: „ფედერალისტები“ და „ოპოზიციის ალიანსი“ აუცილებლად ვთვლით, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ თუ რამხელა ნაღმს გვიდებს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენივე ქვეყნის შიგნით, ირანის რეჟიმის ქსელის გავრცელებით

„ფედერალისტები“ და „ოპოზიციის ალიანსი“ აუცილებლად ვთვლით, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ და უახლოეს დღეებში საზოგადოების წინაშე პრეზენტაციით წარვდგებით, თუ რამხელა ნაღმს გვიდებს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენივე ქვეყნის შიგნით, ირანის რეჟიმის ქსელის გავრცელებით, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თავისი მიმართვით პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას უპასუხა, რომელმაც ოპოზიციური სპექტრს უცხო ძალისგან მართული უწოდა.

ბოკერიას თქმით, „ქართულ ოცნება“ აცხადებს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის გავლენის გავრცელებისგან თავის დაცვა სურს, ამ დროს კი ირანული რეჟიმის ქსელი ქვეყანაში მყარად იკიდებს ფეხს.

„ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლისგან მორიგ ჯერზე მოვისმინეთ, რომ ამერიკისა და დასავლეთის ჯაშუშებად გვთვლის ყველას, ვინც მივიჩნევთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესია სტრატეგიული პარტნიორობა დასავლეთთან და შეერთებულ შტატებთან.

ეს ახალი არ არის, მაგრამ ამასთან ერთად მოვისმინეთ კიდევ ერთი გზავნილი იმის თაობაზე, რომ უცხო ქვეყნის, ამ შემთხვევაში ამერიკის გავლენისა და დღის წესრიგის თავს მოხვევა საშიშია ჩვენი ქვეყნისთვისო და, ზოგადად, უცხო ქვეყნის დღის წესრიგის თავს მოხვევა ქვეყნის შიგნით არის სუვერენიტეტის შელახვაო და ფრთხილად უნდა ვიყოთ „დიდი ბიჭების დაპირისპირებაში“ რომ არ გავიჭყლიტოთო.

ამიტომ, მთავარი კითხვა, რაც რიტორიკულად უნდა დავუსვათ ამ რეჟიმს და რაც საზოგადოებამ უნდა გაიგოს, არის შემდეგი – რანაირად ჯდება ამ ლოგიკაში, სიფრთხილეში და უცხო ქვეყნის გავლენის არგავრცელების სტრატეგიაში ის, რაც ხდება ჩვენი ქვეყნის შიგნით ივანიშვილის რეჟიმის ხელდასხმით, აიათოლების, ირანის რეჟიმის გავლენის ქსელის გავრცელება ალ მუსტაფას უნივერსიტეტით დაწყებული, ყველა სხვა ქსელით, ჰამასისა და ჰეზბოლას მიმდევრებით, მაისურებით, სულეიმანისა და ჰამეინის ბანერებით და პირდაპირი გზავნილით ჩვენი ქვეყნის შიგნით, ჩვენივე მოქალაქეების ნაწილისგან, რომ ისინი ემორჩილებიან უცხო ქვეყნის – ირანისა და აიათოლების რეჟიმს.

პირდაპირ აცხადებენ, რომ ქართული სახელმწიფოსა და კონსტიტუციის მიმართ კი არ არიან ლოიალურები, არამედ უცხო ქვეყნის და თან როგორი ქვეყნის, აიათოლების, ირანის რეჟიმის ლიდერებს არიან დაქვემდებარებულები.

„ფედერალისტები“ და „ოპოზიციის ალიანსი“ აუცილებლად ვთვლით, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ და უახლოეს დღეებში საზოგადოების წინაშე პრეზენტაციით წარვდგებით, თუ რამხელა ნაღმს გვიდებს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენივე ქვეყნის შიგნით ამ ქსელის სახით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.