ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ
ტექსტი
ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ
მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო 1. ეს კანონი განსაზღვრავს ელექტრონული დოკუმენტის, ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს. 2. ეს კანონი არ ზღუდავს ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების უფლებას, საკუთარი არჩევანის შესაბამისად გამოიყენონ მატერიალური დოკუმენტი ან/და პირადი ხელმოწერა, აგრეთვე ამ კანონისგან განსხვავებული პირობების შესაბამისად შესრულებული ელექტრონული დოკუმენტი ან/და ელექტრონული ხელმოწერა. 3. ეს კანონი არ ზღუდავს საქართველოს ეროვნული ბანკისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლების უფლებას, გამოიყენონ ამ კანონისგან განსხვავებული პირობების შესაბამისად შესრულებული ელექტრონული დოკუმენტი ან/და ელექტრონული ხელმოწერა. 4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ ინფორმაციაზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით სახელმწიფო საიდუმლოებადაა აღიარებული და სახელმწიფოს მიერ დაცვას ექვემდებარება. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ელექტრონული დოკუმენტი – ელექტრონული ფორმით შენახული ტექსტობრივი, ხმოვანი, ვიზუალური ან აუდიოვიზუალური ინფორმაციის ან/და მონაცემთა ერთობლიობა; ბ) მატერიალური დოკუმენტი – ქაღალდის ან სხვა მატერიალური ფორმით წარდგენილი ინფორმაციის ან/და მონაცემთა ერთობლიობა; გ) ხელმომწერი – ფიზიკური პირი, რომელიც ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ელექტრონულ დოკუმენტს ელექტრონულად აწერს ხელს; დ) შტამპის დამსმელი – იურიდიული პირი, რომელიც ელექტრონულ დოკუმენტზე ელექტრონულ შტამპს ქმნის. ამ კანონის მიზნებისათვის „იურიდიული პირი“ გულისხმობს აგრეთვე ადმინისტრაციულ ორგანოს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას, არარეგისტრირებულ კავშირს, ამხანაგობას; ე) ელექტრონული ხელმოწერა – ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც დაერთვის ან ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და ელექტრონული დოკუმენტის ხელმოსაწერად გამოიყენება; ვ) ელექტრონული შტამპი – ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც დაერთვის ან ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობისა და წარმომავლობის სისწორის დასადასტურებლად გამოიყენება; ზ) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შემოწმების მონაცემები – მონაცემები, რომლებიც ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შესამოწმებლად გამოიყენება; თ) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემები – უნიკალური მონაცემები, რომლებსაც ხელმომწერი/შტამპის დამსმელი ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შესაქმნელად იყენებს; ი) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალება – პროგრამული ან/და აპარატული უზრუნველყოფის საშუალებების ერთობლიობა, რომელიც ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შესაქმნელად გამოიყენება; კ) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი – უნიკალური ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შემოწმების მონაცემებს ხელმომწერთან/შტამპის დამსმელთან აკავშირებს და შეიცავს სულ მცირე ხელმომწერის სახელს ან/და ფსევდონიმს/შტამპის დამსმელის სრულ სახელწოდებასა და საიდენტიფიკაციო კოდს (ასეთი კოდის არსებობის შემთხვევაში); ლ) განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა – ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ლ.ა) იგი მხოლოდ ხელმომწერთანაა დაკავშირებული; ლ.ბ) მისი მეშვეობით ხელმომწერის დადგენაა შესაძლებელი; ლ.გ) იგი შექმნილია ელექტრონული ხელმოწერის შექმნის იმ მონაცემების საშუალებით, რომელთა გამოყენებაც ხელმომწერს, მტკიცე რწმუნებით, ერთპიროვნული კონტროლით შეუძლია; ლ.დ) იგი ხელმოწერილ მონაცემებთან ისეა დაკავშირებული, რომ მათი შემდგომი ცვლილების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა; მ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა – განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შექმნის საშუალების გამოყენებით, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის საფუძველზეა შესრულებული; ნ) განვითარებული ელექტრონული შტამპი – ელექტრონული შტამპი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ნ.ა) იგი მხოლოდ შტამპის დამსმელთანაა დაკავშირებული; ნ.ბ) მისი მეშვეობით შტამპის დამსმელის დადგენაა შესაძლებელი; ნ.