MMA-ის მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი: ვაფუძნებთ სახალხო მოძრაობას -არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით. მზად ვართ თითოეული ჩვენი ქმედებაზე ვაგოთ პასუხი, საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდეთ

MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად ახალი მოძრაობა დააფუძნა. ამის შესახებ მან საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მოძრაობა დაფუძნდა იმისთვის, რომ ქართული ღირებულებები, ფასეულობები და ტრადიციები დაიცვას.

ქართველიშვილის განმარტებითვე, მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუ ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოერიდებიან, მათ შორის, „მზად არიან თითოეულ ქმედებაზე აგონ პასუხი და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც წავიდნენ.“

„ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ჩვენი იდენტობა, ტრადიციები, ღირებულებები და რელიგია, ასევე მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა დროს ქართულ კულტურას ამდიდრებდნენ, ჩვენს ხალხს წინ მიუძღოდნენ და სამშობლოს ყველაფრის ფასად იცავდნენ, პერიოდულად, კოორდინირებულად თავდასხმის სამიზნე ხდებიან.

როგორც წესი, მსგავსი კამპანიების ავტორები – ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მატარებლები, ქვეყნის გარედან დაფინანსებული ჯგუფები, პოლიტიკოსები, ე.წ. აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები თუ მათთან აფილირებული ადამიანები არიან. ეს ადასტურებს, რომ ყოველივე ქართულზე შეტევა არა ბუნებრივი, არამედ მიზანმიმართულად დაგეგმილი და ხელოვნურად აგორებული პროცესია, რასაც თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში ხშირად უკონტროლო სახე აქვს.

ქართველი ხალხისთვის საამაყო წინაპრების, კულტურისა და იდენტობის შეურაცხყოფა, შემდეგ კი აღნიშნულ საკითხებზე აქტიურად განხილვა და მცდელობა, რომ ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობისთვის ნორმად იქცეს, მხოლოდ ეროვნული ღირებულებების გაუფასურებას ისახავს მიზნად, რომელთა გარშემოც ქართველი ერია გაერთიანებული.

სწორედ ამიტომ, დღეიდან ჩვენი საინიციატივო ჯგუფი, ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად, აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებს და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. ამ პროცესში თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია შემოგვიერთდეს, რასაც ჩვენ მხოლოდ მივესალმებით.

გვინდა საზოგადოებას ვუთხრათ, რომ ჩვენი მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური, ამავდროულად კი მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება. მაგრამ თუკი ჩვენ კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით. მზად ვართ თითოეული ჩვენი ქმედებაზე ვაგოთ პასუხი, საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდეთ“, – განაცხადა გიორგი ქართველიშვილმა.