პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
თავი IV. ტექნიკური საფრთხის კონტროლი
მუხლი 52¹. იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს
იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს და საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში მდებარეობს, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ შენობა-ნაგებობა მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს, თუ მას დაზიანებული აქვს გარე მოპირკეთება, გადახურვა, შემინვა, შემოღობვა, გარე შემომზღუდავი კონსტრუქცია.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო შენობა-ნაგებობის მესაკუთრის მიმართ გასცემს მითითებას, რომლითაც მას შენობა-ნაგებობის მდგომარეობის გათვალისწინებით განუსაზღვრავს გონივრულ ვადას სამართალდარღვევის გამოსასწორებლად (შენობა-ნაგებობის დამცავი ბადით შეფუთვა სამართალდარღვევის გამოსწორებად არ ჩაითვლება). ამ მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ადგენს შემოწმების აქტს. თუ სამართალდარღვევა განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდა, შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს ამ კოდექსით დადგენილი წესით დაეკისრება ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს უფლება აქვს, შენობა-ნაგებობის მესაკუთრის მიმართ გასცეს მითითება მისი დემონტაჟის მოთხოვნით მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ შენობა-ნაგებობის შეკეთება (რემონტი), რეკონსტრუქცია ან აღდგენა შეუძლებელია.
4. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსა და საცხოვრებლად გამოყენებულ შენობა-ნაგებობაზე.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5778 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3437 – ვებგვერდი, 20.07.2023წ.
საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1448 – ვებგვერდი, 03.04.2026წ.
საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026წ.
მუხლი 53. ზიანისა და ხარჯების ანაზღაურება
1. დაჯარიმება დამრღვევს არ ათავისუფლებს დარღვევის გამოსწორებისა და დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
2. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს თანამდებობის პირი და სხვა საჯარო მოსამსახურე მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. იმ პირებს, რომლებმაც ხარჯები გაიღეს მათ საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობის იერსახის შენარჩუნებისა და სამშენებლო მოედნის უსაფრთხოებისათვის, თუ ამ ხარჯების გაღება გამოწვეულია მომიჯნავე ნაკვეთში მშენებლობისას სამშენებლო ნორმებისა და კონსერვაციის რეჟიმის დაუცველობით, უფლება აქვთ, მოსთხოვონ დამრღვევს გაღებული ხარჯების ანაზღაურება. ხარჯების ანაზღაურებაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო.
4. დადგენილ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, თუ დარღვევის დაუყოვნებლივ გამოუსწორებლობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს შეუძლია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მითითების პირობების თავის მიერ ან მესამე პირთა მეშვეობით ან/და საკუთარი ხარჯით შესრულების თაობაზე. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.
5. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია მოსთხოვოს დამრღვევს ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გაღებული ხარჯების ანაზღაურება. დამრღვევის მიერ ხარჯების ნებაყოფლობით ანაზღაურებაზე უარის თქმის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს დამრღვევისათვის გაღებული ხარჯების დაკისრებისა და გადახდის მოთხოვნით.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4366 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №160 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
მუხლი 54. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია
1. შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო დამრღვევის მიერ ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადების მიზნით მიმართოს სასამართლოს.
2. შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე დადებული ყადაღა უქმდება ჯარიმის თანხის სრულად დაფარვისთანავე.
3. დამრღვევის ყადაღადადებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციას ახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო აუქციონის ჩატარების გზით.
4. აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს განსაზღვრავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, რისთვისაც იგი აუქციონის ჩატარებამდე 30 დღით ადრე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ავრცელებს განცხადებას, რომელშიც უნდა აღინიშნოს:
ა) აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი;
ბ) მიწის ნაკვეთის მესაკუთრის რეკვიზიტები (სახელი და გვარი/დასახელება, მისამართი);
გ) გასაყიდი მიწის ნაკვეთის დასახელება (ქონების მოკლე აღწერა);
დ) მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი, რომელიც ყადაღის დადების აქტში მითითებული ყადაღადადებული ნივთის საბაზრო ფასია;
ე) რომ მესამე პირები, რომელთაც აქვთ უფლებები ამ მიწის ნაკვეთზე, ვალდებული არიან, ამ უფლებათა დამადასტურებელი საბუთები წარადგინონ აუქციონის დაწყებამდე;
ვ) აუქციონის პირობები.
5. აუქციონის ჩატარების შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება, წინასწარ გაეცნოს აუქციონზე გასაყიდად გამოტანილ მიწის ნაკვეთს.
6. მიწის ნაკვეთის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაიფარება:
ა) ყადაღის დადებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები;
ბ) ჯარიმის თანხა.
7. მიწის ნაკვეთის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაფარული ხარჯებისა და თანხის შემდეგ დარჩენილი სახსრები დამრღვევს უბრუნდება.
8. ყადაღადადებული მიწის ნაკვეთის რეალიზაცია შეწყდება, თუ დამრღვევი აუქციონის ჩატარებამდე უზრუნველყოფს ჯარიმის თანხის, ყადაღის დადებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას.
9. ყადაღადადებული მიწის ნაკვეთის აუქციონის ჩატარების გზით რეალიზაციის წესს ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6937 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
თავი V. ტექნიკური რეგლამენტი
მუხლი 55. ზოგადი დებულებები
1. ტექნიკური რეგლამენტი ხელს უნდა უწყობდეს ღია საბაზრო ეკონომიკას და თავისუფალ ვაჭრობას. ტექნიკური რეგლამენტის მიღება ან გამოყენება არ უნდა ქმნიდეს არაადეკვატურ ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში/სამეწარმეო საქმიანობაში, მათ შორის, საერთაშორისო ვაჭრობაში, და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საფრთხის პროპორციული უნდა იყოს.
2. პროდუქტი, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა, უნდა შეესაბამებოდეს ამ მოთხოვნებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბაზარზე განთავსებისას და ექსპლუატაციის პერიოდში.
3. არ შეიძლება აიკრძალოს, შეიზღუდოს ან ხელი შეეშალოს იმ პროდუქტის ბაზარზე განთავსებას, რომელიც აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
4. მწარმოებელი ვალდებულია ტექნიკური რეგლამენტით რეგულირებული პროდუქტი დააპროექტოს და აწარმოოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 56. ტექნიკური რეგლამენტი
1. ტექნიკური ნორმის შემცველი, შესასრულებლად სავალდებულო ყველა აქტი მიღებული უნდა იქნეს ტექნიკური რეგლამენტის ფორმით.
2. ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს ძირითად პრინციპებს, რომლებიც იცავს ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, საკუთრებასა და გარემოს.
3. ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები შეიძლება გავრცელდეს პროდუქტზე ამ პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას, ასევე პროცესზე, მომსახურებაზე, პირ სა და ობიექტ ებ ზე და შეიძლება მოიცავდეს მათი ექსპლუატაციის დაწყების და ექსპლუატაციის პერიოდს, თუ ამის თაობაზე მითითებულია ტექნიკურ რეგლამენტში.
4. ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები საფრთხის პროპორციული უნდა იყოს.
5. თუ მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებიდან რამდენიმე ალტერნატიულად არეგულირებს ერთსა და იმავე პროდუქტს ან/და პროცესს, საკმარისია ნებისმიერ მათგანთან შესაბამისობა.
6. თუ მიღებულ, აღიარებულ ან ეკვივალენტად ცნობილ ალტერნატიულ ტექნიკურ რეგლამენტებს შორის განსხვავებაა, ეს არ განიხილება მათ შორის წინააღმდეგობად და ყველა თანაბრად გამოიყენება.
7. თუ ერთი და იმავე პროდუქტის ან/და პროცესის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს რამდენიმე ალტერნატიული ტექნიკური რეგლამენტის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მახასიათებლები, გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ერთ-ერთი, შერჩეული ტექნიკური რეგლამენტი. დაუშვებელია ერთი და იმავე პროდუქტის ან/და პროცესის მიმართ სხვადასხვა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მახასიათებლების აღრევა/კომბინაცია.
8. თუ ერთსა და იმავე პროდუქტზე ერთდროულად სავალდებულოდ ვრცელდება ერთზე მეტი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები, პროდუქტი ერთდროულად უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
9. ტექნიკური რეგლამენტი ძალადაკარგულად ითვლება, თუ აღარ არსებობს ის გარემოებები ან მიზნები, რომლებიც მისი მიღების საფუძველი იყო. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს მთავრობას ტექნიკური რეგლამენტის გაუქმების მოთხოვნით.
10. ტექნიკური რეგლამენტის მიღების საფუძვლის ცვლილება განაპირობებს თავად ტექნიკური რეგლამენტის ცვლილებას ან გაუქმებას.
11. რეგულირებულ სფეროებში საქართველო აღიარებს ევროკავშირის ტექნიკურ რეგლამენტებს.
12. თუ გაჩნდება ტექნიკური რეგლამენტის შემოღების აუცილებლობა და არსებობს საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტები ან მათი შემუშავება დასრულების სტადიაშია, საქართველო ვალდებულია საფუძვლად გამოიყენოს ისინი ან მათი შესაბამისი ნაწილები.
13. ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ვაჭრობაში საფრთხის არაადეკვატურ ტექნიკურ ბარიერებს ქმნის, შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
14. დაინტერესებულ პირს შეუძლია მოქმედი ტექნიკური რეგლამენტი გაასაჩივროს სასამართლოში, თუ იგი ადგენს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაში არსებულ მოთხოვნებზე მკაცრ მოთხოვნებს.
მუხლი 57. ტექნიკური რეგლამენტის არსი
1. ტექნიკური რეგლამენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად დებულებებს:
ა) მისი გამოყენების სფერო და ტექნიკური რეგულირების ობიექტი;
ბ) ძირითადი ცნებები და განმარტებები;
გ) პროდუქტის ბაზარზე განთავსების ძირითადი პირობები;
დ) მოთხოვნები ტექნიკური რეგულირების ობიექტის მიმართ;
ე) შესაბამისობის შეფასების პროცედურები.