გ) იგი შექმნილია ელექტრონული შტამპის შექმნის იმ მონაცემების საშუალებით, რომელთა გამოყენებაც შტამპის დამსმელს, მტკიცე რწმუნებით, საკუთარი კონტროლით შეუძლია; ნ.დ) იგი შტამპდასმულ მონაცემებთან ისეა დაკავშირებული, რომ მათი შემდგომი ცვლილების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა; ო) კვალიფიციური ელექტრონული შტამპი – განვითარებული ელექტრონული შტამპი, რომელიც კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალების გამოყენებით, კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის საფუძველზეა შესრულებული; პ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალება – ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: პ.ა) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნისას გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემები კონფიდენციალურია. ხელმომწერს/შტამპის დამსმელს უფლება აქვს, ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის მონაცემების მართვის უფლება გადასცეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელს, რომელიც უფლებამოსილია ამ მონაცემების დუბლირება მხოლოდ მათი სარეზერვო ასლის შესაქმნელად მოახდინოს. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემების მართვის, აგრეთვე ამ მონაცემების სარეზერვო ასლის შექმნის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისთვის სავალდებულო ტექნიკური რეგლამენტით (შემდგომ – ტექნიკური რეგლამენტი); პ.ბ) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნისას გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემები უნიკალურია; პ.გ) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნისას გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემების გონივრულ ფარგლებში გამოყვანა შეუძლებელია და ელექტრონული ხელმოწერა/ელექტრონული შტამპი არსებული ტექნოლოგიების გამოყენებით საიმედოდაა დაცული გაყალბებისაგან; პ.დ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებამ არ უნდა შეცვალოს ხელმოსაწერი/შტამპდასასმელი მონაცემები და ხელი არ უნდა შეუშალოს მონაცემების ხელმომწერთან/შტამპის დამსმელთან ხელმოწერამდე/შტამპის დასმამდე წარდგენას; პ.ე) დაკმაყოფილებულია ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სხვა პირობები; ჟ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი – ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი, რომელსაც გასცემს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი და რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნებს; რ) დროის აღნიშვნა – ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც ელექტრონულ დოკუმენტს კონკრეტულ დროსთან აკავშირებს და მითითებულ დროს ელექტრონული დოკუმენტის არსებობის დასადასტურებლად გამოიყენება; ს) დროის კვალიფიციური აღნიშვნა – კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული დროის აღნიშვნა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნებს; ტ) სანდო მომსახურება – ელექტრონული მომსახურება, რომლის მიზანია ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის ან დროის აღნიშვნის შექმნა, შემოწმება, ნამდვილობის დადგენა ან/და შენახვა; უ) კვალიფიციური სანდო მომსახურება – სანდო მომსახურება, რომლის მიზანია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ან დროის კვალიფიციური აღნიშვნის და მათთან დაკავშირებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის შექმნა, შემოწმება, ნამდვილობის დადგენა ან/და შენახვა; ფ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი – პირი, რომელიც ავტორიზებულია ამ კანონის შესაბამისად და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან ერთზე მეტი კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდებას; ქ) შინაგანაწესი – კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისათვის შესასრულებლად სავალდებულო საჯარო განაცხადი მის მიერ მომსახურების მიწოდების წესის შესახებ; ღ) მტკიცე რწმუნება – ობიექტური გარემოებების, ფაქტების ან/და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც იძლევა საკმარის საფუძველს იმაში დასარწმუნებლად, რომ განვითარებული ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემები გამოიყენება ხელმომწერის ერთპიროვნული კონტროლით, ხოლო განვითარებული ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემები – იურიდიული პირის კონტროლით. მუხლი 3. ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის იურიდიული ძალა 1. კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას აქვს პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. 2. კვალიფიციური ელექტრონული შტამპი იძლევა ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობისა და წარმომავლობის სისწორის დადასტურების შესაძლებლობას – ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობა და წარმომავლობა უტყუარად ითვლება, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. 3. თუ ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობისას კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმას აირჩევს და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ხელმოწერას ან/და შტამპს საჭიროებს, სავალდებულოა ამ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა. ეს წესი არ ვრცელდება არარეზიდენტ პირზე, აგრეთვე იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა დოკუმენტზე ხელმოწერის შესრულებას ან/და შტამპის დასმას არ მოითხოვს. 4. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ელექტრონულ დოკუმენტზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასვას კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. საკმარისია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ელექტრონულ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა. 5. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება სავალდებულო არ არის ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურულ ერთეულებსა/ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის ან/და მათ ფარგლებში ურთიერთობისას. ამ შემთხვევაში გამოყენებულ ელექტრონულ დოკუმენტსა და ელექტრონულ ხელმოწერას აქვს, შესაბამისად, მატერიალური დოკუმენტისა და პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. 6. დაუშვებელია ადმინისტრაციული წარმოებისას და სასამართლოში სამართალწარმოებისას ელექტრონულ დოკუმენტზე უარის თქმა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის ელექტრონული ფორმითაა წარდგენილი, თუმცა ეს არ გამორიცხავს ელექტრონული დოკუმენტის შესაბამის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას იმ შემთხვევაში, თუ ის აღნიშნული წარმოებისათვის დადგენილ წესებს არ აკმაყოფილებს. 7. დაუშვებელია ადმინისტრაციული წარმოებისას და სასამართლოში სამართალწარმოებისას ელექტრონული ხელმოწერისათვის ან/და ელექტრონული შტამპისათვის მტკიცებულებითი ძალის მინიჭებაზე უარის თქმა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის არ აკმაყოფილებს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისათვის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპისათვის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. 8. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულების მიუხედავად, თუ ფიზიკურ პირებს ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის შეთანხმება არსებობს, ელექტრონულ დოკუმენტსა და ელექტრონულ ხელმოწერას ამ პირებისათვის აქვს, შესაბამისად, მატერიალური დოკუმენტისა და პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. 9. საქართველოს ეროვნული ბანკისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლების მიერ საქმიანობის განხორციელებისას ამ კანონისგან განსხვავებული პირობების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით შესრულებულ ელექტრონულ დოკუმენტსა და ელექტრონულ ხელმოწერას აქვს, შესაბამისად, მატერიალური დოკუმენტისა და პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. 10. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან გათავისუფლების შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2557 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. მუხლი 4. ელექტრონული დოკუმენტი 1. ელექტრონული დოკუმენტის ყველა ეგზემპლარი ორიგინალია. ელექტრონულ დოკუმენტს არ შეიძლება ჰქონდეს ელექტრონული ასლი. 2. ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ყველა შემთხვევაში, როდესაც მოითხოვება წერილობითი ფორმის მატერიალური დოკუმენტი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი არის ელექტრონული დოკუმენტის ასლი და მას ელექტრონული დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს, თუ ის ხელმოწერისთვის პასუხისმგებელი პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ არის დამოწმებული ან/და დადასტურებული. 4. მატერიალური დოკუმენტის ელექტრონულ ასლს ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს, თუ ის ხელმოწერისთვის პასუხისმგებელი პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ ანდა ელექტრონული შტამპით არის დამოწმებული ან/და დადასტურებული. მუხლი 5. