FT: უკრაინაზე მოლაპარაკებებში CIA-ს დირექტორის როლი შესაძლოა, გაიზარდოს

CIA-ის დირექტორი ჯონ რეტკლიფიAl Drago/Bloomberg via Getty Imagesგამოცემა Financial Times ხუთ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთსა და უკრაინასთან მოლაპარაკებებში CIA-ს დირექტორ ჯონ რეტკლიფისთვის უფრო დიდი როლის მინიჭებას განიხილავს.
რეტკლიფთან დაახლოებულმა ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ევროპელ კოლეგებს აცნობეს, რომ CIA-ს დირექტორი მოსკოვსა და კიევს შორის დიპლომატიურ პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთვება და ორივე ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებთან კავშირებს შეინარჩუნებს.
ამასთან, თეთრი სახლი მოლაპარაკებებზე უკრაინის საკითხზე სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის როლის შემცირებასაც განიხილავს.
FT-ს ცნობით, ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და უიტკოფმა შესაძლოა, რეტკლიფთან ერთად მუშაობა გააგრძელოს.
თუმცა, თეთრმა სახლმა Financial Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. “მთელი ეს ამბავი სრულიად ყალბი ინფორმაციაა და ეფუძნება დაბალი რანგის ანონიმურ ‘წყაროებს’, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რაზე საუბრობენ.” – განაცხადა თეთრმა სახლმა.