ვასო ურუშაძე – ნავთობიმპორტიორ კომპანიებსა და ხელისუფლებას შორის არსებობს კორუფციული გარიგება, რომ მოქალაქეები სწორედ ნავთობპროდუქტების, ბენზინისა და დიზელის გაძვირებული ფასის გამო ძარცვონ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვასო ურუშაძის განცხადებით, საქართველოში ნავთობიმპორტიორ კომპანიებსა და ხელისუფლებას შორის კარტელური შეთანხმება და კორუფციული გარიგება არსებობს.

როგორც ურუშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მიზანია, საქართველოს მოქალაქეები ნავთობპროდუქტების, ბენზინისა და დიზელის გაძვირებული ფასის გამო ძარცვონ.

„საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასი მცირდება. ვხედავთ, რომ საქართველოში ბენზინგასამართ სადგურებზე ფასი კვლავ უცვლელია მაშინ, როცა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასი ძვირდება. საქართველოში ნავთობიმპორტიორი კომპანიები მყისიერად, მეორე დღესვე აძვირებენ როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ფასს. ხოლო, როცა საპირისპირო ხდება და მცირდება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასი, შემცირებულია ნედლი ნავთობის ფასიც, ერთი ბარელი დაახლოებით 20%-ით შემცირდა ბოლო 1 თვეში, ვხედავთ, რომ საქართველოში არანაირად არ აისახება ნავთობიმპორტიორი კომპანიების სარეალიზაციო ფასზე, უშუალოდ ბენზინგასამართ სადგურებზე. ამას ისინი ხსნიან, რომ მათ აქვთ თურმე მარაგები და ამ მარაგების ამოწურვამდე ფასს ვერ გააიაფებენ, ეს არის ტყუილი. როგორც მყისიერად აძვირებენ, ისე მყისიერად უნდა გაიაფდეს გაიაფების შემთხვევაში. ისინი მუშაობენ ზემოგებაზე, ყოველდღიურად ძარცვავენ საქართველოს მოქალაქეებს, მათი ჯიბეებიდან იღებენ დამატებით ფულს ზემოგების მისაღების მიზნით. აქ ჩნდება მთავარი შეკითხვა, ხომ არ არის ეს კარტელური შეთანხმება ხელისუფლებასთან კორუფციულ გარიგებაში? რადგან დუმს ხელისუფლება, არცერთი განცხადება არცერთი კითხვა, მათ შორის საქართველოს პარლამენტში, საქართველოს ეკონომიკურ გუნდში, კონკურენციის სააგენტოს მხრიდან არ არის, მხოლოდ დაკვირვებით და ზედაპირული შეფასებით არის შემოფარგლული. ეს არის იმის დადასტურება, რომ საქართველოში ნავთობიმპორტიორ კომპანიებსა და ხელისუფლებას შორის არსებობს კარტელური შეთანხმება, კორუფციული გარიგება, რომ საქართველოს მოქალაქეები სწორედ ნავთობპროდუქტების, ბენზინისა და დიზელის გაძვირებული ფასის გამო ძარცვონ“,-განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – სამართალდამცველებმა არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი დააკავეს – ბრალდებულები შვილებს ბათუმში, მათ შორის ტურისტულ ადგილებში, მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