2. ტექნიკური რეგლამენტი მოქმედებს ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
3. ტექნიკურმა რეგლამენტმა კონკრეტული სპეციფიკაციის გათვალისწინებით შეიძლება დაადგინოს პროდუქტის/პროცესის/მომსახურების სავალდებულო:
ა) მახასიათებლები/პარამეტრები;
ბ) უსაფრთხოების/უვნებლობის კრიტერიუმები;
გ) შრომის ან/და მომხმარებლის უსაფრთხოების წესები;
დ) უსაფრთხოების/უვნებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების, ეტიკეტირების, პროდუქტთან დაკავშირებული პროცესის ან წარმოების მეთოდი;
ე) შესაბამისობის შეფასების პროცედურები და პერიოდულობა;
ვ) ადმინისტრაციული პროცედურები;
ზ) შესაბამის შემთხვევებში, ინსპექტირების წესი და პერიოდულობა;
თ) ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო;
ი) მითითებები სტანდარტების გამოყენების თაობაზე (შესაბამისობის პრეზუმფცია);
კ) ექსპლუატაციის პირობები;
ლ) გარდამავალი და დასკვნითი დებულებები.
მუხლი 58. ტექნიკური რეგლამენტის მიღება
1. ტექნიკური რეგლამენტი მიიღება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში, რომელიც ადგენს ტექნიკური რეგლამენტის მიზანს და მოქმედების სფეროს.
2. ტექნიკური რეგლამენტი მიიღება მხოლოდ კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს იმ ტექნიკური რეგლამენტის ან სტანდარტის გაუქმება ან საქართველოში აღიარებულ პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რომელიც არ შეესაბამება მათ;
ბ) მიმართოს საქართველოს მთავრობას ტექნიკური რეგლამენტის გაუქმების მოთხოვნით.
4. საქართველოს მთავრობა დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობით მიმართავს შესაბამის ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუსაბამოს ტექნიკური რეგლამენტი ან სტანდარტი საქართველოში აღიარებულ პრინციპებს ან გააუქმოს ტექნიკური რეგლამენტი ან დასაბუთებული უარი აცნობოს დაინტერესებულ პირს.
5. საქართველოს მთავრობის დასაბუთებული უარი ტექნიკური რეგლამენტის ან სტანდარტის გაუქმების ან საქართველოში აღიარებულ პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. სასამართლოში მტკიცების ტვირთი გადადის მოსარჩელეზე.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1041 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
მუხლი 59. აღიარებული ტექნიკური რეგლამენტი
1. ტექნიკური რეგლამენტის აღიარება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე და გულისხმობს საქართველოს მთავრობის მიერ გარკვეული ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ დაშვებას.
2. უცხოური ტექნიკური რეგლამენტის ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით საქართველოში იწარმოება კონკრეტული პროდუქტი.
3. საქართველოს მთავრობა აღიარებს უცხოური ტექნიკური რეგლამენტის მხოლოდ ტექნიკურ პარამეტრებს და შეიძლება აღიაროს მისი ადმინისტრაციული პროცედურები.
4. აღიარებული ტექნიკური რეგლამენტის ან მისი ნაწილის მოქმედება შეიძლება აიკრძალოს ან შეიზღუდოს კანონის საფუძველზე, შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში.
5. აღიარებული ტექნიკური რეგლამენტი საქართველოს კანონმდებლობის ნაწილია.
მუხლი 60. ეკვივალენტად ცნობილი ტექნიკური რეგლამენტი
საქართველოს მთავრობის ერთჯერადი აქტის საფუძველზე შესაძლებელია ეკვივალენტად ცნობილ იქნეს გარკვეული უცხოური ტექნიკური რეგლამენტები და ისინი დაშვებულ იქნეს სამოქმედოდ, რაც ადასტურებს, რომ აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტები მოცემული კონკრეტული შემთხვევისათვის ადეკვატურად ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უსაფრთხოების მიზნებს.
მუხლი 61. ტექნიკური რეგლამენტების რეესტრი
1. მიღებული ტექნიკური რეგლამენტი რეგისტრირებული უნდა იქნეს ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში, რომელსაც აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
2. ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს საქართველოს ყველა ნორმატიული აქტი, რომლებიც შეიცავს ტექნიკურ ნორმას. აღნიშნული ნორმატიული აქტის მიმღები/გამომცემი ორგანო/ თანამდებობის პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტის რეგისტრაცია ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში.
3. ნებისმიერ პირს შეუძლია მოითხოვოს მიღებული ტექნიკური რეგლამენტის რეგისტრაცია.
მუხლი 62. სავარაუდო საფრთხის შემცველი პროდუქტის ბაზარზე განთავსება
1. კანონით განისაზღვრება ის პროდუქტი/პროცესი/მომსახურება (რეგულირებული სფერო), რომელსაც ბაზარზე განთავსებისას ესაჭიროება შესაბამისობის შეფასება.
2. მიღებული, აღიარებული ან ეკვივალენტად ცნობილი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი პროდუქტის ბაზარზე განთავსება შესაძლებელია პროდუქტის წარმოშობის ქვეყანაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
3. აღიარებული ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე წარმოებული ან იმპორტირებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას შესაბამისობის შეფასება ხორციელდება იმავე ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
4. სასამართლო დავის შემთხვევაში აღიარებულ ტექნიკურ რეგლამენტს დაინტერესებული მხარე თარგმნის ქართულ ენაზე.
მუხლი 63. საქართველოს მთავრობის უფლება ნიშანდების ეკვივალენტად ცნობის შესახებ
1. საქართველოს მთავრობა ადგენს იმ ქვეყნებისა და იურისდიქციების ნუსხას, რომელთა შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტი საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების გარეშე დაიშვება.
2. საქართველოში მოქმედი ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტების დაკმაყოფილებად ჩაითვლება სხვა ქვეყნის შესაბამისი ნიშანდება, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილ, ნიშანდებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
თავი VI. სტანდარტიზაცია
მუხლი 64. ზოგადი დებულებები
1. სტანდარტი უნდა ემყარებოდეს პრაქტიკული გამოცდილების, მეცნიერებისა და ტექნიკის განზოგადებულ შედეგებს და მიზნად უნდა ისახავდეს წარმოების ეფექტ იან ობის და თავსებადობის ზრდას.
2. სტანდარტის გამოყენება ნებაყოფლობითია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესასრულებლად შეიმუშაოს და გამოიყენოს სხვა ტექნიკური მიდგომა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს მთავრობის სამართლებრივ აქტში კონკრეტული სტანდარტის გამოყენების შესახებ პირდაპირ არის მითითებული.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ.
საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026წ.
მუხლი 65. ტერმინთა განმარტება
ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტანდარტი − კონსენსუსის საფუძველზე შემუშავებული და სტანდარტების ორგანოს მიერ რეგისტრირებული დოკუმენტი, რომელიც საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს ან მახასიათებლებს სხვადასხვა საქმიანობისათვის/მოქმედებისათვის ან მისი შედეგებისათვის გარკვეულ სფეროში ოპტიმიზაციის მიზნით;
ბ) საერთაშორისო სტანდარტი – სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული სტანდარტი;
გ) ევროპული სტანდარტი − სტანდარტების ევროპული ორგანიზაციების მიერ მიღებული სტანდარტები, მათ შორის, ჰარმონიზებული სტანდარტები, რომლებიც მიღებულია ევროკომისიის მოთხოვნის საფუძველზე, ერთიან, ჰარმონიზებულ კანონმდებლობაში გამოსაყენებლად;
დ) საქართველოს სტანდარტი (სსტ) − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ საერთაშორისო სტანდარტის, ევროპული სტანდარტის ან ეროვნული სტანდარტის ან მათი პროექტების საფუძველზე მიღებული სტანდარტი;
ე) საწარმოს შიდა სტანდარტი – მეწარმის მიერ შემუშავებული სტანდარტი, რომელშიც მოცემულია სპეციფიკური ტექნიკური მოთხოვნები, რომლებსაც აკმაყოფილებს პროდუქტი, პროცესი ან მომსახურება. საწარმოს შიდა სტანდარტი სხვა პირებისათვის სტანდარტად არ განიხილება, რეგისტრაციას არ საჭიროებს და მასზე არ ვრცელდება ამ კოდექსის მოქმედება;
ვ) დეკლარირებული სტანდარტი – სტანდარტი, რომელსაც მწარმოებელი იყენებს და რომლის გამოყენების შესახებაც მიუთითებს, მათ შორის, საწარმოს შიდა სტანდარტზე;
ზ) სტანდარტების ეროვნული ორგანო − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ.
მუხლი 66. სტანდარტიზაციის ძირითადი პრინციპები
1. სტანდარტიზაციის პროცესში ყველა დაინტერესებულ მხარეს (მწარმოებლები, მომსახურების მიმწოდებლები, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები, სასწავლო და კვლევითი დაწესებულებები, მომხმარებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა) შეუძლია ნებაყოფლობით და პარიტეტულ საფუძველზე მონაწილეობა.
2. სტანდარტის შემუშავება და მიღება ხდება კონსენსუსის, მიუკერძოებლობისა და სტანდარტიზაციის სხვა საერთაშორისო პრინციპების საფუძველზე.
3. სტანდარტის გამოყენება ნებაყოფლობითია.
4. შესაბამის სფეროში უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს.
5. სტანდარტის შემუშავებისას გამოიყენება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თანამედროვე მიღწევები.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6937 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ.
მუხლი 67. სტანდარტის მიღების პრინციპები
1. საქართველოში სტანდარტი მიიღება საქართველოს სტანდარტის სახით და რეგისტრირდება ამ თავის შესაბამისად.
2. საქართველოში შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სტანდარტები რეგისტრაციის გარეშე.
3. სტანდარტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.
4. საქართველოს სტანდარტად შეიძლება მიღებულ იქნე ს:
ა) საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად ამ კოდექსის 65-ე მუხლით განსაზღვრული სტანდარტები, რომლებსაც იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სააგენტო);
ბ) საერთაშორისო სტანდარტი ან ევროპული სტანდარტი, რომლის ქართულ ვერსიას განიხილავს სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი;
გ) სტანდარტი − ამ კოდექსის 68-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
5. საქართველოს სტანდარტად (სსტ) დარეგისტრირებული უნდა იქნეს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სტანდარტი, რომელსაც დაინტერესებული პირი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად გამოიყენებს. სტანდარტების რეესტრში სტანდარტის რეგისტრაციის ნომერი შედგება საერთაშორისო კოდიფიკაციის შესაბამისად. სტანდარტის რეგისტრაციის ნომრის პირველი სამი ასო (სსტ) აღნიშნავს საქართველოს სტანდარტს (ლათინურად − GES), მომდევნო ასოებით გამოიხატება ევროპული ორგანიზაციის ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული იმ სტანდარტის აბრევიატურა, რომელიც საქართველოს სტანდარტად (სსტ) მიიღება (ასეთი სტანდარტის არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ მითითებულია სტანდარტის რიგითი ნომერი სტანდარტების რეესტრის წარმოებისა და სტანდარტის მიღების წესის შესაბამისად.
