მდინარაძეს შესაშური რუჯი ჰქონდა სახეზე, თუმცა რუჯის შიგნითაც კარგად ჩანდა, რა მდგომარეობაში არიან, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ჭანტურიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, სადაც მთავრობაში დაანონსებულ საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს გამოეხმაურა.
როგორც გიორგი ჭანტურიამ აღნიშნა, „ბოლო თვეების განმავლობაში თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას”.
„მამუკა მდინარაძის დაწინაურება ბევრად მარტივი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“, ვიდრე მისი თავიდან მოშორება. ბოლო თვეები, თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას. ადამიანების მოშორება რაც უფრო უმტკივნეულო იქნება, ეს უმტკივნეულო იქნება პარტიისთვისაც. ფაქტია, ივანიშვილს არანაირ გეგმაში აღარ აქვს და ვერ ხედავს მდინარაძის როლს, თუმცა მისი მოშორება ერთი ხელის მოსმით არასწორიც იქნებოდა. „ქართული ოცნება“ ცდილობს ადამიანების მოშორება, რაც შეიძლება უმტკივნეულო იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მამუკა მდინარაძეზეა საუბარი. ფაქტია, მდინარაძე იმაზე ზემოთ ახტა, ვიდრე უნდა ამხტარიყო. დღეს ივანიშვილისთვის საფრთხეა ის, რასაც ვერ ენდობა 100%-ით. ფაქტია, ამ ადამიანმა თავისი დაცვის წევრები გადაანაწილა ძალოვან სტრუქტურებში. სასაცილოა, კობახიძემ ეს ადამიანი რამდენიმე თვეში შექმნა: ჯერ გენერლად აქცია, სუს-ს მანდატი მიანიჭა, ახლა ირაკლი კობახიძის ხელით ამ ადამიანის დაქვეითებას ვუყურებთ. ეს ხდება კობახიძის ნების საწინააღმდეგოდ, თუმცა კობახიძის ხელით.
მდინარაძეს შესაშური რუჯი ჰქონდა სახეზე, თუმცა რუჯის შიგნითაც კარგად ჩანდა, რა მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები. ოხანაშვილი ვინმე მოიკითხოს საერთოდ? სანამ ივანიშვილი ერთპიროვნული არაფორმალური მმართველია, ძალაუფლება მის ხელშია მხოლოდ. თუ კობახიძეს ან მდინარაძეს ილუზიები ჰქონდათ, რომ გავლენა აქვთ შიდა კონტექსტზე, ეს გავლენები და ილუზიები ერთი ხელის დაქნევით ჩამოუნგრია [ბიძინა ივანიშვილმა]. გუშინ დაიწყო კამპანია, თითქოს მამუკა მდინარაძე „ჯიგარი ადამიანია“. რა კამპანია უშველის?! მამუკა მდინარაძემ გულში რომ ჩაიხედოს, ყველაზე კარგად ხვდება, რომ ეს ადამიანი არის პოლიტიკურ სანაგვეზე გადაგდებული, რომელიც ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება. როდესაც 3 თვეში პარტია მსგავს რაღაცას გიკეთებს, ვიღაცებისთვის ეს მაგალითი უნდა იყოს. სამწუხაროა, რომ ოხანაშვილი, ღარიბაშვილი საკმარისი მაგალითები არ აღმოჩნდნენ“,- აღნიშნა გიორგი ჭანტურიამ.
მისივე თქმით, 2 წლის წინ ყველამ იცოდა, რომ ირაკლი კობახიძე ვერ იქნებოდა ის პრემიერი, რომელსაც „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი დაეყრდნობა.
„ირაკლი კობახიძე თავად პარტიაშიც არ არის პოზიტიური ფიგურა და ეს ყველამ იცის. კობახიძე არის ადამიანი, რომელმაც შეიძლება შეასრულოს ნებისმიერი შავი დავალება. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძე არის ყველაფერზე ხელის მომწერი ადამიანი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კონსტიტუციის 78-ე მუხლი ამ ქვეყანას გადაახია, ევროინტეგრაცია გააჩერა“, – განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.
