პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

ტექსტი

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო 1. ამ კანონის მიზანია: ა) შექმნას განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ხელშეწყობის, წახალისებისა და გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები; ბ) დაადგინოს ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებასა და ენერგიის ტრანსპორტის მიერ მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საერთო წილის სავალდებულო ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლები. 2. ეს კანონი ადგენს მხარდაჭერის სქემებთან, საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეებს შორის სტატისტიკურ ტრანსფერებთან, საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარეების ერთობლივ პროექტებთან, საქართველოსა და მესამე ქვეყნების ერთობლივ პროექტებთან, წარმოშობის სერტიფიკატებთან, ადმინისტრაციულ პროცედურებთან, საინფორმაციო უზრუნველყოფასა და ტრენინგებთან, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიისა და ბიოგაზის ელექტროენერგეტიკულ ქსელსა და ბუნებრივი გაზის ქსელთან დაშვებასთან დაკავშირებულ ნორმებს, აგრეთვე ბიოსაწვავისა და ბიოსითხეების მდგრადობის კრიტერიუმებს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აეროთერმული ენერგია − ატმოსფერულ ჰაერში სითბოს სახით დაგროვებული ენერგია; ბ) ბიომასა − ბიოლოგიური წარმოშობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა და ნარჩენების ბიოდეგრადირებადი ნაწილი (მათ შორის, მცენარეული და ცხოველური ნივთიერებები), ხეტყისა და სატყეო მრეწველობის ნარჩენები, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული მრეწველობის, მათ შორის, თევზის მეურნეობისა და თევზგადასამუშავებელი საწარმოს, ნარჩენები, აკვაკულტურის ნარჩენი, სამრეწველო და მუნიციპალური ნარჩენების ბიოდეგრადირებადი ნაწილი; გ) ბიოსითხე − თხევადი საწვავი, რომელიც გამოიყენება ენერგეტიკული მიზნებისთვის, გარდა ტრანსპორტისა, და მოიცავს ბიომასისგან წარმოებულ ელექტროენერგიას, გათბობასა და გაგრილებას; დ) ბიოსაწვავი − ბიომასისგან წარმოებული თხევადი ან აირადი საწვავი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებებისთვის გამოიყენება; ე) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია − ენერგია, რომელიც განახლებადი წყაროებიდან მიიღება, კერძოდ, ქარის, მზისა და ოკეანის ენერგია, აეროთერმული ენერგია, გეოთერმული ენერგია, ჰიდროთერმული ენერგია, ჰიდროენერგია, ბიომასა, ნაგავსაყრელზე ორგანული მასალის დაშლის შედეგად მიღებული გაზი, წყალარინების გამწმენდ ნაგებობაში წარმოქმნილი გაზი, ბიოგაზი; ვ) განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული ვალდებულება − ეროვნული მხარდაჭერის სქემა, რომელიც ენერგიის მწარმოებლისგან მოითხოვს, რომ მან განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მოცემული პროპორცია ჩართოს თავის წარმოებაში, აგრეთვე ენერგიის მიმწოდებლისგან მოითხოვს, რომ მან განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მოცემული პროპორცია ჩართოს თავის მიწოდებაში, ან ენერგიის მომხმარებლისგან მოითხოვს, რომ მან განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მოცემული პროპორცია ჩართოს თავის მოხმარებაში. აღნიშნული სქემა მოიცავს სქემებს, რომელთა ფარგლებშიც ასეთი მოთხოვნები შეიძლება მწვანე სერტიფიკატის გამოყენებით შესრულდეს; ზ) განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა − ათწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც შეიცავს ელექტროენერგიის მიწოდებასა და მოხმარებაში, ტრანსპორტის მიერ მოხმარებაში, გათბობისა და გაგრილებისთვის მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის ეროვნულ სამიზნეებს და განსაზღვრავს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ჯამურ საბოლოო