6. სააგენტო არ განიხილავს იმ სფეროს სტანდარტის პროექტს, რომელშიც საერთაშორისო სტანდარტი, ევროპული სტანდარტი ან მათი პროექტები არსებობს.
7. სააგენტო სტანდარტიზაციის ტექნიკურ კომიტეტს განსახილველად არ გადასცემს იმ სფეროს სტანდარტის პროექტს, რომელშიც:
ა) საერთაშორისო სტანდარტი, ევროპული სტანდარტი ან მათი პროექტები არსებობს;
ბ) სტანდარტზე ფართო მოთხოვნილება არ არის.
8. საერთაშორისო სტანდარტი ან ევროპული სტანდარტი საქართველოს სტანდარტად (სსტ) მიიღება სტანდარტის „თავფურცლის“ თარგმნის მეთოდითაც.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ.
მუხლი 68. სტანდარტის შემუშავება და მიღება
1. საქართველოში სტანდარტის პროექტი შეიძლება შეიმუშაოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა. თუ პირს სურს მის მიერ შემუშავებული სტანდარტის საქართველოს სტანდარტად რეგისტრაცია, მან უნდა მიმართოს სააგენტოს დასაბუთებით, რომ მის მიერ წარმოდგენილი პროექტით განსაზღვრულ სფეროში არის ფართო მოთხოვნა სტანდარტზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტანდარტი გამიზნულია ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად.
2. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ტექნიკური კომიტეტის მიერ საკითხის განხილვის მიზანშეწონილობის შესახებ.
3. სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი კონსენსუსით იღებს გადაწყვეტილებას სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობის შესახებ. სააგენტოს მიერ სტანდარტების რეესტრში სტანდარტის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტოს გენერალური დირექტორი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს.
3¹. სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას სტანდარტის განხილვის დროებით შეჩერების ან სტანდარტის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე. სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი სააგენტოს წარუდგენს სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობაზე უარის თქმის დასაბუთებას და მას თავის ოქმში ასახავს.
4. სააგენტოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განმცხადებელს უფლება აქვს, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაასაჩივროს.
5. სტანდარტს სამართლებრივი სტატუსი ენიჭება სააგენტოს მიერ ამ სტანდარტის სტანდარტების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. სტანდარტების რეესტრის წარმოებისა და სტანდარტის რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს სააგენტოს გენერალური დირექტორი.
6. (ამოღებულია - 18.07.2024, №4373).
7. (ამოღებულია - 18.07.2024, №4373).
8. (ამოღებულია - 18.07.2024, №4373).
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ.
მუხლი 69. სტანდარტის ნებაყოფლობითობა და ხელმისაწვდომობა
1. საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სტანდარტის, მათ შორის, მეთოდის, შერჩევა ნებაყოფლობითია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს მთავრობის სამართლებრივ აქტში მითითებულია კონკრეტული სტანდარტის შესრულების სავალდებულოობა.
2. პირს უფლება აქვს, გამოიყენოს საწარმოს შიდა სტანდარტი ან სხვა სტანდარტი, თუ ამით დაკმაყოფილდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის მოთხოვნები. ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მტკიცების ტვირთი მწარმოებელზე გადადის.
3. დეკლარირებული სტანდარტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. რეგისტრირებული სტანდარტი შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026წ.
მუხლი 70. ტექნიკური კომიტეტი
1. სააგენტო დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით ცალკეულ სფეროებში, საჭიროების/პრიორიტეტულობის გათვალისწინებით ქმნის სტანდარტიზაციის ტექნიკურ კომიტეტებს. დაინტერესებული მხარეები სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის მუშაობაში ნებაყოფლობით, თანასწორობის საფუძველზე მონაწილეობენ.
2. სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის ფუნქციაა, კონსენსუსით მიიღოს გადაწყვეტილება სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობის ან სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობაზე უარის თქმის შესახებ.
3. ტექნიკური კომიტეტის შექმნის პროცედურა დგინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ.
მუხლი 70¹. სტანდარტიზაციის საბჭო
1. სტანდარტიზაციის საბჭო არის სააგენტოს საკონსულტაციო ორგანო, რომელიც იქმნება დაინტერესებული მხარეებისგან თანასწორობის საფუძველზე და მონაწილეობს სტანდარტიზაციის სფეროს პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციების განხილვასა და შემუშავებაში.
2. სტანდარტიზაციის საბჭოს შექმნისა და მის მიერ საქმიანობის განხორციელების წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
3. სტანდარტიზაციის საბჭო საქმიანობას ახორციელებს გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობის, ღიაობისა და სტანდარტიზაციის სხვა პრინციპების საფუძველზე.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ.
მუხლი 71. სააგენტო
ამ თავით და ამავე კოდექსის VII თავით განსაზღვრულ საქმიანობას ახორციელებს სააგენტო, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სააგენტოს დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი .
მუხლი 72. სააგენტოს ძირითადი ფუნქციები
სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სტანდარტების რეესტრის წარმოება და მათი ნუსხის საჯაროობის უზრუნველყოფა;
ბ) დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრის წარმოება;
გ) დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპების დამტკიცება / აღიარება და დამოწმება;
დ) რეგისტრირებული სტანდარტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ე) საქართველოში რეგისტრირებული სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების თაობაზე ინფორმაციის შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაცვლის უზრუნველყოფა;
ვ) სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში მოქმედ საერთაშორისო და ევროპულ ორგანიზაციებში საქართველოს წარმოდგენა – თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში დადებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა;
თ) სახელმწიფო ეტალონების შენახვა, ფიზიკური სიდიდეების ერთეულების ზომების აღწარმოება, გადაცემა და მათი მიკვლევადობის უზრუნველყოფა დაკალიბრების მეშვეობით;
ი) სააგენტოს მომსახურებისათვის საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის შემუშავება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული სხვა უფლებების განხორციელება და ვალდებულებების შესრულება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ.
მუხლი 73. სააგენტოს ხელმძღვანელი და მისი სამართლებრივი აქტები
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
2. სააგენტოს გენერალური დირექტორი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონის მიზნების განსახორციელებლად გამოსცემს ნორმატიულ აქტებს − ბრძანებებს და ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტებს − განკარგულებებს.
3. სააგენტოს გენერალური დირექტორი წარმართავს სააგენტოს ყოველდღიურ საქმიანობას.
მუხლი 74. სააგენტოს ანგარიში
1. სააგენტო ვალდებულია თავის მიერ განხორციელებული უფლებამოსილებისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარუდგინოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
2. სააგენტოს ყოველწლიური ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი პირისათვის.
მუხლი 75. მეტროლოგიის ინსტიტუტი
1. სააგენტოში არსებობს სტრუქტურული ერთეული – მეტროლოგიის ინსტიტუტი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კოდექსით.
2. მეტროლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს სააგენტოს გენერალური დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
მუხლი 76. სააგენტოს ქონება და დაფინანსება
1. დასახული მიზნების განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.
2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;
ბ) სტანდარტების რეგისტრაციიდან და სააგენტოში რეგისტრირებული სტანდარტების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები;
გ) მეტროლოგიური საქმიანობიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა შემოსავლები.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების საფასურების გაანგარიშების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის საფასური დგინდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით.
მუხლი 77. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
2. სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას ყოველწლიურად ამოწმებს დამოუკიდებელი აუდიტორი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს სააგენტოს გენერალური დირექტორის არამართლზომიერი სამართლებრივი აქტი.
თავი VII. გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფა
მუხლი 78. ზოგადი დებულებები
ეს თავი ადგენს საქართველოში გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე მოთხოვნებს იმ გაზომვის საშუალებებისადმი:
ა) რომლებიც გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსისა და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისთვის;
ბ) რომელთა გაზომვის შედეგებიც გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული დაჯარიმებისათვის.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4916 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.
მუხლი 79. ტერმინთა განმარტება
ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გაზომვის ერთეული – ფიზიკური სიდიდის სპეციფიკური მნიშვნელობა, რომელიც მიღებულია მეტრული კონვენციის შესაბამისად და რომლითაც ერთგვაროვანი სხვა ერთეულების სიდიდეები შეედარება ერთმანეთს ამ სპეციფიკური სიდიდის მიმართ მათი მნიშვნელობის დამოკიდებულების გამოსახატავად;
ბ) გაზომვის საშუალება – ტექნიკური საშუალება, რომელიც გამოიყენება გაზომვისათვის და რომელსაც აქვს ნორმირებული მეტროლოგიური მახასიათებლები;
გ) დაკანონებული გაზომვის საშუალება – გაზომვის საშუალება, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო შესაბამისობის შეფასებას ან მეტროლოგიურ კონტროლს;
დ) გაზომვის საშუალების ტიპი – დოკუმენტაციის შესაბამისი კონკრეტული კონსტრუქციის გაზომვის საშუალების დასრულებული/სრულფასოვანი მოდელი;
ე) გაზომვის ერთეულის ეტალონი – გაზომვის საშუალება, რომელიც განკუთვნილია ფიზიკური სიდიდის ერთეულის ზომის აღწარმოებისათვის, შენახვისა და გადაცემისათვის;
ვ) დაკალიბრება – განსაზღვრულ პირობებში შესრულებული პროცედურა, რომელიც პირველ ეტაპზე ადგენს დამოკიდებულებას გაზომვის ეტალონებით/სტანდარტები თ უზრუნველყოფილ სიდიდეთა მნიშვნელობებსა (გაზომვის განუსაზღვრელობებით) და შესაბამის ჩვენებებს შორის (მათთან დაკავშირებული გაზომვის განუსაზღვრელობებით) და მეორე ეტაპზე იყენებს ამ ინფორმაციას დამოკიდებულების დადგენის საშუალებით ჩვენებ იდან გაზომვის შედეგის მისაღებად.
