თაზო დათუნაშვილი „ქართულ ოცნებას“ – შეწყვიტეთ მოქალაქეების მოტყუება! აიღეთ პასუხისმგებლობა ერთწლიან ტყუილებზე, რომელმაც გააღარიბა ქართველი ხალხი და გააუქმეთ საწვავზე აქციზის გადასახადი დროებით!

შეწყვიტეთ მოქალაქეების მოტყუება! აიღეთ პასუხისმგებლობა ერთწლიან ტყუილებზე, რომელმაც გააღარიბა ქართველი ხალხი და გააუქმეთ საწვავზე აქციზის გადასახადი დროებით!- ასე მიმართა „ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა „ქართლი ოცნების“ ხელისუფლებას.

თუმცა მან ამასთანავე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რადგან არ ადარდებს ქართველი ხალხის ინტერესები, მათი გაღარიბება და არის ხელისუფლება, რომელიც „იხრჩობა რუსულ ფულში, კორუფციასა და ოქროს ზოდებში“.

„დღეს კიდევ ერთხელ გვინდა გაჩვენოთ ძალიან კონკრეტული ფაქტები იმისა, თუ როგორ არ აინტერესებს და არ ადარდებს “ქართულ ოცნებას” საქართველოს მოქალაქეების და ქართველი ხალხის პრობლემები, როგორ იძირება და იხრჩობა შავ ფულში, კორუფციაში და ოქროს ზოდებში “ქართული ოცნება” და ამის პარალელურად კი საქართველოს მოქალაქეები ყოველთვიურად ღარიბდებიან.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში შევეხებით საქართველოში ბენზინისა და დიზელის ფასის კატასტროფულ გაძვირებას, რომელიც უკვე თვეებია გრძელდება, მიუხედავად კობახიძის აბსოლუტურად ტყუილი და აფერისტული დაპირებებისა.

მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კონკრეტული სავაჭრო ქსელების მაგალითზე გეტყვით შემდეგ კატასტროფულ რიცხვებს: Socar-ის ქსელში ევრო 5 დიზელი 14 თეთრით გაძვირდა და 4.34 ლარი გახდა; Wissol-ში დიზელ ენერჯი 8 თეთრით გაძვირდა და 4.45 ლარი გახდა; Gulf-ის ქსელში ევრორეგულარი 6 თეთრით გაძვირდა და 3.75 ლარია; Gulf-ში G-Force პრემიუმი 6 თეთრით გაძვირდა და 3.93 ლარია.

გარდა ამისა, „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით და არავითარი კონსპირაციული რიცხვებით, როგორც ეს “ოცნებაში” უყვართ, ჯამურად ბოლო 1 წლის განმავლობაში დიზელის საფასური – 39%-ით, ხოლო ბენზინის საფასური 23%-ით გაძვირდა.

ასეთი რიცხვებით ვხვდებით სექტემბრის თვეს, მოსავლის თვეს, როდესაც საქართველოში ყოველი მეოთხე მოქალაქე, რომელიც დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, ახლა უნდა მოიწიოს მოსავალი და, ფაქტობრივად, მთელი წლის განმავლობაში ამ შემოსავლით უნდა იცხოვროს. ეს არის კატასტროფული რიცხვები და კატასტროფული ვითარება და სრული უპასუხისმგებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომელიც 2025 წლის 23 დეკემბერს დაგვპირდა, რომ საქართველოში აბსოლუტურად ყველაფრის ფასი გაიაფდებოდა. ამის შემდეგ გაორმაგდა კომუნალური გადასახადები, კატასტროფულად მოიმატა საწვავის ფასმა და ყოველთვიურად გაძვირდა აბსოლუტურად ყველა სასურსათო პროდუქტი.

შეგახსენებთ, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც 2012 წელს მოვიდა დაპირებით, რომ საწვავის ფასს გაანახევრებდა და 2017 წელს, 5 წლის თავზე საწვავზე აქციზი გააორმაგა.

დღეს გვესმის, რომ არის მძიმე და კრიზისული ვითარება ირანში კონფლიქტის, ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხების გამო, მძიმედ დგას საწვავით მომარაგების საკითხი ბევრ ქვეყანაში და საქართველომაც უნდა უპასუხოს ამ კრიზისს ადეკვატურად ისე, როგორც დედამიწის გარშემო უამრავმა ქვეყანამ. ამ კრიზისის გადაჭრის გზა არის საწვავზე აქციზის გადასახადის დაბრუნება 2017 წლამდე ნიშნულზე, რაც პირდაპირ გააიაფებს საწვავს. ასე მოიქცა ძალიან ბევრი ქვეყანა, იქნება ეს იტალია, პორტუგალია, პოლონეთი, ვიეტნამი, ავსტრალია და ა.შ.

აქციზის განახევრება იმოქმედებს პირდაპირ საწვავის ფასის შემცირებაზე, აგრეთვე დაეხმარება სოფლის მეურნეობაში მომუშავე ყოველ მეოთხე ქართველს, რომელიც იძულებული არ იქნება, რომ ამ კატასტროფული რიცხვების ფონზე მოიწიოს მოსავალი, აგრეთვე ეს იქნება საბაბი, რომ აბსოლუტურად ყველა პროდუქტსა და სერვისზე ფასი დაიწევს იმიტომ, რომ საწვავის ფასი ახდენს გავლენას ყველა სერვისსა და პროდუქტზე, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.