ევროპარლამენტი – მოვითხოვთ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ყველა პირის უპირობო გათავისუფლებას – სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრება

ევროპარლამენტი მოითხოვს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ყველა პირის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას – კორუფციის შესახებ სანდო საჯარო მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ევროპარლამენტი მტკიცედ იმეორებს თავის მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარულ საფუძველზე დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ,

„ევროპარლამენტი გმობს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნის მცდელობებს, მათ შორის უკანონო დაკავებების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების გზით. ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური პატიმრების არსებობა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებთან შეუთავსებელია. მოითხოვს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ყველა პირის, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ყოფილი ოფიციალური პირების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. მტკიცედ იმეორებს თავის მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარულ საფუძველზე დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ, საზღვარგარეთ აუცილებელი სამედიცინო მკურნალობის მიღების მიზნით. მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილთან და სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან ევროპარლამენტარების წვდომა უზრუნველყოს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

 

ამასთან, დოკუმენტში ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ მისი დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს.

ევროპარლამენტი „აღნიშნავს, რომ ბრალის აღიარებისა და კორუფციის შესახებ სანდო საჯარო მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს. ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმე ასახავს უფრო ფართო შეშფოთებას პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფ მართლმსაჯულებასთან, ძალაუფლების არაფორმალურ სტრუქტურებთან და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ შიდა დანაყოფებთან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის როლთან დაკავშირებით“.

„ევროპარლამენტი მწუხარებას გამოთქვამს დეოლიგარქიზაციის თვალსაზრისით პროგრესის ნაკლებობის გამო და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჩამოაყალიბოს სისტემური მიდგომა ვენეციის კომისიის შესაბამისი რეკომენდაციების მიხედვით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს საქართველოს ხელისუფლების მცდელობებს, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები. ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მსგავსი ქმედებები საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებსა და პოლიტიკურ პლურალიზმს“.