სოფიო ხორგუანი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – ეს არის დაშინების მცდელობა – ხელისუფლებას სჭირდება, რომ ხალხი პრობლემებზე არ ლაპარაკობდეს, დაშინების კარგი შესაძლებლობა კი არის, რომ დასაჯო ის, ვინც ხმამაღლა საუბრობს, რათა სხვები გაჩუმდნენ

„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, სოფიო ხორგუანის განცხადებით, ე.წ. საბოტაჟის საქმის მთავარი მიზანი მოქალაქეების დაშინებაა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიაში“ სოფიო ხორგუანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება პრობლემებს ვერ აგვარებს, ამიტომ სჭირდება, ხალხი ამაზე არ ლაპარაკობდეს და „დაშინების ყველაზე კარგი შესაძლებლობა არის ის, რომ ის, ვინც ხმამაღლა საუბრობს, ოპონირებას გიწევს, დასაჯო, რათა სხვები გაჩუმდნენ“.

„მთავარი მიზანი აქ არის ის, რასაც ადამიანები იმეორებენ: ქალბატონო, თქვენ დეპუტატი ხართ და თქვენზე თავდასხმა განახორციელეს პარლამენტში, პოლიციელები არიან, ყველა იცნობს და მათ დაჭერას უპირებენ, მე რომ ხმა ამოვიღო, მეც ხომ დამიჭერენ?! ეს არის მცდელობა იმისა, რომ დააშინონ მოქალაქეები. ეს არის ის ხელისუფლება, რომელიც ვერ აგვარებს ვერცერთ საკითხსა და პრობლემას, სოციალური საკითხები იქნება ეს, ჯანდაცვა თუ ელემენტარული უსაფრთხოება. ლამის ყოველ დღე ადამიანები გზაში გვეღუპებიან, რად უნდა ომი. უმძიმესი ვითარება გვაქვს ნარკოტიკების გავრცელების მხრივ ახალგაზრდებში. ამას რომ ვერ აგვარებს ხელისუფლება, მას სჭირდება, რომ ხალხი ამაზე არ ლაპარაკობდეს და დაშინების ყველაზე კარგი შესაძლებლობა არის ის, რომ ის, ვინც ხმამაღლა საუბრობს, ოპონირებას გიწევს, ისინი დასაჯო, რათა სხვები გაჩუმდნენ“, – განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

სოფიო ხორგუანის თქმით, ყველა ის ადამიანი, ვისი განცხადების საფუძველზეც დაიწყო გამოძიება, „არიან საქართველოს მტრები და საკუთარ განაჩენს აწერენ ხელს საქართველოს ისტორიის წინაშე“.

„როდესაც 1937 წლის რეპრესიების დროს მილიონობით ადამიანი გახდა რეპრესიების მსხვერპლი, იყო ასეთი კითხვა: გასაგებია, რომ ამდენი ადამიანი მსხვერპლი გახდა, მაგრამ მილიონობით დანოსი ვინ დაწერა? შენგან განსხვავებული ადამიანის ციხეში განწესება რომ გინდა, ეს ჩვეულებრივი ქმედებაა ავტოკრატიული რეჟიმისთვის, მაგრამ გაცილებით მძიმე განაჩენია ეს იმ ადამიანებისთვის, ვინც იარაღია, ვისი მეშვეობითაც ავტოკრატია ამას ჩადის, ვისი მეშვეობითაც რეჟიმი იმტკიცებს თავის ძალაუფლებას, ვისი მეშვეობითაც რეჟიმი მოქმედებს. ეს ადამიანები თავის დროზე თავს იწონებდნენ, რომ უფლებადამცველები არიან, ბევრი მათგანი ასე პოზიციონირებდა. ეს ადამიანები საკუთარ განაჩენს აწერენ ხელს საქართველოს ისტორიის წინაშე, როდესაც მონაწილეობენ რეპრესიის განხორციელების პროცესში. იმ ადამიანებზე მაქვს საუბარი, ვისი განცხადების საფუძველზეც დაიწყო გამოძიება, მათი განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ჩორჩანას საქმეზეც. ესენი არიან საქართველოს მტრები. „ოცნება“ ამ ადამიანების მეშვეობით აკეთებს ამას და ხვალ როცა ვითარება შეიცვლება თავის გადარჩენის მიზნით „ოცნება“ ამ ადამიანებს პირველ რიგში თავად გასწირავს“, – განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

სოფიო ხორგუანი გადაცემაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც თავის მხრივ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებები შეაფასა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის შესახებ.

ხორგუანის თქმით, ზახაროვასგან კობახიძის შექება გასაკვირი არაა, რადგან „როცა შენ ავტოკრატიის გზაზე დგები, რა თქმა უნდა, ავტოკრატიული რეჟიმები მოგიწონებენ იმას, რასაც შენ აკეთებ“

„ჩვენი ხელისუფლების განცხადებები მოწონებას იმსახურებს ზახაროვასნაირი პერსონების მხრიდან, ეს გასაკვირი არ არის. როცა შენ ავტოკრატიის გზაზე დგები, რა თქმა უნდა, ავტოკრატიული რეჟიმები მოგიწონებენ იმას, რასაც შენ აკეთებ, როგორც ავტოკრატი. რასაც „ქართული ოცნება” აკეთებს, რა თქმა უნდა, მოწონებას დაიმსახურებს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ავტოკრატიულ ხელისუფლებებში, ამაში გასაკვირი არაფერია. ირაკლი კობახიძის და მისი დამქაშების განცხადებები სულ უფრო ხშირად და თითქმის პირდაპირ, ბუკვალურად ემთხვევა რუსეთის დუმის ან ფედერაციის წარმომადგენლებს“, – განაცხადა სოფიო ხორგუანმა.