2026 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 17 პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული 910 შემოწირულების შესახებ ინფორმაცია შეისწავლა, რომლის თანხობრივი მაჩვენებლით ჯამში, 6 565 361 ლარს შეადგენს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტს წარუდგინა მოხსენება სახელწოდებით – „პოლიტიკური პარტიების, უცხოეთის აგენტების, უცხოური გრანტების მიმღებ და უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტთა ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ“.
აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წელს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულების სახით 5 522 000 ლარი მიიღო (161 შემომწირველი); მას მოჰყვება “ლელო“, რომელმაც 306 900 ლარი მიიღო (24 შემომწირველი); “ხალხის ძალა“ – 273 000 ლარი (7 შემომწირველი); “ნეიტრალური საქართველო“ – 197 329 ლარი (47 შემომწირველი); “თავისუფლების მოედანი“ – 125 106 ლარი (318 შემომწირველი); “ნაციონალური მოძრაობა“ – 51 097 ლარი (215 შემომწირველი), “ფედერალისტები“ – 41 045 ლარი (50 შემომწირველი); სხვა პარტიები – 48 524 ლარი (138 შემომწირველი).
ამავე დოკუმენტის მიხედვით, სახელისუფლო პარტიამ ყველაზე მეტი ოდენობის თანხა დახარჯა პოლიტიკური რეკლამისთვის. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2026 წელს მან 9 პოლიტიკური პარტიის სარეკლამო ხარჯის კანონიერების საკითხი შეამოწმა, რომლის თანხობრივი მაჩვენებელი 1 159 058 ლარია.
პარტიების მიერ პოლიტიკური რეკლამისთვის გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ასეთია:
„ქართული ოცნება“ – 941 905 ლარი, “ხალხის ძალა“ – 113 515 ლარი, “ლელო“ – 68 567 ლარი; “ნეიტრალური საქართველო“ – 29 393 ლარი, სხვა პარტიები – 5677.56 ლარი.
“პოლიტიკური პარტიების ფინანსური ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობისთვის სამსახური პოლიტიკურ პარტიებს აქტიურ რეჟიმში უწევს საკონსულტაციო მხარდაჭერას. 2026 წელს 14 პოლიტიკური პარტიის მიმართ 54 სატელეფონო კონსულტაცია განხორციელდა“, – აცხადებს აუდიტის სამსახური.




