დავით ზურაბიშვილი: შესანიშნავი პოეტი, 60-იანელთა გენიალური თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი. სხვა მხრივ გავიხსენებ, სხვა რაკურსით…

დავით ზურაბიშვილი:
ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა. შესანიშნავი პოეტი, 60-იანელთა გენიალური თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი. მის პოეტურ ნიჭიერებასა და ნოვატორობაზე ბევრი ითქვა და აქ ვერაფერს დავამატებ. უფრო სხვა მხრივ გავიხსენებ, სხვა რაკურსით.
ტარიელ ჭანტურია ჩემთვის არ იყო მხოლოდ კარგი პოეტი, მუდამ სიახლეების მაძიებელი ავანგარდისტ-ექსპერიმენტატორი, და, იმავდროულად ცოცხალი კლასიკოსი. ის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩემი ცოცხალი მოგონებაა, ჩემი ცხოვრების ნაწილი.
ათი წელი ვმუშაობდით ერთად მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში, შემოკლებით მთარგმნელობით კოლეგიას რომ ეძახდნენ. ათი წელი თითქმის ყოველდღე ვხედავდი, ვისმენდი, ველაპარაკებოდი… საერთოდ კოლეგია სრულიად უნიკალური ორგანიზაცია იყო კომუნისტურ საქართველოში, თავისუფლების პატარა კუნძულივით ტოტალიტარულ ოკეანეში. სულ ვამბობ: ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში, ახალგაზრდობის წლები რომ აქ გავატარე. პრაქტიკულად ვინც კი ცნობილი მწერალი, პოეტი და მთარგმნელი იყო საქართველოში, ან ჩვენთან მუშაობდა, ან ამა თუ იმ ფორმით მაინც თანამშრომლობდა. ამ ხალხთან ურთიერთობა კი გარდა წმინდა ესთეტიური და ინტელექტუალური სიამოვნებისა, სერიოზული ცხოვრებისეული სკოლაც იყო. მაშინ ამას კარგად ვერც ვაცნობიერებდი, მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვაფასებ იმ ადამიანებს, იმ გარემოს და იმ ატმოსფეროს.
ტარიელ ჭანტურია არა მხოლოდ პოეზიით იყო ცნობილი, მისი იუმორი, ირონიული ეპიგრამები და ხუმრობები მის სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად და როგორც აკაკი წერეთელს მიაწერდნენ ბევრ სხვა ხუმრობას და ოხუნჯობას, ისე მიეწერებოდა ხოლმე ტარიელს თუკი რამ სასაცილო და სახუმარო ითქმებოდა მწერლებში ან მწერლებზე, სხვათა შორის იუმორესკებს და ხუმრობებსაც წერდა ტია-ტიას ფსევდონიმით. განსაკუთრებით დამამახსოვრდა მის მიერ მოგონილი იუმორისტული რუსულ-ქართული ლექსიკონი, სადაც “ნერგი” თარგმნილი იყო როგორც “ნუ რგავ”, “ნერბი” როგორც “ნუ დარბიხარ”, “ქიშმიში”, როგორც “ქიში მიხეილ ტალს” და, რასაკვირველია, კლასიკა: эскадрилья летучих мышь, როგორც “ეს რა იკადრა მფრინავმა მიშამ.” 😃
ამ პატარა მოსაგონარსაც ერთი სახუმრო ისტორიით დავასრულებ.
ელდარ შენგელაიას ცნობილი ფილმი, “ცისფერი მთები” ნაწილობრივ მთარგმნელობით კოლეგიის შენობაშია გადაღებული და რამდენადაც ფილმის სცენარისტი რეზო ჭეიშვილი ასევე ჩვენთან მუშაობდა, ბევრი ეპიზოდი პირდაპირ ნატურიდან ჰქონდა აღებული და ძალიან ნაცნობი იყო ჩვენთვის. ხშირად ვხუმრობდით, ახლა შაბიამნის ახალი პარტია რომ გამოგვიგზავნონ, ისიც არ გაგვიკვირდება თქო.
შაბიამანი არა, მაგრამ ერთხელაც იმ ოთახში, სადაც ტარიელი იჯდა სხვა თანამშრომლებთან ერთად რეკავს ტელეფონი და ითხოვენ ჭანტურიძეს. აქედან, ჭანტურიძე არა და ჭანტურია კი გვყავსო. კი, კი, ჭანტურია გვინდაო, იქიდან. იღებს ტარიელი ყურმილს და ვიღაც ტიპი ეუბნება, ერთი მანქანა დეესპე მოვიტანე და რა ვუყოო. ტარიელი უხსნის, რომ სხვაგან მოხვდა. იქიდანაც იბოდიშებენ და რომ გვგონია მორჩა, ტიპი ისევ რეკავს და ისევ ითხოვს ჭანტურიას. ტარიელი კვლავ მიდის ყურმილთან, კვლავ ისმენს, რომ ერთი მანქანა დეესპეა მოტანილი და მძღოლმა რა უყოს არ იცის, კვლავ უხსნის, რომ სხვაგან მოხვდა, მძღოლიც კვლავ უბოდიშებს და ყურმილს კიდებს.
თუმცა, გადის ხუთიოდ წუთი, ისევ ტელეფონის ზარია და ისევ ჭანტურიას უხმობენ. ისევ მიდის ტარიელი ყურმილთან და როგორც კი იწყებს მეორე მხარე დეესპეზე ლაპარაკს, აწყვეტინებს და კატეგორიული ტონით ეუბნება:
– დაცალეთ ადგილზე!
იქიდან რაღაცას ეკამათებიან, ეტყობა არაა მთლად ისეთი ადგილი, სადაც ფიცრები უნდან ჩამოყარო, მაგრამ ტარიელი შეუვალია.
– გეუბნები, ადგილზე დაცალე მეთქი! თუ ვინმემ იკითხოს, გადაეცით, რომ ჭანტურიას ბრძანებაა!
ეს იყო და ეს, მეტი აღარ დაურეკავს არავის. რა ბედი ეწია იმ დეესპეს დღემდე არ ვიცით. მაშინ კი ძალიან ვიცინე, რომ წარმოვიდგინე იმ მძღოლის სახე.
ასეთად დარჩა ჩემთვის ტარიელ ჭანტურია. თბილი, მუდამ მომღიმარი, სილაღით და იუმორით სავსე ადამიანი. არ მეგულება არავინ, ვინც მას იცნობდა და მის მიმართ რაიმე ნეგატიური დამოკიდებულების მსგავსი ჰქონოდა და ეს მიუხედავად იმისა, რომ ტარიელი არასდროს ყოფილა უპრინციპო კონფორმისტი და არასდროს უთქვამს შავზე თეთრი და თეთრზე შავი.
R. I. P. ტარიელ ჭანტურია. პოეტი და ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება