ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ
ტექსტი
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის, განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ორგანიზაციულ სტრუქტურას, ადგენს მათი დაფუძნების, საქმიანობისა და ანგარიშვალდებულების წესს, აგრეთვე მათი ავტორიზაციის სავალდებულოობას. ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტებისა და სხვა იურიდიული პირებისა და ფიზიკური პირების უფლებამოსილებებს, ვალდებულებებს, ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას, აგრეთვე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაფინანსების პრინციპებს. მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ადრეული აღზრდა და განათლება − დაბადებიდან 2 წლამდე (ადრეული) ასაკის ბავშვისთვის და მისი მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის მიწოდებული მომსახურება, რომელიც მოიცავს: მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განათლებასა და მხარდაჭერას, აღნიშნული ასაკის ბავშვზე ზრუნვის დაწესებულების, ჯანმრთელობის დაცვის, კვების, ჰიგიენისა და სანიტარიული უსაფრთხოების, ბავშვთა ადრეული ინტერვენციისა და ინკლუზიური განათლების მომსახურებებს; ბ) სკოლამდელი აღზრდა და განათლება – 2 წლის ასაკიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე ბავშვის ყოველმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად მისთვის მიწოდებული სააღმზრდელო და საგანმანათლებლო მომსახურება; სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სავალდებულო კომპონენტია სასკოლო მზაობის პროგრამა; გ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტი − დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დაბადებიდან სასკოლო მზაობის პროგრამის დაწყებამდე ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისთვის მისაღწევ შედეგებს და საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხის მახასიათებლებს; დ) სასკოლო მზაობის პროგრამა – სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის საფუძველზე მომზადებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ამ სტანდარტით დადგენილი შედეგების მიღწევას; ე) სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტი − დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისა და სასკოლო მზაობის ხელშეწყობისთვის მისაღწევ შედეგებს და საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხის მახასიათებლებს; ვ) დაწესებულება – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას; ზ) საჯარო დაწესებულება − დაწესებულება, რომელსაც აფუძნებს და მართავს მუნიციპალიტეტი ან მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი; თ) აღმზრდელ-პედაგოგი – პირი, რომელიც დაწესებულებაში სააღმზრდელო-პედაგოგიურ საქმიანობას ახორციელებს; აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა; ი) აღმზრდელი − პირი, რომელიც აღმზრდელ-პედაგოგს ეხმარება და სააღმზრდელო ფუნქციებს ახორციელებს; კ) ბავშვი – საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი დაბადებიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სწავლის დაწყებამდე; ლ) ინკლუზიური განათლება − საგანმანათლებლო მიდგომა, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა უზრუნველყოფს დაწესებულებაში ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, ბავშვების ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა მახასიათებლების მიუხედავად; მ) ავტორიზაცია − ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა; ნ) საჯარო დაწესებულების საკონსულტაციო საბჭო (შემდგომ − საკონსულტაციო საბჭო) ამ კანონით გათვალისწინებული, საჯარო დაწესებულებასთან არსებული საბჭო, რომელიც ამ დაწესებულების ეფექტიან ფუნქციონირებას უწყობს ხელს; ო) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განათლება და მხარდაჭერა – ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობის, აგრეთვე ბავშვის სწავლისა და განვითარების ხელშეწყობის თაობაზე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამებში ჩართული ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ცნობიერების ამაღლება ინდივიდუალური ან ჯგუფური შეხვედრების მეშვეობით; პ) ძალადობა – პირის მიერ ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ზემოქმედებით ან იძულებით, აგრეთვე უგულებელყოფით (დაუდევარი მოპყრობით), რომელიც პირდაპირი განზრახვით ან/და განზრახვის გარეშე განხორციელდა/ხორციელდება. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №433 – ვებგვერდი, 04.04.2025წ. მუხლი 4. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პრინციპები 1. საქართველოში უზრუნველყოფილია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში ბავშვთა უფასო აღზრდა და განათლება, აგრეთვე მათი კვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სკოლამდელი აღზრდა და განათლება, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამა, არის ნებაყოფლობითი, საყოველთაო და ხელმისაწვდომი შესაბამისი ასაკის ყველა ბავშვისთვის. 3. მუნიციპალიტეტი ვალდებულია დანერგოს და უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამის, ბავშვებისთვის მიწოდება საქართველოს კანონმდებლობის (მათ შორის, ამ კანონისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტების) შესაბამისად. მუხლი 5. დაწესებულებაში სწავლების ენა 1. დაწესებულებაში სწავლების ენა არის ქართული, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური. 2. დაწესებულება უფლებამოსილია ენობრივი უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებს ენობრივი საჭიროებების გათვალისწინებით შესთავაზოს ამ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამისი პროგრამები და რესურსები როგორც სახელმწიფო, ისე მათ მშობლიურ ენაზე. 3. დაწესებულება უფლებამოსილია ბავშვებს მიაწოდოს სააღმზრდელო და საგანმანათლებლო მომსახურება მათ მშობლიურ ან/და არასახელმწიფო ენაზე და გამოიყენოს ამ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები და რესურსები. მუხლი 6. ბავშვთა დაცვა 1. დაწესებულებაში ბავშვის მიმართ ნებისმიერი ძალადობა აკრძალულია. 2. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს, რომ დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი და სხვა პერსონალი ფლობდნენ და იყენებდნენ არაძალადობრივი მოპყრობისა და აღზრდის მეთოდებს, აგრეთვე მათ ჰქონდეთ ინფორმაცია ბავშვის მიმართ ძალადობის შედეგებისა და პასუხისმგებლობის ფორმების თაობაზე. 3. დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგის, აღმზრდელისა და სხვა პერსონალის მომზადება და გადამზადება უნდა მოიცავდეს მათ სწავლებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის დაცვის, ბავშვის მიმართ ძალადობის დაუშვებლობის, ბავშვის მიერ საკუთარი ქცევის რეგულირების ეფექტიანი მექანიზმებისა და უსაფრთხო და არაძალადობრივი გარემოს უზრუნველყოფისთვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების თაობაზე. 4. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვზე ძალადობის თავიდან აცილება (მათ შორის, ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განათლება და ინფორმირება), იდენტიფიკაცია, შეფასება, მის შესახებ შეტყობინება და მასზე შესაბამისი რეაგირება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესაბამისად. 5. ბავშვზე ძალადობის გამოვლენისა და ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. დაწესებულება ვალდებულია დაწესებულებაში გამოყოს ბავშვთა მიმართ ძალადობის თავიდან აცილებისათვის და ბავშვთა ძალადობისგან დაცვისათვის პასუხისმგებელი პირი. 7. დაუშვებელია დაწესებულების სააღმზრდელო ან/და საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან/და დაწესებულების თანამშრომლის მიერ ამ დაწესებულების საქმიანობის ფარგლებში ან/და ამავე დაწესებულების ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ამ პუნქტის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“ განიმარტება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4444 – ვებგვერდი, 03.10.2024წ. თავი II. სახელმწიფო ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები/ვალდებულებები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში მუხლი 7. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებები/ვალდებულებები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საქართველოს მთავრობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარი, ხარისხიანი და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპზე დაფუძნებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მისაწოდებლად ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს და ასრულებს შემდეგ ვალდებულებებს: ა) ბავშვისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებების სამართლებრივი რეგულირების ფარგლებში უზრუნველყოფს ადრეული და სკოლამდელი განათლების, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამის, საყოველთაო ხელმისაწვდომობას; ბ) ადგენს დაწესებულების ავტორიზაციის წესს; გ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტს, რომელიც გადასინჯვასა და განვითარებას არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება; დ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს; ე) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების დასადგენად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს ტექნიკურ რეგლამენტს; ვ) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების დასადგენად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს ტექნიკურ რეგლამენტს; ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს ტექნიკურ რეგლამენტს დაწესებულების შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობის მოწყობის შესახებ; თ) ხელს უწყობს დაწესებულების ინფრასტრუქტურულ განვითარებას; ი) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესსა და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალს; კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს და ასრულებს სხვა ვალდებულებებს. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1639 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3104 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №366 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3852 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. მუხლი 8. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამოსილებები/ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის – საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე: ა) შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტს, რომლის შესრულების უზრუნველყოფა სავალდებულოა მუნიციპალიტეტებისთვის; ბ) შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს; გ) შეიმუშავებს და ამტკიცებს აღმზრდელის პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს; დ) ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინებით ამზადებს საგანმანათლებლო რესურსების სიასა და მეთოდოლოგიურ რესურსებს და უზრუნველყოფს ამ რესურსების მუნიციპალიტეტებისთვის ხელმისაწვდომობას; ე) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით შეიმუშავებს საჯარო დაწესებულებაში მონიტორინგის სისტემას, ახორციელებს მონიტორინგსა და შეფასებას და ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს; ვ) შეიმუშავებს აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულებს და ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებს მათ გადამზადებაში; ზ) ხელს უწყობს ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს და ასრულებს სხვა ვალდებულებებს. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3104 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3449 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №366 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3852 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. მუხლი 9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები/ვალდებულებები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის − საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე: ა) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების დასადგენად შეიმუშავებს ტექნიკურ რეგლამენტს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას; ბ) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების დასადგენად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიმუშავებს ტექნიკურ რეგლამენტს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას; გ) მონაწილეობს ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის პროცესში ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესაბამისად; დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს და ასრულებს სხვა ვალდებულებებს. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1639 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3104 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. მუხლი 10. მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები/ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში 1. მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები/ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის – საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე მოიცავს: ა) სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფას; ბ) თანაბრად ხელმისაწვდომი და ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდების უზრუნველყოფას; გ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდების პროცესში ბავშვისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებების დაცვისა და პატივისცემის უზრუნველყოფას; დ) დაწესებულების პროგრამაში ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ჩართულობის უზრუნველყოფას; ე) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის შემუშავებას და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფას; ვ) საჯარო დაწესებულების საჭიროებების გათვალისწინებით წლიური მუნიციპალური პროგრამისა და ფინანსური გეგმის მომზადებას; ზ) ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას და სხვა ვალდებულებების შესრულებას. 2. მუნიციპალიტეტები ბავშვთა სათანადო განვითარებისათვის და სკოლისათვის მოსამზადებლად უზრუნველყოფენ ძლიერი და მდგრადი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის შექმნას, რომელიც ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ა) სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ბავშვის ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა მახასიათებლების მიუხედავად; ბ) საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობებით დადგენილი განათლების უფლებისა და ბავშვისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სხვა უფლებების უზრუნველყოფა; გ) სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი მომსახურების დასანერგავად სათანადო პირობების უზრუნველყოფა; დ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების სრული ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; ე) ბავშვის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან და საზოგადოებასთან ეფექტიანი ურთიერთობის უზრუნველყოფა. 3. სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების დასანერგავად მუნიციპალიტეტები: ა) შეისწავლიან მუნიციპალურ საჭიროებებს, გეგმავენ ადგილობრივ რესურსებს და განსაზღვრავენ საბიუჯეტო სახსრებს; ბ) უზრუნველყოფენ აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების შესაბამისად; გ) უზრუნველყოფენ დაწესებულებებისა და მათი მომსახურებებისთვის დადგენილი სტანდარტების შესრულების კონტროლს; დ) დაწესებულებების პერსონალისთვის ადგენენ სამსახურებრივ ინსტრუქციებს, ქცევისა და ეთიკის ნორმებს და უზრუნველყოფენ მათ შესრულებას; ე) ადგენენ საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და 5 წელიწადში ერთხელ აკონტროლებენ ამ მოთხოვნების შესაბამისობას; ვ) უზრუნველყოფენ დაწესებულებების შიდა მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის ფუნქციონირებას; ზ) მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებული დაწესებულებების მონიტორინგის სისტემის შესაბამისად სისტემატურად ახორციელებენ დაწესებულებათა მონიტორინგს, რომლის მიზანია ავტორიზაციის პირობების ავტორიზაციის წესის შესაბამისად შესრულების შემოწმება; თ) ამტკიცებენ დაწესებულებაში დასაქმებულ პირთან დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობებს პროფესიულ კავშირთან შესაძლო კონსულტაციით. 4. მუნიციპალიტეტები ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და ამ მიზნით დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მეშვეობით. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1261 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3104 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №366 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3852 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №433 – ვებგვერდი, 04.04.2025წ. მუხლი 11. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს დაწესებულებაში სურსათის უვნებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 12. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფლებამოსილება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს მუნიციპალიტეტებისგან მიღებულ სტატისტიკურ ინფორმაციას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტატისტიკური ინფორმაცია მუნიციპალიტეტების მიხედვით მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა) დაწესებულებათა რაოდენობა; ბ) დაწესებულების საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროგრამაში ჩართულ ბავშვთა რაოდენობა; გ) აღმზრდელ-პედაგოგთა/აღმზრდელთა რაოდენობა; დ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე. თავი III. დაწესებულების დაფუძნება და ავტორიზაცია მუხლი 13. დაწესებულების დაფუძნება და მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა 1.
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.