სარგებლობის მიზნით; წ) ტყითსარგებლობა − სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით ტყის ტყით საერთო სარგებლობისა და ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში გამოყენება და ეკონომიკური და სხვა ღირებულებების მქონე ტყის რესურსების მოპოვება; ჭ) ტყით საერთო სარგებლობა − ტყის ბუნებრივი გარემოთი უსასყიდლო სარგებლობა, რომელიც გულისხმობს პირის უფლებას, იმყოფებოდეს და თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში, პირადი მოხმარების მიზნით შეაგროვოს ტყის არამერქნული რესურსები, მერქნიანი მცენარეების პროდუქტები და ხის მეორეხარისხოვანი მასალები, აგრეთვე ფიჩხი; ხ) ტყით სპეციალური სარგებლობა − ტყითსარგებლობა, რომელიც არ ხორციელდება ტყით საერთო სარგებლობის ფარგლებში; ჯ) ტყითმოსარგებლე − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი, რომელიც ახორციელებს ტყითსარგებლობას; ჰ) ტყეკაფი − ტყის უბანი, რომელზედაც განსაზღვრულია მოსაჭრელი და ძირნაყარი ხეების რაოდენობა და მონიშნულია მოსაჭრელი ხეები; ჰ¹) ხეტყის დამზადება − ზეზემდგომი ხეტყის მოჭრა ან/და ძირნაყარი ხეებიდან მერქნის ამოღება, მისი დახარისხება და გაზიდვა (მათ შორის, საქმიან ეზომდე); ჰ²) სამეურნეო ჭრა − მერქნის მოპოვების მიზნით ამ კოდექსით დადგენილი წესების დაცვით განხორციელებული ჭრა; ჰ³) მოვლითი ჭრა − სატყეო-სამეურნეო ღონისძიება, რომელიც ხორციელდება ტყის სახეობრივი შემადგენლობის, სტრუქტურისა და მაღალი წარმადობის კორომების ჩამოყალიბების მიზნით; ჰ⁴) სპეციალური სარგებლობის ჭრა − ამ კოდექსით გათვალისწინებული ტყით სპეციალური სარგებლობის სახეების მიზნებისთვის განხორციელებული ჭრა, გარდა სამეურნეო ჭრისა; ჰ⁵) ტყითსარგებლობის გეგმა − ტყითმოსარგებლის მიერ შემუშავებული გეგმარებითი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ტყითსარგებლობის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების, მათი ეტაპებისა და მოცულობის შესახებ; ჰ⁶) სატყეო გზა − სატყეო-სამეურნეო ღონისძიების განსახორციელებლად ტყეში არსებული გზა: ჰ⁶.ა) გრუნტის გზა − მოკლევადიანი ტყითსარგებლობისთვის გაყვანილი სამეურნეო გზა; ჰ⁶.ბ) მკვრივსაფრიანი გზა − ტყეში არსებული ხრეშმოყრილი ან/და მოშანდაკებული გზა, რომლის მოწყობა და რეაბილიტაცია გრძელვადიანი სარგებლობისთვის განხორციელდა; ჰ⁷) დროებითი ნაგებობა − ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში ტყის ტერიტორიაზე მოსაწყობი ან მოწყობილი ნაგებობა, რომელსაც საძირკველი არ აქვს და რომელიც გამოიყენება შესაბამისი ტყითსარგებლობის უფლების განსახორციელებლად; ჰ⁸) მინისტრი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; ჰ⁹) სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ჰ¹⁰) ტყის ფიზიკური დაცვა − უშუალოდ ტყის მართვის ორგანოს მიერ მისი მართვისადმი დაქვემდებარებული ტყის ტერიტორიის ფიზიკური დაცვა უკანონო ტყითსარგებლობისა და ტყის რესურსების დატაცებისგან. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1772 – ვებგვერდი, 01.07.2026წ. მუხლი 3. ტყის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა 1. ტყის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციისგან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისგან, საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფციისგან, ამ კოდექსისგან, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისა და მათ საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისგან. 2. ტყეში სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის, აგრეთვე ტყის გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობისა და სარგებლის სამართლიანი განაწილების საკითხები წესრიგდება შესაბამისი საკანონმდებლო აქტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტყის მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 4. დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებული ტყის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს ეს კოდექსი, თუ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 5. თუ საქმიანობა, რომელიც ტყით სპეციალურ სარგებლობას საჭიროებს, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ან „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას ექვემდებარება, სათანადო გადაწყვეტილება მიიღება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ან „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3392 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. მუხლი 4. საქართველოს ტყის მდგრადი მართვის პრინციპები 1. საქართველოს ტყის მდგრადი მართვა, ტყის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების გათვალისწინებით, უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს: ა) ტყის მართვის პროცესში გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფს მისი ბიომრავალფეროვნების, პროდუქტიულობის, თვითაღდგენისა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას; ბ) ტყის მართვის დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს ტყის ფუნქციური დანიშნულება, რათა ტყის ერთი ფუნქციით სარგებლის მიღებამ არ გამოიწვიოს ტყის სხვა ფუნქციის დეგრადაცია; გ) ტყის მართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება უნდა ეფუძნებოდეს ტყის მდგრად მართვას. ტყით საერთო სარგებლობის მიზნით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ტყის ყველასთვის ხელმისაწვდომობა; დ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით ტყის არასატყეო მიზნით გამოყენებისას უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიებები, გარდა ამ კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა. 2. ტყის მდგრადი მართვის შეფასება და ანგარიშგება ხორციელდება „ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ“ დებულებით განსაზღვრული ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების საფუძველზე, რომლებიც ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს და ევროპის ტყეების დაცვის მინისტრთა კონფერენციის („ევროპის ტყე“) მიერ მიღებულ „ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებსა და ინდიკატორებს“. აღნიშნულ დებულებას შეიმუშავებს სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მუხლი 5. ტყეზე საკუთრების უფლება 1. ტყეზე საკუთრების უფლება განუყოფელია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისგან. საქართველოს ტყე შეიძლება იყოს სახელმწიფო, მუნიციპალური ან კერძო საკუთრების. 2. სახელმწიფო ტყე არის საქართველოს ტყის ნაწილი, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში. 3. მუნიციპალური ტყე არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, რომლის მიმართ მმართველობით უფლებამოსილებებს ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად ახორციელებენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. 4. კერძო საკუთრების ტყე არის საქართველოს ტყის ნაწილი, რომელიც მდებარეობს ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. 5. ავტონომიურ რესპუბლიკას ტყე საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ტყე მის საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობზე ხელოვნურადაა გაშენებული და აკმაყოფილებს ამ კოდექსის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტერმინის „ტყე“ განმარტების მოთხოვნებს. 6. ამ კოდექსით დადგენილი წესები ვრცელდება საქართველოს ტყეზე, მიუხედავად მისი საკუთრების ფორმისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. მუხლი 6. საქართველოს ტყის კატეგორიებად დაყოფის მიზნები საქართველოს ტყის კატეგორიებად დაყოფის მიზნებია: ა) ტყის ეკოლოგიური ფუნქციისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, ტყის ეკონომიკური პოტენციალის მდგრადი გამოყენებისა და მისი სოციალური ფუნქციის შესრულების ხელშეწყობა; ბ) ტყის ნიადაგდაცვითი და წყალ- და კლიმატმარეგულირებელი ფუნქციების შენარჩუნებისა და აღდგენის ხელშეწყობა და მათი გაძლიერება; გ) ტყის პროდუქტიულობის, მათ შორის, ტყის რესურსების, ტურიზმისა და რეკრეაციის შესაძლებლობების, რაციონალური გამოყენება, გრძელვადიანი სარგებლის მიღების გათვალისწინებით; დ) ტყის ეკოსისტემურ მომსახურებებთან დაკავშირებული ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის (სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და სხვა) ჰარმონიული და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ტყის ეკოსისტემების უარყოფითი კუმულაციური ზეგავლენისგან დაცვა. მუხლი 7. საქართველოს ტყის კატეგორიებად დაყოფა და მათი მართვის ამოცანები 1. საქართველოს ტყე, ტყის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციებისა და ტყის მართვის ძირითადი მიზნების გათვალისწინებით, იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) დაცული ტყე; ბ) დაცვითი ტყე; გ) საკურორტო და სარეკრეაციო ტყე; დ) სამეურნეო ტყე. 2. დაცული ტყის მართვის ამოცანაა მისი ბიომრავალფეროვნებისა და იშვიათი ან/და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისა და მოწყვლადი ეკოსისტემების დაცვა. 