შენიშვნა: დაკალიბრება ნებაყოფლობითია და დაკალიბრების ხარჯები ეკისრება შემკვეთს. დაკალიბრებული ხელსაწყოთი ჩატარებული გაზომვები არ გამოიყენება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დასაკისრებლად;
ზ) გაზომვის საშუალების მიკვლევადობა – კონკრეტული გაზომვის საშუალების შესახებ ინფორმაცია, რომლითაც დგინდება ამ გაზომვის საშუალების კავშირი შესაბამის გაზომვის ერთეულის ეტალონ თან შედარებების/დაკალიბრების უწყვეტი ჯაჭვის მეშვეობით, რომელთაგან თითოეულს აქვს ცნობილი განუსაზღვრელობა;
თ) დაკანონებული გაზომვის საშუალების გამოსაყენებლად დაშვება – საქართველოს ბაზარზე გაზომვის საშუალების პირველადი განთავსება, მათ შორის, იმპორტი, გაზომვის საშუალების გავრცელების ან გამოყენების მიზნით;
ი) პირველადი დამოწმება – დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება, რომელიც მანამდე არ ყოფილა დამოწმებული, მისი ექსპლუატაციაში პირველად გაშვებამდე, ასევე შეკეთებული გაზომვის საშუალების დამოწმება შეკეთების შემდეგ ექსპლუატაციაში გაშვებამდე;
კ) დამოწმება – პროცედურა, რომელიც მოიცავს გაზომვის საშუალების გარეგან დათვალიერებას, დამოწმების ნიშნის დატანას ან/და დამოწმების მოწმობის გაცემას, რომელიც ადასტურებს, რომ გაზომვის საშუალება შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 80. დაკანონებული გაზომვის საშუალებები
1. დაკანონებული გაზომვის საშუალებებია ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი გაზომვის საშუალებები, რომლებიც გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსის ან/და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისთვის, აგრეთვე რომელთა გაზომვის შედეგებიც გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული დაჯარიმებისთვის.
2. დაკანონებული გაზომვის საშუალებების სავალდებულო დამოწმებისათვის განისაზღვრება შემდეგი პერიოდულობა:
ა) ალკომეტრებისთვის, რომლებიც გამოიყენება სუნთქვის დროს ალკოჰოლის ანალიზისთვის, – 6 თვე;
ბ) წყლის ხარჯმზომებისთვის:
ბ.ა) ცივი წყლისა – 6 წელი;
ბ.ბ) ცხელი წყლისა – 4 წელი;
ბ.გ) ცივი და ცხელი წყლისა – 4 წელი;
გ) ავტომატური სასწორებისთვის – 12 თვე;
დ) არაავტომატური სასწორებისა და მათთან გამოყენებული საწონებისთვის – 12 თვე;
ე) ხარჯის საზომი საშუალებებისთვის, რომლებიც გამოიყენება სითხეებისთვის (წყლის გარდა), – 1 წელი;
ვ) ხარჯის საზომი საშუალებებისთვის – ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმებისთვის, რომლებიც გამოიყენება გაზებისთვის, – 1 წელი;
ზ) გაზის მრიცხველებისთვის (მოცულობის გარდამქმნელი მოწყობილობებისთვის):
ზ.ა) მაქსიმალური ხარჯით QMAX ≤10 მ³/სთ – 10 წელი;
ზ.ბ) მაქსიმალური ხარჯით QMAX>10 მ³/სთ – 4 წელი;
თ) ჭურჭელში (ცისტერნა, ავზი და სხვა) სითხის დონის მზომებისთვის – 2 წელი;
ი) ხმაურმზომებისთვის – 18 თვე;
კ) სიჩქარის მზომებისთვის – 1 წელი;
ლ) ელექტროენერგიის მრიცხველებისთვის (აქტიური ელექტროენერგიის მრიცხველებისთვის) – 12 წელი;
მ) მინის შუქგამტარობის განმსაზღვრელი ხელსაწყოებისთვის – 1 წელი;
ნ) თერმული ენერგიის მრიცხველებისთვის − 4 წელი;
ო) სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი აირების ანალიზატორებისთვის − 6 თვე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი დაკანონებული გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმებისა და სავალდებულო პერიოდული დამოწმების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება პირს, რომელიც გაზომვის საშუალებას იყენებს ადმინისტრაციული დაჯარიმების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსისა და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისთვის. დაკანონებული გაზომვის საშუალების არაპერიოდული დამოწმების ჩატარება შეიძლება მოითხოვოს აღნიშნული გაზომვის საშუალების მომხმარებელმა. ამ შემთხვევაში არაპერიოდული დამოწმების ხარჯების ანაზღაურება თავად მომხმარებელს ეკისრება.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სფეროში განხორციელებული გაზომვების შედეგების დაფიქსირებისას გამოყენებულ ი უნდა იქნეს ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ერთეულები.
5. დაფასოებული საქონლის ნიშანდებისათვის ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ერთეულებთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი აღნიშვნები, გამოსახული ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ერთეულებისაგან განსხვავებულ ერთეულებში.
6. დაკანონებული გაზომვის საშუალებისადმი მოთხოვნები და მისი შენახვის წესი დგინდება ტექნიკური რეგლამენტით. ასევე ტექნიკური რეგლამენტით დგინდება დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაცია ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით.
7. საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოყენებული დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმების ჩატარება არ უნდა იწვევდეს მისი მომხმარებლისათვის წყლის, ელექტროენერგიის ან გაზის მიწოდების შეფერხებას, თუ დამოწმების ჩატარება მას არ მოუთხოვია.
შენიშვნა: მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“−„ე“, „ზ“, „თ“, „ლ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გაზომვის საშუალებები, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, განისაზღვრება აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4916 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ.
მუხლი 81. სახელმწიფო (ეროვნული) ეტალონი
1. სახელმწიფო (ეროვნული) ეტალონი უმაღლესი სიზუსტით ახდენს გაზომვის ერთეულის მნიშვნელობის აღწარმოებას, ინახავს მას და არის გაზომვების ერთიანობისა და სისწორის საფუძველი საქართველოში.
2. სახელმწიფო (ეროვნული) ეტალონი უნდა იყოს საერთაშორისო ან სხვა ქვეყნების სახელმწიფო ეტალონების მიმართ შედარებადი ან ერთგვაროვანი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ჩატარებული გაზომვების თავსებადობა (შესაბამისობა).
3. სახელმწიფო (ეროვნული) ეტალონის შენახვას უზრუნველყოფს სააგენტო.
4. სააგენტო ვალდებულია გამოაქვეყნოს ინფორმაცია სახელმწიფო (ეროვნული) ეტალონის გაუქმების თაობაზე.
მუხლი 82. გაზომვის საშუალების ტიპის დამტკიცება და დამოწმება
1. დაკანონებული გაზომვის საშუალება (გარდა ნიმუშის სახით წარმოებული ან/და ნიმუშის სახით იმპორტირებული გაზომვის საშუალებისა) საჭიროებს ტიპის დამტკიცებას და ექვემდებარება პირველად და პერიოდულ დამოწმებას.
2. განსაკუთრებული დანიშნულებით ერთეულ ეგზემპლარად შემოტანილი გაზომვის საშუალება არ საჭიროებს ტიპის დამტკიცებას და ექვემდებარება პირველად და პერიოდულ დამოწმებას.
3. დაკანონებული გაზომვის საშუალების ტიპს ა მტკიცებს სააგენტო.
4. დაკანონებული გაზომვის საშუალების პირველად და პერიოდულ დამოწმებას ახორციელებს სააგენტო ან დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი აკრედიტებული პირი. დამოწმება ხორციელდება ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების, შეცვლის ა და გაუქმების მექანიზმებს.
5. სააგენტო ვალდებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიაროს სხვა ქვეყანაში დამტკიცებული ტიპი და პირველადი დამოწმება (შესაბამისობის შეფასება). ასეთი ქვეყნების ნუსხას ადგენს საქართველოს მთავრობა.
6. სააგენტო უფლებამოსილია ტიპის დამტკიცებისას ან განსაკუთრებული დანიშნულებით ერთეულ ეგზემპლარად დამზადებული გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმებისას მოითხოვოს გაზომვის საშუალების ტექნიკური დოკუმენტაცია ქართულ ენაზე.
7. დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში რეგისტრირდება აგრეთვე ის გაზომვის საშუალებები, რომელთა ტიპის დამტკიცების დოკუმენტაციაში ან მწარმოებლის დოკუმენტაციაში მითითებული დამოწმებათაშორისი ინტერვალი ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ პერიოდზე ნაკლებია. ამ შემთხვევაში დამოწმებათაშორისი ინტერვალი ამ კოდექსის მე- 80 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პერიოდია.
მუხლი 83. ტიპის დამტკიცების ნიშანი
1. ტიპის დამტკიცების შემდეგ მწარმოებელი ან იმპორტიორი ვალდებულია ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი დაიტანოს დაკანონებულ გაზომვის საშუალებაზე ან თანდართულ დოკუმენტზე.
2. თუ გაზომვის საშუალება არ საჭიროებს ტიპის დამტკიცებას, მწარმოებელს ან იმპორტიორს, საკუთარი პასუხისმგებლობით, შეუძლია საკუთარი ნიშანი დაიტანოს გაზომვის საშუალებაზე. ამ შემთხვევაში ასეთი ნიშანი მკაფიოდ უნდა განსხვავდებოდეს ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნისაგან.
3. ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი დატანილი უნდა იქნეს დაკანონებული გაზომვის საშუალების გამოსაჩენ ადგილას. ტიპის დამტკიცების ნიშანი მკაფიო უნდა იყოს და არ უნდა იშლებოდეს.
4. ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი და მის დატან ასთან დაკავშირებული მოთხოვნები დგინდება ტექნიკური რეგლამენტით.
მუხლი 84. დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება
1. დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება მოიცავს გარეგან დათვალიერებას, მეტროლოგიური მახასიათებლების დადგენას, დამტკიცებულ ტიპთან მისი შესაბამისობის შეფასებასა და დადასტურებას.
2. დაკანონებული გაზომვის საშუალების პერიოდული დამოწმება ტარდება პირველადი დამოწმების შემდეგ, ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პერიოდულობით.
3. თუ სააგენტო ან აკრედიტებული პირი დამოწმებას ატარებს თავისი სამუშაო ადგილის გარეთ, ის უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს გაზომვის საშუალების დამოწმების ჩასატარებლად აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა.
4. დამოწმების დადებითი შედეგების შემთხვევაში გაიცემა დამოწმების მოწმობა ან/და დაკანონებულ გაზომვის საშუალებაზე დაიტანება დამოწმების ნიშანი. დაკანონებულ გაზომვის საშუალებაზე დამოწმების ნიშნის დატანასთან დაკავშირებული მოთხოვნები დგინდება ტექნიკური რეგლამენტით.
5. დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმების მოქმედების ვადის ათვლა იწყება დამოწმების თარიღიდან, რომელიც მითითებული უნდა იყოს დამოწმების მოწმობაში.
6. დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება უქმდება, თუ:
ა) დამოწმების მოქმედების ვადა გავიდა;
ბ) გაზომვის საშუალებამ განიცადა ისეთი ცვლილება ან მოდიფიკაცია, რომელიც გავლენას ახდენს მის მეტროლოგიურ მახასიათებლებზე;
გ) გაზომვის საშუალება ისე დაზიანდა, რომ შესაძლებელი გახდა მისი მეტროლოგიური მახასიათებლის შეცვლა.
7. დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმების პროცედურები დგინდება ტექნიკური რეგლამენტით.
მუხლი 85. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვა
1. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვა ტარდება გაზომვის შედეგების თაობაზე დავის წარმოშობ ის შემთხვევაში, დაინტერესებული მხარის ან სახელმწიფო ორგანოს მოთხოვნით.
2. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარების წესი დგინდება ტექნიკური რეგლამენტით.
მუხლი 86. სახელმწიფო რეესტრი
1. სახელმწიფო (ეროვნული) ეტალონები და დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპები რეგისტრირებული უნდა იქნეს სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სააგენტო.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რეესტრის ფორმასა და წარმოების წესს ადგენს სააგენტო.
3. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს სახელმწიფო რეესტრში არსებული ინფორმაციის მუდმივი განახლება და საჯაროობა.
თავი VIII. შესაბამისობის შეფასება
მუხლი 87. მოქმედების სფერო
1. ეს კოდექსი ადგენს შესაბამისობის შეფასების ობიექტის – მასალის, პროდუქტის, მომსახურების, პროცესის, სისტემის, პირის − შესაბამისობის შეფასების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. ამ კოდექსის შესაბამისად ხორციელდება შესაბამისობის შეფასების ობიექტის ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება.
3. შესაბამისობის შეფასების სავალდებულოობა დგინდება კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში ან შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე, რომლის მიზანია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსა თვის ზიანის მიყენების თავიდან აცილება.
4. დაუშვებელია პროდუქტის შესაბამისობის შეფასების მოთხოვნა ბაზარზე განთავსებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი მოთხოვნა უშუალოდ ტექნიკური რეგლამენტიდან გამომდინარეობს.
5. პროდუქტი, რომელიც შეკეთდა ბაზარზე განთავსების დროს, თავდაპირველი ფუნქციის, ტიპის და მიზნის ცვლილების გარეშე, არ ექვემდებარება ხელახალ შესაბამისობის შეფასებას, თუ ტექნიკური რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. რეგულირებული სფეროს გარდა, სხვა სფეროში შესაბამისობის შეფასება ნებაყოფლობითია, მათ შორის, პროდუქტის ბაზარზე განთავსებისათვის, და ხორციელდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 88. ტერმინთა განმარტება
ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვ ს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აღიარება – სხვა პირის მიერ დადგენილი შესაბამისობის შეფასების შედეგების აღიარება უფლებამოსილი პირის მიერ;
ბ) ცალმხრივი აღიარება − აღიარება, რომლის მიხედვით ერთი მხარე იღებს ან აღიარებს მეორე მხარის შესაბამისობის შეფასების შედეგებს;
გ) ორმხრივი აღიარება − აღიარება, რომლის მიხედვით თითოეული მხარე იღებს ან აღიარებს მეორე მხარის შესაბამისობის შეფასების შედეგებს;
დ) მრავალმხრივი აღიარება − აღიარება, რომლის მიხედვით ორზე მეტი მხარე აღიარებს ან იღებს თითოეული მხარის შესაბამისობის შეფასების შედეგებს;
ე) სერტიფიკაცია – აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ პროდუქტის, ფიზიკური პირის (პერსონალის) ან ორგანიზაციის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა/დადასტურება;
ვ) შესაბამისობის დეკლარაცია – დოკუმენტი, რომლითაც მწარმოებელი ადასტურებს წარმოებული ან/და ბაზარზე განთავსებული პროდუქტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
ზ) ტესტირება (გამოცდა) – შესაბამისობის შეფასების ობიექტის ერთი ან მეტი მახასიათებლის განსაზღვრა პროცედურების შესაბამისად;
თ) ინსპექტირება – პროდუქტის საპროექტო დოკუმენტაციის, პროდუქტის, პროცესის ან მონტაჟის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ან პროფესიული განსჯის საფუძველზე მისი ზოგად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. პროცესის ინსპექტირება შეიძლება მოიცავდეს პირის, ტექნიკური საშუალების, მოწყობილობის, ტექნოლოგიისა და მეთოდოლოგიის შემოწმებას.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ.
მუხლი 89. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასების მოდულები და ქვემოდულები
1. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასება შეიძლება განხორციელდეს მოდულებით (ქვემოდულებად).
2. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასების მოდულებია:
ა) მოდული A − შიდა საწარმოო კონტროლი – შესაბამისობის შეფასება, რომელსაც ახორციელებს მწარმოებელი;
ბ) მოდული B − პროდუქტის ნიმუშის (პროტოტიპის) შესაბამისობის შეფასება, რომელსაც ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო;
გ) მოდული C − ტიპთან შესაბამისობა, დაფუძნებული შიდა საწარმოო კონტროლზე − შესაბამისობის შეფასება, როდესაც უფლებამოსილი ორგანო გამოცდის პროდუქტის კონკრეტულ მახასიათებლებს და შერჩევით ამოწმებს დადგენილ მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობას;
დ) მოდული D − ტიპთან შესაბამისობა, დაფუძნებული წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფაზე − შესაბამისობის შეფასება, როდესაც უფლებამოსილი ორგანო საწარმოში ამოწმებს წარმოების ხარისხის სისტემას ან მის ნაწილებს და ზედამხედველობს სისტემის სათანადო ფუნქციონირებას;
ე) მოდული E − ტიპთან შესაბამისობა, დაფუძნებული პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფაზე − შესაბამისობის შეფასება, როდესაც უფლებამოსილი ორგანო საწარმოში ამოწმებს პროდუქტის ხარისხის სისტემას ან მის ნაწილებს და ზედამხედველობს სისტემის სათანადო ფუნქციონირებას;
ვ) მოდული F – შესაბამისობა, დაფუძნებული პროდუქტის შემოწმებაზე − სერტიფიცირებულ ტიპთან ან დადგენილ მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობის შემოწმება, რომელსაც ახორციელებს მწარმოებელი, იმპორტიორი, აკრედიტებული ან უფლებამოსილი ორგანო თითოეულ პროდუქტზე ან სტატისტიკურად შერჩეულ ნიმუშზე;
ზ) მოდული G − შესაბამისობა, დაფუძნებული თითოეული პროდუქტის შემოწმებაზე − უფლებამოსილი ორგანოს მიერ თითოეული პროდუქტის ყველა დადგენილ მოთხოვნასთან შესაბამისობის შემოწმება;
თ) მოდული H – შესაბამისობა, დაფუძნებული ხარისხის სრულ უზრუნველყოფაზე − უფლებამოსილი ორგანოს მიერ საწარმოში ხარისხის სისტემის სათანადო ფუნქციონირების ზედამხედველობა და, საჭიროების შემთხვევაში, დაპროექტების ეტაპზე ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობის შეფასება.
3. შესაბამისობის შეფასების მოდულები და ქვემოდულები და მათთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
4. კონკრეტული ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება შესაბამისობის შეფასების ის მოდული (ქვემოდული) ან მათი კომბინაცია, რომელიც ადგენს მოქმედებათა თანამიმდევრობას შესაბამისობის შეფასებისას, რომლის შედეგები განიხილება, როგორც შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის მტკიცებულება, და რომლის საფუძველზედაც გაიცემა შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. რეგულირებულ სფეროში დაუშვებელია შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე შესაბამისობის შეფასების ობიექტის ბაზარზე განთავსება ან ფუნქციონირება, თუ ეს ტექნიკური რეგლამენტით არის გათვალისწინებული.
6. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასების ობიექტის ბაზარზე განმათავსებელი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს წარუდგინოს დადგენილ მოთხოვნებთან ობიექტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 90. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო
რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასების განხორციელების უფლება აქვს დადგენილი წესით აკრედიტებულ ან სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილ სხვა ორგანოს, ასევე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნების შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 91. შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები
შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტებია:
ა) შესაბამისობის დეკლარაცია – დოკუმენტი, რომლითაც მწარმოებელი ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
ბ) შესაბამისობის სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომლითაც აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
გ) ინსპექტირების სერტიფიკატი, ანგარიში ან ოქმი – დოკუმენტი, რომლითაც აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო ადასტურებს ან არ ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ.
მუხლი 92. საზღვარგარეთ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი
1. პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნებში დადგენილი წესით გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები აღიარებულად ითვლება დამატებითი პროცედურების გარეშე. ასეთ შემთხვევაში შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნეს ინგლისურ ენაზე ან ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანით. ასეთი ქვეყნების ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაბამისობის შეფასებას ახორციელებს საქართველოში ან MRA-ის (ურთიერთაღიარების შეთანხმება)/MLA-ის (მრავალმხრივი აღიარების შეთანხმება), ILAC-ის (საერთაშორისო თანამშრომლობა ლაბორატორიების აკრედიტაციაში), IAF (აკრედიტაციის საერთაშორისო ფორუმი), EA-ის (ევროპული თანამშრომლობა აკრედიტაციაში) ხელმომწერ სახელმწიფოში აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირი.
მუხლი 93. შესაბამისობის ნიშანი
1. შესაბამისობის ნიშანი მიუთითებს, რომ პროდუქტის შესაბამისობის შეფასება განხორციელებულია და პროდუქტი შეესაბამება მოქმედი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
2. შესაბამისობის ნიშანი პროდუქტზე დაიტანება ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და გათვალისწინებული სახით/წესით.
3. შესაბამისობის ნიშანს პროდუქტზე მის ბაზარზე განთავსებამდე დაიტანს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირი.
4. პროდუქტზე შეიძლება დატანილ იქნეს სხვა ნიშანიც, თუ იგი არ გამოიწვევს შესაბამისობის ნიშანთან აღრევას და არ შეამცირებს მის აღქმადობას.
მუხლი 94. პროდუქტის ნიშანდება
1. პროდუქტის ნიშანდება არის პასუხისმგებელი პირის მიერ იმის დეკლარირება, რომ:
ა) პროდუქტი შეესაბამება ახალი მიდგომის ტექნიკურ რეგლამენტებს და საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და საკუთრებას;
ბ) პროდუქტს გავლილი აქვს შესაბამისობის შეფასების პროცედურები.
