გიორგი შარაშიძე – რა დმანისის და ლანჩხუთის მერიებზეა საუბარი, თბილისის მერია შეისწავლონ – თუ კობახიძეს მართლა სურს დაამტკიცოს, რომ ებრძვის კორუფციას, თბილისის მერიიდან დაიწყონ, რაც შეეხება კაია კალასს, ხალხს თვითონ „ოცნება” გაემიჯნა

კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ფასადური. რა დმანისის, ლანჩხუთისა და სხვა მუნიციპალიტეტების მერიებზეა საუბარი, თბილისის მერია შეისწავლოს პროკურატურამ – თუ კობახიძეს მართლა სურს, დაამტკიცოს, რომ ის ფასადურად არ ებრძვის კორუფციას, მაშინ თბილისის მერიიდან დაიწყონ, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რითაც სუს-ში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც ცნობილი გახდა, რომ 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი.

როგორც მან აღნიშნა, დღეს საქართველოში პრობლემა არის სისტემურ პოლიტიკურ კორუფციასა და ელიტარულ კორუფციაში.

„სუს-ის ბრიფინგით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ფასადური. ის თანხები და მოცულობები, რაც ამ ბრიფინგზე გახმოვანდა, “ოცნების“ კორუმპირებული მაღალჩინოსნები, ვინც ამას უყურებს, ალბათ, გულში ეღიმებათ, იმიტომ, რომ კარგად იციან, თავად რამდენი მილიონი აქვთ მოპარული. ამ დროს საუბარია დაბალი, საშუალო რგოლის ჩინოვნიკებზე და ასეულობით ათას ლარზე. დღეს საქართველოში პრობლემა არის სისტემურ პოლიტიკურ კორუფციაში, ელიტარულ კორუფციაში.

აბსოლუტურად ლოგიკური კითხვაა, თუ არა კორუფციასთან ბრძოლა, რატომ არიან დაჭერილები ყოფილი მაღალჩინოსნები. ამას აქვს მეორე მხარე – რეალურად ეს მხოლოდ კლანებს შორის ინტერესთა გადანაწილებაა. დღეს ვინც დაჭერილია, უმაღლესი თანამდებობის პირი, ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის კლანის წევრი. კობახიძეც თავად კლანის წარმომადგენელია. აბა, ვინაა მაშინ კახა კალაძე? რა დმანისის, ლანჩხუთისა და სხვა მუნიციპალიტეტების მერიაზეა საუბარი და ასეულობით ათას ლარზე, თბილისის მერია შეისწავლოს პროკურატურამ. ეს კლანია სწორედაც, რომ კობახიძე – კალაძის. თუ კობახიძეს მართლა სურს, რომ დაამტკიცოს, ის ფასადურად კი არ ებრძვის კორუფციას, თბილისის მერიიდან დაიწყონ. არ არსებობს ამაზე დიდი კითხვის ნიშნები არცერთ სხვა ორგანიზაციაში საქართველოში. სუს-ის მიერაა გამოვლენილი, რომ ბავშვების კვების თანხებიდან მილიონებია მოპარული. ასევე, უფასო სასადილოების საქმე. ეს ხომ მათივე პროკურატურის, სუს-ის გამოძიებული და დამტკიცებული საქმეებია?! კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს: კი, ბატონო, დმანისშიც შევიდეს, ოზურგეთშიც და ყველგან, მაგრამ დაიწყოს თბილისის მერიით. ჰოდა, რომ არ მიდიან, ამიტომ იყო ეს ბრიფინგიც ფასადური ბრძოლის მორიგი გამოხატულება. თუ ეს სისტემურია, ნახევარი „ოცნება“ დასაჭერია, მეტიც, 80%. პარლამენტის „ოცნების“ შემადგენლობის 80% ასევე დასაჭერია. ყველა მინისტრი… ეს ბრძოლა არის ფასადური, ეხება მხოლოდ მცირე და საშუალო რგოლს. მილიონობით ლარზეა საუბარი“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, მან გადაცემაში სტუმრობისას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის ის განცხადებაც შეაფასა, სადაც ის ამბობს, რომ მხარს უჭერს ქართველ ხალხს და არა ხელისუფლებას. როგორც შარაშიძემ აღნიშნა, ქართველ ხალხს თავად „ოცნების“ ხელისუფლება გაემიჯნა.

