თაზო დათუნაშვილი – არის ღვარძლისა და ბოროტების Power Bank-ი – მან ღიად და ვაჟკაცურად მაინც თქვა, რომ მომავალში რომ სცემთ, დამალეთო

აქეთ გავმსხვილდებით, როგორც აქამდე ვერ ვხედავდით, ახლაც ვერავითარ თანამშრომლობას და პოლიტიკურ მომავალს ვერ ვხედავთ ალიანსთან, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას: გეგმავს თუ არა „ლელო“ „ოპოზიციის ალიანსთან“ გაერთიანებას, იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსს დატოვებს.

თაზო დათუნაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარეების, ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის „ეპისტოლარული მიმოწერა“ ალიანსთან თანამშრომლობის თაობაზე „ლელოს“ აზრს ვერ შეაცვლევინებს.

„ჩვენ ჩვენი ჩამოყალიბებული პოზიცია დავაფიქსირეთ იმ პოლიტიკურ ბრძოლასთან, რომელშიც ახლა ვართ. საქართველოს მოქალაქეებს იმ პოლიტიკურ შეთავაზებას ვთავაზობთ დღეს, რასაც ვთავაზობთ. აქეთ გავმსხვილდებით, როგორც აქამდე ვერ ვხედავდით, ახლაც ვერავითარ თანამშრომლობას და პოლიტიკურ მომავალს ვერ ვხედავთ ალიანსთან. ეპისტოლარული მიმოწერა აზრს ამასთან დაკავშირებით ვერ შეგვაცვლევინებს.

ჩვენ ვაპირებთ პოლიტიკურ ველზე ვითანამშრომლოთ იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომელთანაც თანამშრომლობა „ლელოს“ მსგავსი ელექტორატის მასშტაბურად მობილიზებისთვის იქნება საჭირო. არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვაპირებთ და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, თუ გვექნება ხედვათა თანხვედრა, შევეცდებით რომ ვითანამშრომლოთ. თუმცა დღეს „ლელო“ თამაშობს დამოუკიდებელ თამაშს და ამ პოლიტიკურ პროცესში ძალიან კომფორტულად და ეფექტურად მოქმედებს. ყველა მიმართულებით თავს ვგრძნობთ კარგ ფორმაში“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

თაზო დათუნაშვილი გადაცემაში გორში პოლიციელების მხრიდან მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც წულუკიანმა განაცხადა: „ყველა პოლიციელს მოვუწოდებ სიფრთხილისკენ, თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები, რაც მოხდა, გაუხარდათ, საზარელი სანახავი იყო – იმ ექვს პოლიციელს მინდა, ვუსაყვედურო: თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო – ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს“.

თაზო დათუნაშვილის თქმით, წულუკიანის განცხადება კარგად გამოხატავს პრობლემის სისტემურობას, რადგან სისტემას ახლა საქართველოს მოქალაქის ცემის გამო კი არ აქვს დანაშაულის განცდა, არამედ ამ ფაქტის გასაჯაროების გამო.

„ალალი ქალია . ის არის ღვარძლის და ბოროტების Power Bank-ი, რომელიც პარლამენტში უდევთ. ამ ქალმა ღიად და ვაჟკაცურად მაინც თქვა, რომ მომავალში რომ სცემთ, დამალეთო. ქალბატონი წულუკიანი არ არის უბრალოდ ღვარძლიანი კომენტატორი, ის უბრალოდ კარგად გამოხატავს ამ პრობლემის სისტემურობას. ახლა სისტემაში პრობლემას იმაში კი არ ხედავენ, რომ საქართველოს მოქალაქე უმოწყალოდ სცემეს, არამედ პრობლემას იმაში ხედავენ, ეს საჯაროდ როგორ მოუვიდათ, საჯაროდ როგორ სცემეს“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელია – სააკაშვილმა ისიც მოყვეს, „იმ კაცს“, რომელსაც არ ასახელებს, რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა, რატომ იყო მისი მოციქული ხელისუფლებასთან, მისი „ვივამედში“ ყოფნის დროსაც! – რა გარიგება დაიდო და ბოლოს რაში „გადააგდეს“