ამასთან, მან იმ ფაქტსაც გამოეხმაურა, რომ თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა.
„ქალბატონი რუხაძე კულტურის მინისტრი იქნებოდა თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს. სადღაც იმასაც ვუშვებდი, მდინარაძე დაენიშნათ კულტურის მინისტრად. იმდენად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მინისტრების გადაადგილებას, იმდენად უსახურია“,- განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.
გარდა აღნიშნული თემებისა, მან ის ფაქტიც შეაფასა, რომ MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ ახალი მოძრაობა დაფუძნდა, რომლის მიზანიც, ორგანიზატორების განმარტებით, „ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვაა“.
მისივე თქმით, ამ ქვეყანას იმდენი რამ გამოუვლია, MMA კი არა სამურაების დაჯგუფებაც რომ იყოს, ცდებიან, თუ გგონიათ, რომ ამით ხალხს შეაშინებენ.
„კობახიძემ და მდინარაძემ საკუთარი ხელით შექმნეს სქროლვა-სქრინვის სააგენტო, 3 დღის წინ კი ცემა-ტყეპის სააგენტოც შექმნეს – MMA-ის დაჯგუფებას რაც შეეხება. ფაქტია, რომ ადამიანების მიზანია, ქვეყანაში განსხვავებული აზრი ჩაახშონ და შეაშინონ. გამოხმაურებებს რომ გადავხედოთ, ადამიანი გუშინ გამოვიდა და თქვა დამიცავითო, მე და ჩემი ოჯახი ბულინგის მსხვერპლი გავხდითო. სასაცილოა… “ქართულმა ოცნებამ“ ეს ადამიანები საზოგადოებას მიუგდო დასაცინად. ამ ქვეყანას იმდენი რამ გამოუვლია, MMA კი არა სამურაების დაჯგუფებაც რომ იყოს, თუ ვინმეს გონია, რომ ამით ხალხს შეაშინებენ, არ ვიცი. ასეთ პირობებშიც, კი, „ქართულ ოცნებას“ სრული ერთპიროვნული ძალაუფლება გააჩნია , სჭირდებათ მოგონილი ბანდიტური დაჯგუფება, რათა ქვეყანაში პროცესები მართონ. თავად აღიარებენ, ჩვენ ვართ უსუსური ხელისუფლება, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია გყავდეს სუს-ი, პროკურატურა, სასამართლო, პარლამენტი და MMA ბანდიტური დაჯგუფება გჭირდებოდეს რომ ქვეყანაში პროცესები მართო. ეს რომ დაინახეს, მაგიტომ დასცინეს.
რაც შეეხება სიძულვილის ენას, უნდა აღვნიშნო, რომ არც ჩემთვის და არც ჩემი პარტიისთვის სიძულვილის ენა, ლანძღვა, არასდროს არის გამოსავალი. „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ კიდევ ბევრი რამ მოიძებნება, რომ ებრძოლო. ამის მიუხედავად, აზრის გამოხატვის, დაწერილი სიტყვების გამო ადამიანები ციხეში არ უნდა ჩაყარო. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიგო, რომ წარმოუდგენელია სიძულვილის ენას რეპრესიებით ებრძოლო. რეპრესიები სიძულვილის ენას კიდევ უფრო გააღრმავებს. თუ გინდა, სიძულვილის ენა დაამარცხო, თავად არ უნდა იყო ამ სიძულვილის ენის ავტორი, უნდა გამოხვიდე და ასწავლო ადამიანებს, როგორი უნდა იყოს ნამდვილი პოლიტიკურ დღის წესრიგი, როგორ უნდა ისაუბრონ ერთმანეთში“, – აღნიშნა გიორგი ჭანტურიამ.




