რომან გოცირიძე: დაიჭერენ თუ მხოლოდ მოხსნას აკმარებენ ყოფილ დეპუტატ ზარდიაშვილს, რომელიც პარლამენტიდან გაშვების შემდეგ თბილ ადგილას გაამწესეს და რომელსაც, იურიდიული განათლების მქონე პირს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეკეთებინა იქ?

რომან გოცირიძე:
დაიჭერენ თუ მხოლოდ მოხსნას აკმარებენ ყოფილ დეპუტატ ზარდიაშვილს, რომელიც პარლამენტიდან გაშვების შემდეგ თბილ ადგილას გაამწესეს და რომელსაც, იურიდიული განათლების მქონე პირს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეკეთებინა იქ?
რატომ დაასწრო სემეკმა სუსის კომისიას პასუხისმგებელი სტრუქტურის გამოვლენა? აქ მთავარი საკითხია: დაასწრო თუ შესაბამისი მითითება მიიღო?
სემეკის დასკვნა წინააღმდეგობრივია. დღემდე გაურკვეველია, რა იყო ტრიგერი, ანუ რამ მისცა საწყისი ბიძგი ქვეყნის ენერგოსისტემის სრულ გათიშვას (მათ შორის აფხაზეთის). მიუხედავად ამისა, ზარდიაშვილის უწყების, ე.წ. სახელმწიფო ენერგოსისტემის მომხდარში დადანაშაულება, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ობიექტურად გამოიყურება.
სემეკმა პასუხისმგებლობა ეროვნულ დისპეტჩერიზაციას დააკისრა სისტემური მართვის კოლაფსის გამო.
მათი დასკვნით, პრობლემა ის კი არ არის, რომ სადღაც ხაზი გაითიშა-ეს ენერგეტიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა-არამედ ის, რომ დისპეტჩერიზაციამ ვერ უზრუნველყო უსაფრთხოების ბარიერების გამართული მუშაობა. შედეგად, უმნიშვნელო ტექნიკური ხარვეზი ეროვნულ კატასტროფად-სრულ ბლექაუტად გადაიქცა.
რა თქვა სემეკმა? იმერეთში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი „გეგუთი“, როგორც მოვლენების განვითარების „ტრიგერი“. თუმცა, სემეკს „გეგუთი“ არ დაუსახელებია ბლექაუტის მთავარ დამნაშავედ-ის მხოლოდ პირველადი ბიძგის მიმცემად მოიხსენია.
სემეკის ვერსიით: დიახ, ავარიული იმპულსი „გეგუთიდან“ წამოვიდა, მაგრამ ბლექაუტი იმიტომ განვითარდა, რომ დისპეტჩერიზაციის სისტემამ ეს მცირე რყევა ვერ შეიკავა და მთელ ქვეყანას გადასცა.
ამაზე „ენერგო-პროს“, რომელსაც აღნიშნული ხაზი ეკუთვნის, საპასუხო არგუმენტი ასეთია: თუ 110-კვ-იანი ხაზის გათიშვას მთელი ქვეყნის ჩამოშლა მოჰყვება, ეს ნიშნავს, რომ დისპეტჩერიზაციის ეროვნული სისტემა ფაქტობრივად არ არსებობს და უმარტივეს რყევაზეც კი იშლება. მათი თქმით, ბოლო წლებში ეს ხაზი თერთმეტჯერ დაზიანდა სხვადასხვა მიზეზით (ქარი, დიდთოვლობა და სხვა), თუმცა არც ერთ შემთხვევაში ამას ქვეყნის მასშტაბის გათიშვა არ გამოუწვევია.
სემეკის მეორე მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ლოკალურ რყევაზე სისტემამ „ზედმეტი რეაგირება“ მოახდინა. ლოკალური პრობლემის ჩახშობის ნაცვლად, დაცვამ ჯაჭვურად დაიწყო მსხვილი, 500-კილოვოლტიანი მაგისტრალების გათიშვა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან ჩახსნა, რამაც მთელი ქვეყანა ჩააბნელა.
ეს ვერსია ლოგიკურად გამოიყურება, მაგრამ კვლავ უპასუხოდ რჩება მთავარი კითხვა-ეს „ლოკალური რყევა“ საერთოდ საიდან გაჩნდა?
აქაც „ენერგო-პროს“ არგუმენტი საყურადღებოა: თუ ღამით გათიშვა „გეგუთის“ ხაზის დაზიანებამ გამოიწვია, მაშინ რატომ განმეორდა იგივე დილით, როდესაც „გეგუთი“ უკვე სრულ წესრიგში იყო?
მოკლედ, ახლა უნდა ველოდოთ „ოცნების“ უფროსობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას-დასჯიან თუ დაიჭერენ. ეს, როგორც ჩანს, დამოკიდებული იქნება იმაზე, „ის ბრძენი კაცი“ (აწ უკვე დაჭერილი ი. ღარიბაშვილის მიერ დამკვიდრებული შეფასება) რას გადაწყვეტს.
თავად ზარდიაშვილი არაა ის ჩიტი, რომლის ბრდღვნაც შეიძლება ღირდეს. ბოლოს და ბოლოს, ეკა ბესელიას ჰყავს „დაბრდღვნილი“ პარლამენტში, ჩემ თვალწინ.
აქ უკვე სხვა ფაქტორები იმოქმედებს. ამ ფაქტორების მოქმედება საკუთარ თავზე უკვე გამოსცადა აღნიშნული მლიქვნელური ქათინაურის (კომპლიმენტსაც რომ ვეძახით) ავტორმა. სხვათა შორის, იმასაც ჩაუქრა ციხეში შუქი.

ასევე დაგაინტერესებთ

Moby: ახლა აქ ვარ, თბილისში, სახლიდან ყველაზე შორს… უკრაინისგან რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს, რუსეთი გვესაზღვრება, ირანი რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ასე, რომ გეოპოლიტიკურად “ცხელი წერტილის“ შუაგულში ვართ

გოჩა მირცხულავა: როგორ ფიქრობთ, 2008 წელს რუსეთს საქართველოს სრული ოკუპაცია რომ მოეხდინა, რა მოხდებოდა? გგონიათ, ქვეყნის პირველი პირი აუცილებლად ვორონცოვი, ვოლკოვი, ივანოვი ან პეტროვი იქნებოდა?