მედიაციის შესახებ
ტექსტი
მედიაციის შესახებ
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
მედიაციის შესახებ
თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი დავის ალტერნატიული გზით გადაწყვეტის წახალისებისა და შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით განსაზღვრავს მედიაციის წარმართვის პრინციპებს, მედიატორთა პროფესიული გაერთიანების ორგანიზებისა და საქმიანობის წესებს, მედიატორის უფლებამოსილებებს, საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების წესებს და მედიაციის პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მედიაციის თაობაზე შეთანხმების საფუძველზე წარმართულ მედიაციაზე, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXI¹თავით განსაზღვრულ სასამართლო მედიაციაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თავისებურებათა გათვალისწინებით. 3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სანოტარო მედიაციაზე, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სანოტარო მედიაციაზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებულ მედიაციასა და კოლექტიური დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებულ მედიაციაზე. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5503 – ვებგვერდი, 18.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №667 – ვებგვერდი, 24.06.2021წ. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მედიაცია − პროცესი, მისი სახელწოდების მიუხედავად, რომლის საშუალებითაც ორი ან რამდენიმე მხარე მედიატორის დახმარებით ცდილობს დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებას, მიუხედავად იმისა, ეს პროცესი დაწყებულია მხარეთა ინიციატივით თუ კანონით გათვალისწინებული საფუძვლითა და წესით; ბ) სასამართლო მედიაცია − მედიაცია, რომელიც ხორციელდება სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემდეგ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, სასამართლოს მიერ საქმის მედიატორისათვის გადაცემის შემთხვევაში; გ) კერძო მედიაცია − მედიაცია, რომელიც ხორციელდება მხარეთა ინიციატივით, მედიაციის თაობაზე შეთანხმების საფუძველზე, სასამართლოს მიერ საქმის მედიატორისათვის გადაცემის გარეშე; დ) მედიაციის მონაწილეები − მედიატორი, მხარეები, მხარეთა წარმომადგენლები, მესამე პირი; ე) მედიატორი − მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებული ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და თანახმაა, წარმართოს მედიაცია, მიუხედავად მისი სტატუსისა და არჩევის/დანიშვნის წესისა; ვ) მედიაციის მხარე − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, ორგანიზაცია, რომელიც არ არის იურიდიული პირი, რომელიც მეორე მხარესთან დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულების მიზნით მონაწილეობს მედიაციის პროცესში; ზ) მესამე პირი − პირი, რომელიც მხარე არ არის და მედიაციის თაობაზე შეთანხმებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მონაწილეობს მედიაციის პროცესში; თ) მედიაციის თაობაზე შეთანხმება − მხარეთა შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში მათ მიერ მედიაციისათვის მიმართვის თაობაზე მხარეთა წერილობითი შეთანხმება; ი) სამედიაციო მორიგება − მედიაციის შედეგად დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულების შესახებ წერილობითი დოკუმენტი, რომლის შესრულება სავალდებულოა; ი¹) საერთაშორისო სამედიაციო მორიგება − კომერციული დავის მოგვარების მიზნით მიღწეული და დადებული წერილობითი შეთანხმება, რომელიც, „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2019 წლის 7 აგვისტოს კონვენციის შესაბამისად, საერთაშორისო შეთანხმებაა; კ) საქართველოს მედიატორთა ასოციაცია − ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ასრულებს ამავე კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს; ლ) მედიატორთა ერთიანი რეესტრი − საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ წარმოებული საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრთა საერთო სია. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №667 – ვებგვერდი, 24.06.2021წ. მუხლი 3. მედიაციის წარმართვის პრინციპები მედიაცია ეფუძნება მხარეთა ნებაყოფლობითობის (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თვითგამორკვევის, კეთილსინდისიერებისა და თანასწორობის, კონფიდენციალურობის დაცვის, მედიატორის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს. მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას წარმოშობილი საკითხები, რომლებიც ამ კანონით არ არის მოწესრიგებული, აღნიშნული პრინციპების საფუძველზე უნდა გადაწყდეს. თავი II მედიაციის პროცესი მუხლი 4. მედიატორის არჩევა/დანიშვნა 1. მედიაცია შეიძლება ერთდროულად ერთმა ან რამდენიმე მედიატორმა წარმართოს. 