ირაკლი ფავლენიშვილი აგვისტოს ომზე ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე – ეს არის ეროვნული ინტერესების აშკარა ღალატი – არავის შერჩება რუსული სქემის ნაწილად ყოფნა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს განცხადებები არის ეროვნული ინტერესების აშკარა ღალატი.

როგორც ფავლენიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა 8 აგვისტოს საქართველოს ეროვნულ ღირსებას და ჩვენს გმირ მეომრებს შეურაცხყოფა მიაყენეს.

„მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს ეროვნული ინტერესების იმაზე უფრო მეტი ღალატი და სახელმწიფოს საბოტაჟი, ვიდრე საკუთარი სამშობლოს, საკუთარი სახელმწიფოს დადანაშაულება აგრესორის, ოკუპანტის ქმედებებში. ასევე, პოლიტიკური არგუმენტის შექმნა საქართველოს მტრისთვის, ქვეყნის ანექსიის და ქვეყანაში ეთნოწმენდის ჩამდენი მხარისთვის – რუსული იმპერიისთვის. ჩვენ კარგად მოვისმინეთ გუშინ, თუ რა ითქვა კრემლის პრესსპიკერის ირაკლი კობახიძის, ბატონი ყაველაშვილის და სხვების მიერ. ისინი ზუსტად იმავე განცხადებას აკეთებენ, რა განცხადებაც გააკეთა რუსეთის საგარეო უწყებამ გუშინ, რომ თურმე საქართველოს პრეზიდენტი ქართული სახელმწიფოს არაპროპორციულ და გაუმართლებელ ქმედებას მოჰყვა ის სამხედრო აგრესია, რაც მთელმა მსოფლიომ იხილა რუსეთის ბარბაროსული სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის ეროვნული ინტერესების აშკარა ღალატი, რომელიც განისაზღვრება, მათ შორის ქართული სისხლის სამართლითაც. ეს ღალატი ამაზე უფრო მკაფიო ვერ იქნება, მითუმეტეს ანექსიის დაჩქარებულ ტემპს ვხედავთ უკანასკნელი თვეების მანძილზე. ამ დროს ასეთი არგუმენტის მიცემა არის ანექსიის დაჩქარებული ტემპისთვის ხელშეწყობა.

გარდა ამისა, არის იმ სასამართლო გადაწყვეტილებების რევიზია, რომელიც აბსოლუტურად ამართლებს ქართულ მხარეს და ადანაშაულებს მხოლოდ რუსეთის ბარბაროსულ მხარეს. ამ დროს ის ხალხი, რომელსაც საქართველოს მართვაზე პრეტენზია აქვს, რუსეთის ბრალდებებს ეთანხმება. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, თუ რამის გამო პასუხს აგებს ბატონი კობახიძე ან ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც გუშინ მუხათგვერდის სასაფლაოზე ამ განცხადებებს აკეთებდა, საქართველოს ეროვნულ ღირსებას და ჩვენს გმირ მეომრებს შეურაცხყოფას აყენებდა, პირველ რიგში, სწორედ ეს განცხადებები იქნება. ამ ქვეყანაში ყველაზე მთავარი არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და არავის შერჩება გამიზნულად ამ სუვერენიტეტისთვის ზიანის მიყენება, რუსული სქემის ნაწილად ყოფნა“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდში განაცხადა, რომ „7 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი“.

კობახიძის თქმით, ამის შემდეგ სააკაშვილმა ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა სწორედ იმ ფაქტის შემდეგ, „როდესაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი“.

„რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი და მერე ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, როდესაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი”, – განაცხადა პრემიერმა.