„ვინ გაემიჯნა ხალხს? – ქართველ ხალხს გაემიჯნა „ოცნების“ რეჟიმი, რომელმაც ქართველი ხალხისგან მიიტაცა ხელისუფლება, იძალადა ქართველ ხალხზე, დღემდე აგრძელებს ამ ძალადობას. „ოცნებამ“ როცა გადაწყვიტა, რომ საკუთარი ხელისუფლებისა და ძალაუფლების შენარჩუნების გამო, საკუთარი მოპარული ფულის გადარჩენისა და კიდევ უფრო მეტი ფულის შოვნის გამო, მზადაა, უღალატოს ქართველი ხალხის არჩევანს, საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილ ვალდებულებას, რომ ყველაფერი გააკეთონ ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის, გადაუხვია, საქართველოს კონსტიტუციას, შესაბამისად, გამოვიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის „ოცნება“. ვეკითხებით „ოცნებას“: კაია კალასს და ევროკავშირის სტრუქტურების ნებისმიერ სხვა წარმომადგენელს სხვა გზა „ოცნებამ“ დაუტოვა, რომ ისინი არ გამხდარიყვნენ იძულებული ესაუბრათ იმაზე, რომ ქართველი ხალხი არის ქართველი ხალხი და „ოცნების“ რეჟიმი არის „ოცნების“ რეჟიმი? ეს ხომ თავად „ოცნებამ“ გააკეთა?! ახლა გამოდიან და თითქოს ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ. დიდი ბოდიში, ქართველი ხალხის სახელით რომ საუბრობთ, მაშინ ქართველი ხალხის ინტერესებს უნდა იცავდეს. არავის უთქვამს, რომ დღეს საქართველომ უნდა გადაუხვიოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესიდან. ასეთი შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის გაფართოების საკითხი ასე აქტიურად, ფორსირებულად დამდგარიყო დღის წესრიგში და შენ ამით არ გესარგებლა, ეს მართლაც ისტორიული ღალატია. ეს საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ღალატი.

რაც შეეხება დიალოგს, რაზეც „ოცნება“ საუბრობს, პირადად მე და ჩემი გუნდის უმრავლესობა, მომხრე ვართ დიალოგის. პოლიტიკა კეთდება დიალოგის გზით. როდესაც „ოცნება“ უბრალოდ მხოლოდ სიტყვებით შემოიფარგლება, მოვალეობის მოხდის მიზნით საუბრობს დიალოგზე და არ აჩვენებს არანაირ მზაობას, რომ რაიმე შეცვალოს. მას სურს დარჩეს ისეთივე ავტოკრატიული, მოძალადე, კორუმპირებული, აბსოლუტურად დაცლილი ევროპული ღირებულებებიდან, არჩევნები გააყალბოს და თან დიალოგში შევიდეს ევროკავშირთან, როგორ წარმოგიდგენიათ ეს? რამდენი ტყუილი გვახსოვს „ოცნებისგან“? ამ ყველაფრის მერე, ტყუილების, ანტიევროპული და შესაბამისად ანტიეროვნული ქმედებების შემდეგ, კიდევ მოზომილი განცხადებები ისმის ევროკავშირისგან, კიდევ ინარჩუნებენ ისინი სიმშვიდეს, მოზომილად და დიპლომატიურად ესაუბრებიან „ოცნებას“.

გადატვირთვა ხომაა „ოცნების“ ტერმინი – სანამ ურთიერთობებს გადატვირთავს, თავად გადაიტვირთოს „ოცნება“. თავად თქვას უარი ძალადობაზე, კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნაზე ქუჩაში, აქციაზე, პარლამენტში და ა.შ. და შემდეგ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს უნდა გააკეთოს „ოცნებამ“. დიალოგს მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ ისეთ „ოცნებასთან“, როგორიც ის არის დღეს მატყუარა, კორუმპირებული, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასული და მოღალატე, რა თქმა უნდა, ევროკავშირი ვერ დაჯდება და დაიწყებს მათთან დიალოგს“, – განაცხადა შარაშიძემ.

გარდა ამისა, ის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ „რუსეთი საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე არ ცნობს ქვეყნის სუვერენიტეტს, კაია კალასი კი 100%-ზე“. როგორც შარაშიძემ აღნიშნა, ეს არის პროპაგანდა ხალხი დააჯერონ, რომ რუსეთზე დიდი მტერი თურმე ევროკავშირია.

„ირაკლი კობახიძის განცხადება არის სრულიად უპასუხისმგებლო. პროპაგანდისტულად, წვეთ-წვეთად იმუშაოს იმ აზრზე, რომ თურმე რუსეთზე დიდი მტერი ევროკავშირია. ეს განცხადება სხვა რა მიზანს ემსახურება, რომ ხალხი დააჯეროს, თურმე რუსეთი კია 20%-ს რომ არ აღიარებს, მაგრამ არის ევროკავშირი, რომელიც 100%-ს არ აღიარებს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც ის გადაცემაში სტუმრობისას შეეხო, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაა. მისი თქმით, „ოცნებას“ სურს დარჩნენ ხელისუფლებაში რაც შეიძლება დიდხანს და თავის ჭკუაზე მართონ ეს ქვეყანა“.

„ეუთოს ეს პლატფორმა, გასულ კვირას რომ დატოვეს, ბოიკოტისტები რომ გახდნენ, ნაცვლად იმისა, რომ ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა გამოეყენებინათ სუვერენიტეტის დაცვისთვის, ისევ რაღაც საკუთარი პოლიტიკური შოუსთვის და ამბიციების და ეგოების დაკმაყოფილებისთვის გამოიყენეს. ესენი როცა საუბრობენ სუვერენიტეტზე, სინამდვილეში საკუთარი თავს და პარტიის სუვერენიტეტს გულისხმობენ. მათ სურთ დარჩნენ ხელისუფლებაში რაც შეიძლება დიდხანს და თავის ჭკუაზე მართონ ეს ქვეყანა. მათ არ სურთ ცივილიზებული სამყაროს წევრობა, იზოლაცია სურთ. თან იზოლაცია სურთ, თავისი წესებით ყველაფრის გაფუჭება და თან ამ დროს ის, რომ ყველამ აღიაროს“, – განაცხადა შარაშიძემ.