2. მედიატორის არჩევაზე თანხმდებიან მხარეები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. სასამართლო მედიაციის დროს მხარეები მედიატორს ირჩევენ სასამართლოს მიერ მედიატორთა ერთიანი რეესტრის საფუძველზე შედგენილი და მხარეებისათვის შეთავაზებული მედიატორთა კანდიდატურების სიიდან, მისი საქმიანობის არეალის გათვალისწინებით; ამასთანავე, შესაძლებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ მედიატორისათვის დამატებითი მოთხოვნები (ასაკი, სტაჟი ან/და უმაღლესი განათლება) განსაზღვროს. ეს მოთხოვნები შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე იმ შემთხვევისათვის, როდესაც მედიატორი მხარეთა შეთანხმების გარეშე ინიშნება. თუ სასამართლოს მიერ მხარეებისათვის მედიატორთა კანდიდატურების სიის შეთავაზებიდან 3 დღის განმავლობაში მხარეები ვერ შეთანხმდებიან მედიატორის კანდიდატურის არჩევაზე, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი ან ორგანო სასამართლოს მიმართვის საფუძველზე, მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში, ამ პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მედიატორად ნიშნავს მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ მომდევნო პირს. 4. კერძო მედიაციის დროს მხარეები მედიატორად ირჩევენ მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ მედიატორს, რომელიც ვალდებულია მედიაციის პროცესი ამ კანონით დადგენილი პრინციპებისა და წესების შესაბამისად წარმართოს. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან მედიატორის შერჩევაზე, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო მხარეთა მიმართვის საფუძველზე მედიატორს ნიშნავს მედიატორთა ერთიანი რეესტრიდან, თუ მხარეებს მედიატორის დანიშვნის სხვა წესი არ აქვთ განსაზღვრული. მუხლი 5. მედიატორის შერჩევის დროს გასათვალისწინებელი გარემოებები 1. მედიატორის შერჩევის დროს მხარეებმა, აგრეთვე ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ უნდა გაითვალისწინონ გარემოებები, რომლებიც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიატორის შერჩევას განაპირობებს. 2. მედიატორის შერჩევის დროს მხარეებმა, აგრეთვე ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ შეიძლება გაითვალისწინონ შემდეგი საკვალიფიკაციო კრიტერიუმები: ა) მედიაციის პროცესის ან მოლაპარაკების სხვა ისეთი პროცესის წარმართვის გამოცდილება, რომლის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კანონს, საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს; ბ) სასამართლო წარმოების ან დავის ალტერნატიული გზით გადაწყვეტის პროცესში მონაწილეობის გამოცდილება; გ) დავის შინაარსის შესაბამის სამართლებრივ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება; დ) მედიაციის აღიარებული ორგანიზაციის მიერ აკრედიტაცია; ე) მედიაციის ეფექტიანად წარმართვა, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზის მოძიება და სხვა მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, მედიატორის საქმიანი რეპუტაცია და ავტორიტეტი; ვ) სხვა საკვალიფიკაციო კრიტერიუმი, მედიაციის თაობაზე შეთანხმების შესაბამისად. მუხლი 6. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება და მედიატორის საქმიანობის შეზღუდვა 1. მედიატორი ვალდებულია მედიაციის დაწყებამდე ან/და მედიაციის დაწყების შემდეგ, მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე იმ გარემოების გამოვლენისთანავე, რომელმაც შეიძლება საეჭვო გახადოს მისი დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, შეატყობინოს მხარეებს აღნიშნული გარემოების შესახებ. ასეთი გარემოების არსებობის მიუხედავად, პირი შეიძლება იყოს მედიატორი, თუ მხარეები ამაზე წერილობით თანხმობას განაცხადებენ. მედიატორს უფლება აქვს, ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით უარი თქვას მედიაციის წარმართვაზე, მის მედიატორობაზე მხარეთა წერილობითი თანხმობის არსებობის მიუხედავად. 2. მხარეთა თანხმობის არსებობის მიუხედავად, პირს უფლება არ აქვს, იყოს მედიატორი საქმეზე, თუ იგი მედიაციის პროცესის დაწყებამდე იყო იმავე საქმის ან მასთან არსებითად დაკავშირებული სხვა საქმის მხარე ან ამ მხარის წარმომადგენელი სასამართლოში, არბიტრაჟში ან მსგავს პროცესში, ან თუ მან სხვა სახის იურიდიული ან/და აუდიტორული მომსახურება გაუწია მედიაციის მხარეს. მედიატორს უფლება არ აქვს, საქმის დასრულების შემდეგ იმოქმედოს რომელიმე მხარის ინტერესების დასაცავად იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე. ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მედიატორი იხილავდა იმავე საქმეს ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეს, როგორც არბიტრი, და მხარეები უშუალოდ სამედიაციო სადავო საკითხის წარმოშობის შემდეგ წერილობით შეთანხმდნენ ამ პირის ამავე დავის საქმეზე მედიატორად არჩევაზე. 3. პირს უფლება არ აქვს, იყოს მედიატორი, თუ იგი იყო/არის იმავე საქმის ან მასთან არსებითად დაკავშირებული სხვა საქმის მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი, სასამართლო სხდომის მდივანი, არბიტრი ან ექსპერტი სასამართლოში, არბიტრაჟში ან მსგავს პროცესში, ან მონაწილეობდა აღნიშნულ საქმეში, როგორც სახელმწიფო მოსამსახურე, მედიატორი ნოტარიუსი ანდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით ან საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული მედიატორი. ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მედიატორი იხილავდა იმავე საქმეს ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეს, როგორც არბიტრი, და მხარეები უშუალოდ სამედიაციო სადავო საკითხის წარმოშობის შემდეგ წერილობით შეთანხმდნენ ამ პირის ამავე დავის საქმეზე მედიატორად არჩევაზე. 4. პირს უფლება არ აქვს, იყოს საქმის მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი, სასამართლო სხდომის მდივანი, არბიტრი ან ექსპერტი სასამართლოში, არბიტრაჟში ან მსგავს პროცესში, ან მონაწილეობა მიიღოს საქმეში, როგორც სახელმწიფო მოსამსახურემ, მედიატორმა ნოტარიუსმა ანდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით ან საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებულმა მედიატორმა, თუ იგი იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე იყო მედიატორი. ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც არბიტრად ასარჩევი/დასანიშნი პირი იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე იყო მედიატორი და მხარეები არბიტრაჟში დავის დაწყების შემდეგ წერილობით შეთანხმდნენ ამ პირის არბიტრად არჩევაზე/დანიშვნაზე. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5503 – ვებგვერდი, 18.12.2019წ. მუხლი 7. მედიაციის დაწყება 1. მედიაციის დაწყების წინაპირობაა მედიაციის თაობაზე შეთანხმება ანდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლით ან მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის მედიატორისათვის გადაცემა. 2. მედიაცია იწყება მხარეთა ან ერთ-ერთი მხარის მიერ მედიატორისათვის მიმართვის საფუძველზე ანდა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის მედიატორისათვის გადაცემის შედეგად. 3. მედიაცია დაწყებულად მიიჩნევა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით მედიატორისათვის მიმართვის ან საქმის მედიატორისათვის გადაცემის მომენტიდან. მხარის მოთხოვნით, მედიატორი გასცემს მედიაციის დაწყების დამადასტურებელ დოკუმენტს. 4. მედიაციის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, არ მიმართონ სასამართლოს ან არბიტრაჟს განსაზღვრული ვადის ან გარემოების დადგომამდე, სასამართლო ან არბიტრაჟი არ განიხილავს დავას მედიაციის თაობაზე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსარჩელე ადასტურებს, რომ სასამართლო ან საარბიტრაჟო განხილვის გარეშე მას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. მოპასუხემ მედიაციის თაობაზე შეთანხმების შესახებ განცხადება შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გააკეთოს. მხარის მიერ სასამართლოსათვის ან არბიტრაჟისათვის მიმართვა არ მიიჩნევა მედიაციის თაობაზე შეთანხმებაზე უარის თქმად ან დაწყებული მედიაციის შეწყვეტად. 5. მხარეს უფლება აქვს, მედიაციის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე უარი თქვას მასში მონაწილეობაზე, თუ კანონით ან მედიაციის თაობაზე შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 8. მედიაციის წარმართვა 1. მედიაციის დაწყებამდე მედიატორმა მხარეებს უნდა განუმარტოს მედიაციის პროცესის წარმართვის პრინციპები, მედიატორის როლი, მხარეთა უფლებები, მათ შორის, მედიაციის პროცესში თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით მონაწილეობის უფლება, მხარეთა მოვალეობები, მედიაციის შესაძლო შედეგები და მხარეთა მიერ შეთანხმების მიღწევის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების წესი, აგრეთვე მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესი და პირობები. 2. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მედიაციის წარმართვის წესზე, რომელიც ამ კანონით არ არის დადგენილი. 