მოხმარებაში სავალდებულო წილის ეროვნული სამიზნეების მიღწევის ღონისძიებების ჩამონათვალს; თ) გეოთერმული ენერგია − მყარი ნიადაგის ზედაპირის ქვეშ სითბოს სახით დაგროვებული ენერგია; ი) ეკონომიკური აგენტი − პირი (განურჩევლად რეზიდენტობისა, საწარმოს სამართლებრივი ფორმისა), რომელიც ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, აგრეთვე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, სხვა გაერთიანება, რომელიც ბაზრის მონაწილეა ან/და სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს; კ) ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარება − ენერგიის შემცველი საქონელი, რომელიც ენერგეტიკული მიზნებისთვის მიეწოდება მრეწველობას, ტრანსპორტს, საყოფაცხოვრებო სექტორს, მომსახურების სფეროებს, მათ შორის, საჯარო მომსახურების სფეროებს, სოფლის მეურნეობას, სატყეო მრეწველობას, თევზის მეურნეობასა და თევზგადასამუშავებელ საწარმოს, ელექტროენერგიისა და სითბოს მწარმოებელი ენერგეტიკული ობიექტების მიერ ელექტროენერგიისა და სითბოს მოხმარება, ელექტროენერგიისა და სითბოს დანაკარგები ელექტროენერგიისა და სითბოს განაწილებისა და გადაცემის დროს; ლ) კონკურენტული აუქციონი − ამ კანონით დადგენილ პრინციპებზე დაფუძნებული არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და კონკურენტული ვაჭრობის პროცესი, რომელშიც მნიშვნელოვანი რაოდენობის (ერთი ან რამდენიმე) ელექტროენერგიის მწარმოებელი მონაწილეობს და რომლის მხარდაჭერა შეზღუდულია აუქციონის ბიუჯეტის მოცულობით. კონკურენტული აუქციონის გამოცხადებისა და ჩატარების წესი უნდა ითვალისწინებდეს ინოვაციური ტექნოლოგიების უპირატესობას წარმოებული ენერგიის ფასთან მიმართებით. კონკურენტული აუქციონის წესი დამტკიცებამდე უნდა შეთანხმდეს სახელმწიფო დახმარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოსთან; მ) მესამე ქვეყანა − ქვეყანა, რომელიც ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარე არ არის; ნ) მწვანე სერტიფიკატი − გაყიდვადი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ენერგიის მოცემული წილი ან რაოდენობა განახლებადი წყაროებიდან არის წარმოებული, და რომლით ვაჭრობაც შესაძლებელია განახლებადი ენერგიის მწარმოებლისგან დამოუკიდებლად. მწვანე სერტიფიკატის ფასი შეიძლება განისაზღვროს მინიმალური გარანტირებული ფასით; ო) მხარდაჭერის სქემა − ინსტრუმენტი, სქემა ან მექანიზმი, რომელსაც საქართველო იყენებს დამოუკიდებლად ან ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ ერთ ან რამდენიმე მხარესთან ერთად და რომელიც ხელს უწყობს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საქართველოში გამოყენებას მისი ღირებულების შემცირებით, გასაყიდი ფასის გაზრდით ან განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული ვალდებულების მეშვეობით ანდა სხვაგვარად ზრდის ამ ენერგიის შეძენილ მოცულობას. აღნიშნული სქემა აგრეთვე მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) საინვესტიციო დახმარებას, გადასახადისგან გათავისუფლებას ან მის შემცირებას, გადასახადის დაბრუნებას, განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული ვალდებულების მხარდაჭერის სქემებს, მათ შორის, იმ სქემებს, რომლებიც იყენებს მწვანე სერტიფიკატებსა და პირდაპირი ფასის მხარდამჭერ სქემებს, რომლებიც სპეციალურ მწვანე ტარიფსა და პრემიალურ ტარიფს მოიცავს; პ) პრემიალური ტარიფი − სატარიფო პოლიტიკის ინსტრუმენტი, რომელიც განახლებადი ენერგიის მწარმოებლის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას, საბითუმო ფასზე დამატებით, უზრუნველყოფს ფიქსირებული პრემიალური ანაზღაურებით. პრემიალური ტარიფი შეიძლება ცვალებადი იყოს. ცვალებადი პრემიალური ტარიფი გამოითვლება, როგორც საშუალო საბითუმო ფასსა და წინასწარ განსაზღვრულ გარანტირებულ ფასს შორის სხვაობა; ჟ) სტანდარტული სიდიდე − წინასწარ განსაზღვრული ფაქტორების