გედევან ფოფხაძე ანაკლიის პორტის პროექტის Land lord-ის მოდელით განხორციელებაზე: ეს არის ერთი ადამიანის ინტერესი, ივანიშვილს არ უნდა ევროპა

ხომ გასაგებია, რომ ეს არის ერთი ადამიანის ინტერესი – ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ევროპა, რადგან მაშინ უნდა იყოს დაცული საარჩევნო დემოკრატიის პრინციპები და შეიძლება ხელისუფლება დაკარგოს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ხელისუფლება რუსეთის დღის წესრიგით მოქმედებს.

„რეალობა არის მარტივი, ეს არ არის „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი, რუსეთის დღის წესრიგია, რომელიც საქართველოს თავზე მოახვია. სამწუხაროდ, ჩვენი თაობა ისევ ცხოვრობს ოკუპანტის დღის წესრიგით, რომელმაც ტერიტორიები წაგვართვა, რომელმაც 1801 წლიდან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო არ ყოფილიყო მსოფლიო რუკის ნაწილი, დღესაც იმავეს აკეთებს. თუ შენ გაკმაყოფილებს გეოგრაფიული ფაქტორი, მაშინ ავტომატურად, შენს სამშობლოს მეორე ხარისხოვან ფუნქციას ანიჭებ“,- განაცხადა ფოფხაძემ.

მისი თქმით, ქვეყნის განვითარების მთავარი საზომი საარჩევნო დემოკრატიის ხარისხი უნდა იყოს და არა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა თუ სატრანზიტო ფუნქცია.

„რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. ეს ჯგუფი განვიხილოთ არა როგორც მეოცნებეთა ჯგუფი, არამედ ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა აუხსნა, რა არის ინტელექტუალური უპირატესობა, როცა შენ სხვას ატყუებ. ამიტომ, მათი საჯარო პოზიცია ყველა დონეზე გადის ტყუილზე. იმდენად პათოლოგიურ მატყუარებად ჩამოყალიბდნენ, რომ მათი საჯარო პოზიციის განხილვა წმინდა პოლიტიკური სტანდარტით უკვე აღარ არის სწორი“,- განაცხადა ფოფხაძემ.

მისივე შეფასებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის განვითარების მოდელების ერთმანეთთან გაიგივება არასწორია, რადგან ქვეყნებს განსხვავებული ისტორიული, კულტურული და პოლიტიკური რეალობა აქვთ. ფოფხაძემ ასევე აღნიშნა, რომ გლობალურ ეკონომიკაში მხოლოდ გეოგრაფიულ უპირატესობაზე გათვლა საკმარისი არ არის და ქვეყნის წარმატება დემოკრატიულ ინსტიტუტებზე უნდა იყოს დაფუძნებული.

„აზერბაიჯანის და საქართველოს გზა ვერ გახდება იდენტური. ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც იდენტობას გამორიცხვას, მაშინ რელიგიაც შევიცვალოთ. არის გარკვეული კულტურული ეროვნული იდენტობის საკითხი, რაც აზერბაიჯანელებს აქვთ განსაზღვრული, რა თქმა უნდა, ისინი ირანთან უფრო ახლოს იქნებიან, ვიდრე ჩვენ. მთავარი, რაც უნდა ყოფილიყო ჩვენი განვითარების დინამიკის მაჩვენებელი, ეს არის საარჩევნო დემოკრატია. გეოგრაფია, როგორც კომერციული თემა, სასაცილოა. გლობალურ მსოფლიოში მარტივია ვიღაცამ გვერდი აგიაროს და სხვა გზა გამონახოს.

აქ ხომ გასაგებია, რომ ეს არის ერთი ადამიანის ინტერესი. ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ევროპა, რადგან მაშინ უნდა იყოს დაცული საარჩევნო დემოკრატიის პრინციპები იყოს დაცული და ასე, შეიძლება ხელისუფლება დაკარგოს“,- განაცხადა ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა Land lord-ის მოდელით განხორციელდება, რაც იმას გულისხმობს, რომ პორტის 100%-იანი მფლობელი სახელმწიფო იქნება. მისივე თქმით, ტერმინალები, რომელიც როგორც მშრალი, ასევე საკონტეინერო ტვირთისთვის იქნება, იჯარით საერთაშორისო პარტნიორებს გადაეცემა.

ქვრივიშვილის განცხადების თანახმად, 2029 წელს ანაკლიის პორტი პირველ გემს მიიღებს.