3. მხარეთა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში მედიაციის წარმართვის წესს განსაზღვრავს მედიატორი დავის ეფექტიანად მოსაგვარებლად, მისი გარემოებებისა და მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით. 4. მედიაციის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის, თუ მედიაციის თაობაზე შეთანხმებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას მხარეები უზრუნველყოფილი უნდა იქნენ საკმარისი დროითა და შესაძლებლობით, რათა განსახილველ საკითხზე შეთანხმებას მიაღწიონ. 5. მხარემ მედიაციის პროცესში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს როგორც უშუალოდ, ისე თავისი წარმომადგენლის მეშვეობით. მედიატორი უფლებამოსილია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მოითხოვოს მედიაციის პროცესში მხარის ან მხარეთა უშუალო მონაწილეობა. 6. მედიატორმა მედიაციის წარმართვისას მხარეთა თანასწორობა უნდა უზრუნველყოს. 7. მედიატორმა მედიაცია შეიძლება წარმართოს მხარეებთან როგორც ერთობლივი, ისე ინდივიდუალური კომუნიკაციის მეშვეობით. 8. მედიატორი უფლებამოსილია მედიაციის ეფექტიანად წარსამართავად მხარეებს მედიაციის მიმდინარეობისას შესთავაზოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. 9. მედიატორი ეხმარება მხარეებს დავის მოგვარების მიზნით მორიგების მიღწევაში როგორც მედიაციის პროცესის, ისე მისი საბოლოო შედეგის მიმართ მხარეთა მიერ თავისუფალი, დამოუკიდებელი და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპის გათვალისწინებით. მედიატორს უფლება არ აქვს, მხარეთა შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად მიიღოს. 10. მხარეთა თანხმობის არსებობის შემთხვევაში მედიატორმა შეიძლება მხარეებს შესთავაზოს სამედიაციო მორიგების პირობები, მათი ინტერესებისა და მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას მათ მიერ გამოხატული პოზიციების გათვალისწინებით. მუხლი 9. მედიაციის დასრულება 1. მედიაცია დასრულებულად მიიჩნევა: ა) თუ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებაზე − მხარეთა შეთანხმების დღიდან; ბ) თუ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ მედიაციის შეწყვეტაზე − მხარეთა შეთანხმების დღიდან; გ) თუ მხარემ წერილობით უარი განაცხადა მედიაციაში მონაწილეობის გაგრძელებაზე − მხარის მიერ უარის განცხადების დღიდან; დ) თუ ამოიწურა მედიაციისათვის განსაზღვრული ვადა − ამ ვადის ამოწურვის დღიდან; ე) თუ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ მედიატორმა განაცხადა, რომ მედიაციის გაგრძელება არაგონივრული და გაუმართლებელია, − მედიატორის მიერ ამ განცხადების გაკეთების დღიდან. 2. მხარეები ან/და მხარეთა წარმომადგენლები უზრუნველყოფენ სამედიაციო მორიგების შედგენას. მედიატორი შეიძლება დაეხმაროს მხარეებს სამედიაციო მორიგების შედგენაში. 3. სამედიაციო მორიგება წერილობით დგება და მას ხელს მხარეები და მედიატორი აწერენ. 4. მხარის მოთხოვნით, მედიატორი გასცემს მედიაციის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს. მუხლი 10. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება 1. მედიაციის პროცესი კონფიდენციალურია. ასევე კონფიდენციალურია ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას ან არსებითად გამომდინარეობს მედიაციის პროცესიდან, თუ ამ ინფორმაციის გამცემ პირსა და მხარეს/მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, აგრეთვე თუ ინფორმაციის გამჟღავნება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების მომენტის განსაზღვრისათვის აუცილებელი არ არის. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია მედიაციის მონაწილეებმა არ შეიძლება გამოიყენონ სასამართლო ან საარბიტრაჟო განხილვის დროს ან დავის ნებისმიერი სხვა საშუალებით განხილვის პროცესში, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. მედიატორს უფლება არ აქვს, მხარეს მიაწოდოს მეორე მხარის მიერ მისთვის ინდივიდუალური კომუნიკაციის დროს გამჟღავნებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მედიატორს მეორე მხარისაგან მიღებული აქვს აშკარა თანხმობა აღნიშნული ინფორმაციის მხარისათვის მიწოდებაზე. 4. