ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ
ტექსტი
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ
თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი ადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების, დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების, გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე განსაკუთრებული უფლებების, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლებების, სელექციონერის განსაკუთრებული უფლებების, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების ან/და სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტის, საწყობის, თავისუფალი ზონის, რეექსპორტისა და ექსპორტის სასაქონლო ოპერაციების შესაბამისად გადაადგილებისას (შემდგომ – გადაადგილება) სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებათა გამოყენების წესს. იგი ეფუძნება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში დადებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების დებულებებს სპეციალური სასაზღვრო ღონისძიებების თაობაზე. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2888 – ვებგვერდი, 01.06.2023წ. მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) უფლების მფლობელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს საავტორო ან მომიჯნავე უფლება, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლება, დიზაინზე განსაკუთრებული უფლება, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლება, გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე (მათ შორის, გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე, რომლის მოქმედების ვადა გაგრძელებულია) განსაკუთრებული უფლება, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლება, სელექციონერის განსაკუთრებული უფლება ან/და საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლება; ბ) საქონლის მფლობელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არის იმ საქონლის მესაკუთრე, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კონტრაფაქციულია, ან რომელსაც აქვს ასეთი საქონლის განკარგვის მსგავსი უფლება, ან რომელიც ასეთი საქონლის ფიზიკურ კონტროლს ახორციელებს; გ) კონტრაფაქციული პროდუქცია: გ.ა) საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია/მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კონტრაფაქციული ასლები; გ.ბ) სასაქონლო ნიშანზე, მომსახურების ნიშანზე, კოლექტიურ ნიშანზე ან/და სასერტიფიკაციო ნიშანზე (შემდგომ – სასაქონლო ნიშანი) უფლების დარღვევით წარმოებული საქონელი, მათ შორის, შესაფუთი საქონელი, რომელზედაც უნებართვოდაა მოთავსებული იმ სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშანი, რომელიც ამ საქონელთან დაკავშირებით კანონიერად არის რეგისტრირებული ან არსებითად არ განსხვავდება აღნიშნული სასაქონლო ნიშნისგან და, ამდენად, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებას; გ.გ) შეფუთვა, ეტიკეტი, სტიკერი, ბროშურა, გამოყენების ინსტრუქცია, საგარანტიო დოკუმენტი ან მსგავსი სახის საქონელი (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი საქონელი ცალკეა წარმოდგენილი), რომელიც სასაქონლო ნიშნის ან საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით არის წარმოებული და მოიცავს ნიშანს, სახელს ან ტერმინს, რომელიც კანონიერად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ან დაცული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის იდენტურია, ან რომლის გარჩევა (მისი არსებითი ასპექტებიდან გამომდინარე) კანონიერად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნისაგან ან საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისაგან ან გეოგრაფიული აღნიშვნისაგან შეუძლებელია და რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი და იმავე ტიპის ისეთი საქონლისათვის, რომლისთვისაც განხორციელდა სასაქონლო ნიშნის ან საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია; გ.დ) დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქართველოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული დიზაინის მფლობელის ნებართვის გარეშე დამზადებული პროდუქტი, რომელშიც ჩართულია ან რომლისთვისაც გამოიყენება დიზაინი და რომელიც, შესაბამისად, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დიზაინის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებებს; გ.ე) საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქონელი, რომელზედაც უკანონოდ არის გამოყენებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა; გ.ვ) ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქართველოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის მფლობელის ნებართვის გარეშე ინტეგრალური მიკროსქემის (იმს) ელემენტების ან ინტეგრალური მიკროსქემის წარმოებისათვის მომზადებული სამგანზომილებიანი განლაგების იმგვარი გამოყენება, რომლითაც ირღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე უფლების მფლობელის განსაკუთრებული უფლებები; გ.ზ) სელექციონერის განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქართველოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული სელექციონერის უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის იმგვარი გამოყენება, რომლითაც ირღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სელექციონერის განსაკუთრებული უფლებები; გ.