Bloomberg: 2017-20 წლებში რუსეთის FSB-მ საქართველოში სამინისტროები, სებ და ცესკო დაჰაკა

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსულ FSB-სთან დაკავშირებული ჯაშუშები წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებსა და მსხვილ კომპანიებს ჰაკერული კამპანიის ფარგლებში, რა დროსაც აგროვებდნენ ინფორმაციას კრიტიკული ინფრასტრუქტურის პოტენციური საბოტაჟისთვის.
Bloomberg-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებისა და ტექნიკური ანგარიშების თანახმად, საუბარია 2017-დან 2020 წლამდე პერიოდზე, როდესაც რუსმა ჰაკერებმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში, ეროვნული ბანკისა და ენერგეტიკისა და სატელეკომუნიკაციო საკვანძო პროვაიდერების სისტემებში შეაღწიეს.
Bloomberg-ის სტატიაში ნათქვამია, რომ შეტევა განხორციელდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგაც და ამ შეტევის ფარგლებში, რუსულმა GRU-მ მოიპოვა წვდომა რამდენიმე ელექტრონული ფოსტის ანგარიშზე. ასევე, აღნიშნულია, რომ ამავე დაჯგუფების მიერ დაიჰაკა მათ შორის ტელეკომპანია იმედი და მაესტრო, ასევე, მოიპოვეს წვდომა საქართველოს რკინიგზის კომპანიის IT სისტემებზე.
Bloomberg წერს, რომ FSB-სთან კავშირში მყოფმა ჰაკერულმა ჯგუფმა მრავალთვიანი ფარული ოპერაცია ჩაატარა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, ჯგუფმა შეაღწია სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირების ელექტრონულ ფოსტებში და მოიპოვა საქართველოს საელჩოების მონაცემები მთელი მსოფლიოდან.
გამოცემა წერს, რომ ამ საკითხზე კითხვით მიმართა FSB-სა და GRU-ს, თუმცა პასუხი არ დაუბრუნეს.
მასალა ახლდება
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ოქტომბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.