წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომა ეკლესიისთვის ძალიან დიდი გამოცდა იქნება. ახალი პატრიარქის არჩევის პროცესის არასწორად წარმართვა მომავალში ძალიან დამაზიანებელი იქნება, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომას, სადაც პატრიარქობის სამი კანდიდატი დასახელდება.
როგორც წერეთელმა აღნიშნა, მთელი რიგი საკითხებია, სადაც საპატრიარქომ და ხელისუფლებამ ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ, მაგრამ ეს ვიღაცის გავლენის ქვეშ მოქცევას არ ნიშნავს.
„ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს, ინსტიტუტები მიისაკუთროს და ყველგან ძალიან დიდი გავლენა ჰქონდეს. ამ მცდელობებს მუდმივად ვხედავთ ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ისინი ხელისუფლებაში არიან – ზოგჯერ წარმატებულად, ზოგჯერ წარუმატებლად. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რომელიმე ხელისუფლება ქვეყანაში ან მანამდე ან მერეც, ეცდება რომ ეკლესიასთან და საპატრიარქოსთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდეს. ასეთი სურვილები არ არის, მაგრამ ერთია ურთიერთობა, მეორეა გავლენების გაზრდის მცდელობა.
ავტოკეფალიის აღდგენის მერე, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ეს არის სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმება, ამიტომ როდესაც რაღაც დანატოვარზე ვსაუბრობთ, ეს არის ალბათ, ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ეკლესიას და სახელმწიფოს აქვს განსაზღვრული თავიანთი უფლებამოსილებები. ეს დღეს ძალიან კარგად უნდა გამოჩნდეს ამ პროცესში. იქნება პატრიარქობის სამი კანდიდატი. ძალიან დიდი გამოცდა იქნება ესეც, იმიტომ, რომ ეს ავტორიტეტი არ გამქრალა. მე ვფიქრობ, ადამიანებს, ამ პერიოდის განმავლობაში რწმენა საქართველოში გაძლიერებული აქვთ, მით უმეტეს, გარკვეული პესიმიზმისა და სირთულეების პირობებში კიდევ უფრო მეტად მიმართავენ უფალს, აქედან გამომდინარე, ამ ინსტიტუტის – ეკლესიის მიმართ ყოველთვის იქნება ძალიან დიდი ინტერესი და მისი ავტორიტეტიც დარწმუნებული ვარ, ჯერჯერობით ინერციით შეიძლება გაგრძელდეს. თუ ეს პროცესი დაზიანდა, ჩვენ დავინახეთ, რომ არის ჩარევები, იყო განცხადებები კონკრეტულ ამბებზე, ადამიანებზე, ხელისუფლების წარმომადგენელზე, თუ არასწორ შიდა პროცესზე, ამ პროცესის არასწორად წასვლა იქნება ძალიან დამაზიანებელი მომავალშიც. მე მინდა, რომ ეს ასე არ მოხდეს, ისევე, როგორც თქვენ და დარწმუნებული ვარ, ყველას.
ჩვენ გვაქვს კანონი და ეკლესიას დამოუკიდებელი ოპერირების საშუალება ნამდვილად აქვს. მთელი რიგი მიმართულებებია, რაშიც გამორიცხულია, რომ სახელმწიფოსთან არ ითანამშრომლოს, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში. სამომავლოდ შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს: მიდგომები, დაფინანსების წესი და სხვა. ეს თანამშრომლობა უნდა არსებობდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს ვიღაცის გავლენის ქვეშ [მოქცევას],“ – განაცხადა წერეთელმა.
რაც შეეხება საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევის საკითხთან მიმართებაში რუსეთის ინტერესს, პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ რუსეთის ეკლესია ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული კრემლთან და საფრთხეები ნამდვილად არსებობს.
„ეს ხომ დაფარული არ არის – რუსეთის ეკლესია ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული [რუსეთის ხელისუფლებასთან]. ზოგი მას კრემლის ნაწილად მიიჩნევს. ჩვენ ყოველთვის ვხედავთ რუსეთის ეკლესიისგან იგივე ექსპანსიურ დამოკიდებულებას, რაც აქვს თავად ხელისუფლებას, პუტინს, კრემლს. ეს ყველაფერი ვრცელდება ეკლესიაზე, რომელიც მთელი ამ ისტებლიშმენტის ნაწილად იქცა. აქედან გამომდინარე, მათი სურვილი, რა თქმა უნდა, იქნება. ჰიბრიდულ ომზე რომ ვსაუბრობთ, ამას ყოველ დღე ვხედავთ. რუსეთის ოპერირების მოდელია, სადაც ის არ ისვრის, იქ სხვანაირად მოქმედებს – ფულით, იდეოლოგიით, თავისი მხარდამჭერების თუ პოლიტიკური პარტიების წახალისებით თუ ა.შ. არის აქაც სიახლოვე გარკვეულწილად. მე არ მინდა ჩამოვთვალო ამ სენსიტიურ მომენტში, ვისაც განსაკუთრებული სიახლოვე აქვს რუსეთის საპატრიარქოსთან. ეს საფრთხეები არსებობს და ის ადამიანები, ვისაც აქვს პერსპექტივა, რომ საქართველოს ეკლესიის მთავარი პერსონები იყვნენ, ამ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ, განსაკუთრებით, ილია მეორეს შემდეგ,“ – აღნიშნა წერეთელმა.
რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს, მან გადაცემაში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს „უკიდურესად ნეგატიური ამბავია“.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის დამსახურებაა ის, რომ საქართველო კრიტიკის ასეთ ქარცეცხლშია.