3. დაცვითი ტყის მართვის ამოცანაა ტყის დაცვითი ფუნქციის (მარეგულირებელი ეკოსისტემური მომსახურებების) შენარჩუნება და გაძლიერება. 4. საკურორტო და სარეკრეაციო ტყის მართვის ამოცანაა ტყის კურორტოლოგიური ფუნქციის, ლანდშაფტისა და ბუნებრივი ელემენტების შენარჩუნება და გაუმჯობესება. 5. სამეურნეო ტყის მართვის ამოცანაა ტყის რესურსებით მდგრადი სარგებლობა და ტყის დაცვითი ფუნქციის შენარჩუნება. 6. საქართველოს ტყის ფუნქციური დანიშნულებით დაყოფას „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის“ შესაბამისად ახორციელებს სამინისტრო, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე − შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო. მუხლი 8. დაცული კატეგორიის ტყე 1. დაცულ ტყეს მიეკუთვნება: ა) ტყე, რომელსაც მინიჭებული აქვს დაცული ტერიტორიის სტატუსი. მისი მართვა ხორციელდება დაცული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად; ბ) ბუნებრივი ლანდშაფტის წარმომქმნელი ჭალის ტყე და არიდული ტყე, აგრეთვე ტყე, რომელშიც ეროვნულ დონეზე დაცული ტყის შემქმნელი სახეობების კონცენტრაცია მაღალია (გაბატონებულია). 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტყე არის პირველი კატეგორიის დაცული ტყე, რომელზედაც დაცული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების საფუძველზე ვრცელდება დაცვის განსაკუთრებული რეჟიმი. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტყე არის მეორე კატეგორიის დაცული ტყე, რომელიც შეიძლება იყოს პოტენციური/სარეზერვო დაცული ტერიტორია, სადაც დაცული ტერიტორიების ქსელი ფართოვდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებებისა და გრაფიკის შესაბამისად. მუხლი 9. დაცვითი კატეგორიის ტყე 1. დაცვითი ტყე არის ტყე, რომელიც ასრულებს დასახლების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულის, კულტურის/ისტორიული ძეგლის, ინფრასტრუქტურისა და მოწყვლადი ტერიტორიის დაცვის ფუნქციას. დაცვითი ტყის ფართობების გამოყოფისას მანძილი ბუნებრივი წყალგამყოფით იზღუდება. 2. დაცვით ტყეს მიეკუთვნება: ა) სუბალპური ტყე; ბ) ტყის შემქმნელი სახეობებით დაუფარავ სივრცეებს შორის მდებარე, ამ კოდექსის მე-2 მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული 30 ჰა-მდე ფართობის ტყე; გ) ზვავის ან ღვარცოფის მუდმივი კალაპოტის გასწვრივ მდებარე, 200 მ-მდე სიგანის ტყე; დ) 35 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობზე მდებარე ტყე; ე) ფლატის, დამეწყრილი ადგილის, ჩამონაშლის, კარსტული წარმონაქმნის, მთის დედაქანის მიწის ზედაპირზე გამოსვლის ადგილის ირგვლივ მდებარე, 100 მ-მდე სიგანის ტყე; ვ) რკინიგზის ან საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარე, მისი მიწის ვაკისიდან 100 მ-მდე სიგანის ტყე; ზ) მდინარის, ტბის ან წყალსაცავის ნაპირიდან 100 მ-მდე სიგანის ტყე; თ) ქვათაცვენის ან კლდოვანი ტერიტორიის ნაპირიდან 50 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე; ი) ბუნებრივი გამოქვაბულიდან 50 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე; კ) ეროზირებულ ფართობზე და ამ ფართობიდან 100 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე; ლ) მცოცავ ნიადაგზე და ამ ნიადაგიდან 100 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე; მ) მეწყერსაშიშ ფერდობზე და ამ ფერდობიდან 100 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე; ნ) წყლის სათავე ნაგებობიდან 100 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე; ო) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა, კულტურის/ისტორიული ძეგლიდან 250 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ. მუხლი 10. საკურორტო და სარეკრეაციო კატეგორიის ტყე 1. საკურორტო და სარეკრეაციო ტყეს მიეკუთვნება: ა) კურორტის სანიტარიული დაცვის ზონაში მდებარე ტყე; ბ) სამკურნალო დაწესებულებიდან ან მინერალური წყაროდან 1 კმ-ის რად

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.