თ) პატენტის ან მოწმობის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქართველოში კანონით დადგენილი წესით პატენტით დაცულ გამოგონებაზე ან რეგისტრირებულ სასარგებლო მოდელზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით დამზადებული პროდუქტი, რომლითაც ირღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პატენტის ან მოწმობის მფლობელის განსაკუთრებული უფლება; დ) განადგურება – საქონლის ფიზიკური განადგურება, გადამუშავება ან განკარგვა იმგვარად, რომ არ მოხდეს საქონლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. ამასთანავე, აუცილებელია, თავიდან იქნეს აცილებული უფლების მფლობელისათვის ზიანის მიყენება; ე) ორიგინალი საქონელი – პროდუქცია, რომელიც არ არის საავტორო და მომიჯნავე უფლებების, დიზაინზე განსაკუთრებული უფლების, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლების, გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე განსაკუთრებული უფლების, სელექციონერის განსაკუთრებული უფლების, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე ან სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული; ვ) რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება – სამსახურის უფლებამოსილება, დაიცვას უფლების მფლობელის უფლება ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე, რომელიც დაცულია საქართველოში, მაგრამ შეტანილი არ არის რეესტრში; ზ) სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური; თ) რეესტრი – სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრი, რომელშიც, უფლების მფლობელის უფლებების დაცვის მიზნით, უფლების მფლობელის ან მისი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი რეგისტრაციის შესახებ განაცხადის საფუძველზე სამსახურს შეაქვს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი, თუ შესრულებულია ამ კანონით გათვალისწინებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის პირობები. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2888 – ვებგვერდი, 01.06.2023წ. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4049 – ვებგვერდი, 07.03.2024წ. თავი II სამსახურის მიერ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა მუხლი 3. უფლების მფლობელის უფლებების დაცვა 1. სამსახური იცავს უფლების მფლობელის უფლებებს ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე, რომელიც შეტანილია რეესტრში. 2. სამსახური უფლებამოსილია დაიცვას უფლების მფლობელის უფლებები ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზედაც, რომელიც დაცულია საქართველოში, მაგრამ შეტანილი არ არის რეესტრში. 3. სამსახური ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლების მფლობელის უფლებებს იცავს ამ კანონით გათვალისწინებული სასაზღვრო ღონისძიებების გამოყენებით. მუხლი 4. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის წესი და პირობები 1. უფლების მფლობელს ან მის წარმომადგენელს (შემდგომ – განმცხადებელი) უფლება აქვს, სამსახურს წარუდგინოს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში შეტანის (შემდგომ – რეგისტრაცია) შესახებ განაცხადი როგორც წერილობით, ისე ელექტრონულად სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით და მოითხოვოს კონტრაფაქციული პროდუქციის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების ან სხვა პროცედურის განხორციელების შეჩერება და უფლების მფლობელის უფლებების დაცვა. 2. რეგისტრაციის შესახებ განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) უფლების მფლობელის სახელს (სახელწოდებას) და მისამართს; ბ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შესახებ ინფორმაციას; გ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შემცველი საქონლის ჩამონათვალს; დ) ორიგინალი საქონლის დეტალურ აღწერას და ნებისმიერ ინფორმაციას (მათ შორის, ორიგინალი საქონლის და მისი შეფუთვის ამსახველ ფოტოსურათებს, ორიგინალი საქონლის სპეციფიკურ და ტექნიკურ მონაცემებს), რომლითაც მარტივდება საქონლის იდენტიფიცირება; ე) საქონლის მწარმოებლის და წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე ორიგინალი საქონლის იმპორტიორების/ექსპორტიორების შესახებ ინფორმაციას; ვ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას (მათ შორის, ასეთი საქონლის წარმოშობისა და მდებარეობის თაობაზე, სასაქონლო პარტიის, შეფუთვის იდენტიფიცირებისათვის საჭირო დეტალების, გადაადგილების, გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამგზავნის, მიმღების ან მფლობელის შესახებ, ორიგინალი საქონლისა და უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის განმასხვავებელი ნიშნების თაობაზე ინფორმაციას, არსებობის შემთხვევაში); ზ) რეგისტრაციის ვადას, რომელიც 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს. ეს ვადა განმცხადებლის მოთხოვნით შეიძლება რამდენჯერმე გაგრძელდეს, მაგრამ არაუმეტეს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების მოქმედების ვადისა; თ) იმის შესახებ განცხადებას, რომ განმცხადებელი იღებს ვალდებულებას, აანაზღაუროს საქონლის შეჩერებით საქონლის იმპორტიორისათვის, ექსპორტიორისათვის, მფლობელისათვის ან/და სხვა პირისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში; ი) სამართლებრივ და ტექნიკურ საკითხებზე უფლების მფლობელის წარმომადგენლის სახელს (სახელწოდებას), მისამართსა და სხვა საკონტაქტო ინფორმაციას. 3. რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერების შემთხვევაში, თუ დადგინდა რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირი, იგი ვალდებულია ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს სრულყოფილი (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) განაცხადი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის შესახებ განაცხადი არ შეიცავს ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას, ხორციელდება მხოლოდ კონკრეტული სასაქონლო პარტიის შეჩერება და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაცია ხორციელდება, თუ უფლების მფლობელი შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სრულად წარადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 5. რეგისტრაციის შესახებ განაცხადს უნდა ერთოდეს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განმცხადებლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის (მოწმობის, სერტიფიკატის, სალიცენზიო ხელშეკრულების, დეპონირების მოწმობის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტის) დედანი ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი ან/და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ორიგინალი ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი, ხოლო თუ რეგისტრაციის შესახებ განაცხადს უფლების მფლობელის წარმომადგენელი წარადგენს – აგრეთვე წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ქართულ ენაზე შესრულებული ან თარგმნილი, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა ან წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი). 6. სამსახური რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერების შემთხვევაში − 2 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის შესახებ ან რეგისტრაციაზე დასაბუთებული უარის თქმის თაობაზე. 7. რეგისტრაციის შესახებ განაცხადში მითითებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის შესახებ განაცხადში მითითებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლების მოქმედება წყდება ან უფლების მფლობელს სხვა მიზეზით უწყდება აღნიშნული განაცხადის წარდგენის უფლებამოსილება, განმცხადებელი ვალდებულია ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურს. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლების მოქმედების შეწყვეტის ან სხვა მიზეზით განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურს უფლება აქვს, შეწყვიტოს განაცხადის განხილვა. 8. რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შემთხვევაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს. 9. რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს რეგისტრაციის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში წარდგენილი რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ განაცხადი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ და ამის თაობაზე, გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, აცნობებს განმცხადებელს. 10. სამსახურს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღების შესახებ, თუ: ა) მისთვის ცნობილი გახდა, რომ განმცხადებელმა დაკარგა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლება; ბ) უფლების მფლობელი, საქონლის შეჩერების შესახებ შეტყობინების მიღების მიუხედავად, არ ახორციელებს არც ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და არც ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს; გ) უფლების მფლობელის მიერ მოთხოვნილია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღება; დ) სამსახურის მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ან მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაცია უფლების მფლობელმა ამავე კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული მიზნისაგან განსხვავებული მიზნით გამოიყენა. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4912 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. მუხლი 5. რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება 1. თუ სამსახურს აქვს საფუძველი, ივარაუდოს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონელი წარმოებულია საქართველოში დაცული ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე უფლებების დარღვევით, რომელიც დაცულია საქართველოში, მაგრამ შეტანილი არ არის რეესტრში, სამსახურს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი საქონლის (გარდა მალფუჭებადი საქონლისა) გადაადგილების ან/და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების 3 სამუშაო დღით შეჩერების შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შეჩერებამდე სამსახურს უფლება აქვს, პირს, რომელიც პოტენციურად უფლებამოსილია წარადგინოს რეგისტრაციის შესახებ განაცხადი, მიაწოდოს ინფორმაცია საქონლის ფაქტობრივი/სავარაუდო რაოდენობის, სახეობისა და გამოსახულების (საქონლის, მათ შორის, მისი შესაფუთი მასალის, ამსახველი ფოტოსურათები) შესახებ და მოსთხოვოს მას საქონლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია. 3. სამსახური საქონლის შეჩერების შესახებ ინფორმაციას აწვდის საქონლის მფლობელს საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში. 4. სამსახური ვალდებულია, საქონლის შეჩერების დღესვე ან დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც საქონლის მფლობელს გაეგზავნება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირს (მისი იდენტიფიცირების შემთხვევაში) აცნობოს (საჭიროების შემთხვევაში − ელექტრონულად) საქონლის შეჩერების შესახებ და მიაწოდოს (საჭიროების შემთხვევაში − ელექტრონულად) ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. ამასთანავე, სამსახურს უფლება აქვს, მოსთხოვოს მას საქონლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაციის წარდგენა. 