„სიცოცხლით სავსე ქალაქი“, „მშვიდობით სავსე ქალაქი“ ყოველი წვიმის შემდეგ იქცევა წყალწაღებულ ქალაქად და ძირგამოთხრილ ქალაქად – ყოველი წვიმა ამ ქალაქში კოლაფსის შემქმნელია, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა განაცხადა, რითაც თბილისში მოსული უხვი ნალექის შედეგად გამოწვეულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ეხმაურება.
„პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ნიკა ჩერქეზიშვილმა განაცხადა, რომ ქალაქში პრობლემებზე რეაგირება მხოლოდ მას შემდეგ ხდება, როცა „რაღაც ჩამოიქცევა“ , რაც მმართველობის კრიზისზე მიუთითებს.
„სახსრები იხარჯება აბსოლუტურად არარაციონალურად და არამიზნობრივად. ამაზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს რეაქცია, თორემ „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, „მშვიდობით სავსე ქალაქი“ ყოველი წვიმის შემდეგ იქცევა წყალწაღებულ ქალაქად და ძირგამოთხრილ ქალაქად, არ მსიამოვნებს ამაზე საუბარი, მაგრამ ეს ფაქტია. ყოველი წვიმა ამ ქალაქში კოლაფსის შემქმნელია. გუშინ საერთოდ ავტობუსებში შევიდა წვიმა, ეს საერთოდ წარმოუდგენელია, ხომ იცით რამსიმაღლეზე მოძრაობენ ავტობუსები, რამხელა საბურავები აქვთ. სერიოზული პრობლემაა და ამ პრობლემას თუ არ გაუსწორეს თვალი, რამდენიც არ უნდა ისაუბრონ, რომ ეს პრობლემა არ არსებობს, ამას მოსახლეობა ხედავს. წვიმაში რომ მიდის ადამიანი და ხედავს, რომ მოდის ნიაღვარი, დატბორილია, რაც არ უნდა ელაპარაკო, რომ არ არის დატბორილი და გზები არ არის გაუარესებული, ყველა კარგად ხედავს რა მდგომარეობაა.
რა თქმა უნდა, ყველაფერს ეშველება, თბილისის ბიუჯეტი ახლა 2 მილიარდ 600 მილიონი ლარია. ეს თანხა სავსებით შესაძლებელია მიზნობრივი, წერტილოვანი, რაციონალური და კომპეტენტური მართვის შემთხვევაში დაიხარჯოს ისე, რომ ასეთი პრობლემები თბილისში არ იყოს. თოთხმეტ სართულიან კორპუსს რომ ძირი არ უნდა გამოუთხარო, რად უნდა ამას საუბარი? როცა ჩამოიშლება ყველაფერი და ამის შემდეგ იწყებ რეაგირებას, მერე მიდიხარ ადგილზე, ეს პრობლემაა, მართვის კრიზისია და ამ მართვის კრიზისს თუ არ ეშველა ამ სპირალიდან ვერ გამოვალთ“, – განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.