2. ნიშანი პროდუქტზე დატანილი უნდა იქნეს ნათლად, ადვილად უნდა იკითხებოდეს და მარტივად არ უნდა იშლებოდეს პროდუქტზე ან მის მონაცემების ნაწილზე. თუ პროდუქტი არ იძლევა ამის საშუალებას, ნიშანი დატანილი უნდა იქნეს პროდუქტის შეფუთვაზე და თანმხლებ დოკუმენტებზე, თუ ეს ტექნიკური რეგლამენტით არის მოთხოვნილი.
3. საქართველოში საქართველოს ბაზრისთვის წარმოებული პროდუქტი, რომელიც ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტებით რეგულირდება, წარმოებული უნდა იყოს ამ რეგლამენტების შესაბამისად. ასეთ პროდუქტზე დაიტანება GE ნიშანი.
4. პროდუქტის ნიშანდების წესი და ნიშნის ფორმა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
5. ევროკავშირში მოქმედი მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი CE ნიშნის მქონე პროდუქტი საქართველოში დაიშვება დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე.
მუხლი 95. ხანდაზმულობის ვადა
შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ინახება პროდუქტის წარმოების ბოლო დღიდან 6 წლის განმავლობაში მაინც, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტექნიკური რეგლამენტით ან კანონით სხვა ვადაა დადგენილი.
თავი IX. აკრედიტაცია
მუხლი 96. აკრედიტაციის ეროვნული სისტემა
1. აკრედიტაცია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის (შემდგომ − აკრედიტაციის ცენტრი) მიერ განხორციელებული საექსპერტო შეფასება, რომლის საფუძველზედაც იგი აკრედიტაციის მოწმობის გაცემით ადასტურებს, რომ შესაბამისობის შემფასებელი ორგანო აკმაყოფილებს სათანადო კანონმდებლობით, სტანდარტით ან/და სექტორული სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. აკრედიტაცია ნებაყოფლობითია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საკანონმდებლო აქტით ან მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტით პირდაპირ არის განსაზღვრული აკრედიტაციის სავალდებულოობა.
3. აკრედიტაციის ცენტრი დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიების, სერტიფიკაციის ორგანოების (გარდა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისა), ინსპექტირების ორგანოების (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების, დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი ორგანოს) და სხვა ტიპის შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების აკრედიტაციას როგორც საქართველოში, ისე მისი ფარგლების გარეთ.
4. აკრედიტაციის ცენტრი საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და არადისკრიმინაციულად, საქართველოს კანონმდებლობის, აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიღებული აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების, შესაბამის აკრედიტაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებული სტანდარტებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების საფუძველზე.
5. აკრედიტაციის ცენტრი თავად წარმართავს აკრედიტაციის სისტემასთან დაკავშირებულ პროცესს და პასუხისმგებელია შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებისთვის.
6. აკრედიტაციის ცენტრი არ არის შესაბამისობის შემფასებელი ორგანო.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ.
მუხლი 97. აკრედიტაციის ეროვნული სისტემის საფუძველი
1. აკრედიტაციის ეროვნული სისტემა ემყარება ერთიან მიზნებს, წესებსა და პრინციპებს. სხვადასხვა ტიპის შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების აკრედიტაცია ხორციელდება და აკრედიტაციის ეროვნულ სისტემასთან დაკავშირებული სათანადო საკითხები განისაზღვრება აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების საფუძველზე, რომლებიც ემყარება შესაბამის აკრედიტაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო დოკუმენტებს.
2. აკრედიტაციის წესები და პროცედურები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
3. აკრედიტაციის ცენტრი საქმიანობას ახორციელებს აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად დაინტერესებულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
4. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოსთვის აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში გაიცემა აკრედიტაციის მოწმობა.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ.
მუხლი 98. აკრედიტაციის მოწმობა და მისი ვადა
1. აკრედიტაციის მოწმობა არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი. იგი გაიცემა აკრედიტაციის ცენტრის მიერ განსაზღვრული ვადით, რომელიც ყველა ტიპის აკრედიტებული ორგანოებისთვის საერთოა.
2. აკრედიტაციის მოწმობის გაცემა ადასტურებს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს კომპეტენტურობას, დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას შესაბამისობის შეფასების (შშ) კონკრეტულ სფეროში სპეციფიკური საქმიანობის განსახორციელებლად. აკრედიტაციის სფერო, რომლის ფარგლებშიც აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საქმიანობა, აკრედიტაციის მოწმობის განუყოფელი ნაწილია.
3. აკრედიტაციის მოწმობის ვადის განმავლობაში აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უნდა აკმაყოფილებდეს აკრედიტაციის წესებითა და პროცედურებით დადგენილ მოთხოვნებს.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ.
მუხლი 99. აკრედიტაციის ცენტრი
1. აკრედიტაციის ცენტრი საქმიანობას ახორციელებს არაკომერციულ საწყისებზე. აკრედიტაციის ცენტრის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
2. აკრედიტაციის ცენტრს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წარდგინებით.
3. აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს − განკარგულებებს.
4. აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების თანახმად ახორციელებს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების პირველად აკრედიტაციას, აგრეთვე აკრედიტებული ორგანოების აკრედიტაციის შენარჩუნების, განმეორებითი აკრედიტაციის, აკრედიტაციის სფეროს გაფართოების, აკრედიტაციის შემცირების, შეჩერების ან გაუქმების მიზნით განსახორციელებელ სათანადო ღონისძიებებს.
5. აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციასთან დაკავშირებულ სამუშაოებს აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების თანახმად ახორციელებს შესაბამისობის შემფასებელ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, დადგენილი საფასურის სანაცვლოდ, რომლის ოდენობასა და განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
6. აკრედიტაციის ცენტრი საჭიროების შემთხვევაში ქმნის სექტორულ ტექნიკურ კომიტეტებს, რომლებიც აკრედიტაციის ცენტრს რეკომენდაციების გაცემით/წინადადებების წარდგენით უწევენ კონსულტაციას სპეციფიკური ტექნიკური საკითხების გადასაწყვეტად.
7. აკრედიტაციის ცენტრი დაინტერესებული პირის მიმართვის შემთხვევაში აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების თანახმად განიხილავს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს ან აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საჩივარს.
8. აკრედიტაციის ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. აღნიშნული სამინისტრო უფლებამოსილია გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
9. აკრედიტაციის ცენტრი ამზადებს თავისი საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს და მას წარუდგენს აკრედიტაციის ეროვნულ საბჭოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. აკრედიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს ამ ანგარიშის დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომობას.
10. აკრედიტაციის ცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმოადგენს საქართველოს შესაბამის საერთაშორისო და ევროპულ ორგანიზაციებში;
ბ) თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ქვეყნების აკრედიტაციის ორგანოებთან.
11. აკრედიტაციის ცენტრს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად და მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.
12. აკრედიტაციის ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;
ბ) აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის (ამ საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა) სახით მიღებული შემოსავალი, მათ შორის:
ბ.ა) აკრედიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელებით მიღებული შემოსავალი;
ბ.ბ) დაინტერესებული პირისთვის ხელშეკრულების საფუძველზე სწავლების/ტრენინგის ჩატარებით მიღებული შემოსავალი;
ბ.გ) კონფერენციის ორგანიზებით მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული სხვა შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ.
მუხლი 100. აკრედიტაციის ეროვნული საბჭო
1. აკრედიტაციის ეროვნული საბჭო არის აკრედიტაციის ცენტრის საკონსულტაციო ორგანო, რომელიც იქმნება დაინტერესებული მხარეებისგან თანასწორობის საფუძველზე და მონაწილეობს აკრედიტაციის სისტემის პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციების განხილვასა და შემუშავებაში.
2. აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს შექმნისა და მის მიერ საქმიანობის განხორციელების წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ.
მუხლი 101. აკრედიტებული ორგანოების რეესტრი
1. აკრედიტაციის ცენტრი აწარმოებს და მუდმივად აახლებს აკრედიტებული ორგანოების რეესტრს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას.
2. აკრედიტებული ორგანოების რეესტრის ფორმა და წარმოების წესი მტკიცდება აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ.
მუხლი 102. აკრედიტაციის სიმბოლო
1. აკრედიტაციის სიმბოლო არის აკრედიტაციის ცენტრის საკუთრებაში არსებული სასაქონლო ნიშანი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისადაა რეგისტრირებული და დაცული.
2. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოსთვის აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უფლებამოსილია აკრედიტაციის სიმბოლო გამოიყენოს მხოლოდ აკრედიტაციის მოწმობის დანართით განსაზღვრული კონკრეტული საქმიანობის სფეროში. საქმიანობის არააკრედიტებულ სფეროში განხორციელებისას აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენება ან აკრედიტებულ სტატუსზე სხვაგვარი მითითება დაუშვებელია.
3. აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო პასუხისმგებელია აკრედიტაციის სიმბოლოს სწორად გამოყენებისთვის. აკრედიტაციის სიმბოლო გამოყენებული არ უნდა იქნეს ისეთ პირობებში, რომლებმაც შეიძლება დამკვეთს ან/და მომხმარებელს აკრედიტებულ სტატუსთან დაკავშირებით მცდარი წარმოდგენა შეუქმნას.
4. აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენებით აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო აცხადებს, რომ მის კომპეტენტურობას, დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას აკრედიტაციის ცენტრი ადასტურებს და იგი აკმაყოფილებს აკრედიტაციისთვის დადგენილ შესაბამის მოთხოვნებს.
5. აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენება ან აკრედიტებულ სტატუსზე მითითება არ გულისხმობს იმას, რომ აკრედიტაციის ცენტრი პასუხისმგებელია აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ თავისი საქმიანობის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის, ანგარიშის ან ოქმის შინაარსის შედეგებისთვის.
6. აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენების დამატებითი წესები და პირობები დგინდება და აკრედიტაციის სიმბოლოს არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებული შესაბამისი საკითხები განისაზღვრება აკრედიტაციის წესებითა და პროცედურებით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ.
თავი X. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 103. გარდამავალი დებულებები
1. შესაბამისმა უწყებებმა 2013 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობას წარუდგინონ მისაღები ტექნიკური რეგლამენტების პროექტები მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების (ნორმების, წესების, ინსტრუქციების, მოთხოვნების) რევიზიის შედეგად.
2. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 აპრილამდე დაამტკიცოს და გამოაქვეყნოს საქართველოში მოქმედი/რეგისტრირებული ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა.
3. საქართველოს მთავრობამ წელიწადში ერთხელ გამოაქვეყნოს ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრირებული, მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების განახლებული სია.
4. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 მარტამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა ტექნიკური რეგლამენტები საქართველოში სამოქმედოდ არის დაშვებული.
5. ამ კოდექსის ამოქმედებამდე სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი, რომელიც შინაარსობრივად ტექნიკური რეგლამენტია, ექვემდებარება ამ კოდექსის 57-ე მუხლით დადგენილი შესაბამისი ფორმით გამოცემას და ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრაციას.
6. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ განსაზღვროს მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესი.
7. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ დაადგინოს ამ ავე კოდექსის 21-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევისათვის სადაზღვევო კომპანიების შერჩევის კრიტერიუმები და დაზღვევის წესი .
8. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა უზრუნველყოს ამავე კოდექსის მოთხოვნათა თავის ნორმატიულ აქტებში ასახვა.
9. 2013 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კოდექსის მე-18 მუხლი ს მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება და დადგენილი წესით მიღება.
10. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10¹. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბებამდე და ფუნქციონირების დაწყებამდე ამ კოდექსის 27¹მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე რეაგირებისა და შესაბამისი ჯარიმის დაკისრების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას.
11. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
12. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულება და საშტატო ნუსხა.
13. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის უფლებამონაცვლედ, გარდა ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა.
14. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის უფლებამონაცვლედ 1998 − 2003 წლებში წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების (შრომის ანაზღაურების, სხვა საქონლისა და მომსახურების) ნაწილში ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
15. შესაბამისმა უწყებებმა 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ამ კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების კოდექსთან შესაბამისობა.
16. ამ მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებამდე მოქმედებს ამ კოდექსის 104-ე მუხლით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები.
17. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყო ნ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებში სათანადო ცვლილებების შეტანა არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობების განსაზღვრის მიზნით.
18. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 მარტამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების მიერ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები აღიარებულია საქართველოში.
19. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 მარტამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს იმ ქვეყნებიდან იმპორტირებული, შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესი, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ მუხლის მე-18 ნაწილში აღნიშნულ დადგენილებაში.
20. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 მარტამდე განსაზღვროს იმ ქვეყნების ნუსხა, რომლებშიც წარმოებულია რეგულირებული სფეროსთვის მიკუთვნებული პროდუქტი, რომელიც საქართველოს ბაზარზე განთავსდება შეზღუდვის გარეშე.
21. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 ივნისამდე განსაზღვროს შესაბამისობის შეფასების მოდულები და ქვემოდულები და მათთან დაკავშირებული პროცედურები.
22. ამ კოდექსის 89-ე მუხლით დადგენილი მოდულების შესაბამისად ქვემოდულები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
23. საქართველოს მთავრობა ადგენს იმ ქვეყნების ა და იურისდიქციების ნუსხას, რომელთა შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტი საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაიშვება.
24. ამ კოდექსთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის მიზნით საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტისთვის შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტების წარდგენა.
25. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე 2012 წლამდე არ განხორციელდეს ამ კოდექსით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი.
26. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება ამავე კოდექსის ამოქმედებამდე არსებულ ყველა არაფუნქციონირებად/მიტოვებულ, დანგრეულ შენობა-ნაგებობაზე, რომლებიც მოექცევა ამავე კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ ზონაში, ხოლო 6-თვიანი ვადის დინება დაიწყება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის მიერ იმავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ზონის განსაზღვრის შესახებ მიღებული აქტის ამოქმედების დღიდან.
27. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება ამავე კოდექსის 46-ე და 47-ე მუხლებით გათვალისწინებულ იმ სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებაზედაც, რომლებიც მის ამოქმედებამდე დაიწყო.
28. ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებული, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რომელზედაც გადაწყვეტილება არ არის მიღებული, დასრულდეს ამავე კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
29. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სამართალმემკვიდრე.
30. ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე მეწარმე სუბიექტის სტანდარტი (მსტ) ჩაითვალოს საწარმოს შიდა სტანდარტად. იგი რეგისტრაციას არ საჭიროებს.
31. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ნოემბრამდე უზრუნველყოს:
ა) პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის კატეგორიების განსაზღვრის წესის დამტკიცება;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცება;
გ) პროდუქტის ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვის, რეალიზაციის შეჩერებისა და განადგურების წესის დამტკიცება.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6606- ვებგვერდი, 10.07.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 19 დეკემბრის კანონი №114 - ვებგვერდი, 27.12.2012წ.
საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2757 – ვებგვერდი, 19.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3689 – ვებგვერდი, 07.11.2018წ.
მუხლი 103¹. დარღვევით განხორციელებული მშენებლობების ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი
1. ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის (გარდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) მომატებისათვის დაწესებული თანხის გადაუხდელობისა) და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომლის მიერ ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჩადენილია ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევა (გარდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) მომატებისათვის დაწესებული თანხის გადაუხდელობისა), თუმცა მის მიმართ არ არის დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ არ არის გამოტანილი დადგენილება, თავისუფლდება ამ კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან, თუ მათ მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა გამოსწორებულია ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ან გამოსწორდება ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორებისათვის შემოწმების ჩატარებას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე უზრუნველყოფს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო, რომელიც შემოწმების შედეგებს აფორმებს წერილობით და უგზავნის მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობის დადასტურების შესახებ დასკვნის მიღების მიზნით. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო იხილავს დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევით/შეუსრულებლობით განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობას და გასცემს დასკვნას განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობის დადასტურების შესახებ. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო აგრეთვე უფლებამოსილია გასცეს განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობის დადასტურების შესახებ დასკვნა სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოში დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის პირობით. დადებითი დასკვნის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო:
ა) იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა სამშენებლო საქმიანობის სფეროში ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის და ამ ნაწილის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, ძალადაკარგულად აცხადებს დადგენილებას ჯარიმის ან/და საურავის დაკისრების შესახებ და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე;
ბ) იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომლის მიერ ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჩადენილია სამშენებლო სამართალდარღვევა, თუმცა მის მიმართ არ არის დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ არ არის გამოტანილი დადგენილება, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე ან იღებს დადგენილებას დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოქმედება ვრცელდება იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებზედაც ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის დასრულებულია „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 88-ე მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული სამუშაოები. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია დამკვეთს წერილობით განუსაზღვროს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოების იმავე პროექტით განსაზღვრული მოსაპირკეთებელი მასალისა და ფერის დაცვით დასრულების ვალდებულება.
4. ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა ამ კოდექსით (გარდა ამ კოდექსის 45-ე მუხლისა) გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, თუ მის მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა გამოსწორებულია ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ან გამოსწორდება ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორებისათვის ამავე მუხლის ამოქმედებამდე დადგენილი წესით.
5. ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დაეკისრა სამმაგი ოდენობის ჯარიმა და იგი არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, აგრეთვე ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელიც ექვემდებარებოდა აღნიშნული მუხლით განსაზღვრული სამმაგი ოდენობის ჯარიმის დაკისრებას და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის არა აქვს იგი დაკისრებული, თავისუფლდებიან სამმაგი ოდენობის ჯარიმის ან მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან. სამშენებლო სამართალდარღვევების გამოსასწორებლად სამართალდამრღვევ სუბიექტებს განესაზღვრებათ ახალი 6-თვიანი ვადა, რომელიც აითვლება ამ მუხლის ამოქმედების დღიდან.
6. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ სამშენებლო დოკუმენტის დარღვევამ გამოიწვია დადგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილება, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დამატებით წარუდგინოს ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ახალი გაანგარიშება ან/და სართულის (სართულების) გეგმები შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით.
7. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობის დადასტურებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თუ სამშენებლო დოკუმენტში ცვლილება შეიტანება ან/და ახალი ნებართვა გაიცემა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით გათვალისწინებული წესით, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში დამკვეთი თავისუფლდება ჩადენილი დარღვევისათვის ჯარიმის (მათ შორის, უკვე დაკისრებულის) გადახდის ვალდებულებისაგან.
8. განცხადება ამ მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სამშენებლო სამართალდარღვევებზე ჯარიმის/საურავის ან მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების ან/და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ უფლებამოსილ ორგანოში შეტანილ უნდა იქნეს ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.
9. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) მეხუთე კლასისთვის მიკუთვნებულ შენობა-ნაგებობებზე;
ბ) ამ კოდექსის 46-ე და 47-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამშენებლო სამართალდარღვევებზე;
გ) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უძრავ ძეგლებზე.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2013 წლის 28 ივნისის კანონი № 798 – ვებგვერდი, 15 .07.2013წ.
მუხლი 103². სამშენებლო სამუშაოების დარღვევით განხორციელებისათვის სამართალდამრღვევი სუბიექტის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების დროებითი წესი
1. სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელმაც 2007 წლის 1 იანვრიდან ამ მუხლის ამოქმედების დროისათვის სანებართვო პირობების დარღვევით ან უნებართვოდ განახორციელა მშენებლობადამთავრებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები (შენობა-ნაგებობის, მზიდი კონსტრუქციების, ექსტერიერის რეკონსტრუქცია) ან 2015 წლის 20 აპრილის მდგომარეობით მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს წერილობითი დასტურის დარღვევით განახორციელა შენობა-ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები (შენობა-ნაგებობის სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლის მოწყობა და ქანობზე ღიობის/ღიობების გამოჭრა), რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს ან/და რომლებიც არ ცვლის შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდისაგან და ამ კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან, თუ მის მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა ამ მუხლის ამოქმედების დროისათვის გამოსწორებულია ან თუ ეს სამშენებლო სამართალდარღვევა გამოსწორდება ან მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ დადასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში.
2. შენობა-ნაგებობის (ობიექტის) ან მისი ნაწილის მესაკუთრე ან სხვა უფლებამოსილი პირი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მოთხოვნით და დარღვევით განხორციელებული მშენებლობის დასადასტურებლად მიმართავს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში.
