რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მას ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის წერილი არასდროს გაუგზავნია. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, წერილი, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს, სრული აბსურდია.
„არავითარ კავშირში არ არის. წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია, მესიჯს თუ არ ჩავთვლით. საერთოდ, ცხოვრებაში არავისთვის არანაირი წერილი არ გამიგზავნია, არანაირი, არასდროს“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილისთვის სხვა პირის მეშვეობითაც არასდროს არაფერი შეუთვლია.
„წერილი გამოგზავნაო ხომ თქვა? რა შევუთვალე? წერილში რა ეწერა, იცით თქვენ? წაკითხული გაქვთ ეს წერილი? მივყვეთ ლოგიკას. ახლა თავისუფლად საუბრის საშუალება მაქვს. მისი მხარდამჭერის პოზიციიდან არის წერილი დაწერილი, მამუკა მდინარაძის რანაირად შეიძლება რომ ყოფილიყო? სად არის ლოგიკა, აბა მითხარით. „ჩვენ ორი გზა გვაქვს“ და რაღაცები ეწერა, ან „უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე“- მამუკა მდინარაძე წერდა ვიბრძოლოთ ბოლომდეო? თქვენ სერიოზულად უყურებთ ამ საკითხს? არავისთვის არასდროს გამიგზავნია წერილი. პირდაპირ გეუბნებით, მსგავსი საკითხებით მე არასდროს ვყოფილვარ დაკავებული.
არ ვიცი რატომ საუბრობს, ზედაპირული ვარაუდი შეიძლება გამოვთქვათ, რომ მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც ერთი წამით კორუფციასთან ბრძოლაში უკან არ დახეულა, თუკი ვინმე განაწყენებულია იმაზე, რომ სუს-ი ვიღაცას კორუფციულ დანაშაულზე აკავებდა მაშინ, როცა მამუკა მდინარე სუს-ის უფროსი იყო, შეიძლება ამასაც მივაწეროთ, მაგრამ ამაში დარწმუნებული არ ვარ, რომ მაინც და მაინც ასე იყო. შეიძლება ვიღაცას მამუკა „დაბალ ღობედ“ მოეჩვენა მას შემდეგ, რაც თანამდებობაზე აღარ იყო. აწი, შეიძლება უარესი თქვან და ასე შემდეგ, მაგრამ ერთ-ერთ ზედაპირულ ვარაუდად შეგვიძლია ესეც გამოვთქვათ“,-განაცხადა მდინარაძემ.
მან განმარტა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაფერი გააკეთა.
„კორუფციის წინააღმდეგაა ბრძოლაში ჩემი გავაკეთე, იქიდან სხვა თანამდებობაზე გადავედი. მიმაჩნია, რომ სადაც საჭირო იყო, ყოველთვის იქ ვიყავი“,- განაცხადა მდინარაძემ.
მისივე განმარტებით, რატომ საუბრობს ირაკლი ღარიბაშვილი წერილში მასზე, „ეს თავად მას უნდა ჰკითხოთ“.
ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა. წერილში ღარიბაშვილი აცხადებს, რომ შარშან დაწყებული ე.წ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ კამპანიის მთავარი მიზანი იყო მისი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უარი თქვა სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გაყვა მისთვის „გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დაეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები“, სანაცვლოდ მიიღო „დადგმული ბინძური პროვოკაცია, ბევრი ტყუილი და უსამართლობა“.
ღარიბაშვილის მტკიცებით, მან ივლისში მიიღო წერილი მამუკა მდინარაძისგან და იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკაში დაბრუნებაზე უარი თქვა, გუნდმა 1%-იანი რისკის გამო კორუფციული ბრალის აღიარება მოითხოვა. ექსპრემიერი ამბობს, რომ ეს იყო „წითელი ხაზი“ და დასძენს: „რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა“.




