BBC-ის ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები საქართველოში ე.წ. ქიმიური იარაღის, „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – იგი ემსახურებოდა საქართველოს ინტერესების დაზიანებას, რაშიც საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ ჩართული და BBC-ის ფილმის ავტორებთან ერთად, მათი მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული მტრული მიზნების მისაღწევად კარგად დაგეგმილ, ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფროების სამსახური პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში წერს.
სუს-ის შეფასებით, ბოლო წლების ტენდენციებმა ნათლად წარმოაჩინა, რომ დასავლური ქვეყნებიდან და ინსტიტუციებიდან მომდინარე დეზინფორმაციულმა და ორმაგი სტანდარტების შემცველმა საინფორმაციო კამპანიამ ხელი შეუწყო როგორც საქართველოში მოქმედ ცალკეულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფებს, ისე უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებს ეფექტიანი ანტიდასავლური პროპაგანდა ეწარმოებინათ და საზოგადოების ნაწილში დასავლური ინსტიტუტების მიმართ ნიჰილიზმი გაეჩინათ.
სწორედ ამ კონტექსტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარ ანგარიშში BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო ფილმზე საუბრობს, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას ეხება.
სუს-ის ანგარიშში წერს, რომ ავტორიტარული ბრიტანული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული საგამოძიებო სიუჟეტი ერთგვარად გახდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი და შესაძლოა ქვეყანაში უარყოფითი შედეგები გამოეწვია.
სუს-ის თანახმად, სახელმწიფოს და უშუალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროული რეაგირების შედეგად, რაც გამოიხატა აღნიშნულ საკითხზე დროული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასა და საზოგადოების პროაქტიულ ინფორმირებაში, თავიდან იყო აცილებული ის უარყოფითი შედეგები, რასაც ზემოაღნიშნული დეზინფორმაციული სიუჟეტი ისახავდა მიზნად.
სუს-ი ანგარიშში აცხადებს, რომ ნივთიერება “ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე “კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია.
“2025 25 წლის დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა BBC-ის მიერ მომზადებული საგამოძიებო სიუჟეტი, რომლის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება დადანაშაულებულ იქნა საპროტესტო აქციებში მონაწილე პირების წინააღმდეგ თითქოს და, აკრძალული ტოქსიკური ნივთიერება Bromibenzyl cyanide (CA) იგივე ”კამიტის“ გამოყენებაში.
შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე როგორც ტელეკომპანია BBC-ის მიერ გაკეთებულ სიუჟეტში გადმოცემულ ინფორმაციაზე, ასევე მის საფუძველზე საქართველოში წარმოებულ კამპანიასთან დაკავშირებით.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 93 მოწმე, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, ექიმები, ექსპერტები, ბრიტანული მაუწყებლის სიუჟეტის რესპონდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები.
ამოღებულ იქნა სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მეორე სამმართველოების ბაზებიდან გამოძიებამ ამოიღო კვლევის 25 ნიმუში, რომლებზეც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა.
ხსენებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ქიმიური ფხვნილი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეძენილი ჰქონდა და წლების განმავლობაში, მიმდინარე აქციების დროს, საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენებოდა მასების მართვისთვის, არის “ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“.
აღნიშნული ნივთიერება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეძენილია ებრაული კომპანიისგან 2007 წლის 18 დეკემბერს და 2009 წლის 27 მარტს გამხსნელ ნივთიერება “ტრიქლორეთილენთან“ ერთად. მას ტრანსპორტირებისას მინიჭებული ჰქონდა საერთაშორისო გადაზიდვის კოდი UN 3439, ხოლო გამხსნელ სითხეს – გადაზიდვის კოდი UN1710. ეს კოდები ფიქსირდება საბაჟო დოკუმენტაციაში და ყველა სხვა, მათ შორის გამოყენების შემდგომ პერიოდში შედგენილ ჩამოწერის აქტებშიც. ნიმუშის სახით ამოღებული იქნა 17.5-კილოგრამიანი კასრი, რომელშიც ხსენებული ფხვნილი ინახებოდა. მასზე დაკრული იყო ნივთიერების მომწოდებელი ორგანიზაციის მიერ დამზადებული საინფორმაციო სტიკერი, რომელზეც სხვა უამრავ მონაცემთან ერთად აღნიშნული იყო როგორც ხსენებული ნივთიერების დასახელება “ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, ასევე მინიჭებული საერთაშორისო ტრანსპორტირების კოდი UN3439.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ BBC-ის სიუჟეტში მოხსენიებული საერთაშორისო გადაზიდვის კოდებით – UN3439 და UN1710 შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, სხვადასხვა ქართულ ორგანიზაციას, მათ შორის “ავერსი-რაციონალს“, “ჯიპისის”, “რუსთავის აზოტს“ და სხვებს ბოლო 20 წლის განმავლობაში 606-ჯერ აქვთ შემოტანილი. ასევე, ტრანსპორტირების კოდი UN3439 507-ჯერ და ტრანსპორტირების კოდი UN1710 99-ჯერ არის დაფიქსირებული საბაჟო დეპარტამენტის სააღრიცხვო ბაზებში.
რაც შეეხება ნივთიერება “ბრომობენზილ ციანიდს“, იგივე “კამიტს“ ასეთი ნივთიერება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია.
საქმეზე მოწმის სახით ის ადამიანები დაიკითხნენ, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება “კამიტს“ ეხებოდა. ე.წ. კვლევის ავტორთა განმარტებით, ისინი ვერ დაადგენდნენ „კამიტის“ გამოყენების ფაქტს იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ამ მიმართულებით კვლევა არ უწარმოებიათ.
გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოკითხული მედიცინისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლების განცხადებების მიხედვით, ნივთიერება “ბრომობენზილ ციანიდის“, ე.წ. “კამიტის“ გამოყენება ადამიანების მიმართ იწვევს უმძიმეს და ხშირ შემთხვევაში ლეტალურ შედეგსაც კი, რის გამოც ის გასული საუკუნის 30-იან წლებში აიკრძალა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომი დღეების განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 54 ადამიანიდან მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა 5 პირს, რომლებიც მეორე დღესვე გაეწერნენ სამედიცინო კლინიკებიდან.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისთვის გამოყენებულ იქნა ნივთიერება “ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება “პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას არ განეკუთვნება.
ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით, გამოძიების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან ამოღებული ნივთიერებები იყო: – 1.ქიმიურ ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“. 2. ქიმიური ნივთიერება – ტრიქლორეთილენი (ამ შემთხვევაში საუბარია ჩამოწერილ ნაშთზე 880 ლიტრის ოდენობით). 3. ქიმიური ნივთიერება – პროპილენგლიკოლი.
გამოძიებისთვის საინტერესო პირებიდან ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა BBC-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები, რომელიც ფიგურირებს 4 ოქტომბრის საქმეში და უკავშირდება ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის შეძენა-შენახვის ფაქტს.
ამდაგვარად, გამოძიების მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები იძლეოდა დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ BBC-ის ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები საქართველოში ე.წ. ქიმიური იარაღი “კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია.
იგი ემსახურებოდა საქართველოს ინტერესების დაზიანებას, რაშიც საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ ჩართული და BBC-ის ფილმის ავტორებთან ერთად, მათი მოქმედებები ატარებდა კარგად დაგეგმილ, ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული მტრული მიზნების მისაღწევად.
შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს გამოძიებას მხოლოდ იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით არის გათვალისწინებული და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს“, – წერს სუს-ის პარლამენტში წარდგენილ ანგარიშში.




