შაბათს, ბათუმში გამართული მასშტაბური ქორწილი სოციალურ ქსელებსა და მედიაში განხილვის მთავარ თემად იქცა. ღონისძიებაზე, რომელსაც უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა, ყურადღება არაერთმა საინტერესო დეტალმა მიიპყრო, რომელიც პოლიტიკური და ბიზნეს ელიტის წარმომადგენლებით დაიწყო და ექს-მინისტრის იშვიათი გამოჩენით დასრულდა.
საზეიმო დღე ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში დაიწყო, სადაც ჯვრისწერის ცერემონიის მიმდინარეობისას ტაძართან მისასვლელი გზა დროებით შეიზღუდა, რამაც ადგილობრივების ყურადღება მაშინვე მიიპყრო.

ქორწილმა ორი გავლენიანი ოჯახი გააერთიანა: პატარძალი – სალომე თარგამაძე, შევარდნაძის მთავრობის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, კახა თარგამაძის ქალიშვილი გახლავთ, ხოლო სიძე – გიგა პაპუნაიშვილი, ცნობილი ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილის ვაჟი.
ბერა ივანიშვილის მეჯვარეობა და ჯვრისწერა
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი დეტალი სიძის მეჯვარე გახდა. გიგა პაპუნაიშვილის გვერდით, საპატიო მეჯვარის ამპლუაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი – ბერა ივანიშვილი იდგა, რომელიც სიძის ახლო მეგობარია.
ჯვრისწერის ცერემონია, რომლისთვისაც ტაძარი თეთრი ყვავილებით იყო გაფორმებული, თბილისიდან ჩასულმა დეკანოზმა შალვა კეკელიამ აღასრულა. პატარძალს თეთრი, ულამაზესი საქორწინო კაბა ემოსა.

პატარძლის დედა, სამოდელო სფერო და ელიტური სტუმრები
საქორწინო წვეულებას არაერთი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა, თუმცა განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ქართული სამოდელო სფეროს წარმომადგენელთა სიმრავლე. ეს შემთხვევითი არ ყოფილა, პატარძლის დედა, თამუნა ჯაფარიძე, თავის დროზე ცნობილი მოდელი გახლდათ. იგი ლალი ტოტიკაშვილისა და ირინა ონაშვილის თაობის მოდელია და იმ წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ჩვენებასა თუ მოდის კვირეულზე.

მიუხედავად იმისა, რომ თამუნა ჯაფარიძე წლებია მეუღლესთან ერთად საზღვარგარეთ ცხოვრობს, მას ქართველ კოლეგებთან და მეგობრებთან კავშირი არ გაუწყვეტია. სწორედ ამიტომ, ბათუმში გამართულ ქორწილს მისი თაობის თითქმის ყველა ცნობილი მოდელი ესწრებოდა, მათ შორის ირინა ონაშვილი და ლალი ტოტიკაშვილი.
გარდა ამისა, პატარძლის დედამ, შვილის მსგავსად, საქორწინო დღესასწაულზე იმიჯი შეიცვალა და ორი კაბა მოირგო.

კახა თარგამაძის გამოჩენა და პოლიტიკური წარსული
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კახა თარგამაძის გამოჩენამ. 70 წლის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც მედიასთან იშვიათად ჩნდება, ტაძარში ქალიშვილის გვერდით იმყოფებოდა და იგი საკურთხეველთან მიაცილა. საინტერესოა, რომ გავრცელებულ ფოტოებსა თუ ვიდეოკადრებში სტუმრები და ფოტოგრაფები თავს არიდებდნენ ექს-მინისტრის ახლო ხედით გადაღებას, თუმცა იგი მაინც მოხვდა რამდენიმე კადრში.



კახა თარგამაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს 1995-2001 წლებში, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში იკავებდა. იმ წლებში იგი ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გავლენიან ფიგურად მიიჩნეოდა, რომელსაც “რკინის კაცის” სახელით იცნობდნენ. მისი მოღვაწეობა ხშირად ხვდებოდა პოლიტიკური კრიტიკისა და სკანდალების ცენტრში. იგი თანამდებობიდან 2001 წლის 1-ელ ნოემბერს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში პოლიციის შესვლის შემდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციებისა და საპარლამენტო ზეწოლის შედეგად გადადგა.

თანამდებობის დატოვების შემდეგ, 2005 წელს, თარგამაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა. 2014 წელს მან მაშინდელ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო.
- იმ პერიოდში “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში თარგამაძე ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა:
“გაოგნებული ვარ მარგველაშვილის გადაწყვეტილებით. ქართველ კაცს რომ საქართველოს მოქალაქეობას არ მისცემს, ამაზე დიდი სისულელე რა უნდა ჩაიდინოს პრეზიდენტმა?.. იმიტომ მითხრა უარი, რომ “ნაციონალების” გავლენის ქვეშ არის.”
კითხვაზე, გეგმავდა თუ არა საქართველოში დაბრუნებას, მან განმარტა, რომ რუსეთში ცხოვრობდა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლას არ აპირებდა:
“რუსეთში ვცხოვრობ… გადასარევად ვგრძნობ იქ თავს. საქართველოს მოქალაქეობა იმიტომ კი არ მითხოვია, რომ იქ ვერ ვცხოვრობ. რაც შეეხება საქართველოში ცხოვრებას, არც მიფიქრია ამ თემაზე… რუსეთის პასპორტით საქართველოში ყოფნას არავინ მიკრძალავს, ორ წელიწადში 18-ჯერ ვიყავი ჩამოსული და არაფერი პრობლემა არ შემქმნია.”

გასაიდუმლოებული პირადი ცხოვრება
მინისტრის პოსტზე ყოფნისას კახა თარგამაძე დაოჯახებული არ ყოფილა და მისი პირადი ცხოვრება მკაცრად დაფარული გახლდათ. წლების განმავლობაში მედიაშიც არაფერი დაწერილა იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდა იგი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ.
როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, “რკინის კაცმა” თანამდებობიდან ჩამოშორების შემდეგ მშვიდი პირადი ცხოვრება არჩია და ცოლად შეირთო მასზე ბევრად უმცროსი ყოფილი მოდელი, თამუნა ჯაფარიძე. წყვილს ქალიშვილი – სალომე შეეძინა. მათი სიყვარულის ისტორიის დეტალები მედიისთვის დღემდე უცნობი რჩება.

ბათუმში გამართული ეს ღონისძიება საზოგადოების ყურადღების ცენტრში როგორც მასშტაბურობითა და ცნობილი სტუმრებით, ისე ექს-მინისტრისა და მისი ოჯახის იშვიათი გამოჩენით მოხვდა.




