თამარ ონიანი: ვერ გამართლდება ასეთი ქცევა “კანონია ასეთი”-ს არგუმენტით და ეს პასუხისმგებლობა კოლექტიური თუ ინდივიდუალური წნეხების შექმნაზე არის ყველასი, მათ შორის, ოქმის გამფორმებელი პოლიციელების

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე თამარ ონიანი:
დღევანდელი შეკრება-მანიფესტაციის კონტექსტში 1000-ლარიანი ჯარიმის დაკისრება და 1 წლით მართვის მოწმობის ჩამორთმევა იმ მძღოლისთვის, რომელსაც ხმის გამაძლიერებლები გადაჰქონდა, არის, არა მარტო, ინციდენტური ეფექტის მქონე, არამეს ნიშნავს მთელი წლით საკუთარი თავისა და ოჯახის რჩენის საშუალების დაკარგვას.
თუნდაც ბუნდოვნად ფორმულირებული და გამიზნულად პერსონიფიცირებული კანონმდებლობა, რომელიც ებრძვის თავისუფალ აზრს, არ უნდა იქცეს კეთილსინდისიერი სამართალდამცავისათვის თვითნებური ჩარევის ინსტრუმენტად.
ვერ გამართლდება ასეთი ქცევა “კანონია ასეთი”-ს არგუმენტით და ეს პასუხისმგებლობა კოლექტიური თუ ინდივიდუალური წნეხების შექმნაზე არის ყველასი, მათ შორის, ოქმის გამფორმებელი პოლიციელების.
ასკ 125 მუხლის მე-6 პრიმა ნაწილი ვერ გააუქმებს და ვერ შეცვლის კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლების შინაარსს, რომელიც უბრალოდ ამ ნორმის [საუკეთესო პოტენციალით] კეთილსინდისიერი ინტერპრეტაციისთვის ერთობლიობაში უნდა იქნას წაკითხული. ნორმატიული აქტების შესახებ ორგანული კანონის პრინციპები ამბობს ამას, ასევე, ფორმალურ-სამართლებრივად რომ მივუდგეთ.
ამიტომაც, უკანონოა ეს აქტი.
სხვა საკითხია, რატომ გახდა საჭირო ტრანსპორტირების ეს საშუალება.
2025 წლის თებერვალში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ფაქტობრივად კრძალავს დროებითი კონსტრუქციების მოწყობას, ეფუძნება ბუნდოვან და სუბიექტურ კრიტერიუმებს. ეს კანონის აღმასრულებელს აძლევს ფართო დისკრეციას, რაც ქმნის თვითნებური შეზღუდვების რეალურ რისკს პროტესტის მიმართ. რისი მაგალითიც დღეს ვიხილეთ.
მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებში დროებითი ინფრასტრუქტურის გამოყენება, მათ შორის სცენის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა აუცილებელი ატრიბუტიკის, არის შეკრების თავისუფლების განუყოფელ ნაწილი.
შესაბამისად, ასეთი გამოყენების აკრძალვა, განსაკუთრებით ბუნდოვანი და აბსტრაქტული ნორმების საფუძველზე, არღვევს როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას. ეს შეფასებული აქვს ეუთო ოდირსაც.
*საგულისხმოა, რომ იდენტური შინაარსის ცვლილება იყო ინიციირებული 2023 წელსაც, თუმცა მას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მაშინ ვეტო დაადო