ალეკოს მიერ ჩადენილი არამისასალმებელი საქციელი ხელისუფლებამ გამოიყენა საბაბად მის მიმართ ანგარიშსწორებისა და შურისძიებისთვის, – ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს.
როგორც უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, საქმეში არ იკვეთებოდა ტერორისტული დანაშაულის ნიშნები და ეს, მისი თქმით, ვერც პროკურატურამ და ვერც სასამართლომ დაადასტურა.
„ამ საკითხზე „ლელოს“ მკაფიო პოზიცია ჰქონდა და აქვს. კონკრეტული ფაქტის გახმაურებიდან რამდენიმე საათში „ლელომ“ განცხადება გააკეთა, სადაც ვითარება შევაფასეთ. ის, რაც ალეკომაც თქვა, „ლელოს“ არც მოუწონებია და არც შეუგულიანებია, არც დაგეგმვაში მიგვიღია მონაწილეობა და არც მიჩქმალვაში. ერთადერთი, რასაც „ლელო“ აკეთებდა და რასაც ხვალაც გააკეთებს, ეს არის ყველა ადამიანის უფლების დაცვა, ვინც არ უნდა იყოს ის. ჩვენ ზუსტად დავინახეთ, რომ არანაირ ტერორისტულ დანაშაულის შემადგენლობასთან არ გვქონდა საქმე.
იმას, რაც ვერც პროკურორმა და ვერც მოსამართლემ დაადასტურა, ჩვენ ვერც გავემიჯნებით და ვერც დავეთანხმებით. ალეკოს მიერ ჩადენილი არამისასალმებელი საქციელი ხელისუფლებამ გამოიყენა საბაბად მის მიმართ ანგარიშსწორებისა და შურისძიებისთვის“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ამასთან, უსუფაშვილმა ასევე ისაუბრა ოპოზიციაში არსებულ ვითარებაზე.
მისი თქმით, თუ ვინმე ძლიერ პოლიტიკურ გაერთიანებაზე საუბრობს, ჯერ არსებული ძლიერი ძალები არ უნდა დაშალოს.
უსუფაშვილის შეფასებით, ქვეყანას ნამდვილად სჭირდება ძლიერი ალტერნატივა, თუმცა ამისთვის არსებული რესურსების გაძლიერებაა საჭირო და არა მათი დაშლა.
„ლელოს“ ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს და ჰქონდა. დიახ, ჩვენ ვთვლიდით, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გარშემო დარაზმვა იმ ვითარებაში სწორი გზა იყო. შესაძლებელი იყო მაქსიმალური შედეგის მიღწევა და ეს შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული. ჩვენ ისევ დავიჭერთ სწორ პოზიციას. ოპოზიცია როდის, რას გააკეთებს შეუძლებელია რომ განსაზღვროთ. „ლელოს“ შეხედულებები და პოზიცია საზოგადოებისთვის ნათელია, თუ ვინმეს რამე გასარკვევი აქვს, მზად ვართ ვისაუბროთ.
ვინც ძლიერ ალტერნატივაზე საუბრობს, იქნებ ძლიერები რომ არიან იმას ნუ შლიან. ძლიერში რომ იყავი, ის გაგეძლიერებინა. რა თქმა უნდა, საჭიროა ძლიერი ალტერნატივა. ამ ძლიერი ალტერნატივის შენებაა საჭირო“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის განცხადებით, ოპოზიციურ სპექტრში მრავალფეროვნება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება პოზიტიური, თუ ყველა პოლიტიკური ძალა საერთო მიზანს – არჩევნების დღისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურ მობილიზებას მოემსახურება.
მისივე განცხადებით, არასწორი მიდგომაა ჯერ მხოლოდ სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფაზე ფოკუსირება და შემდეგ პოლიტიკური შედეგის მიღწევაზე ფიქრი.
„მრავალფეროვნება იქნება პოზიტიური თუკი ყველა დაამატებს ერთ მნიშვნელოვან რამეს – თუ ის ემსახურება არჩევნების დღისთვის მობილიზებას, აქტიურობის, სიძლიერის და პიკის ფორმაში შესვლას. „ლელო“ უზრუნველყოფს იმას, რომ მისი ამომრჩევლის აქტიურობით ბიძინა დასუსტდება, მაგრამ ხელისუფლებაში მოვა არა მიშა, არამედ სხვა. თვითონ [მიხეილ სააკაშვილს] არც წასვლა უნდოდა, ახლა მოსვლა უნდა, გავიგე. ახლა უამრავი პარტია იქნება და ყველა ლიდერს რაღაცის პრეტენზია აქვს.
ამ ყველაფერს ექნება შედეგი თუ დავინახავთ, რომ ამ ყველაფრის პიკი არის არჩვნების დღე და სარჩევნო ყუთებთან გავაკეთოთ ეს. მანამდე, რომ ჯერ სამართლიანი არჩევნები მოვიპოვოთ და მერე ვიფიქროთ ამაზე, ეს იქნება არასწორი გზა“,- განაცხადა უსუფაშვილმა.




