ციფრული ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, სრულყოფილი იყოს კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ადეკვატურობის და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მოინახება ის ფორმები, სადაც ავატარი იქნება თუ სხვა ციფრული ტექნოლოგია, გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ საზოგადოებასთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლოს. ამ თემიდან სკანდალი არ გამოვა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც უკვე მზადდება მისი ხელოვნური ინტელექტის ავატარი.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომას, ბეჟაშვილის თქმით, არც დღევანდელ სხდომაზე და არც მომავალ ყრილობაზე ნანუკა ჟორჟოლიანის პარტიაში შესვლის საკითხი არ განიხილება.
„ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურა მხარდაჭერილია პარტიის წევრების უმრავლესობაში. იმავდროულად, ამ ეტაპზე, დღევანდელ პოლიტსაბჭოზე, მომავალ ყრილობაზე არ განიხილება ნანუკას პარტიაში შემოსვლის საკითხი. ჩვენ კონსულტაციებისთვის ავიღეთ 6-თვიანი პერიოდი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება, რომ ის, ვინც პოლიტიკაში შემოსვლას ფიქრობს, ჩამოყალიბდეს სტრატეგიული მიმართულებით, შეკრას საკუთარი გუნდი, მხოლოდ ამის შემდეგ, მოხდება პარტიაში ახალი არჩევნების ჩანიშვნა და ახალი ადამიანების შემოსვლა.
სჯობს, თინა ბოკუჩავას ჰკითხოთ, რატომ არ ესწრება პოლიტსაბჭოს. იმედია, მომავალ ყრილობას დაესწრება. ზოგადად, პარტიაში პროცესები კონსტრუქციულად მიმდინარეობს, რთული პერიოდია, ეს გარდამავალი პერიოდი უნდა გამოვიყენოთ, რათა საბოლოო სტრუქტურული რეორგანიზაცია მოვახდინოთ“,- აღნიშნა ბეჟაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკვე მზადდება მისი ხელოვნური ინტელექტის ავატარი.
„საუბრობს, როგორც მიშა, მიხვრა-მოხვრა აქვს როგორც მიშას… ასე რომ, ჩამკეტეთ რამდენიც გინდათ”,- განაცხადა სააკაშვილმა.
რაც შეეხება პოლიტსაბჭოს სხდომას, შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომას პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა არ ესწრება.
დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის ლიდერები და წევრები „ნაციონალური მოძრაობის” ყრილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ, ასევე განისაზღვრება ყრილობის ჩატარების თარიღი. პარტიის ლიდერების ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომის დღის წესრიგში ასევე იქნება დელეგატების მოწვევის წესი და ა.შ.




