ყურძნის ფასის მომატების შემდეგ, მევენახეებმა ყვარლის ქარხანაში მოსავლის ჩაბარება დაიწყეს.
როგორც კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ განაცხადა, მთავრობამ შუალედური გადაწყვეტილება მიიღო – გათვალისწინებულია ხალხის ინტერესებიც და ღვინის ხარისხის შენარჩუნების საკითხიც.
„ძალიან კარგი პოზიციებია შეთავაზებული მოსახლეობასთან. ვფიქრობ, მოსახლეობა კმაყოფილებით შეხვდა. ხედავთ, რომ ქარხანა გაიხსნა, მიმდინარეობს ჩაბარების პროცესი. მთავრობა არასდროს ყოფილა ხალხისგან შორს, არც დღეს არის. ეს გადაწყვეტილება მიღებულია ხალხზე ორიენტირებისთვის, მათი ყოფის შესამსუბუქებლად,“ – განაცხადა კალმახელიძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებას აფასებენ მევენახეებიც. მათი ნაწილისთვის ფასთა ცვლილება მისაღებია, ნაწილი კი გადაწყვეტილებით კმაყოფილია.
„აქამდე არ იყო მისაღები, ახლა მისაღებია. მოვიტანე ყურძენი, შაქარი იყო 21-ზე ზემოთ. ჩავაბარე 1.5 ლარად. დღევანდელ გადაწყვეტილებას ვეთანხმები. რაც ვიცი, ამ გადაწყვეტილებას ყველა ეთანხმება და კმაყოფილები არიან,“ – აღნიშნა მევენახემ, დათო დათუნაშვილმა.
,,ფასები, რაც ჩვენ გავიგეთ, ხალხის ნაწილისთვის მისაღებია, ნაწილისთვის მიუღებელია, როგორც მე შევამჩნიე,“ – აღნიშნა კიდევ ერთმა მევენახემ.
ცნობისთვის, მევენახეების პროტესტის შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყურძნის ხარისხის მინიმალური მაჩვენებელი 17%-დან 16%-ზე ჩამოიწევს, ფასი კი 30 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზრდება. კერძოდ, მაღალკონდიციური ყურძნის შემთხვევაში, 20 გრადუსიდან ზემოთ საფერავი 1.50 ლარი ეღირება, 19 გრადუსიდან ზემოთ რქაწითელი და სხვა დანარჩენი ყურძენი კი 1.30 ლარი. დაბალკონდიციური ყურძნის შემთხვევაში, 16-დან 20 გრადუსამდე საფერავის ფასი 1 ლარი იქნება, 16-დან 19 გრადუსამდე რქაწითელის და სხვა დანარჩენი ყურძნის კი 90 თეთრი. მევენახეები ყვარელსა და გურჯაანში, ღვინის საწარმოებთან აქციას ორი დღის განმავლობაში მართავდნენ და ყურძნის ფასს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები დაკრეფილ მოსავალს არ აბარებდნენ.




