პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა კერესელიძე აცხადებს, რომ გორში გავრცელებული ძალადობის ფაქტები სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს და არა მხოლოდ კონკრეტული რეგიონის პასუხისმგებლობაზე.
ამის შესახებ კერესელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
მისივე შეფასებით, მომხდარმა აჩვენა, რომ საქართველოში დაცული არავინაა, მათ შორის არაპოლიტიზირებული მოქალაქეებიც.
„მადლობა უნდა ვუთხრათ ჟურნალისტებს, ვინც ვიდეო გადაიღეს და საზოგადოებას დაანახეს. რომ არა მათი აქტიურობა, საქმე ისე ჩაივლიდა, რომ ვერავინ გაიგებდა. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ ძალადობას, რომელიც არ არის გამოწვეული მხოლოდ გორის თუ შიდა-ქართლის ბრალეულობით თუ მიზეზით, ეს არის სისტემური პრობლემა – არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ სახელმწიფოსი. ამ ფაქტმა აჩვენა, რომ დღეს, საქართველოში არავინ არ არის დაცული. არ არის საუბარი, პოლიტიკოსებზე, ოპოზიციაზე, ხელისუფლების მოწინააღმდეგე ადამიანებზე, არამდე საუბარია არაპოლიტიზირებულ საქართველოს მოქალაქეებზე. ამ ყველაფერს მკაფიო რეაგირება სჭირდება.
მცირეოდენ გადაცდომას ეძახიან. დავაკავეთ და რა მოხდა მერეო? საუბარი არ არის ექვს კაცზე, სისტემაზეა საუბარი. კეთილი უნდა ინებონ და რაიონის, რეგიონის, სამინისტროს შესაბამისმა ხელმძღვანელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. წარმოგიდგენიათ რამდენი ასეთი ფაქტია მომხდარი, უბრალოდ არ გასაჯაროვდა“,- განაცხადა კერესელიძემ.
მან ასევე ისაუბრა პარლამენტში განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის ინტერპელაციის წესით დაბარებაზე და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხები „არადამაკმაყოფილებელი, ზოგადი და ბუნდოვანი“ იყო.
„პარლამენტში განათლების მინისტრი ინტერპელაციის წესით მოვიყვანეთ იმიტომ, რომ განათლების თემა ერთ-ერთი აქტუალური და პრობლემურია. უკვე ერთ თვეში, უმაღლეს დაწესებულებაში მისაღები გამოცდები დაიწყება, ასევე რეგისტრაცია სკოლებში და ა.შ. ჩვენ გავაგზავნეთ კონკრეტული კითხვები, როგორც ზოგადი, ისე უმაღლესი განათლების საკითხებზე. პასუხები იყო არადამაკმაყოფილებელი, ზოგადი და ბუნდოვანი“, – დასძინა კერესელიძემ.
კითხვაზე, რა აზრი აქვს მინისტრების პარლამენტში დაბარებას, როდესაც პასუხები არ არის კონკრეტული, კერესელიძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ თავად ნახოს ხელისუფლების დამოკიდებულება და შეფასება მისცეს მინისტრების პასუხებსა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობებს.
„ყოველ შემთხვევაში უნდა დავიბაროთ, რათა საზოგადოებამ შეხედოს და განსაჯოს თუ რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას იმ კითხვებზე, რაც საზოგადოებას აინტერესებს. როგორ პასუხობენ და როგორ ცდილობენ თავის არიდებას – ეს საზოგადოებამ განსაჯოს“,- უპასუხა კერესელიძემ.




