ზენონ იარაჯული: როცა ძალა თანდათან ღირსებაზე მაღლა დგება, ხოლო შიში სინდისზე ძლიერი ხდება, ასეთ დროს ადამიანი თანდათან ეჩვევა იმას, რომ მართალი ის არის, ვისაც მეტი ძალაუფლება აქვს

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული:

როცა ძალა თანდათან ღირსებაზე მაღლა დგება, ხოლო შიში სინდისზე ძლიერი ხდება, ასეთ დროს ადამიანი თანდათან ეჩვევა იმას, რომ მართალი ის არის, ვისაც მეტი ძალაუფლება აქვს, ხოლო სიმართლე ის, რასაც ყველაზე ხმამაღლა აცხადებენ.
ძალის წინაშე თავდახრილი ადამიანი თავად იწყებს მორჩილების გამართლებას, რადგან დაჩოქებას ხშირად უსაფრთხოების სახელით სწავლობენ.
“ძალის კულტის ფსიქოლოგია“ მაშინ იწყებს ზრდას, როცა საზოგადოება თანდათან წყვეტს სინდისის ხმის მოსმენას და მხოლოდ ძალის ექოს იმეორებს.
როცა ადამიანი სიმართლეს უკვე აღარ ეკითხება- ვის მხარეს არის ძალა, ამას ეკითხება. და ნელ-ნელა იწყება ყველაზე უხმო გარდაქმნა: ძალა ავტორიტეტად იქცევა, შიში სიბრძნედ,ხოლო დუმილი გადარჩენის ხელოვნებად.
ასეთ ეპოქაში ადამიანები ხშირად აღარ ემორჩილებიან მხოლოდ მმართველებს, ისინი ძალის ლოგიკას შინაგან კანონად აქცევენ. სწავლობენ ფრთხილ სიტყვებს, თავდახრილ მზერას და იმ სიჩუმეს, რომელიც გარედან სიმშვიდეს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ნელა ჩამქრალი თავისუფლების ხმაა.
ყველაზე ტრაგიკული სწორედ ის არის, რომ ძალის კულტს ყოველთვის ტირანია არ აშენებს- მას ხშირად დაღლილი, შეშინებული და შეგუებული საზოგადოება ზრდის, რომელიც ერთ დღეს ვეღარ არჩევს პატივისცემასა და შიშს შორის განსხვავებას.
რადგან როცა ძალა სიმართლის ადგილს იკავებს, ადამიანი ჯერ სიტყვას კარგავს,შემდეგ შინაგან თავისუფლებას და ბოლოს ისე ეჩვევა შიშით ცხოვრებას, თითქოს თავისუფლება ლეგენდა ყოფილიყოს.

 

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