გია ხუხაშვილი – ქვეყანაში „ოცნებისთვის“ დამახასიათებელი ბოროტი რომანტიკაა – რუსეთისთვის სირთულეს არ წარმოადგენს საბოტაჟის მოწყობა, გვაფრთხილებს – „ენგურჰესი“ რუსების ირიბი კონტროლის ქვეშაა, აფხაზეთიდან შეუძლიათ ამის გაკეთება

მთავარი ვერსია არის საბოტაჟი – ჩვენი ენერგოსისტემის ძალიან დიდ ნაწილს აკონტროლებენ რუსები, მათთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს ფარული საბოტაჟის მოწყობა , – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გია ხუხაშვილის განცხადებით, დასავლეთის ზომების საპირწონედ, რუსეთი აფრთხილებს საქართველოს მოსახლეობას: „წყნარად იყავით, არც იფიქროთ ევროპაზე, თორემ ჩვენ შეგვიძლია ასეთი რაღაცები მოგიწყოთ“.

„ეს არის „ქართული ოცნებისთვის“ დამახასიათებელი ბოროტი რომანტიკა. უნდათ რომ გაგვაბედნიერონ, რომ ჩაქრება ცუდია, მაგრამ რომ მოვა ხომ გაგვიხარდება, ამაზეა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გათვლა. მეტი მაინც არაფერი არ იციან და ასე გვაბედნიერებენ ექსტრავაგანტური მეთოდებით.

ჩვენი ენერგოსისტემა საკმაოდ მდგრადია, საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო ამ პერიოდში, საკმაოდ კარგად არის ყველაფერი აშენებული, შესაბამისად, მთავარი ვერსია არის საბოტაჟი და საქმე აღიძრა კიდეც საბოტაჟის მუხლით. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენი ენერგოსისტემის ძალიან დიდ ნაწილს აკონტროლებენ რუსები. დაწყებული გადამცემი ხაზებით, დამთავრებული დისტრიბუციით. „თელასი“ და „თელმიკო“ რუსები არიან. მათთვის დიდი სირთულეს არ წარმოადგენს ფარული საბოტაჟის მოწყობა. დასავლეთის ზომების საპირწონედ, რუსეთი აფრთხილებს საქართველოს მოსახლეობას, რომ წყნარად იყავით, არც იფიქროთ ევროპაზე, თორემ ჩვენ შეგვიძლია ასეთი რაღაცები მოგიწყოთ. რუსეთის კონტრარგუმენტები ყოველთვის ნაჯახი და დაშინება იყო“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილის თქმით, სემეკის განცხადება კიდევ უფრო ამყარებს ვერსიას, რომ ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა რუსეთს უკავშირდება.

„საუბარია ენგურჰესზე. ფაქტობრივად დიაგნოზი შეგვიძლია პირდაპირ დავსვათ. ენგურჰესი მთლად რუსების ირიბი კონტროლის ქვეშაა. ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ენგურჰესის სისტემისგან იზოლირების მომენტში მოხდა ლოკდაუნი. ეს ვის შეუძლია? პირდაპირ აფხაზეთის ტერიტორიიდან შეუძლიათ ამის გაკეთება. ეს დასკვნა კიდევ უფრო ამყარებს იმ ვერსიას, რაზეც გესაუბრეთ“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

საქართველოში ელექტროენერგია ბოლო ორი კვირის განმავლობაში მასშტაბურად უკვე მესამედ გაითიშა.