გამოყენებით ტიპური სიდიდიდან მიღებული სიდიდე, რომელიც ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში შეიძლება ფაქტობრივი სიდიდის ნაცვლად იქნეს გამოყენებული; რ) სპეციალური მწვანე ტარიფი − სატარიფო პოლიტიკის ინსტრუმენტი, რომელიც განახლებადი ენერგიის მწარმოებლის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას, საბითუმო ფასის გარდა, უზრუნველყოფს ფიქსირებული ანაზღაურებით; ს) ტიპური სიდიდე − მოცემული სათბურის გაზის ემისიის სავარაუდო დანაზოგი კონკრეტული ბიოსაწვავის წარმოების მეთოდისთვის; ტ) ფასთა სხვაობის ხელშეკრულება − ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც ხელშეკრულების მხარე ვალდებულია განახლებადი ენერგიის მწარმოებელს აუნაზღაუროს გარანტირებულ ფასსა და საბითუმო ფასს შორის სხვაობა, თუ გარანტირებული ფასი საბითუმო ფასზე მაღალია. თუ საბითუმო ფასი გარანტირებულ ფასზე მაღალია, განახლებადი ენერგიის მწარმოებელი ვალდებულია ხელშეკრულების მხარეს აუნაზღაუროს საბითუმო ფასსა და გარანტირებულ ფასს შორის სხვაობა; უ) ფაქტობრივი სიდიდე − კონკრეტული ბიოსაწვავის წარმოების რომელიმე ან ყველა ეტაპზე სათბურის გაზის ემისიის დანაზოგი, რომელიც გაანგარიშებულია ბიოსაწვავის, ბიოსითხეებისა და მათი წიაღისეული საწვავის კომპარატორების სათბურის გაზის გავლენის გამოთვლის წესებით დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად; ფ) ცენტრალური გათბობა ან ცენტრალური გაგრილება − სივრცის ან ტექნოლოგიური პროცესის გასათბობად ან გასაგრილებლად ორთქლის, ცხელი წყლის ან გაგრილებული სითხის სახით თერმული ენერგიის ქსელის მეშვეობით განაწილება წარმოების ცენტრალური წყაროდან სხვადასხვა შენობასა და მიწის ნაკვეთზე; ქ) წარმოშობის სერტიფიკატი − ელექტრონული დოკუმენტი, რომლის ერთადერთი ფუნქციაა, საბოლოო მომხმარებელს დაუმტკიცოს, რომ ენერგიის მოცემული წილი ან რაოდენობა განახლებადი წყაროებიდან არის წარმოებული; ღ) ჰიდროთერმული ენერგია − ზედაპირულ წყალში სითბოს სახით დაგროვებული ენერგია; ყ) სტატისტიკური ტრანსფერი − განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის განსაზღვრული რაოდენობის მწვანე სერტიფიკატის მეშვეობით საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების ერთი ან რამდენიმე ხელშემკვრელი მხარისთვის ანდა ენერგეტიკული გაერთიანების ერთი ან რამდენიმე ხელშემკვრელი მხარის მიერ საქართველოსთვის გადაცემა (მათ შორის, ნასყიდობა), რის შედეგადაც გადაცემული ენერგია ემატება მიმღები მხარის სავალდებულო ეროვნულ საერთო სამიზნე მაჩვენებლებს და აკლდება გადამცემი მხარის სავალდებულო ეროვნულ საერთო სამიზნე მაჩვენებლებს. 2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერმინებისა, აქვს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობა. მუხლი 3. საქართველოს სავალდებულო ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლების დადგენა და განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების ღონისძიებები 1. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილი გაუთანაბრდეს სულ მცირე სამიზნე წლისთვის ამ კანონის I დანართით დადგენილ განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის საქართველოს ეროვნულ საერთო სამიზნე მაჩვენებლებს. 2. ამ მუხლით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო) შეიმუშავებს ღონისძიებებს, რომელთა განხორციელება წაახალისებს და ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობასა და ენერგიის დაზოგვას. 3. სამინისტრო შეიმუშავებს ეფექტიან ღონისძიებებს, რათა განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილი უტოლდებოდეს ან აღემატებოდეს ამ კანონის I დანართის მე-2 პუნქტით დადგენილ საორიენტაციო მაჩვენებელში მოცემულ წილს. 4. