“სრული მხარდაჭერა მაია კოხტაშვილს! არცერთი წამით არ ვეთანხმები წაყენებულ ბრალდებას. მან ეს გადაწყვეტილება საუკეთესო სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე მიიღო, რაც დანაშაულად ვერაფრით ჩაითვლება“

„ალბათ ყველა ადევნებს თვალყურს მიმდინარე მოვლენებს. უკვე რამდენიმე თვე, თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კანონი შეიცვალა. სამინისტროს არაერთი წერილი გავუგზავნეთ, პროფესიული საზოგადოების სახელით განცხადებები გამოვაქვეყნეთ, სხვადასხვა ორგანიზაციამ ერთობლივად სცადა ყურადღების მიპყრობა, რადგან სრულიად გაუმართლებელ წესს ვხედავთ. ეს რეგულაცია არც სამედიცინო და არც ადამიანური თვალსაზრისით არანაირ გამართლებას არ ექვემდებარება.

რას ვგულისხმობ: საუბარი გვაქვს ჩვეულებრივ მედიკამენტებზე. ჩვენ არ ვსაუბრობთ ნარკოტიკზე ან აკრძალულ ნივთიერებებზე. ვგულისხმობ პრეპარატებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ფსიქიკური თუ ემოციური მდგომარეობის სამკურნალოდ აუცილებლობით ინიშნება. ადამიანები ამ მედიკამენტებს წლების განმავლობაში იღებენ. წარმოიდგინეთ პაციენტი, რომელიც აღრიცხვაზე დგას ან ქრონიკული დაავადება აწუხებს და ამ პრეპარატებს ხანგრძლივად საჭიროებს.

წესი შემდეგნაირად მოქმედებდა: პაციენტი ექიმთან მიდიოდა. კერძო ექიმთან მიმართვა დამატებით ხარჯებს უკავშირდება და ოჯახს საკმაოდ ძვირი უჯდება, მაშინ როცა თავად მედიკამენტები მიზერული თანხა ჯდება. რეალურად კი სიტუაცია კიდევ უფრო გააძვირეს და გააუარესეს.

თავდაპირველად შემოიღეს წესი, რომლის მიხედვითაც ქრონიკული მდგომარეობის მქონე ადამიანი, რომელსაც წლების განმავლობაში დასაბუთებული და შესწავლილი დანიშნულება აქვს, ექიმთან ყოველთვიურად პირადად უნდა გამოცხადდეს. მნიშვნელობა არ აქვს, მწოლიარე რჩება თუ ფიზიკურად უძლურად გრძნობს თავს. პაციენტი თავად უნდა გამოცხადდეს ან ექიმი უნდა მივიდეს მასთან ბინაზე. ეს პროცესი ტრანსპორტირებასა და სხვა სერიოზულ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს.

შემდგომ დაუშვეს, რომ მედიკამენტის გამოტანა შვილს მინდობილობით შეეძლო, რასაც ასევე ვაპროტესტებდით. სულ ახლახან კი ახალი მოთხოვნა დააწესეს: მინდობილობაზე საუბარიც ზედმეტი გახდა, პაციენტი ყოველ 14 დღეში ერთხელ პირადად უნდა გამოცხადდეს ექიმთან და შემდეგ აფთიაქშიც თავად მივიდეს წამლის შესაძენად.

არადა, უმეტესწილად საქმე გვაქვს ხანდაზმულებთან, მწოლიარე პაციენტებთან, ნეიროკოგნიტური პრობლემებისა და დემენციის მქონე პირებთან, რომლებსაც საწოლიდან ადგომაც კი არ შეუძლიათ. წარმოიდგინეთ, რამხელა ბარიერს უქმნიან ოჯახს, ექიმსა და თავად პაციენტს. თანაც, აქ მიჩვევაზე არ მიდის საუბარი — ეს სამედიცინო გაიდლაინებით რეკომენდებულ და აუცილებელ დანიშნულებას წარმოადგენს კონკრეტული მდგომარეობების დროს.

ადამიანები ამ წამლებს წლების განმავლობაში იღებენ და უცებ ყველაფერი შეცვალეს. ამავდროულად, ვისაც ეს პრეპარატები არამიზნობრივად სჭირდება — სხვა ნივთიერებებთან კომბინაციაში ან მაღალი დოზებით გამოსაყენებლად — მათ შოვნას იატაკქვეშეთში უპრობლემოდ ახერხებს.

სრულიად გაოგნებული ვრჩები. როდესაც ასეთი მომხმარებლები მოდიან და დოზის გაზრდას მთხოვენ, კატეგორიულ უარს ვეუბნები, თუმცა მათთვის პრეპარატების მოპოვება დაბრკოლებას მაინც არ ქმნის. უბრალოდ, ეს ხუთჯერ ძვირი უჯდებათ. რეცეპტით აფთიაქში წამალი იაფი დაუჯდებოდათ, უკანონოდ კი გაცილებით ძვირს იხდიან და ნებისმიერ რაოდენობას თავისუფლად შოულობენ.

ქვეყანაში, სადაც უმძიმესი ნივთიერებები და ნარკოტიკები უპრობლემოდ ვრცელდება, დიაზეპამის, ლორაზეპამისა თუ ქსანაქსის შოვნას არაფერი უდგას წინ. ეს ხელოვნურად შექმნილ ჩრდილოვან სქემას ჰგავს, რომლის მეშვეობითაც ვიღაც დიდ თანხებს გამოიმუშავებს, ექიმებსა და პაციენტებს კი ცხოვრება გაუმწარეს.

ეს ცვლილებები სრულიად უსაფუძვლო ჩანს და არანაირი პოზიტიური შედეგი არ მოაქვს. პირიქით, პროცესმა იატაკქვეშ გადაინაცვლა. არამიზნობრივ მომხმარებლებს რეცეპტის გარეშეც არასდროს შექმნიათ მედიკამენტის შეძენის პრობლემა.

რაც შეეხება კოლეგის დაკავებას: სრული მხარდაჭერა ოთხი შვილის დედა ექიმს! არცერთი წამით არ ვეთანხმები წაყენებულ ბრალდებას. მან ეს გადაწყვეტილება საუკეთესო სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე მიიღო, რაც დანაშაულად ვერაფრით ჩაითვლება“, — ამბობს „მედსკრიპტუმთან“ ინტერვიუში ეკა ჭყონია, ფსიქიატრი.

შეგახსენებთ, რომ ახმეტაში ექიმი-ნევროპათოლოგი მაია კოხტაშვილი სამართალდამცავებმა დააკავეს. ოჯახის ახლობლების განმარტებით, ექიმს დახმარება მოქალაქემ სთხოვა, რომელმაც განაცხადა, რომ ლოგინად ჩავარდნილ დედას ძლიერი ტკივილების გამო კლინიკაში მისვლა არ შეეძლო და მედიკამენტი გადაუდებლად ესაჭიროებოდა. სწორედ აღნიშნული თხოვნის საფუძველზე გაცემული რეცეპტი გახდა სამართალდამცავების მხრიდან ექიმის დაკავების საფუძველი.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