პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე – ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის – მეტ კომენტარს არ გავაკეთებ ეთიკური სტანდარტიდან გამომდინარე, ის ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას

ძალიან პრობლემური განცხადებაა, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის. მე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ ეთიკური სტანდარტიდან გამომდინარე. ის ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას. არსებობს ეთიკური სტანდარტები, რაც მე მიზღუდავს ამ თემაზე განცხადების გაკეთების შესაძლებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

პრემიერი აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საქმეზე კონკრეტული განაჩენი დამდგარია და „დანარჩენი მთლიანად არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე“.

„მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი, რაზეა საუბარი. მე ვიცი, ერთი რამ – რომ არის კონკრეტული განაჩენი დამდგარი. დანარჩენი არის მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმე. მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს მის განცხადებაზე, მათ შორის, იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას და შესაბამისად, ჩემთვის ეთიკური თვალსაზრისითაც არ იქნება სწორი მისი განცხადების შეფასება.

ძალიან პრობლემური განცხადებაა, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის. მე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ ეთიკური სტანდარტიდან გამომდინარე. ის ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას. არსებობს ეთიკური სტანდარტები, რაც მე მიზღუდავს ამ თემაზე განცხადების გაკეთების შესაძლებლობას,“ – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ გუშინ მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე საუბარი არ ჰქონიათ.

„კომუნიკაცია გუშინ გვქონდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. არ მახსოვს წერილის გამოქვეყნების მერე იყო თუ მანამდე. ეს საკითხი ჩვენ არ განგვიხილავს. ამაზე ჩვენ არ გვიმსჯელია. ეს საკითხი არსებითად არ განგვიხილავს,“ – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ხვალ, 18 აგვისტოს ვრცელ წერილს გაავრცელებს.

„ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!“ – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.