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად საქართველოს მთავრობას შეუძლია ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით სხვა ღონისძიებებთან ერთად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) მხარდაჭერის სქემების შემუშავება; ბ) ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეებთან ან/და მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობა. 5. იმის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ რამდენად დაუჭერს სახელმწიფო მხარს განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიას, რომელიც წარმოებულია ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ან მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობა იღებს შესაბამისი სამართლებრივი აქტით. 6. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ 2030 წლისთვის ყველა სახეობის ტრანსპორტის მიერ მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილი საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტის მიერ ენერგიის საბოლოო მოხმარების სულ მცირე 10 პროცენტი იყოს. 7. ტრანსპორტში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილი გამოითვლება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ნორმატიული აქტით, კერძოდ: ა) იმ მნიშვნელის გამოსათვლელად, რომელიც ყველა სახეობის ტრანსპორტის მიერ მოხმარებული ენერგიის საერთო რაოდენობას აღნიშნავს, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბენზინი, დიზელი და ბიოსაწვავი, რომლებსაც საავტომობილო ტრანსპორტი და სარკინიგზო ტრანსპორტი მოიხმარს, აგრეთვე ელექტროენერგია; ბ) იმ მრიცხველის გამოსათვლელად, რომელიც ყველა სახეობის ტრანსპორტის მიერ მოხმარებული განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საერთო რაოდენობას აღნიშნავს, გათვალისწინებული უნდა იქნეს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ყველა სახის ენერგია, რომელსაც ყველა სახეობის ტრანსპორტი მოიხმარს; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილისა და ყველა სახეობის ელექტროსატრანსპორტო საშუალების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის წილის გამოსათვლელად საქართველოს მთავრობა იყენებს საქართველოში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წილს, რომელიც გამოთვლილია განსახილველ წლამდე 2 წლით ადრე; დ) საგზაო ელექტროსატრანსპორტო საშუალებების მიერ მოხმარებული განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის გამოსათვლელად მიჩნეული უნდა იქნეს, რომ ეს მოხმარება 2.5-ზე გამრავლებული განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის ენერგეტიკული შემცველობის ტოლია. მუხლი 4. განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა 1. საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით ნორმატიული აქტით ამტკიცებს განახლებადი ენერგიის ეროვნულ სამოქმედო გეგმას. ამ გეგმას სამინისტრო 2 წელიწადში ერთხელ აახლებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 2. განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა ადგენს 2030 წლისთვის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის საქართველოს ეროვნულ საერთო სამიზნე მაჩვენებლებს, რომელიც მოიხმარება ტრანსპორტის, ელექტროენერგეტიკის და გათბობისა და გაგრილების სფეროებში, შესაბამისი პოლიტიკის სხვა ღონისძიებების ეფექტის გათვალისწინებით, რომელიც დაკავშირებულია ენერგიის საბოლოო მოხმარების ენერგოეფექტურობასთან. განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმით აგრეთვე დგინდება საქართველოს ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლების მიღწევისთვის მისაღები ადეკვატური ზომები, მათ შორის, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებს შორის თანამშრომლობა, დაგეგმილი სტატისტიკური ტრანსფერები, ერთობლივი პროექტების, ბიომასის არსებული რესურსების განვითარებისა და ბიომასის ახალი რესურსების სხვადასხვაგვარი გამოყენებისთვის მობილიზების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, აგრეთვე სხვა ზომები, რომლებიც მიღებული უნდა იქნეს ამ კანონის მოთხოვნების შესასრულებლად. 3. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტის გამოქვეყნებას მის დამტკიცებამდე 6 თვით ადრე და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის საპროგნოზო დოკუმენტის წარდგენას. ეს დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის შეფასებული, საორიენტაციო მაჩვენებელთან შედარებით ჭარბი წარმოება, რომელიც შეიძლებოდა გადასცემოდა ენერგეტიკული გაერთიანების სხვა ხელშემკვრელ მხარეს ან მესამე ქვეყანას ამ კანონის შესაბამისად, აგრეთვე ერთობლივი პროექტების შეფასებული პოტენციალი 2030 წლამდე; ბ) განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე მოთხოვნილება, რომელიც 2030 წლამდე, ეროვნული წარმოების გარდა, სხვა საშუალებით უნდა დაკმაყოფილდეს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ხარჯებთან, სარგებელსა და დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 5. სამინისტრო ამ კანონით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებისას შეიმუშავებს საპროგნოზო დოკუმენტს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 6. თუ წინა 2 წლის განმავლობაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილი ამ კანონის I დანართის მე-2 პუნქტით დადგენილ საორიენტაციო მაჩვენებელში მოცემულ წილზე ნაკლები იქნება, საქართველოს მთავრობამ მომდევნო წლის 30 ივნისისთვის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს უნდა წარუდგინოს განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესწორებული პროექტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება ადეკვატური და პროპორციული ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის ამ კანონის I დანართის მე-2 პუნქტით დადგენილ საორიენტაციო მაჩვენებელში მოცემული წილის ნიშნულთან გონივრულ ვადაში დასაბრუნებლად. 7. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტზე ან განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესწორებულ პროექტზე რეკომენდაციების გაცემის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გაითვალისწინოს ეს რეკომენდაციები ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების ადეკვატურად. 8. განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი დგება განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმისთვის ჰარმონიზებული ნიმუშის მინიმალური მოთხოვნების შემუშავების წესის შესაბამისად. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7023 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. მუხლი 5. განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის გამოთვლა 1. საქართველოში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარება უნდა გამოითვალოს, როგორც შემდეგი მაჩვენებლების ჯამი: ა) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარება; ბ) გათბობისა და გაგრილებისთვის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარება; გ) ტრანსპორტის მიერ განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საბოლოო მოხმარება. 2. განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარების წილის გამოთვლისას განახლებადი წყაროებიდან მიღებული გაზი, ელექტროენერგია და წყალბადი გათვალისწინებული უნდა იქნეს მხოლოდ ერთხელ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მაჩვენებლებში. 3. ბიოსაწვავი და ბიოსითხე, რომლებიც ამ კანონით დადგენილ მდგრადობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარების წილის გამოთვლისას გათვალისწინებული არ უნდა იქნეს. 4. თუ საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, რომ ფორსმაჟორული გარემოების გამო მას არ შეუძლია დააკმაყოფილოს ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის მაჩვენებელი 2030 წლისთვის, მან ამის შესახებ შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში უნდა აცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. 5. განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარება უნდა გამოითვალოს, როგორც იმ ელექტროენერგიის რაოდენობა, რომელიც განახლებადი წყაროებიდან არის წარმოებული საქართველოში. ამ ელექტროენერგიის მოცულობა არ მოიცავს იმ წყლისგან წარმოებულ ელექტროენერგიას, რომელიც ჰიდრომააკუმულირებელ სადგურში ადრე ხელმეორედ იქნა ამოტუმბული. 6. სხვადასხვა ტიპის საწვავზე მომუშავე ელექტროსადგურებში, რომლებიც ენერგიის განახლებად და წიაღისეულ (არაგანახლებად) წყაროებს იყენებს, გათვალისწინებული უნდა იქნეს ელექტროენერგიის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც განახლებადი წყაროებიდან არის მიღებული. ამ მიზნით თითოეული ენერგიის წყაროს წილი მისი ენერგიის შემცველობის საფუძველზე უნდა გამოითვალოს. 7. ჰიდროელექტროსადგურისა და ქარის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგია უნდა ჩაითვალოს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში, რომელიც განსაზღვრულია „ჰიდროენერგიისა და ქარის ენერგიისგან გამომუშავებული ელექტროენერგიის აღრიცხვის ნორმალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სამინისტროს სამართლებრივი აქტით. 8. გათბობისა და გაგრილებისთვის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარება გამოითვლება, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ცენტრალური გათბობისა და ცენტრალური გაგრილების რაოდენობისა და გათბობისთვის, გაგრილებისა და დამუშავების პროცესისთვის მოხმარებული განახლებადი წყაროებიდან მიღებული სხვა ენერგიების ჯამი, რომლებიც მრეწველობაში, საყოფაცხოვრებო სექტორში, მომსახურების სფეროებში, სოფლის მეურნეობაში, სატყეო მეურნეობასა და მეთევზეობის მეურნეობაში მოიხმარება. 9. სხვადასხვა ტიპის საწვავზე მომუშავე ელექტროსადგურებში, რომლებიც ენერგიის განახლებად და წიაღისეულ (არაგანახლებად) წყაროებს იყენებს, გათვალისწინებული უნდა იქნეს მხოლოდ განახლებადი წყაროებიდან მიღებული გათბობისა და გაგრილების ნაწილი. ამ მიზნით თითოეული ენერგიის წყაროს წილი მისი ენერგიის შემცველობის საფუძველზე უნდა გამოითვალოს. 10. თბური ტუმბოებიდან მიღებული აეროთერმული ენერგია, გეოთერმული ენერგია და ჰიდროთერმული ენერგია გათვალისწინებული უნდა იქნეს გათბობისა და გაგრილებისთვის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში იმ პირობით, რომ ენერგიის საბოლოო გამომუშავება მნიშვნელოვნად უნდა აღემატებოდეს პირველად მიწოდებული ენერგიის რაოდენობას, რომელიც საჭიროა თბური ტუმბოების ასამუშავებლად. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, იმ სითბოს რაოდენობა, რომელიც მიჩნეულია განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიად, უნდა გამოითვალოს თბური ტუმბოებიდან მიღებული ენერგიის აღრიცხვის წესით დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად. 11. პასიური ენერგეტიკული სისტემების მიერ გამომუშავებული თბური ენერგია, რომლის ფარგლებშიც ენერგიის დაბალი მოხმარება პასიურად მიღწეულია ნაგებობების დაპროექტებით ან ენერგიის წიაღისეული (არაგანახლებადი) წყაროებიდან მიღებული სითბოს მეშვეობით, გათბობისა და გაგრილებისთვის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში გათვალისწინებული არ უნდა იქნეს. 12. ამ კანონის II დანართში ჩამოთვლილ სატრანსპორტო საწვავში ენერგიის შემცველობა უნდა განისაზღვროს იმავე დანართის შესაბამისად. შესაძლებელია ამ კანონის II დანართის ადაპტირება ტექნიკური და მეცნიერული პროგრესის შესაბამისად. 13. განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის გამოსათვლელად განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხ

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.