5. თუ საქონლის მფლობელი რამდენიმე პირია, სამსახური უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მხოლოდ ერთ პირს მიაწოდოს. 6. რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირის დასადგენად სამსახური ხელმძღვანელობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ (შემდგომ – „საქპატენტი“) ინტელექტუალური საკუთრების შესაბამისი ობიექტის რეესტრში ასახული ინფორმაციით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მიმართავს „საქპატენტს“ ან სხვა კომპეტენტურ ორგანოს/უწყებას. 7. ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შეტყობინებები უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას შესაჩერებელი/შეჩერებული საქონლის მიმართ განსახორციელებელი სასაზღვრო ღონისძიებების შესახებ. 8. რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაცია წარადგინოს ელექტრონულად, შეტყობინებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. 9. შეჩერებული საქონლის გაშვება ხდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულებისთანავე, შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ ვერ დადგინდა რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირი; ბ) თუ დადგინდა რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირი, მაგრამ აღნიშნული განაცხადი წარდგენილი არ იქნა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში და შესაბამისი წესის დაცვით ან სამსახურის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე; გ) რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირის თხოვნის საფუძველზე, თუ აღნიშნული განაცხადი შეიცავს ინფორმაციას საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების მიზეზის თაობაზე. 10. რეგისტრაციის შესახებ განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, სამსახური აგრძელებს საქონლის შეჩერების ვადას 10 სამუშაო დღით და მოთხოვნის შესაბამისად აწვდის მას ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4912 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. მუხლი 6. რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის შეჩერება 1. თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებისას სამსახურს აქვს საფუძველი, ივარაუდოს, რომ ეს საქონელი წარმოებულია საქართველოში დაცულ ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე უფლებების დარღვევით, რომელიც შეტანილია რეესტრში, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ასეთი საქონლის გადაადგილების ან/და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების 10 სამუშაო დღით (მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში – 3 სამუშაო დღით) შეჩერების (შემდგომ – საქონლის შეჩერება) შესახებ. 2. სამსახურის გადაწყვეტილება და საქონლის იმპორტიორის, ექსპორტიორის ან/და მფლობელის სახელი (სახელწოდება) და მისამართი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს. აღნიშნული გადაწყვეტილება და განმცხადებლის სახელი (სახელწოდება) და მისამართი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქონლის მფლობელს. 3. საქონლის შეჩერებამდე სამსახურს უფლება აქვს, საქონლის იდენტიფიცირების მიზნით განმცხადებელს მიაწოდოს ინფორმაცია მისი კუთვნილი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შემცველი საქონლის ფაქტობრივი/სავარაუდო რაოდენობის, სახეობისა და გამოსახულების (საქონლის, მათ შორის, მისი შესაფუთი მასალის, ამსახველი ფოტოსურათები) შესახებ და მოსთხოვოს მას საქონლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4912 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. მუხლი 7. შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება 1. სამსახურის თანხმობით განმცხადებელს უფლება აქვს, საქონლის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით შეამოწმოს შეჩერებული საქონელი და აიღოს შესამოწმებელი საქონლის ნიმუში. განმცხადებლის თხოვნის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია თავად აიღოს შესამოწმებელი საქონლის ნიმუში და ექსპერტიზის ჩატარების უზრუნველსაყოფად განმცხადებელს გაუგზავნოს. საქონლის ნიმუშებისათვის პასუხისმგებლობა განმცხადებელს ეკისრება. ამასთანავე, თუ აღებული ნიმუში სრულად არ იქნება გახარჯული, განმცხადებელი ვალდებულია ექსპერტიზის დასრულებისთანავე დააბრუნოს ნიმუში ან მისი დარჩენილი ნაწილი. 2. განმცხადებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის შეჩერების ვადის 10 სამუშაო დღით გაგრძელება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა არასაკმარისია შესამოწმებელი საქონლის აღებული ნიმუშის ექსპერტიზის ჩასატარებლად. მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში ვადა არ გაგრძელდება. 3. მოთხოვნის საფუძველზე სამსახური ვალდებულია განმცხადებელსა და საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია (მათ შორის, საქონლის ფაქტობრივი/სავარაუდო რაოდენობის, სახეობის, გამომგზავნის ან/და მიმღების, წარმოშობის ქვეყნის და დანიშნულების ადგილის შესახებ ინფორმაცია), რომელიც აუცილებელია საქონლის იდენტიფიცირებისათვის და შემოწმების ჩატარებისათვის. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.