ჯანმო-ს უახლესი მონაცემებით, თამბაქოს მოხმარებისგან ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. საქართველოში ეს მაჩვენებელი წელიწადში 11 400 გარდაცვლილს აღწევს. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ჯანდაცვის უწყების თანახმად, კვლევები ადასტურებს, რომ ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო არ წარმოადგენს თავის დანებების უსაფრთხო საშუალებას, ისინი შეიცავენ ტოქსიკურ, კანცეროგენულ ნივთიერებებსა და მძიმე მეტალებს, რომლებიც იწვევენ ფილტვის ქრონიკულ დაავადებებსა და კიბოს რისკს.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კანონმდებლობის გამკაცრების მიმართულებით და ძველი შეფუთვები სრულად ჩანაცვლდა სტანდარტიზებული შეფუთვით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, სადაც დარგის ექსპერტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიმდინარე გამოწვევები და მიღწევები განიხილეს.
ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გახსნა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის რატიფიცირებიდან 20 წლის თავზე, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რაც სტანდარტიზებული შეფუთვის დანერგვასა და კანონმდებლობის გამკაცრებაში გამოიხატა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ფურცელაძემ და აღნიშნა, რომ ცენტრი სამინისტროსთან კოორდინაციით, ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს, რაც თამბაქოს კონტროლის გაძლიერებას, მოქალაქეების რეალურ მხარდაჭერასა და ახალგაზრდების ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება. ღონისძიების ფარგლებში სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს თამბაქოს კონტროლის გაძლიერების მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.
2026 წლის გლობალური კამპანიის მთავარი აქცენტი თამბაქოსა და ნიკოტინზე დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლაა.
20 წლის წინ საქართველომ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო- კონვენციის (WHO FCTC) რატიფიცირება მოახდინა.