3. სამართალდამრღვევი სუბიექტის მიერ შესაბამისი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის გამოცემული აქტის, შენობა-ნაგებობის (ობიექტის) მზიდი კონსტრუქციების მდგრადობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნის და განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ დასკვნის წარდგენის შემდეგ მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს საკითხს და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული წესით ადასტურებს დარღვევით განხორციელებულ მშენებლობას უკვე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (შენობა-ნაგებობის, მზიდი კონსტრუქციების, ექსტერიერის რეკონსტრუქცია) გათვალისწინებით, რაც იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმის/საურავის ან მისი ნაწილის სახით გადახდილი თანხა სამართალდამრღვევ სუბიექტს არ უბრუნდება.
5. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) მეხუთე კლასის შენობა-ნაგებობაზე;
ბ) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უძრავ ძეგლზე.
6. ამ კოდექსის 46-ე მუხლის 2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდეს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2019 წლის 15 ოქტომბრის კანონის ამოქმედებამდე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში განსაზღვრულ ზონაში მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში მშენებლობის განმახორციელებელი პირი. ასეთ შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტისა და პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2017 წლის 28 ივნისის კანონი №1117 - ვებგვერდი, 10.07.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 15 ოქტომბრის კანონი №5099 – ვებგვერდი, 21.10.2019წ.
მუხლი 103³. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია ექსპლუატაციაში მიიღოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობა, მათ შორის, შენობა-ნაგებობების კომპლექსის დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი მშენებლობადამთავრებული ობიექტი (შემდგომ − ობიექტი), რომელზედაც გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა და რომლის მშენებლობა წარმოებულია შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით (მათ შორის, განაშენიანების რეგულირების პარამეტრების ცვლილებით, ფუნქციური ზონირების დარღვევით) ან შეუსაბამო მიწის ნაკვეთზე. ეს ნაწილი ვრცელდება აგრეთვე იმ ობიექტზე, რომელზედაც მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის, თუმცა მისი მშენებლობა დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის არეალშია წარმოებული.
2. ექსპლუატაციაში მიღება ეხება იმ ობიექტს, რომელზედაც გაცემულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის ნებართვა და რომლის მშენებლობა, 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით, დამთავრებულია, აგრეთვე იმ ობიექტს, რომელზედაც მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის, თუმცა იგი დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის არეალშია განთავსებული და მისი მშენებლობა, 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით, დამთავრებულია.
3. ამ მუხლის მიზნებისთვის მშენებლობადამთავრებულ ობიექტად მიიჩნევა ის ობიექტი, რომლის ძირითადი კონსტრუქციული სისტემისა და ექსტერიერის სამშენებლო სამუშაოები, გარდა მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოებისა, დამთავრებულია.
4. დაინტერესებულმა პირმა ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უნდა მიმართოს ამ მუხლის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში.
5. დაინტერესებული პირი ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარუდგენს განცხადებას. ამ განცხადებას უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ობიექტის არსებული მდგომარეობის ამსახველი ტოპოგრაფიული გეგმა;
ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და შესაბამისი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, რომელზედაც ნაჩვენებია საექსპლუატაციო ობიექტი;
გ) ობიექტის არქიტექტურული პროექტი და ობიექტის არსებული მდგომარეობის ამსახველი აზომვითი ნახაზი;
დ) ობიექტის ფოტოსურათები;
ე) აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული, ობიექტის მზიდი კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა;
ვ) საჭიროების შემთხვევაში − აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნა ტექნოლოგიური სქემის/პროექტის თაობაზე;
ზ) ობიექტის შიდა გეგმარების ან მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოების დარღვევით განხორციელების შემთხვევაში − შესაბამის პირთა თანხმობა;
თ) ავტოსადგომების სავალდებულო, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტით გათვალისწინებული რაოდენობის (ასეთი ვალდებულების შეთანხმებული არქიტექტურული პროექტით არსებობის შემთხვევაში), ხოლო აღნიშნული პროექტის არარსებობისას − ამ ობიექტისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ავტოსადგომების რაოდენობის არარსებობის შემთხვევაში − შესაბამის პირთა თანხმობა;
ი) ობიექტში მოწყობილი ტექნოლოგიური მოწყობილობების (ლიფტის, ესკალატორის და სხვა) (ასეთი მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში) გამოცდის აქტები.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის შესაბამის პირთა თანხმობის არსებობის საჭიროებას და ამ პირთა წრეს განსაზღვრავს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.
7. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოები განახორციელოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთან შეთანხმებით, ამ მუხლის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში, რაც დამატებით მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს. ამ ნაწილით განსაზღვრული განსახორციელებელი სამუშაოები უნდა შეესაბამებოდეს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის პრინციპებს, ხოლო მშენებლობის ნებართვის არარსებობისას − დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის არეალში არსებული სხვა შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის პრინციპებს (ასეთი პროექტის არსებობის შემთხვევაში).
8. ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სხვა პირებთან თანასწორობის ხელშეწყობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული უნდა იქნეს გონივრული მისადაგების პრინციპი.
9. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული დოკუმენტაციის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის წარდგენის შემდეგ იგი ადასტურებს დარღვევით წარმოებულ მშენებლობას განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების გათვალისწინებით. იგი ვალდებულია ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ან ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ამ ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს მისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 6 თვის ვადაში. მის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ეს ვადა 6 თვით გრძელდება. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. ამ ვადაში აღნიშნული გადაწყვეტილების მიუღებლობა პირს არ უზღუდავს უფლებას, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს განმეორებით წარუდგინოს განცხადება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით.
10. ამ მუხლის შესაბამისად ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება არ ნიშნავს:
ა) მიჯნის ზონის დარღვევით განხორციელებული სამუშაოების კანონიერებას;
ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) მომატებისთვის დაწესებული თანხის გადახდისგან გათავისუფლებას.
11. ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე, მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან კერძო და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ან შესაბამისი პირობების შესრულება უშუალოდ ამ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით. ამ ნაწილის თანახმად მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარუდგენლობა ან შესაბამისი პირობების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
12. ის სამშენებლო სამართალდამრღვევი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამ კოდექსის 44-ე და 45-ე მუხლებით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) მომატებისთვის დაწესებული თანხის გადაუხდელობისა) და რომელსაც ამ მუხლის ამოქმედების მომენტისთვის ჯარიმის/საურავის თანხა გადახდილი არა აქვს ან ნაწილობრივ აქვს გადახდილი, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისგან, ხოლო ის სამშენებლო სამართალდამრღვევი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედების მომენტისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჩადენილი აქვს ამ კოდექსის 44-ე და 45-ე მუხლებით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევა (გარდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) მომატებისთვის დაწესებული თანხის გადაუხდელობისა) და რომლის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებული არ არის ან დაწყებულია, მაგრამ დადგენილება მიღებული არ არის, თავისუფლდება ამ კოდექსის 44-ე და 45-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან.
13. ის სამშენებლო სამართალდამრღვევი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე, ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამმაგი ოდენობის ჯარიმა დაეკისრა და იგი გადახდილი არა აქვს ან ნაწილობრივ აქვს გადახდილი, აგრეთვე ის სამშენებლო სამართალდამრღვევი, რომელიც ექვემდებარებოდა აღნიშნული მუხლით განსაზღვრული სამმაგი ოდენობის ჯარიმის დაკისრებას და რომელსაც ამ მუხლის ამოქმედების მომენტისთვის იგი დაკისრებული არა აქვს, თავისუფლდება სამმაგი ოდენობის ჯარიმის ან მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისგან.
14. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო:
ა) იმ სამშენებლო სამართალდამრღვევის მიმართ, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამ მუხლის მე-12 და მე-13 ნაწილებით გათვალისწინებული, სამშენებლო საქმიანობის სფეროში სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისთვის და რომელსაც ამ ნაწილის ამოქმედების მომენტისთვის ჯარიმის/საურავის თანხა გადახდილი არა აქვს ან ნაწილობრივ აქვს გადახდილი, ძალადაკარგულად აცხადებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ ან/და სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის საურავის დარიცხვის შესახებ;
ბ) იმ სამშენებლო სამართალდამრღვევის მიმართ, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედების მომენტისთვის ჩადენილი აქვს ამ მუხლის მე-12 და მე-13 ნაწილებით გათვალისწინებული, სამშენებლო საქმიანობის სფეროში სამშენებლო სამართალდარღვევა და რომლის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებული არ არის, არ დაიწყებს შესაბამისი საქმის წარმოებას, ხოლო თუ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ დადგენილება მიღებული არ არის, იღებს დადგენილებას დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
15. ამ მუხლის მე-12−მე-14 ნაწილები ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელმაც კანონის დარღვევით განახორციელა სამშენებლო საქმიანობა იმ ობიექტზე, რომელიც ექსპლუატაციაში ამ მუხლის შესაბამისად იქნება მიღებული.
16. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უძრავ ძეგლზე;
ბ) იმ სუბიექტზე, რომლის საქმიანობა, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის თანახმად, ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარებას;
გ) იმ სუბიექტზე, რომელიც ახორციელებს „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ საქმიანობას.
17. ამ მუხლის მიზნებისთვის დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს პირვანდელი მესაკუთრე/დამკვეთი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირი, რომლის კანონიერი ინტერესი დასტურდება როგორც ინდივიდუალურად, ისე საერთო/თანაზიარი უფლების/ინტერესის სახით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2021 წლის 12 ივლისის კანონი №723 – ვებგვერდი, 14.07.2021წ.
მუხლი 104. დასკვნითი დებულებები
1. ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) საქართველოს 1996 წლის 20 მარტის კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ “ (პარლამენტის უწყებანი, №007, 30.04.96, გვ. 7);
ბ) საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი „სტანდარტიზაციის შესახებ “ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 162);
გ) საქართველოს 1996 წლის 6 სექტემბრის კანონი „ პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17 ოქტომბერი, 1996, გვ. 25);
დ) საქართველოს 1996 წლის 6 სექტემბრის კანონი „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ “ (პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17 ოქტომბერი, 1996, გვ. 36);
ე) საქართველოს 2010 წლის 8 აპრილის კანონი „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ “ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 19.04.2010, მუხ. 112).
2. 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ ყველა ტექნიკური რეგლამენტი (ნორმები, წესები, ინსტრუქციები, მოთხოვნები), რომლებიც სათანადო წესით არ იქნება მიღებული, ძალადაკარგულად ჩაითვლება.
3. ეს კოდექსი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 8 მაისი.
№6157- Iს
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2012 წლის 19 დეკემბრის კანონი №114 - ვებგვერდი, 27.12.2012წ.
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.