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის უფლებები და მოვალეობები 1. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან ერთზე მეტი კვალიფიციური სანდო მომსახურების ან სანდო მომსახურების მიწოდება და დაადგინოს შესაბამისი საზღაური. 2. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) შეიმუშაოს შინაგანაწესი და უზრუნველყოს მისი საჯაროდ ხელმისაწვდომობა ყველა მომსახურებისათვის, რომელთა მიწოდებასაც იგი ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს. შინაგანაწესში მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა.ა) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ გამოყენებული უსაფრთხო სისტემების, საშუალებებისა და პროცედურების აღწერილობა; ა.ბ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებლობის დაზღვევის საფუძვლები და ფარგლები, მათ შორის, კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სერტიფიკატის მფლობელისთვის, დროის აღნიშვნის მომსახურების მომხმარებლისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება; ა.გ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ კვალიფიციურ სანდო მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაციის შენახვის ვადა და წესი; ა.დ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის შეწყვეტის და მისი საქმიანობის სხვა პირისთვის (ასეთი პირის არსებობის შემთხვევაში) გადაცემის წესი; ა.ე) კვალიფიციური სანდო მომსახურებისათვის დადგენილი საზღაურის ოდენობა, მისი გადახდის წესი და გადახდის პირობების შესაძლო შეცვლის წესი; ა.ვ) ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ნებისმიერი სხვა პირობა; ბ) სულ მცირე 30 კალენდარული დღით ადრე აცნობოს საზედამხედველო ორგანოს კვალიფიციური სანდო მომსახურების მოსალოდნელი შეწყვეტის თაობაზე; გ) სულ მცირე 14 კალენდარული დღით ადრე აცნობოს საზედამხედველო ორგანოს და მისი მომსახურების მომხმარებელს შინაგანაწესში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების თაობაზე; დ) გამოიყენოს მხოლოდ უსაფრთხო სისტემები, საშუალებები და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს მის მიერ მიწოდებული მომსახურების საიმედოობას და დაცული მონაცემების მთლიანობას, მონაცემთა ავთენტიკურობის შემოწმებას და გაყალბებისა და არასანქციონირებული გამოყენებისაგან დაცვას. მონაცემთა შექმნა და ცვლილება მხოლოდ კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ ავტორიზებული პირებისთვისაა დასაშვები; ე) ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად ჰქონდეს საკმარისი ფინანსური და ტექნიკური რესურსები და ჰყავდეს სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალი; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვა და ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების მართვა; ზ) ამ კანონითა და ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად და შესაძლო ზიანის ასანაზღაურებლად ადმინისტრაციული ორგანოს შემთხვევაში ჰქონდეს საკმარისი ფინანსური რესურსები და გარანტიები, ხოლო სხვა პირის შემთხვევაში – სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა; თ) შეიმუშაოს მომსახურების უწყვეტობის გეგმა და იგი საზედამხედველო ორგანოს წარუდგინოს; ი) შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ნებისმიერი სხვა მოთხოვნა. 3. თუ კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი წყვეტს მომსახურების მიწოდებას, მან ამის თაობაზე სულ მცირე 30 კალენდარული დღით ადრე უნდა აცნობოს მისი მომსახურების მომხმარებელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია აანაზღაუროს შეუტყობინებლობით მიყენებული ზიანი. 4. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია აანაზღაუროს ამ მუხლის მოთხოვნათა დაუცველობით მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი ფორსმაჟორული გარემოებებითაა გამოწვეული. 5. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად უზრუნველყოს მომსახურების უწყვეტობა. 6. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საზედამხედველო ორგანოს არაუგვიანეს 24 საათისა აცნობოს საკუთარი სისტემების უსაფრთხოების ან მონაცემთა მთლიანობის დარღვევის თაობაზე ან სხვა მოვლენის შესახებ, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას ამ კანონითა და ტექნიკური რეგლამენტით მისთვის განსაზღვრული საქმიანობის წარმართვას. 7. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია თავის მიერ მიწოდებულ მომსახურებასთან დაკავშირებით დაცვის დამატებითი მექანიზმები შეიმუშაოს. მუხლი 6. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი 1. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი სულ მცირე უნდა შეიცავდეს: ა) ელექტრონული დამუშავებისათვის გამოსადეგ აღნიშვნას იმის თაობაზე, რომ სერტიფიკატი გაცემულია, როგორც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი; ბ) მონაცემთა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის იდენტიფიკაციისათვის: სულ მცირე კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებას და იმ ქვეყნის კოდს, რომელშიც რეგისტრირებულია იგი; გ) მონაცემთა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია ხელმომწერის/შტამპის დამსმელის იდენტიფიკაციისათვის: სულ მცირე სახელს ან/და ფსევდონიმს/სრულ სახელწოდებასა და საიდენტიფიკაციო კოდს; დ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შემოწმების მონაცემებს, რომლებიც შეესაბამება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემებს; ე) სერტიფიკატის მოქმედების დაწყებისა და დასრულების თარიღებს; ვ) სერტიფიკატის საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელიც სანდო მომსახურების მიმწოდებლისთვის უნიკალურია; ზ) იმ ელექტრონული მომსახურების ელექტრონულ მისამართს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სერტიფიკატის მოქმედების სტატუსის გამოსათხოვად; თ) ელექტრონული დამუშავებისათვის გამოსადეგ აღნიშვნას ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემების ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის კვალიფიციურ საშუალებაში განთავსების თაობაზე (აღნიშნული მონაცემების ამგვარ საშუალებაში განთავსების შემთხვევაში). 2. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატს უნდა ჰქონდეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა/განვითარებული ელექტრონული შტამპი. 3. სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში, შინაგანაწესით განსაზღვრულ ფარგლებში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი შეიძლება დამატებით მონაცემებს შეიცავდეს. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვს, დამატებითი მონაცემები შეიტანოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატთან დაკავშირებულ სხვა ელექტრონულ დოკუმენტში (ატრიბუტების კვალიფიციური სერტიფიკატი), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იგი უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომლებითაც შესაძლებელია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის იდენტიფიკაცია; ბ) მას უნდა ჰქონდეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა/განვითარებული ელექტრონული შტამპი. 4. ინფორმაციის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატში განთავსებისა და მართვის წესები ვრცელდება ატრიბუტების კვალიფიციურ სერტიფიკატზე. 5. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებას ახორციელებს, ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია: ა) ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მოახდინოს იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის იდენტიფიკაცია, რომელზედაც სერტიფიკატი გაიცემა; ბ) სერტიფიკატის გაცემისას უზრუნველყოს მასში ჩაწერილი მონაცემების უტყუარობა; გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოს სერტიფიკატის დაუყოვნებლივ გაუქმება; დ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოს სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება და სერტიფიკატის ხელახალი ამოქმედება, თუ ეს მომსახურება შინაგანაწესითაა გათვალისწინებული; ე) აწარმოოს თავის მიერ გაცემული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატების მონაცემთა ბაზა და უზრუნველყოს მისი განახლება; ვ) დაინტერესებული პირის მიმართვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ, ინტერნეტის საშუალებით, უწყვეტ რეჟიმში მიაწოდოს მას ინფორმაცია სერტიფიკატის მოქმედების სტატუსის ან სერტიფიკატის გაუქმების შესახებ; ზ) უზრუნველყოს თავის მიერ გაცემული სერტიფიკატების, აგრეთვე მათთან დაკავშირებული ყველა იმ მონაცემისა და ფაქტის აღრიცხვა და სერტიფიკატების გაუქმებიდან სულ მცირე 6 წლის განმავლობაში (შინაგანაწესით განსაზღვრულ ცალკეულ შემთხვევებში – 6 წელზე მეტი ხნით) შენახვა და შესაბამისი დროის ზუსტად მითითება, რომლებიც შესაძლ
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.