პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისთვის სრულიად გაუგებარია აშშ-ის საელჩოს განცხადება, რომელიც „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ შექმნის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში ერთ-ერთი მთავარი იყო, ვინც საქართველოში ხელოვნურად ცდილობდა სიძულვილის გაღვივებას და სიცრუის ტირაჟირებას.
„რაც შეეხება საელჩოს განცხადებას, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში იყო ერთ-ერთი მთავარი, ვინც საქართველოში ხელოვნურად ცდილობდა სიძულვილის გაღვივებას, სიცრუის ტირაჟირებას. სამწუხაროდ, ეს პროცესები იყო კოორდინირებული. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საელჩოს ეს განცხადება ჩემთვის გაუგებარია, თუმცა მათი საქმეა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებაში სიძულვილის გავრცელება არ დავუშვათ. რაც შეეხება ქართულ -ამერიკულ ურთიერთობებს, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში და კვლავაც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენი სურვილია, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და მოთმინებით დაველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ პოზიციას”, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ს საელჩომ „რადიო თავისუფლების“ კითხვას, რომელიც შეეხებოდა სოციალურ ქსელში პოლიტიკოსების შეურაცხყოფისთვის მოქალაქეების დაპატიმრებასა და ახლად შექმნილ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“, უპასუხა, რომ „შეშფოთებულია ამ სამმართველოს შექმნით“.
„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი“, – განუცხადეს საელჩოში „რადიო თავისუფლებას“.