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) აუცილებელია პირის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაცვა ან თავისუფლების უზრუნველყოფა ანდა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა; ბ) ინფორმაციის წარდგენა ხდება სამედიაციო მორიგების შედგენის ფაქტის დასამტკიცებლად, როდესაც მეორე მხარე სადავოს ხდის ან უარყოფს ამ ფაქტს; გ) მხარე ვალდებულია შეასრულოს მედიაციის დაწყებამდე ნაკისრი სამართლებრივი ვალდებულება, გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი მეორე მხარისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად შეზღუდული მოცულობით გამჟღავნდება; დ) ინფორმაციის გამჟღავნება სასამართლოს ან სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე სხვა გადაწყვეტილებითაა გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში ინფორმაცია მაქსიმალურად შეზღუდული მოცულობით გამჟღავნდება და ამის შესახებ შესაბამის მხარეს წინასწარ ეცნობება; ე) ინფორმაციის გამჟღავნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გამოძიებისთვისაა აუცილებელი. ამ შემთხვევაში ინფორმაცია მაქსიმალურად შეზღუდული მოცულობით გამჟღავნდება და ამის შესახებ შესაბამის მხარეს წინასწარ ეცნობება; ვ) სამედიაციო მორიგების შინაარსის გამჟღავნება აუცილებელია მის ნებაყოფლობით შესასრულებლად ან იძულებით აღსასრულებლად; ზ) სამართლებრივი ან დისციპლინური დავა მიმართულია ინფორმაციის გამცემი პირის წინააღმდეგ და გამომდინარეობს მედიაციის პროცესიდან, ამასთანავე, ამ ინფორმაციის გამჟღავნება აღნიშნული პირის სამართლებრივი ინტერესების დაცვისთვისაა აუცილებელი; თ) მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას კონფიდენციალურობის დაცვის პირობით გამჟღავნებული ინფორმაცია მხარისათვის მედიაციის დაწყებამდე იყო ცნობილი ან იგი მან კანონით გათვალისწინებული სხვა საშუალებით მიიღო, ან ეს ინფორმაცია სხვაგვარად მოხვდა საჯარო სივრცეში, ისე, რომ მხარეს ამ მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება პირდაპირ ან არაპირდაპირ არ დაურღვევია. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კონფიდენციალური ინფორმაციის უფლებამოსილი პირისათვის ან ორგანოსათვის გამჟღავნება მხოლოდ კანონიერი მიზნის ადეკვატური და პროპორციული მოცულობით უნდა მოხდეს, ისე, რომ მაქსიმალურად იქნეს დაცული აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობა მესამე პირისაგან. 6. მედიატორი ვალდებულია მედიაციის დაწყებამდე მხარეებს მიაწოდოს ინფორმაცია კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებისა და მისი ფარგლების შესახებ. 7. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება მოქმედებს მედიაციის დასრულების შემდეგაც, თუ მხარეებსა და მედიატორს შორის დადებული წერილობითი შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 8. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებისას მისი მიმღები პირი ვალდებულია დაიცვას ეს ინფორმაცია გავრცელებისაგან. მუხლი 11. მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესი და პირობები 1. კერძო მედიაციის პროცესში მონაწილე მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრება მხარეებსა და მედიატორს შორის დადებული შეთანხმებით. 2. თუ მედიაციის თაობაზე შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მხარის მიერ გაწეულ ხარჯებს ეს მხარე ანაზღაურებს, ხოლო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული საერთო ხარჯები მხარეებს შორის თანაბრად ნაწილდება. 3. სასამართლო მედიაციის პროცესში მონაწილე მედიატორი ვალდებულია ყოველწლიურად სასამართლო მედიაციის პროგრამით განსაზღვრული რაოდენობის დავების საქმეებზე სასამართლო მედიაცია ანაზღაურების გარეშე (Pro Bono) წარმართოს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სასამართლო მედიაციაში მონაწილე მედიატორის საქმიანობა ანაზღაურდება სასამართლო მედიაციის პროგრამების დასაფინანსებლად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დავის საგნის ღირებულების მიხედვით სასამართლო მედიაციის პროცესში მონაწილე მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების სხვა წესი არ აქვს დადგენილი. სასამართლო მედიაციის პროცესში მონაწილე მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. მუხლი 12. მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 1. კერძო მედიაციის დაწყების მომენტიდან ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა. 2. მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულად მიიჩნევა კერძო მედიაციის დასრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს კერძო მედიაციის დაწყებიდან 2 წლისა. კერძო მედიაციის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში დრო, რომლის განმავლობაშიც მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებული იყო, აღნიშნულ ვადაში არ ჩაითვლება. მუხლი 13. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულება 1. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგება მხარეთა შეთა
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.