“კომუნისტები რომ წავიდნენ თუ რომ გაყარეს 14 წლის ვიყავი…
საჩხერეში (თითქმის) 60 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, დღეს ალბათ 30 ათასს თუ აღწევს.
იშვიათად თუ გავიგებდით მკვლელობების შესახებ… მით უმეტეს უამრავი ნათესავი გვყავდა ყველა სოფელში და ასე ვინმე ვინმე გაემეტებინოს, არ მსმენია.
1990 წლიდან დღემდე ანუ 36 წლის განმავლობაში ვხედავ: ქართული საზოგადოების მიზანმიმართულ დეგრადაციას, უღირს და კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, თანამდებობაზე მყოფ გაუნათლებელ და უვიც ინდივიდებს, ფულით თუ უფულობით, ქონებით თუ უქონლობით, რწმენით თუ ურწმუნოებით გაბოროტებულ ასიათასობით ადამიანს, რომლებიც მხოლოდ ცხოვრობენ წაქეზებით, დაბეზღებით, ფლიდობით, კაცისკვლის სურვილით…
ერთგულება და თავგანწირვა უკვე მითია, ოჯახის და სამშობლოს სიყვარული, შრომა და პატიოსნება ზღაპრებშიც კი აღარ გვხვდება…
საზღვრებსგარეთ გასული ახალგაზრდების დიდი ნაწილი უცხო მიწაზე კვდება…
საქართველოში მცხოვრები მოზარდი თაობა და წვრილშვილიანი მამაკაცები ნარკოტიკით ასრულებენ სიცოცხლეს ან ერთმანეთს ხოცავენ იარაღით….
ქვეყანა იცლება და მას თვალსა და ხელს შუა ეპატრონება ათასი ჯურის გადამთიელი, სამტროდ მოსული მანქურთი და ავაზაკი..
განსაკუთრებით დაიცალა სოფლები, რომელთაგან უმეტესობა ნასოფლარებს დაემსგავსა და დაამსგავსა გლეხკაცმა და მისმა ბობოლა, საარჩევნო ხმის მოგროვებით აღტყინებულმა მაღალჩინოსანმა… აბალახდნენ კიბეები, სახურავი ჩამოეშალა საუკუნოვან სახლებს… მიტოვებულია მამა-პაპისეული საძვალე…
ეს ყველაფერი კი შენი ბრალია ხელისუფალო, შენ გკიდია ფეხებზე საქართველო, მისი წარსული და მომავალი…
შენ და შენმა წინამორბედებმა დააკანონეთ უკანონობა, შერჩევითი სამართალი, ამორალიზმი…
ასფალტით, ნაცრისფერი კორპუსებითა და 10 ლარიანი ხორცით ვერავის გააკვირვებთ, თუმცა ესეც სახვეწარი გაუხდება ღმრთისმგმობელ ქართველობას
სხვის დუმილსა და გულგრილობაზე რომ არაფერი ვთქვა, ხელისუფალნო, თქვენი პოლიტიკური აღვირახსნილობა ჩემი დუმილის ბრალიცაა…
შიშის გამო არ ვარ ჩუმად, არამედ იმიტომ, რომ სიმართლის ძებნაში მარტოობაა რთული და მეც ვამჯობინებ ჩრდილში ყოფნას, თუმცა თუკი ქუდზე კაცი გამოვა, ვალში არც მე დავრჩები!
ერთი რაც არის უცვლელი და ჭეშმარიტი ეს ღმერთის სამართალია… რომელიც ადრე თუ გვიან ყველას მოჰკითხავს – მეც და თქვენც…
და მაინც, ყველაფრის მიუხედავად, ღმერთო, შენ ექმენ შემწედ და მფარველად შენივე იმედად მყოფ ადამიანებს, რადგან მიწიერი მმართველების იმედად მტერიც ნუ იქნება, ისინი ცხოვრობენ მომხვეჭელობით, სიცრუით, ღირსების არქონით, ამპარტავნებითა და სხვათა უბედურებაზე აშენებული ვაიბედნიერებით!” – წერს მამა იოანე ცუხიშვილი სოციალურ ქსელში.




