Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას “ფსიქოლოგიურ ოპერაციად” მიიჩნევს

Anthropic-ის ყოფილმა მკვლევარმა, ჯეიკობ კოქსონმა, კომპანია პროტესტის ნიშნად დატოვა. მან საჯაროდ განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრია ტექნოლოგიას უპასუხისმგებლოდ ავითარებს და კაცობრიობის სიცოცხლით თამაშობს. კომპანიის სხვა თანამშრომლებიც უერთდებიან მის ამ გაფრთხილებას, რომ ახალმა მოდელებმა უახლოეს ათწლეულში, შესაძლოა, ადამიანთა გადაშენება გამოიწვიოს.
ასევე იხილეთ: ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
საპასუხოდ ილონ მასკი და პლატფორმა X-ის სხვა კონსერვატორი ფიგურები მეცნიერთა შეშფოთებას “ფსიქოლოგიურ ოპერაციად” (Psyop) და დადგმულ სცენარად მიიჩნევენ. მილიარდერის აზრით, მიმდინარე მოვლენები ხელოვნური ინტელექტის დისკრედიტაციისკენ მიმართულ კარგად დაგეგმილ კამპანიას ჰგავს.
Anthropic-ის უსაფრთხოების განყოფილების სპეციალისტი ანა ვანგი განმარტავს, რომ ჯერ არ არსებობს ქმედითი გეგმა, რომელიც თვითგანვითარებადი მოდელებთან დაკავშირებულ რისკებს გადაჭრის. კოლეგის პოზიციას იზიარებს დრეიკ ტომასიც, რომელიც მიიჩნევს, რომ ხელოვნური სუპერინტელექტი (ASI) ზედმეტად სწრაფი ტემპით ვითარდება. ევან ჰუბინგერის, კომპანიაში უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელის, პროგნოზით, კაცობრიობის განადგურების ალბათობა 10%-ზე მაღალია; იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ინდუსტრია აპოკალიფსის პოტენციალთან გამკლავებას ვერ ახერხებს.
X-ზე მასკმა მომხდარს “მოწყობილი პროვოკაცია” უწოდა. საპასუხოდ კოქსონმა მილიარდერს სელფი გაუგზავნა და დაუწერა, რომ ის რეალური ადამიანია ნამდვილი შეხედულებებით, მის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას კი მასკი xAI-ის მკვლევრებთან შეძლებდა, ისინი სამსახურიდან რომ არ გაეყარა.
ამის პარალელურად, კონსერვატიული ანალიტიკური ცენტრის (Capital Research) მკვლევარი პარკერ თაიერი აჟღერებს მოსაზრებას, რომ პროცესი დემოკრატების მიერ მხარდაჭერილ PR კამპანიას ემსახურება, რათა სფეროს მკაცრი რეგულაციები დაუწესონ.
ბრალდებების საპასუხოდ Anthropic-ის ოფიციალური წარმომადგენლობა განმარტავს, რომ კომპანია მოდელებს ინდუსტრიაში ყველაზე მკაცრი დამცავი მექანიზმებით ქმნის. ამავდროულად, წამყვანი მეცნიერი გერი მარკუსი ყურადღებას არა ჰიპოთეტურ გადაშენებაზე, არამედ უკვე არსებულ კატასტროფულ საფრთხეებზე ამახვილებს, მათ შორის AI-გენერირებულ პათოგენებსა და კიბერთავდასხმებზე.
ამ მოვლენების ფონზე Anthropic-მა ახალი ანგარიშიც გამოაქვეყნა, რომელშიც აღწერილია, როგორ აღკვეთეს AI მოდელის გამოყენებით ბიოლოგიური იარაღის შექმნის მცდელობა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.