A’Studio სოლისტის, ქეთა თოფურიას რესტორნების ბიზნესი მრავალმილიონიან ზარალს განიცდის – ამის შესახებ რუსული მედია წერს. საინფორმაციო პლატფორმა SHOT-ის მონაცემებით, მომღერლის კომპანიამ მხოლოდ ერთ წელიწადში 80 მილიონი რუბლის ($903 000) ზარალი ნახა.
საუბარია შპს “Lavr“-ზე, რომელიც 2024 წლის ივლისში დარეგისტრირდა. რეგისტრაციიდან ოთხი თვის შემდეგ, ქეთამ კომპანიის წილის 62,5% გამოისყიდა და მისი ძირითადი მფლობელი გახდა. ფინანსური ანგარიშების მიხედვით, 2025 წლის შემაჯამებელი შედეგებით, ფირმა 80 მილიონი რუბლით ($903 000) “მინუსში“ წავიდა.
აღსანიშნავია, რომ თავად ბიზნესი ამ დრომდე არც კი ამოქმედებულა და მომხმარებლებისთვის არ გახსნილა. მომღერალი გეგმავს, რომ ღამის კლუბი/რესტორანი მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ხამოვნიკში, სავინსკაიას სანაპიროზე მდებარე ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსში “Savvin River Residence“ გახსნას. ამჟამად შენობის პირველ სართულზე მდებარე ფართში სარემონტო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც უკვე საკმაოდ გაიწელა. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, სწორედ ამ მისამართზე იგეგმება ხმაურიანი ღამის კლუბის გახსნა.
მიუხედავად ბიზნესში არსებული სერიოზული ფინანსური პრობლემებისა და დიდი დანახარჯებისა, ქეთა თოფურია უარს არ ამბობს ფუფუნებით ცხოვრებაზე, კერძო თვითმფრინავებით მოგზაურობასა და ძვირადღირებული ნივთების შეძენაზე. მაგალითისთვის, კომპანიის წილის ყიდვის პარალელურად, 2024 წელს მომღერალმა შეიძინა 2023 წლის გამოშვების მდიდრული ავტომობილი Rolls-Royce Cullinan Black Badge, რომლის ღირებულებაც 40 მილიონ რუბლს ($451 500) შეადგენს.
ამ ავტომობილთან დაკავშირებით მედიაში კიდევ ერთი სკანდალური დეტალი გახდა ცნობილი: ბოლო ორი წლის განმავლობაში ქეთას პირადმა მძღოლმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 419 ჯარიმა აიკიდა, რომელთა საერთო ჯამმაც 522 ათასი რუბლი ($5 900) შეადგინა. ირკვევა, რომ მომღერლის მძღოლი პრინციპულად არ იკეთებს უსაფრთხოების ღვედს, აჭარბებს სიჩქარეს 80 კმ/სთ-მდე, გადადის საპირისპირო ზოლზე, უხვევს აკრძალულ ადგილებში და მართვის დროს ტელეფონზე საუბარი უყვარს. თუმცა, საინტერესოა ის გარემოება, რომ როდესაც თავად ქეთა თოფურია მანქანის სალონში იმყოფება, მძღოლი მაქსიმალურად ცდილობს, წესები არ დაარღვიოს და ფრთხილად იაროს.

ამავდროულად, ქეთა თოფურია არც ოჯახურ დღესასწაულებზე ზოგავს ფულს. 2025 წლის თებერვალში ცნობილმა კონდიტერმა მაქსიმ სინიცკიმ განაცხადა, რომ მომღერალმა შვილის, ადამის 4 წლის იუბილესთვის დამზადებულ ტორტში თითქმის ნახევარი მილიონი რუბლი (დაახლოებით $5 600) გადაიხადა. ქეთამ შვილს გრანდიოზული დაბადების დღე მოუწყო, რომლის მთავარი თემატიკაც ძაღლები იყო. ბავშვებს ართობდნენ ანიმატორები პოპულარული მულტფილმის, Paw Patrol კოსტიუმებში. დღესასწაულის კულმინაცია კი ხუთსართულიანი ტორტი გახდა, რომელიც ოქროსფერი რეტრივერის ფიგურებითა და გამოსახულებებით იყო მორთული.




