ჩრდილოეთ კორეამ კონსტიტუცია განაახლა, რომლის მიხედვითაც, კიმ ჩენ ინის მკვლელობის შემთხვევაში, ის საპასუხო ბირთვულ დარტყმას განახორციელებს.
“ტელეგრაფის” ცნობით, ცვლილება ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის და სხვა ირანელი თანამდებობის პირების მკვლელობის ფონზე მოხდა. კონსტიტუციის ცვლილება ჩრდილოეთ კორეის უზენაესი სახალხო კრების სესიაზე დამტკიცდა, რომელიც 22 მარტს ფხენიანში გაიმართა, ნათქვამია გამოცემაში.

სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა მაღალჩინოსნებს კონსტიტუციის ცვლილების შესახებ უკვე შეატყობინა.
“თუ სახელმწიფოს ბირთვული ძალების მართვის და კონტროლის სისტემას მტრული ძალების თავდასხმები საფრთხეს შეუქმნის.. ბირთვული დარტყმა ავტომატურად და დაუყოვნებლივ განხორციელდება”,- ნათქვამია განახლებულ დებულებაში.

გასულ თვეში, კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ კიდევ უფრო გააძლიერებდა ქვეყნის ბირთვულ შესაძლებლობებს, ამავდროულად შეინარჩუნებდა მკაცრ პოზიციას სამხრეთ კორეის მიმართ, რომელიც მან “ყველაზე მტრულად განწყობილ” სახელმწიფოდ გამოაცხადა. აგრეთვე, კიმ ჩენ ინმა აშშ ტერორიზმსა და აგრესიაში დაადანაშაულა და მიანიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეას მზარდი გლობალური დაძაბულობის ფონზე შეუძლია უფრო აქტიური როლი ითამაშოს ვაშინგტონის წინააღმდეგ ბრძოლაში.
წყარო: nypost.com




