EU-ში უკრაინის “დაჩქარებულ” გაწევრიანებაზე კითხვები კიდევ 8 ქვეყანას აქვს – The Guardian

The Guardian-ის ინფორმაციით, უნგრეთი არ არის ევროკავშირის ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უკრაინის გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურას, მაშინ როცა, ისეთი ქვეყნები, როგორიც ბოსნია და ჰერცოგოვინაა, უკან რჩებიან.
გამოცემა აქვეყნებს ევროკავშირის 9 ქვეყნის (ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, ხორვატია, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი, სლოვენია და სლოვაკეთი) საერთო განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ „მნიშვნელოვანია, არსებობდეს დაბალანსებული მიდგომა და ერთი და იგივე სტანდარტები და კრიტერიუმები იყოს გამოყენებული ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის“.
9 ქვეყნის საერთო განცხადება 12 დეკემბრით თარიღდება.
9 ქვეყნის განცხადება, ფოტო: The Guardian
მანამდე, 11 დეკემბერს, ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არსებულ პირობებში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას არ დათანხმდებოდა. მისი თქმით, არავის არ უნდა ჰქონდეს ევროკავშირი გაწევრიანებისთვის განსაკუთრებული პირობები. როგორც ავსტრიის კანცლერმა განაცხადა, უკრაინის მიმართ პრეფერენციები არ უნდა იყოს, განსაკუთრებით, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან შედარებით.
თუმცა The Guardian-ის ცნობით, ერთ-ერთმა წამყვანმა ევროპელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის უკრაინას რეფორმების 80% აქვს შესრულებული, რაც საჭიროა გაწევრიანების მოლაპარაკებებისკენ პირველი ნაბიჯის გადასადგმელად. ამასთან, დიპლომატის თქმით, მოსალოდნელია, რომ საჭირო რეფორმებს 100%-ით გაზაფხულზე დაასრულებს. რაც შეეხება ბოსნიას და ჰერცოგოვინას, დიპლომატის თქმით, ამ ქვეყანამ მხოლოდ 20% შეასრულა.
14-15 დეკემბერს ევროპული საბჭოს სამიტზე ევროკავშირის ლიდერები გაფართოების პოლიტიკას განიხილავენ. 27 ქვეყნის ლიდერმა გადაწყვეტილება ერთსულოვნად უნდა მიიღოს უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ამ დროისთვის უკრაინისთან მოლაპარაკებების დაწყებას ღიად ეწინააღმდეგება უნგრეთი.
გარდა ამისა, ევროპულის საბჭოს სამიტზე შემდეგ ეტაპზე გადასვლას ელოდება ბოსნია და ჰერცოგოვინა, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს. ნოემბერში ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცოგოვინასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გასცა, რომ როგორც კი დაკმაყოფილდება წევრობის კრიტერიუმები, დაიწყება შემდგომი ნაბიჯების გადადგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…