ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

II კვარტალში ფასების ზრდის მოლოდინი ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში ფიქსირდება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის მიხედვით, II კვარტალში ფასების ზრდას გამოკითხული კომპანიების 25% ვარაუდობს. აღსანიშნავია, რომ კომპანიების 18%-მა I კვარტალში გაყიდვების ფასები უკვე გაზარდა.
ძირითადი სექტორი, რომელმაც ფასები უკვე გაზარდა (30%) და კვლავ გეგმავს (40%), მშენებლობაა. ფასების ზრდის დინამიკა ყველაზე ნაკლებად მომსახურების სექტორში შეინიშნება, ვინაიდან 2024 წლის I კვარტალში ფასები მხოლოდ 14%-მა გაზარდა.
„I კვარტალში, ფასების ზრდას პროცენტულად ყველაზე მეტი კომპანია მშენებლობის სექტორში აფიქსირებს, რაც შესაძლოა, უძრავ ქონებაზე მაღალ მოთხოვნას უკავშირდებოდეს. ასევე, 2024 წლის II კვარტალში, ფასების ზრდის მოლოდინი ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში ფიქსირდება“,- აღნიშნულია კვლევაში.
გაყიდვების მხრივ 2024 წლის I კვარტალის მდგომარეობას ყველაზე პოზიტიურად მშენებლობის სექტორში აფასებენ. ხოლო, II კვარტალისთვის ყველაზე პოზიტიური მოლოდინი ვაჭრობის სექტორში ფიქსირდება. ამასთან, I კვარტალის მდგომარეობას გაყიდვების მიმართულებით ყველაზე ნეგატიურად ვაჭრობის სექტორში აფასებენ: ვაჭრობის სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 52%-მა განაცხადა, რომ მათი გაყიდვები მცირდება, რაც 2023 წლის I კვარტალთან შედარებით 24 პროცენტული პუნქტით გაუარესებული მაჩვენებელია.
რაც შეეხება დასაქმებას, I კვარტალში, გამოკითხულთა 30%-მა განაცხადა, რომ მათთან დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება. რაც შეეხება II კვარტალის მოლოდინს, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას კომპანიების 47% ელის. დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ გასული კვარტალის მდგომარეობას ყველაზე პოზიტიურად მშენებლობის სექტორში აფასებენ და მოლოდინის პოზიტიური შეფასებითაც აღნიშნული სექტორი გამოირჩევა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მსგავსია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.