„როდესაც ქვეყანა, რომელსაც გაცხადებული აქვს და კონსტიტუციაშიც უწერია, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ევროინტეგრაციას ხელი შეუწყოს, არ მგონია, მოქმედებების ჩამონათვალში ელჩების დაბარება და დემარშები იყოს. ეს ყველაფერი არის პროპაგანდისტული ხაზის გაგრძელება. ის, რომ საქართველო კრიტიკის ასეთ ქარცეცხლშია, ის, რომ საქართველო ნეგატიურ ნაწილშია, საქართველოს ხსენება არ არის, გამომდინარეობს იმ ნაბიჯებიდან და პოლიტიკიდან, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს. ის განცხადება, რაც ჰერჩინსკიმ მთლიანად ევროკავშირის მისიის სახელით გააკეთა, არის ბრიუსელის პოზიცია. საქართველოს მიმართ მხარდაჭერა არის, ჩვენი ქვეყანა მოიაზრება მომავალში ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრად. არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები. ეს ძალით პროცესი არ არის. ეს ხომ არ არის პროცესი, როდესაც ვიღაცამ ძალით უნდა შეგათრიოს სადმე. ეს ჩვენი სურვილია, საზოგადოების უდიდესი ნაწილის სურვილია,“ – აღნიშნა მან.
გარდა ამისა, მან „ოპოზიციურ ალიანსში“ დაპირისპირებაზეც და განაცხადა, რომ „ეს არის ალიანსის ფორმირების საკმაოდ რთული პროცესი“. რაც შეეხება კრიტიკას, რომ ოპოზიცია ხალხს არ ესაუბრება, წერეთელი ფიქრობს, რომ ხალხთან ახლოს ყოფნა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია და დასძენს, რომ „ვიღაცა ხალხშიც უნდა იყოს და ვიღაცა ბრიუსელშიც“.
„ალიანსისთვის მთელი წინა კვირა იყო ძალიან უსიამოვნო, გარკვეული გადაძახილები, პასუხები და ა.შ. მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ალიანსის ფორმირების საკმაოდ რთული პროცესი. არც ის მიმაჩნია სწორად, რომ მუდმივად საკუთარ მხარდამჭერებთან ხდება რევერანსები, „იცით რა, ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს“. ყველამ იცის, რა იყო და ამის შეხსენება მუდმივად არ სჭირდება, რომ იძულებით ხდება ეს. გასაგებია, რომ ეს საჭიროება არის. პოლიტიკა სწორედ ამაშია, პოლიტიკოსის გამჭრიახობა ამაში უნდა იყოს და საზოგადოების მოთხოვნასთან პასუხი, რომ ის ნაბიჯი გადადგას, რაც იმ დროს სწორად მიაჩნია. ეს ალიანსიც შეიქმნა სწორედ ამის გამო, რომ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა იყო. ეს პრაგმატულადაც სწორია. ასეთი რეპრესიების ფონზე, ასეთი ვითარებაში, რა თქმა უნდა, სხვა ნაბიჯი არ იყო. თუ შენ გაქვს პრეტენზია იმაზე, რომ რაღაცა ტიპის ალტერნატივა ხარ, ან გინდა იქცე ასეთ ალტერნატივად, რომ შეგიძლია ქვეყანა ქაოსში არ ჩაძირო, ქვეყანა მართო, როცა საშუალება იქნება, არჩევნებში რაღაცა შედეგი აჩვენო და გაიმარჯვო, მაშინ ძალების კონსოლიდაცია უნდა მოახდინო. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს პროცესი დავიწყეთ და მარტივი არ არის. მესმის, რომ ამას გარკვეული დრო სჭირდება. ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ მოვძებნოთ ფორმა – კითხვის ფორმაც, კრიტიკის ფორმაც, შეგონების ფორმაც, რეკომენდაციის ფორმაც. ეს არ უნდა იყოს არავისთვის არც დამამცირებელი, ვიღაცამ არ უნდა აღიქვას, რომ ეს მასზე პერსონალური თავდასხმაა. მე ვფიქრობ, ეს პროცესი დალაგდება.
მარტო ალიანსის შექმნა არ არის საკმარისი, ახლა ამას სჭირდება აქტივობა. ეს აქტივობა როგორ განხორციელდეს იმ პერიოდში, როდესაც არის რეპრესიული გარემო, როცა არის რესურსების სიმცირე, ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორია. ახლა მთელი გეგმებია ამაზე. 26 მაისს გამოცხადებულია მობილიზება, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გააგონოს „ქართულ ოცნებას“ ხმა, რომ ასე არ შეიძლება და ბევრი რამ შესაცვლელია. მეტსაც გეტყვით, ვიღაცა ბრიუსელშიც უნდა იყოს. აბა, სხვანაირად არაფერი მოფრინდება. ვიღაცა უნდა იყოს ხალხშიც, ვიღაცა უნდა იყოს რეგიონშიც, ვიღაცა უნდა იყოს ბრიუსელშიც. ხალხთან ახლოს ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას ვეთანხმები,“ – აღნიშნა მან.
რაც შეეხება იმას, მოსალოდნელია თუ არა, რომ „ოპოზიციურ ალიანსში“ რღვევის პროცესი დაიწყოს პოლიტიკოსის თქმით, ყველაფერი ხდება, თუმცა ის ოპტიმისტურადაა განწყობილი.
„ყველაფერი ხდება, თუმცა ოპტიმისტურად იმიტომ ვარ განწყობილი, რომ შიგნით, ფიგურანტებს შორის, მაქსიმალურ მცდელობას ვხედავ, რომ სიტუაცია შერბილდეს,“ – განაცხადა წერეთელმა.




