ვატო სურგულაძე: ნებისმიერი ქვეყანა ფასდება იმის მიხედვით, თუ როგორ ეპყრობა და რა დამოკიდებულება აქვს ბავშვების მიმართ, პენსიონერების მიმართ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სასიცოცხლოდ სჭირდებათ წამალი

“ნებისმიერი ქვეყანა ფასდება იმის მიხედვით, თუ როგორ ეპყრობა და რა დამოკიდებულება აქვს ბავშვების მიმართ, პენსიონერების მიმართ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სასიცოცხლოდ სჭირდებათ წამალი.
და რას ვხედავთ ჩვენ – 14 წელია, რაც ეს ვითომ მთავრობა მართავს ქვეყანას. სრული იგნორირება იმისი, რომ ადამიანს სჭირდება მედიკამენტი. ეს ეხება ძალიან ბევრ მიმართულებას, მაგრამ ახლა ჩვენ ვსაუბრობთ დიუშენის სინდრომზე. მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნება გადაწყვეტს ამ საკითხს, როდესაც პაციენტი მიიღებს იმ მედიკამენტს, რომელიც მას სჭირდება და რომლის საშუალებითაც შეგვიძლია მისი ცხოვრება გავახანგრძლივოთ და უფრო ხარისხიანი გავხადოთ, მაგრამ ამაზე არ ფიქრობენ.
სამწუხაროდ, ეგრეთ წოდებული მინისტრის გუშინდელი გამოსვლა სრულიად მიუღებელი იყო! ადამიანს არ ესმის რა არის ბავშვის ავადმყოფობა, რა არის ის, როდესაც შეგიძლია დაეხმარო და ვერ ეხმარები იმიტომ, რომ ეს მედიკამენტი ძვირი ღირს. ყველა იშვიათი დაავადების მედიკამენტი ღირს ძვირი და სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ თავის თავზე აიღოს ამ მედიკამენტებით უზრუნველყოფა და ახალი მეთოდების დანერგვა. ამის გაკეთება შესაძლებელია!
რა უნდა ხდებოდეს ახლა? – ყოველ კვირას მინისტრი ან მისი მოადგილე, გასაგებია, რომ არ ვსაუბრობ გია ცაგარეიშვილზე, რომელიც განათლებით აგრონომია, მაგრამ მინისტრის მოადგილე მაინც უნდა ხვდებოდეს მშობლებს, უნდა ეუბნებოდეს რა გაკეთდა, უნდა მიდიოდნენ იმ ქვეყნებში, სადაც ეს მედიკამენტი გამოიყენეს და მშობლები უნდა იყვნენ ამაში ჩართულები, უნდა იწყებდნენ მოლაპარაკებებს იმ ქარხნებთან, რომლებიც აწარმოებენ ამ მედიკამენტებს, რომ მზად ვიყოთ ძალიან სწრაფად შემოვიტანოთ ეს მედიკამენტი იმიტომ, რომ ყოველი დღე, დიახაც რომ დღეებზეა საუბარი, ამ მედიკამენტის არ გამოყენება ამცირებს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას და აუარესებს ცხოვრების ხარისხს.
აქონდროპლაზია გავიხსენოთ, გვიმტკიცებდნენ, რომ თურმე მედიკამენტი არ ვარგა, ამას გვიმტკიცებდა ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ახლა ციხეში ზის და უნდა იჯდეს კიდევაც! დროულად, მხოლოდ და მხოლოდ მშობლებთან ერთად უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება და ეს გაკეთებადია! არ სჭირდება ამას დიდი თანხები. ის გადადებული და მოპარული თანხები, რაც ამოიღეს ეკონომიკის, თავდაცვის და პრემიერ-მინისტრების სახლებიდან, ამ წელს ეს თანხები გვეყოფა იმისათვის, რომ ბავშვები უზრუნველვყოთ მედიკამენტით. გადავარჩინოთ და გავუხანგრძლივოთ ამ ბავშვებს სიცოცხლე. დროულად გააკეთეთ! ამას თუ არ იზამთ, აუცილებლად მოგიწევთ პასუხისგება” — ვატო სურგულაძე.

ასევე დაგაინტერესებთ