სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ცალსახად პოლიტიკური ანგაჟირების გემოს ტოვებს, – ასე ეხმაურება მოძრაობა „სოციალ დემოკრატიისთვის“ წევრი ვახუშტი მენაბდე სუს-ის განცხადებას საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, რომელზეც გამოძიება დაიწყო.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ სუს-ი არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდის ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებს საკუთარი ინტერესებისთვის.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, ნეიტრალური დამკვირვებლის პოზიციიდან, ცალსახად პოლიტიკური ანგაჟირების გემოს ტოვებს. ჩვენ ვდგავართ იმ პრობლემის წინაშე, რასაც ჰქვია სახელმწიფოს ინსტიტუტების უნდობლობა. ეს უნდობლობა გამოწვეულია არა მოქალაქეების მხრიდან, არამედ ამ ინსტიტუტების მართვის მხრიდან. ნებისმიერ განცხადებას, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს, ჩვენ ვაკვირდებით გამადიდებელი შუშით და იმთავითვე განწყობილი ვართ უნდობლობით. არ შეგვიძლია მკაფიოდ განვაცხადოთ, რამდენად შეიძლება ეს რეალობასთან შესაბამისობაში იყოს. სუს-ი არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდის ინსტრუმენტი და ის ამას იყენებს საკუთარი ინტერესებისთვის. რა შემთხვევაშია მისი განცხადებები რეალობასთან თანხვედრაში, ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
ვახუშტი მენაბდე გადაცემაში გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერის, ნიკა მელიასთვის სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას.
ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ ხელისუფლების მიზანია მსგავსი მეთოდებით ოპოზიციონერებზე ზემოქმედება და ასევე, საზოგადოების დაშინება.
„ქართული ოცნება“ და მასთან შეზრდილი ქართული სასამართლოს სისტემა ყველაფერს აკეთებს, რომ დათრგუნოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათზე მოახდინოს ზეგავლენა და მეორე მხრივ, საზოგადოებაზეც. ძალაუფლება, რომელსაც ხელისუფლება უკონტროლოდ იყენებს სასამართლოს მეშვეობით, მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, საზოგადოებაში ჩანერგოს შიში. გვაქვს ორი მიზანი ხელისუფლების მხრიდან, ერთი მხრივ საზოგადოების დაშინება და მეორე ოპოზიციონერებზე ზეგავლენა“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
გარდა ამისა, ვახუშტი მენაბდემ გადაცემაში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებაც ისაუბრა, რომელიც პატიმრობიდან ერთი წელი შესრულდა.
ვახუშტი მენაბდის თქმით, მზია ამაღლობელის პატიმრობა არის სინდისის პატიმრობა, რადგან მას დანაშაული არ ჩაუდენია.
„მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი თავისუფლების აღკვეთა დაკავშირებულია მის პოლიტიკურ პოზიციასთან და მის ჟურნალისტურ საქმიანობასთან. მე მინდა, კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოვუცხადო ქალბატონ მზია ამაღლობელს და ვთქვა, მისი ბრძოლა არასდროს დარჩება ბრძოლად, რომელიც დაიკარგება. ჩვენ გვახსოვს არა მხოლოდ ის, რა მდგომარეობაში იმყოფება, არამედ ისიც, რატომ მოხდა ეს. მზია ამაღლობელის პატიმრობა არის სინდისის პატიმრობა. როგორც იურისტი პირდაპირ ვაცხადებ, მას დანაშაული არ ჩაუდენია“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.




